"მეგრელებს გული სწყდებათ, ნამეტანს გვაშაყირებთო" - ვინ არის "გრიშა კაკაჩიას" ერთგული მსახური "ლამარა"

"მეგრელებს გული სწყდებათ, ნამეტანს გვაშაყირებთო" - ვინ არის "გრიშა კაკაჩიას" ერთგული მსახური "ლამარა"

შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრის მსახიობი მარინა დარასელია მაყურებელმა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო გრიშა კაკაჩიას მსახურის - ლამარას როლით. უფროსის უსიტყვოდ მორჩილი და უზომოდ მოყვარული, მკაცრი და ცვალებადი ხასიათის მქონე ტიპური მეგრელი ქალის განსახიერებით მსახიობმა პირველივე სერიებში მოახერხა მაყურებლის მოხიბვლა. ეკრანისგან განსხვავებით, ქალბატონი მარინას თეატრში მოღვაწეობის ძალიან ხანგრძლივი - 34-წლიანი ისტორია აქვს.

- თქვენი და სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" თანამშრომლობა როგორ დაიწყო?

- ბატონ გიორგი ლიფონავასთან პირველად 2012 წელს ვიმუშავე კლიპის - "მე მიყვარს სვანეთის" გადაღებაზე. ამ კლიპში სოფიკო ნიჟარაძის დედის როლს ვთამაშობდი. ეკრანზეც მაშინ გამოვჩნდი პირველად. სერილში ლამარას როლი რომ შემომთავაზეს და მუშაობა დავიწყეთ, თავიდან ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მალე ავუღე ალღო. სცენარისტი ქეთი დევდარიანი არაჩვეულებრივად წერს, მაგრამ ლამარას მეც ბევრი მეგრული იმპროვიზაცია დავუმატე, გიორგი ლიფონავას ვეკითხებოდი, ზედმეტი ხომ არ მომდის-მეთქი, მაგრამ, მითხრა - არა, პირიქით, მიდი, მიაწექიო (იცინის). ლამარა ხასიათით ახლოს არის ჩემთან. ის ზოგჯერ მკაცრია, მაგრამ მერე უცებ რბილდება. მეც ცვალებადი ხასიათი მაქვს - შეიძლება, წამიერად შემეცვალოს განწყობა. მიხრა-მოხრასა და უფროსი ადამიანებისადმი დამოკიდებულებაშიც ვგავართ ერთმანეთს. ჩემი პერსონაჟი ხომ ძალიან მიყვარს, მაგრამ გრიშა კაკაჩიაზე ვგიჟდები. ეს ადამიანი საოცრად თამაშობს მეგრელ კაცს. თუმცა, მეგრელებს გული სწყდებათ - ნამეტანს ხომ არ შვრებით, ძალიან ხომ არ გვაშაყირებთო (იცინის).

- როგორც ვიცი, დაოჯახებული არ ხართ.

- ერთხელ თბილისში ექიმთან მივედი. შვილებზე მკითხა და ვუთხარი, გაუთხოვარი ვარ-მეთქი. მაშინ 48 წლის ვიყავი, (დაახლოებით 8 წლის წინანდელ ამბავს გიყვებით). რა პროფესიის ბრძანდებითო, მკითხა. მსახიობი-მეთქი, რომ ვუთხარი, - არ გრცხვენია? მსახიობები ხუთჯერ თხოვდებიან და შენ ერთხელ როგორ ვერ გათხოვდიო, - მითხრა (იცინის). რა ვქნა, დასავლეთში ასე არაა და თბილისში რომ ვყოფილიყავი, შეიძლება, მეც რამდენჯერმე გავთხოვილიყავი (იცინის). ზუგდიდი პატარა ქალაქია, იქ ყველას ვიცნობ ზოგი ჩემი უბნელია, ძმაა, კლასელია, ჯგუფელია და როგორ შეიძლება, რომელიმე მათგანს ცოლად გავყვე? ისინი ჩემთვის ძმებივით არიან. თუ ვინმე მომეწონა, სულ ვცდილობ, გავიგო, ვისი შვილია. ერთხელ, ახალგაზრდობაში, ძალიან მომეწონა ერთი ბიჭი, მასაც მოვეწონე. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ორივეს ერთი გვარის დედები გვყავდა - დადიანის ქალები იყვნენ და ჩვენი ურთიერთობაც შეუძლებელი აღმოჩნდა.

ქეთი კაპანაძე

ჟურნალი "თბილისელები"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება