"ნუცას რომ მოვასმენინე, ტირილით მოკვდა" - ანრი ჯოხაძე ახალ კლიპს მის საუკეთესო ნამუშევრად აფასებს

"ნუცას რომ მოვასმენინე, ტირილით მოკვდა" - ანრი ჯოხაძე ახალ კლიპს მის საუკეთესო ნამუშევრად აფასებს

"დამშვიდდი," - ამბობს ქალი. "ვნანობ, რომ ჩემგან ერთხელ გაგიშვი", - პასუხობს კაცი. "ნუ დამიცდი", - ქალი, "სიყვარულს მაინც ხომ ვერ დამიშლი," - კაცი...

ასე იწყება ანრი ჯოხაძის ახალი კლიპი, რომელიც მომღერალ ნუცა შანშიაშვილთან ერთად გადაიღო, სადაც ქალისა და კაცის როლებს თავად ასრულებენ... სიმღერის "მაჩუქე ფრთები" ავტორი, შემსრულებელი და კლიპმეიკერიც ტრადიციულად ანრია. ვიდეორგოლის პრეზენტაცია კინოთეატრში, ფართო ეკრანზე, გუშინ გაიმართა, მაყურებელმა ახალი ნამუშევარი აპლოდისმენტებით მიიღო.

"ნუცამ მაიძულა, ერთობლივად რაღაც ჩაგვეწერა. მეც დავწერე... თუმცა მანამდე ჩვენ-ჩვენი პირადი ცხოვრებიდან ისტორიებს ვიხსენებდით, ვყვებოდით, რომლებიც უკვე წარსულია... ჰო, მეც გამახსენდა რაღაც და ისიც ყვებოდა რაღაცებს. ჩემს შემთხვევაში, იყო ასეთი: ვიყავით ერთად და მერე დავიშალეთ, სიმღერაში ვამბობ, "ვისთანაც ღამე მათენდებოდა, მეგონა, ყველა მიყვარდა", - ასე არ ყოფილა. მოკლედ, დაწერამდე ასეთი ემოციები იყო... ეს ტექსტები და ამბები სულ გონებაში მიტრიალებდა და ბოლოს სიმღერად იქცა," - ამბობს ანრი. ''ნუცას რომ მოვასმენინე, ტირილით მოკვდა. ამ სიმღერის მთელი ღირსება ისაა, რომ ნამდვილი, გულწრფელი ემოციებისგანაა წამოსული, არაფერია ტყუილი, თან, ტექსტია ისეთი, რასაც სხვა ქართულ სიმღერაში ვერ მოისმენ''...

- ნანობ, რომ დაცილდით?

- საერთოდ, ბევრ რამეს ვნანობ.

- ცხოვრებიდან ბევრი გაგიშვია?

- ვინც გასაშვები იყო, უნდა წასულიყო, მაგრამ ისე ხდებოდა, რომ ძირითადად, მე მიშვებდნენ...

- როგორც რეჟისორი, რას იტყვი საკუთარ ნამუშევარზე?

- ჩემი საუკეთესო ვიდეოა, უდაოდ. ძალიან ლამაზი გამოვიდა. თითქოს მოქმედება არაფერია, თუმცა ამ კლიპით რაღაც სხვა ესტეთიკა შემოდის, რაც მანამდე ჩემს ვიდეოებში არ ყოფილა.

"ნამუშევარი დღეს პირველად ვნახე და ვარ აბსოლუტურად შოკში, მართლა ზღვა მასალა ანრიმ ისე არაჩვეულებრივად და ლამაზად გადმოსცა, სიტყვები არ მყოფნის და ვარ ბედნიერი. მიხარია, რომ კლიპი მსოფლიოსთვის შეიქმნა და მოივლის კიდეც მას, უცხოეთში უნდა გავიდეს," - ამბობს მომღერალი ნუცა შანშიაშვილი და ვიდეოს მთავარი პერსონაჟი.

- მართლა თქვენ აიძულეთ ანრი, ამ თემაზე ემუშავა?..

- კი, მე ვიყავი ძალა, ენერგია, დილიდან მივდიოდი მასთან წკეპლით ხელში და აბა, დავიწყეთ მუშაობა-მეთქი და მემორჩილებოდა... (იცინის)

რაც უფრო ნიჭიერია ადამიანი, მით რთულია მასთან მუშაობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით ეს ტანდემი შეგვექმნა. მჯერა და ვიცი, ცხოვრებაში თუ რაღაც კარგი ხდება, ეს ღვთისგან არის დალოცვილი. ამიტომ მგონია, რომ ღმერთმა დაგვლოცა და ეს ნამუშევარი შეგვაქმნევინა. ამ სიმღერით, რომელსაც მსოფლიოში გავიტან, გავაცნობ ადამიანებს, რომ არსებობს ქართველი ანრი, რომელიც ასე მღერის, ასე წერს და ასე იღებს... 

აჩიკო მეფარიძე: "ორივეს ვულოცავ ამ ახალშობილ კლიპსა და სიმღერას, ძალიან ვგულშემატკივრობდი, მინდოდა, კარგი გამოსულიყო. მე და ნუცა დიდი ხანია ერთად ვმღერით, ამიტომ ჩემთვის არ იყო სულერთი, რა გამოვიდოდა. ნამუშევარი ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით ნუცას ქართულად შესრულება (იცით, რომ ქართულად ცოტა სიმღერა აქვს). მომეწონა, რომ კლიპის ვიზუალი მათ ნამღერს ემთხვევა. ერთადერთი, რაც მინდოდა მენახა, ის იყო, რომ მეტად ხმაურიანი ყოფილიყო, აფრენილიყვნენ, ასულიყვნენ მთის წვერზე, სიმღერის მოსმენისას ასეთი ასოციაცია შემექმნა. მაგრამ მეტი ფინანსური შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, ვიცი, ეს მოხერხდებოდა.

- ანრიზე, როგორც რეჟისორზე რას იტყვით?

- მომეწონა მისი ხედვა, ანუ ის, როგორ დაინახა ნუცა. ნუცა ძლიერი მსახიობია და ეს ანრიმ არ დაკარგა კლიპში.

მაკა შალიკაშვილი: "როგორც მსახიობი ვიტყვი, რომ არსებობს მომღერალი და არსებობს არტისტი მომღერალი. აქ იყო ორი არტისტის სცენა. როდესაც ისინი ჭადრაკის მაგიდასთან სხედან, ეს არის ჩვეულებრივი ურთიერთობა, დიალოგი, შესრულება. ეს მუსიკით გადმოცემული ამბავია, სპექტაკლია და კიდევ სიმართლე, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს სიმღერაში, სცენაზე, ცხოვრებაში. ეს იყო მართალ გრძნობებზე აგებული ნამუშევარი. ანრის მუშაობისას შეუძლია აგავსოს იმ უზარმაზარი ენერგიით, რასაც თვითონ ფლობს და ბევრი კარგი რამ გაგაკეთებინოს. მის ყველა კლიპში ვარ გადაღებული და ეს კარგად ვიცი".

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება