ქართული Young Georgian Lolitaz "ევროვიზიის" ფინალშია

ქართული Young Georgian Lolitaz "ევროვიზიის" ფინალშია

2016 წლის "ევროვიზიის" ქართველი მონაწილეები ფინალში გავიდნენ. ნიკა კოჩაროვმა და ჯგუფმა Young Georgian Lolitaz-მა გუშინ, 12 მაისს, ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალური ტური წარმატებით გაიარეს. საქართველო საუკეთესო ათეულშია.

მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 18 კონკურსანტიდან ფინალში 10 გადავიდა. ეს ქვეყნებია: ლატვია, საქართველო, ბულგარეთი, ავსტრალია, უკრაინა, სერბეთი, პოლონეთი, ისრაელი, ლიტვა, ბელგია.

გამარჯვებულები ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად, გამოავლინეს. 10 მაისს პირველი ნახევარფინალიდან ფინალში გადავიდნენ: აზერბაიჯანი, რუსეთი, ნიდერლანდები, უნგრეთი, სომხეთი, ხორვატია, კვიპროსი, ავსტრია, მალტა, ჩეხეთის რესპუბლიკა.

"ევროვიზიის" სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის (შვედეთი) და ე. წ. დიდი ხუთეულის - გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები. დანარჩენი 20 შემსრულებელი ნახევარფინალური ტურებიდან შეირჩა.

იხილეთ Young Georgian Lolitaz-ის გამოსვლა "ევროვიზიაზე"

2016 წლის ევროფესტივალის ქართველი მონაწილეები ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz კონკურსის ფინალში 23-ე ნომრად იმღერებენ. ევროფესტივალის გრანდიოზული ფინალი 14 მაისს ჩატარდება. შოუს დასასრულს, 14 მაისს, კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება. ფინალისტი ქვეყანა რიგით 62-ე ევროფესტივალის მასპინძლის სტატუსს მოიპოვებს. ამასთან, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, 2016 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესებში მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა ხმის მიცემის პროცედურაში.

"წინა წლებში პროფესიონალი ჟიურისა და მაყურებლის ხმის მიცემის შედეგები ერთიანად, პრინციპით (50/50%-ზე) იყო წარმოდგენილი. წელს კი მაყურებლისა და ჟიურის ვერდიქტები შოუს ფინალში ცალ-ცალკე გამოცხადდება. ხმის მიცემის პროცედურა სცენაზე ბოლო კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ დაიწყება და 15 წუთს გაგრძელდება. თითოეული კონკურსანტი ქვეყნიდან მაყურებელი და ჟიური შეაფასებენ მონაწილეებს 1-დან 8, 10, 12 - მდე ქულათა სისტემით. შედეგები ცალ-ცალკე გამოცხადდება.

ხმის მიცემის ამ გართულებულ სისტემაში შედეგების შოუს დასრულებამდე პროგნოზირება (წინა კონკურსებისგან განსხვავებით) რთული იქნება. გამარჯვებულის ვინაობას შოუს დასასრულს წამყვანები გაახმიანებენ. მონაცემების დეტალურად გაცნობა შესაძლებელი იქნება ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდზეც - Eurovision.tv", - განმარტავენ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება