ქართულმა და ევროპულმა კინომ ქართველი მსახიობი გიორგი ბაბლუანი გახმაურებული ფილმიდან "13" გაიცნო. უფროსი ძმის, გელა ბაბლუანის 2005 წელს გადაღებულ თრილერში შესრულებულმა სადებიუტო როლმა უმცროს ბაბლუანს წარმატება და პოპულარობა მოუტანა. ბაბლუანების ცნობილი ოჯახის კიდევ ერთი ნიჭიერი წარმომადგენელი საფრანგეთში მოღვაწეობს, მონაწილეობს ევროპელი რეჟისორების ფილმებში. 2016 წლის შემოდგომაზე გამოდის გელა ბაბლუანის ახალი ფილმი Money, რომელშიც გიორგი მთავარ როლს ასრულებს.
რამდენიმე წლის წინ გიორგიმ ულამაზეს სერბ მოდელსა და მსახიობზე ბოიანა პანიკზე იქორწინა. წყვილს უკვე პატარა ბიჭუნაც ჰყავს. გიორგიმ და ბოიანამ ერთმანეთი ფილმ "თავისუფლების" გადაღებებზე გაიცნეს, სადაც ერთმანეთს პარტნიორობას უწევდნენ.
ბოიანა ევროპაში კარგად ცნობილი და წარმატებული მოდელია. საერთაშორისო კარიერა სერბმა მოდელმა მილანიდან დაიწყო, როცა ის სამოდელო სააგენტო Names Agency-მ აღმოაჩინა. აქტიურად გამოდის Chanel-ის, Jean Paul Gaultier-ის პოდიუმებზე პარიზში, ლონდონში, ნიუ-იორკსა და მილანში. 2008 წლიდან ბოიანა ცნობილი კოსმეტიკური ბრენდის Schwarzkopf-ის შამპუნების ხაზის სახეა.