"ამას სიყვარული აღარ ჰქვია, ის ჩემთვის კერპი იყო და ასევე დარჩა..." - თეატრს შეწირული თენგიზ ჩანტლაძის ცხოვრების უცნობი დეტალები

"ამას სიყვარული აღარ ჰქვია, ის ჩემთვის კერპი იყო და ასევე დარჩა..." - თეატრს შეწირული თენგიზ ჩანტლაძის ცხოვრების უცნობი დეტალები

ქართველი მსახიობი, მინიატიურების თეატრის დამაარსებლი - თენგიზ ჩანტლაძე დღეს, 5 ივნისს 84 წლის გახდებოდა...

მისი როლები მაყურებელს არ ავიწყდება, განსაკუთრებით, ლუარსაბ თათქარიძე, მილიციის უფროსი გვარამია, ვანო ხიმშიაშვილი და სხვა. ყველასთვის საყვარელი მსახიობი ერთი წელი მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა. იყო კონფერანსიე ფილარმონიასთან არსებული მინიატურების ანსამბლისა და მოგვიანებით, თეატრის ხელმძღვანელი, რეჟისორი და წამყვანი მსახიობი...

თენგიზ ჩანტლაძე 1988 წლის 7 სექტემბერს თეატრში გულის შეტევით გარდაიცვალა...

AMBEBI.GE მსახიობის მეუღლეს, ასევე მსახიობ ზაირა ჩანტლაძეს ესტუმრა, ის საყვარელ მეუღლეზე, მეგობარსა და სასცენო პარტნიორზე ცრემლების გარეშე დღემდე ვერ საუბრობს:

- თენგიზი საკუთარ დაბადების დღეს პომპეზურობით აღნიშნავდა, დაბადების დღე მისთვის ნამდვილი დღესასწაული იყო, თუმცა ბავშვობაში თენგოსთვის ეს დღე არასდროს გადაუხდიათ. როდესაც მისი მეუღლე გავხდი და დედამთილს ვკითხე, რატომ არ უხდიდით დაბადების დღეს-მეთქი? ასე ამიხსნა: ჩემს შვილებს (თენგოს და ჰყავდა, მათ შორის ასაკში მცირე განსხვავება იყო) ერთი სამეგობრო წრე ჰყავდათ, თანატოლებივით იყვნენ, ლიაკოს დაბადების დღეზე თუ 5 ამხანაგი მოდიოდა, თენგოსი 50 იყოო, ამიტომ მიგვაჩნდა, რომ ერთი საზეიმო დღე ჰქონდათ. მაგრამ როდესაც მათი რძალი გავხდი, ხომ ვამბობ, ეს დღე მართლა ზეიმად გადაიქცა, რაც თვითონაც მოსწონდა. უყვარდა ჩემი დაბადების დღეც, რომელიც ერთი კვირა გრძელდებოდა ხოლმე.

საერთოდ თენგოს გვერდით ცხოვრება ზოგადად ზეიმი და ბედნიერება გახლდათ... წელს ის 83 წლის გახდებოდა. მისი გარდაცვალებიდან სექტემბერში 28 წელი გახდება... ჩემი დაბადებისა და თენგოს გარდაცვალების რიცხვი 7-ია. ასე დაემთხვა, განგებამ ასეთი ბედი მარგუნა, ეს იყო ჩემი ხვედრი და უნდა გავუძლო... ისე, ვერასდროს წარმოვიდგენდი 83 წლის თენგიზს, რატომღაც ამ ასაკისთვის, მოხუცობისა და ხანდაზმულობისთვის ვერ ვიმეტებ. აი, კედელზე ხედავთ ფოტოებს, ერთ-ერთი ნაწყვეტია სპექტაკლიდან "სტუმრად წასვლა", სადაც მე და ის მოხუც ცოლ-ქმარს ვთამაშობდით. შესაბამისი პარიკებით ვიყავით, ღრმად მოხუცებს განვასახიერებდით და მთელი ის პერიოდი გული მტკიოდა, რომ ხანდაზმული ადამიანის პარიკში ვხედავდი. მიუხედავად იმისა, რომ როლი იყო, მაინც ვერ ვეგუებოდი მეუღლის ჭაღარას.

- სამწუხაროდ, ცხოვრებამ უკვე ბევრი წელია, საყვარელი ადამიანის ქვრივად გაქციათ...

- იცით, ეს რა სასჯელია?!. 50 წლის დავქვრივდი... ახლა 78 წლის ვარ, დამღალა ცხოვრებამ... ატარო ქვრივის სახელი, ნებისმიერი ქალისთვის დიდი ტვირთვია (ამბიციაში ნუ ჩამომართმევთ) და კიდევ უფრო რთულია თენგიზ ჩანტლაძის ქვრივობა... თენგო რამდენიმე ამპლუაში დავკარგე, საოცარი მეგობარი იყო და რა თქმა უნდა, პარტნიორიც, სცენაზე მასთან ერთად დგომა სასიამოვნო და ამავე დროს რთულიც იყო, ძირითადად იმპოვიზატორი გახლდათ. არ არის ადვილი იმპროვიზატორს პარტნიორობა გაუწიო. იტყვის რაღაცას და შენც შესაბამისად უნდა უპასუხო... ასევე პასუხისმგებლობაა, თუმცა ცხოვრებაშიც, ჭკვიანი ქალი ასეთ ადამიანთან სხვანაირად უნდა მოიქცეს.

- თქვენს წარმოდგენებზე, როგორც ამბობენ, დარბაზი გადაჭედილი იყო...

- ყოველთვის სასწაული დასწრება იყო, დიდი და პატარა დარბაზი არ არსებობდა, ყველგან ივსებოდა. თენგო რომ თამაშობდა, მუდმივად ანშლაგი იყო. ჩვენს დარბაზს (ძველ შენობაში, რომლის დანგრევასაც პრაქტიკულად შევეწირეთ) 400 ადგილი ჰქონდა, არც ავანსცენა ჰქონდა, მაყურებლებთან ძალიან ახლოს ვიყავით. თენგო წინააღმდეგი იყო ვინმე ფეხზე მდგარიყო, ან სკამები ჩაემატებინათ. სპექტაკლებზე საოცრება ხდებოდა. კარგი მსახიობები გვყავდა, მართალია თენგიზის ფონზე ვერ ვჩანდით, მაგრამ მშვენიერი დასი იყო...

მისთვის გრიმიორიც მე ვიყავი, სცენისთვის კოსტიუმსაც ვაცმევდი და ყველა ამპლუაში კარგად ვგრძნობდი თავს. არადა, სცენაზე მეც გავდიოდი და თვითონაც ხომ უნდა მოვწესრიგებულიყავი? ერთხელ სპექტაკლის მსვლელობისას კულისებში ვუთხარი: რა ბედნიერი კაცი ხარ, როგორ უყვარხარ მაყურებელს, რა ხდება, გადაჭედილია დარბაზი-მეთქი. ჯერ გაჩუმდა, მერე კი მითხრა: რატომ? შენ რომ გამოხვედი, ტაშმა მაშინ მოიმატაო... შენი პატივისცემით, ეს შენი დამსახურებაა-მეთქი, - ვუპასუხე...

ერთხელაც, ხელოვნების მუშაკთა სახლში სასცენო კოსტიუმით მივედი, ვერ მიცნეს და ჩემი დარბაზიდან გაძევება უნდოდათ. ყველას ქუჩიდან შემოსული მათხოვარი ვეგონე. არადა, იყო ასეთი პერსონაჟი, სოფლის მასწავლებელი, ფლორენცია კაჭკაჭიშვილი და ამ გმირის სამოსში ვიყავი გამოწყობილი. იქ ბუბა კიკაბიძის შემოქმედებითი საღამო იყო, ჩვენც მიწვეულები გახლდით,

თენგიზიც გვერდში მომიჯდა, გადაირია დაცვის სამსახური, - ვინ არის ეს ქალი, რატომ ზის თენგიზის გვერდითო? ის იყო ჩემ გაყვანას აპირებდნენ, რომ გამოგვაცხადეს და სცენაზე ავედით. საოცარი ამბავი ატყდა...

- მაყურებელები, ვისაც თქვენი სპექტაკლები ახსოვთ, ყვებიან, - მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით მსახიობი არ იყო, ეს ხელს არ უშლიდა, სცენაზე მაყურებელი პირველი წუთებიდანვე აღეფრთოვანებინაო...

- კი, გეოლოგიური ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული, მშობლების ოცნება და სურვილი იყო, ექიმი გამოსულიყო, მაგრამ არ გამოვიდა, დაბადებიდან მსახიობი იყო... ბავშვობიდან იმიტაციის ნიჭი ჰქონდა. მამამისი აკადემიკოსი, ფინანსისტი, უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტის კათედრის გამგე გახლდათ. ერთხელაც, მასთან კათედრის წევრები სტუმრად უნდა მოსულიყვნენ. კვირა დღე იყო, ჩემი დედამთილი გასამასპინძლებლად ემზადებოდა. უცებ ზარი გაისმა, მე გავაღებ კარსო, - თენგოს შემოურბენია. 7 წლის იყო მაშინ. შემდეგ კი კართან ადამიანების ხმები ისმოდა, რომელთაც თენგო ესალმებოდა - ხან ერთს, ხან მეორეს, - მოკლედ, მთელი 5-6 პიროვნების იმიტაცია ისე გაუსახიერებია, მშობლები ვერ მიხვდნენ, რომ ამას თენგიზი აკეთებდა.

- როგორ გაიცანით მომავალი მეუღლე?

- თეატრალურ ინსტიტუტში ვსწავლობდი, დრამის თეატრის მსახიობი ვარ, დამთავრების შემდეგ სოხუმში გამანაწილეს, სადაც საბოლოოდ დედამ არ გამაჩერა, სიტუაცია არ მოეწონა, - აქ ვერ დაგტოვებო და ისევ თბილისში ჩამომიყვანა. თურმე ჩემს მეგობრებს თენგო იცნობდა, რომელსაც რაღაც ჯგუფი შეექმნა და ჩემი თანაკურსელები: მზია მაღლაკელიძე, მანანა მაჩაბელი მიეწვია. ეს ამბავი ერთ-ერთისგან შევიტყვე, რომ ბიჭიკო ჩხეიძესთან ერთად (თემურ ჩხეიძის მამა), მინიატიურების ჯგუფს ქმნიდა და ადამიანებს ეძებდნენ. ნანა ჯაფარიძესთან, ერთ-ერთ მეგობართან, ვაკეში 5 გოგონა შევიკრიბეთ, სადაც თენგომ თავისი პროგრამა წაგვიკითხა, მაგრამ იმ ყველაფრის ფონზე თენგო უფრო მომეწონა. იქ პატარა სუფრა გაიმართა, მე და მან ბლუზი ვიცეკვეთ (იმის მერე სულ მაყვედრიდა ხოლმე, შენ იაქტიურეო), ცეკვის დროს ცოტა დავახლოვებულვარ... ჭავჭავაძის გამზირზე ვიყავით და იქიდან გამომაცილა, "პლეხანოვამდე" (შეროზიას ქუჩაზე ვცხოვრობდი), ფეხით გამოვიარეთ მთელი მანძილი... 

მიყვარს მოწესრიგებული მამაკაცები და თენგო ასეთი აღმოჩნდა, ჯიბიდან კრიალა და გატკიცინებული ცხვირსახოცი რომ ამოიღო (რომელიც ახლაც თვალწინ მიდგას), ძალიან მომეწონა... ცირკთან რომ მივედით, გაიგო, რომ ცირკიც მიყვარდა და მეორე დღეს იქ წასვლა დავგეგმეთ. მაშინ სიგარეტს ვეწეოდი, წითელი პომადა მესვა და სახლთან რომ მიმიყვანა, მითხრა, - წითელ პომადას აღარ წაისვამ და არც სიგარეტს მოსწევო... ამ ქვეყნიდან ისე წავიდა, რატომ ამეკრძალა ეს, ვერ გავიგე, არ მიკითხავს.

იმ პერიოდში ამუშავდა სწორედ ის ჯგუფი, რომელსაც აყალიბებდა და ფილარმონიასთან არსებული მინიატიურების თეატრი შეიქმნა. თეატრი შემოქმედებითაც გაიზარდა, რომელიც მაყურებელს ძალიან მოსწონდა და 1975 წელს სახელმწიფო წოდებაც მიენიჭა. მე დამსახურებული არტისტი ვარ, თენგიზმა დამსახურებულთან, სახალხო წოდებაც მიიღო.

- მისი გარდაცვალების მიზეზად გავრცელებული ხმების მიხედვით, თეატრის პრობლემები სახელდებოდა, რომ თითქოს ამაზე ნერვიულობას შეეწირა.

- თენგიზი, მაესტრო ჯანსუღ კახიძე, გიგა ლორთქიფანიძე რაიკომში დაიბარეს და შესთავაზეს, - ამდენი მაყურებელი გყავს და ეს პატარა დარბაზი რად გინდა, კულტურის სამინისტროში პროექტიც არსებობდა, რომ ჩვენთვის თეატრის ახალი შენობა აეშენებინათ, უფრო სწორად გორკის კლუბის (ვარდების ბაღი) რეკონსტრუქცია ჩაეტარებინათ, სადაც გადავიდოდით. გიგამ შესთავაზა, მუსკომედიის შენობაში გადადითო (მაშინ ის მუსკომედიის თეატრის მთავარი რეჟისორი გახლდათ). თენგო დათანხმდა, თუმცა ვეუბნებოდი, - არ დათანხმდე, ის სცენა რაც გვაქვს, ჩვენთვის საკმარისია-მეთქი...

- მოკლედ, ძველი შენობა უნდა დაგეთმოთ, - ამას გთხოვდნენ?

- კახიძის მუსიკალური ცენტრის რეკონსტრუქცია უნდა ჩატარებულიყო, ჩვენი შენობაც იქვე იყო და გარშემო ტერიტორია უნდა გაეწმინდათ, ვითომ იმ მოტივით, რომ მუსიკალურ ცენტრს მიმატებოდა. მოკლედ, დაინგრა ჩვენი თეატრი და მის ადგილას მხოლოდ სამი ნაძვი დარგეს. ის ტერიტორია არაფერში გამოუყენებიათ. ხომ ვამბობ, ხრეში დაყარეს და სამი ძირი პაწაწინა ნაძვი ჩაარგეს, რომლისთვისაც თითო ჩაფი წყალი რომ დაესხათ, არ გახმებოდა. მოკლედ, მუსკომედიის თეატრის შენობაში გადაგვიყვანეს, სადაც რაღაცებში შევიწროებულები ვიყავით, დარბაზში მაყურებელი ვერ ეტეოდა, ბილეთები არ იყო ხოლმე... ერთხელაც, სექტემბერში გასტროლზე ვიყავით და რომ ჩამოვედით, მეორე დღეს დასასვენებლად ქობულეთში მივდიოდით. თენგოს ყველაფერი ჩავულაგე, ჩემი არაფერი მომიმზადებია, არ ვიცი რატომ, რა ძალა მკარნახობდა. წინა დღეს მეგობრის ბავშვის დაბადების დღე იყო, შინ გამთენიისას დავბრუნდით და თენგო უკვე ვერ იყო კარგად...

- საერთოდ აწუხებდა რამე?

- გასტროლიდან რომ ჩამოვედით, ნახა, რომ მუსკომედიის შენობა ინგრეოდა, ჭერი ახდილი ჰქონდა, ამაზე ინერვიულა. მოკლედ, მუსკომედიის თეატრის დანგრევაც დაიწყეს და ახლა რა შენობაც არის, მისი აშენება უნდა დაწყებულიყო. იმის გამო, რომ კარგად ვერ გრძნობდა თავს, ექიმთან წასულა (პირველად ჩემ გარეშე), უთქვამთ, თუ საავადმყოფოში არ დაწვებით, თეატრში არ წახვიდეთ, შინ წაბრძანდითო. მაინც თეატრში წასულა, სადაც ისმენდა რაღაც თათბირს და პარალელურად ესმოდა შენობის ნგრევის ხმა ისე, რომ მისთვის არაფერი უკითხავთ. მოკლედ, სწორედ მაშინ, გული გაუჩერდა, უფრო სწორად, გაუსკდა...

- მისი გარდაცვალების შემდეგ თეატრმა კიდევ 20 წელი იარსება, მოგვიყევით, სად და როგორ საქმიანობდით?

- ვიყავით მედიცინის მუშაკთა სახლში, გორკის კლუბშიც, მუნიციპალურ დაქვემდებარებაში იყო თეატრი. საბოლოოდ კი 2007 წელს გიგი უგულავამ გაგვანადგურა, აღარ დაგვაფინანსა და "საჩუქრად" კიდევ მივიღე ინფარქტი...

- ახლა გისმენთ და ცრემლის გარეშე ვერ საუბრობთ. ალბათ ეს არის სიყვარული, გრძნობა, დამოკიდებლება ადამიანის მიმართ, რომელთან ერთადაც წლები გაატარეთ. რა იყო და არის ეს სიყვარული თქვენთვის?

- სიყვარული ხელოვნებაა, მას როგორც ყველაზე სანუკვარს, მოფრთხილება და მოფერება უნდა და საერთოდ მამაკაცს, მეუღლეს... ჩვენ შვილი არ ვისურვეთ, ამ სიტყვებს გულწრფელად გეუბნებით და ეს ასე მოხდა, დაწვრილმანებას არ ვაპირებ. ამ თემაზე ერთხელ ვუსაყვედურე (მისი ინიციატივა იყო, რომ შვილი არ გვყოლოდა), შენ ის უფრო გეყვარებოდა, ვიდრე მეო, - მიპასუხა... ისეთი ურთიერთობა გვქონდა, რომ არ გვიგრძვნია ამის აუცილებლობა, დღემდე ამ ჭკუაზე ვარ... ამას სიყვარული აღარ ჰქვია, თენგო ჩემთვის კერპი იყო და ასევე დარჩა. 10 შვილი რომ მყოლოდა, ის ენეგია და შრომა არ ეყოფოდა, როგორც თენგოს ვუვლიდი. ვცხოვრობდი მისთვის... დღემდე ვერ ვაცნობიერებ, რომ აღარ არის...

როგორ შეიძლებოდა, მისი სიკვდილი ჩემზე ადრე?! არ ვიცი, რატომ, მაგრამ გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე მითხრა, - ღმერთმა ჩემი სიკვდილის შემდეგ ერთ კვირაზე მეტი არ გაცოცხლოსო... წარმოგიდგინიათ, რა უსინდისო ვარ, რომ 28 წელია ვცოცხლობ. მაგრამ ამას ცხოვრება არ ჰქვია. ალბათ ვუძლებ, თორემ გაუსაძლისია თავისთავად, თუმცა სიამაყით ვაცხადებ, რომ თენგიზ ჩანტლაძის ქვრივი ვარ! ამ ქვეყნიდან 55 წლის წავიდა, ვიტყოდი, რომ დაუხარჯავი...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"თურქული კინოინდუსტრიის მეფე" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს "სანჯარ ეფე" რეალურ ცხოვრებაში: ცეცხლოვანი ენგინ აქიურექის იდუმალი ცხოვრება კადრს მიღმა

"საერთოდ არ ეტყობოდა, თუ ბოლო დღეები ჰქონდა... გეგმებს სახავდა, ზარებს პასუხობდა" - როგორ იხსენებენ კოვიდით გარდაცვლილ რეჟისორს მეგობრები, კოლეგები და მოსწავლეები

"ლუნა ყიფშიძე, გვიყვარხარ შენს დაიკოს და ძამიკოებს" - გიორგი ყიფშიძეს მეოთხე შვილი შეეძინა