"გული მწყდება... ისე ჩაიარა მისმა 70 წლის იუბილემ, არავის გახსენებია" - ყველასთვის საყვარელი მსახიობი, რომელზეც თითქმის არაფერი ვიცით

"გული მწყდება... ისე ჩაიარა მისმა 70 წლის იუბილემ, არავის გახსენებია" - ყველასთვის საყვარელი მსახიობი, რომელზეც თითქმის არაფერი ვიცით

"ხაბურზანია არ არის, წვერავა ჯარშია, კაკო - ციხისძირში, ჭიჭინაძე - კურსებზე, გომელაური პრინციპულად არ კითხულობს, კოპალეიშვილი საერთოდ არ იციან, სად არის", - ეს იმ ახალგაზრდა მწერლის სიტყვებია, რედაქციაში მოთხრობა რომ მიიტანა და მისი განხილვის მოლოდინში გავიდა - შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული... ნამუშევარი არათუ ვინმემ წაიკითხა, ეგზემპლარებიც უკვალოდ გაქრა...

მიხვდით, ალბათ, ეს იმ "ცისფერი მთების" სიუჟეტია, რომელმაც, თავის დროზე, საბჭოთა სისტემის დრომოჭმულობა აჩვენა, რომლის მსხვერპლიც ფილმის მთავარი გმირი, ახალგაზრდა მწერალი, სოსო აღმოჩნდა... სოსოს როლის შემსრულებელი მსახიობი რამაზ გიორგობიანი არაერთ პოპულარულ ფილმშია გადაღებული და ქართულ კინოში მრავალი საინტერესო სახე აქვს შექმნილი.

16 აპრილს რამაზ გიორგობიანს 70 წელი შეუსრულდებოდა. ახლობლების გარდა იუბილე არავის გახსენებია (არც კულტურის სამინისტროს, არც კინემატოგრაფისტებს), თუმცა მის დას, თეატრალური უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, მაია გაჩეჩილაძეს იმედი მაინც ჰქონდა, რომ რამაზს ვინმე გაიხსენებდა...

იხილეთ| ჩვენი საყვარელი სოსო - ფრაგმენტი "ცისფერი მთებიდან"

"ის 49 წლისა მოულოდნელად, ინსულტით გარდაიცვალა. საავადმყოფოში მხოლო 10 დღე იწვა, ექიმებმა ვერ უშველეს, არადა, იმ დიაგნოზით და იმ ჩივილებით დღეს ადამიანები იკურნებიან, მაგრამ 1995 წელი იყო და მოგეხსენებათ, მაშინ რაც ხდებოდა", - ამბობს ქალბატონი მაია.

პირველად კინოში ჯერ კიდევ სტუდენტი გამოჩნდა, მაშინ ოთარ იოსელიანი "გიორგობის თვეს" იღებდა. რეჟისორისთვის პირველი ფილმი იყო და რამაზისთვის პირველი როლი, სადაც კინოთი მოიწამლა კიდეც. რეჟისორმა ის შემთხვევით, უნივერსიტეტში იპოვა. რამაზი ფიზიკა-მატემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა და ოთარის ასისტენტმა მათემატიკის ოლიპიადაზე ნახა, ტიპაჟი მოეწონა. იმ ფილმით და რამაზის ტიპაჟით რეჟისორმა ქართულ კინოში ახალი გმირი შემოიყვანა...

- ე.ი. სამსახიობო განათლება არ ჰქონდა?

- რადგან კინომ ჩაითრია - მათემატიკის ფაკულტეტიდან ჯერ ჟურნალისტიკაზე გადავიდა, რაც დაამთავრა კიდეც, რადგან კარგად წერდა, მოგვიანებით კი, სწავლა თეატრალურ უნივერსიტეტში კინოსარეჟისოროზე განაგრძო, თენგიზ აბულაძემ იმ წელს პირველად აიყვანა ჯგუფი, სადაც მოხვდა.

- როგორც რეჟისორმა ფილმის გადაღება მოასწრო?

- კი, ოთხი ფილმი გადაიღო, მაგრამ ბოლო ნამუშევრი ("მორევი") ვერ დაასრულა, გარდაიცვალა. არადა, ცოტა იყო დარჩენილი. ფილმის მონტაჟი შემდეგ გიზო გაბისკირიამ გააკეთა.

- "მხიარული რომანი" რამაზ გიორგობიანის მონაწილეობით მაყურებელმა თავიდანვე შეიყვარა...

- საზოგადოებას ლევან ხოტივარის ეს ფილმი დღესაც ძალიან უყვარს, თუმცა რამაზს არ უყვარდა, რადგანაც იქ საკუთარი ნამუშევარი ემარტივებოდა. მიაჩნდა, რომ თავად ფილმიც მარტივი იყო. "მხიარული რომანის" რამდენიმე კადრი ჩვენს სახლთან გადაიღეს. მაშინ რამაზს მუშაობისას რომ ვუყურე, მივხვდი, რომ ნამდვილი არტისტი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით პროფესიონალური განათლება არ ჰქონდა, მაგრამ კამერასთან მუშაობა, პარტნიორთან ურთიერთობა არაჩვეულებრივად გამოსდიოდა, რაც ოთარ იოსელიანის დამსახურება გახლდათ, რადგან კინოში ფეხი მან აადგმევინა.

- მისი სამსახიობო შემოქმედების გვირგვინი ვფიქრობ, "ცისფერ მთებში" შექმნილი სოსოს სახეა...

- "ცისფერი მთები" ერთ-ერთი ძლიერი ფილმია, მასზე სახელმწიფო პრემია მიიღეს, მოსკოვშიც დაჯილდოებზე მეც გახლდით, მაგ ცერემონიის მონაწილე ვიყავი...

რამაზ გიორგობიანი და მაია გაჩეჩილაძე დედით ერთნი იყვნენ, მამით - სხვადასხვა, თუმცა ქალბატონი მაიას თქმით, ეს მათ ურთიერთობაზე არანაირად არ ასახულა: "მის გაზრდაში წვლილი მამაჩემსაც მიუძღვის, საერთოდ, ყველას თბილი დამოკიდებულება გვქონდა. ჩემზე 14 წლით უფროსი იყო, მზრუნველი ძმა იყო, მე კი მეცადინეობაში სულ ხელს ვუშლიდი, რაზეც ჩხუბობდა, - ეს ბავშვი გაიყვანეთო. მაგრამ ხომ ვამბობ, მართლა არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, რაც მამისა და დედაჩემის დამსახურება იყო და თვითონ რამაზისაც, რადგანაც კეთილშობილი ადამიანი გახლდათ. გარშემომყოფები უყვარდა, მე - გამორჩეულად, მაია მან დამარქვა. უფრო სწორად, მისმა კლასმა, მაშინ ფილმი "მაია წყნეთელი" მოდაში იყო და სახელი მისი გავლენით დამარქვეს. დედაჩემს სამშობიაროში წერილი მისწერეს... ბავშვობაში ძმაზე ძალიან ვეჭვიანობდი, რადგან დედას და ბებიას პირზე სულ რამაზიკო ეკერათ და პრეტენზიას გამოვთქვამდი, უფრო ანებივრებთ-მეთქი. ბებია მპასუხობდა, - მამა არ ჰყავს და მეტი ყურადღება სჭირდებაო.

რამაზი მზრუნველი იყო, მაგრამ დიდი მეგობარიც. არასოდეს არაფერი დაუშლია. დედას ეუბნებოდა, თავისუფლება მიეციო, რადგანაც შინაგანად თავისუფალი იყო და უნდოდა, გარშემომყოფებიც ასეთები ყოფილიყვნენ... დღეს თუ რამე ვიცი, რამაზის დამსაურებაა, ჩემს ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუღძვის, ჩამომიწერდა ხოლმე წიგნებს, რაც უნდა წამეკითხა, ჩემს განთლებასა და ინტელექტუალურ დონეს აკონტროლებდა... თეატრალურ ინსტიტუტში რომ ვაბარებდი, მომიტანა წიგნი, რომელშიც მხატვრობაზე ყველაფერი ეწერა. ისეთ რაღაცეებს მასწავლიდა, რასაც ჩემით ვერ ვისწავლიდი... ჩემთვის არამარტო ძმა, მასწავლებელიც იყო. მოკლედ, დის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. უამრავ რჩევა-დარიგებას მაძლევდა. ყველაზე ხშირად ამ სიტყვებს მიმეორებდა, ენამ არ უნდა გაუსწროს ტვინს, ჯერ სათქმელი გაიაზრე და მერე თქვიო. დღეს ძალიან მაკლია.

ახალგაზრდა და მოულოდნელად წავიდა, თან, ისეთი რთული პერიოდი დაემთხვა, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა... საბურთალოს სასაფლაოზე, მამამისის გვერდით არის დაკრძალული... რამაზს დარჩა ერთი გოგონა, თიკა გიორგობიანი (რომელსაც დღეს უკვე 10 წლის დაჩი ჰყავს) და მეუღლე - ნუნუკა ქიქოძე.

- ნაღვლიანი ადამიანი ხომ არ იყო?

- არა, მისთვის უცხო იყო სევდა, მაგრამ გაოცებული და შეწუხებული იყო იმ მტრობითა და ურთიერდაპირისპირებით, რაც 90-იანების დასაწყისში ჩვენში გაჩაღდა. ძალიან განიცდიდა, რადგანაც იქითაც მეგობრები ჰყავდა და აქეთაც და ყველა თავისკენ ექაჩებოდა. თან, ხომ ვამბობ, იმის გაგება უჭირდა, რაც ხდებოდა, რადგანაც შორს იყო იმ ამბებისგან. უსამართლობას ვერ იტანდა, ვერავის აპატიებდა უსინდისობას, სიცრუეს, სუფთა და რაღაც სხვანაირი იყო. ამავე დროს არაჩვეულებრივი იუმორი ჰქონდა. მისი მოთხრობები ამ გრძნობითაა გაჯერებული. რამაზი წარსულში ფეხბურთელი იყო, "დინამოში" თამაშობდა, მაგრამ თავი დაანება, შესანიშნავად სრიალებდა თხილამურებზე, ხატავდა. ზოგადად ნიჭიერი და განათლებული ადამიანი იყო.

- როგორც ირკვევა, კინოში როგორც რეჟისორს აქტიურად უნდოდა ჩართვა...

- კი, მაგრამ "მორევი" ცოტა ხანს თაროზე რომ შემოიდო, ნერვიულობდა... 

ხომ გითხარით, წერდა-მეთქი და რამაზის გარდაცვალების შემდეგ მისი მოთხრობები, სცენარები შევკრიბე და წიგნად დასაბეჭდად გავამზადე. ცოტა ხელი კი შეეშალა და ჯერ გაყიდვაში არ გასულა. არადა, ეს საქმე 2 წლის წინ წამოვიწყე, ცოტა გავწვალდით, პრეზენტაცია იუბილესთვის გვინდოდა, მაგრამ ვერც იუბილე მოხერხდა. თუმცა, აუცილებლად შევძლებ იმას, რომ ეს წიგნი გაყიდვაში მაინც გამოვიდეს.

- მისი იუბილე კულტურის სამინისტროში არავის გახსენებია?

- არა, თუმცა ველოდებოდი, იქნებ ვიღაც შეგვეხმინოს-მეთქი. ისე ჩაიარა მისმა 70 წლის იუბილემ, რომ არავის გახსენებია, არც კულტურის სამინისტროს და არც კინემატოგრაფისტებს. გული მწყდება, ასეთ ადამიანებს, ვისაც ოდნავი წვლილი მაინც მიუძღვის ქართულ ხელოვნებაში, კინემატოგრაფიაში, ლიტერატურაში, მწერლობაში, თეატრში, მეტად უნდა მიაქციონ ყურადღება...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE