გაიცანით ორი ქართველი სტუდენტი, რომლებიც ჰოლივუდში მიემგზავრებიან!

გაიცანით ორი ქართველი სტუდენტი, რომლებიც ჰოლივუდში მიემგზავრებიან!

ამერიკის დრამატული ხელოვნების აკადემია (American Academy of Dramatic Arts) ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით ნიჭიერ ახალგაზრდებს არჩევს, რომლებსაც სასცენო ხელოვნებაში საუკეთესო განათლებას აძლევს. იქ სხვადასხვა დროს სწავლობდნენ მსოფლიო დონის ვარსკვლავები - რობერტ რედფორდი, გრეის კელი, დენი დე ვიტო, ედრიენ ბროდი, ენ ჰეთევეი და სხვები.

მალე ჰოლივუდის აკადემიაში ქართველი სტუდენტებიც ისწავლიან! ნიკუშა გორდეზიანი და გიორგი ღარიბაშვილი იმ იღბლიან 12 სტუდენტს შორის მოხვდნენ, რომლებიც ამერიკის დრამატული ხელოვნების აკადემიამ მთელი მსოფლიოდან აარჩია. ბიჭები რეჟისორ გიზო ჟორდანიას ჯგუფიდან არიან. მათი პედაგოგია მსახიობი ნანუკა ხუსკივაძე. ნიკუშა და გიორგი თეატრალურ უნივერსიტეტში 15 ივნისს სადიპლომო სპექტაკლს წარმოადგენენ, 16-ში კი სასწავლებლად ამერიკაში მიემგზავრებიან.

AMBEBI.GE ნიკუშა გორდეზიანს დაუკავშირდა და ახლა უფრო ახლოს გაგაცნობთ, შესაძლოა, მომავალ ვარსკვლავს.

- მსახიობობა რატომ აირჩიე პროფესიად?

- 14 წლის ვიყავი, როცა გოგა პიპინაშვილის სტუდია ART HALL-ში მოვხვდი, სადაც ვითამაშე პირველი სპექტაკლი და მსახიობობაც სწორედ მაშინ გადავწყვიტე... მივხვდი, რომ ვიპოვე, რაც მინდოდა, ანუ მეთამაშა მთელი ცხოვრება და დიდი მადლობა ამისთვის გოგა პიპინაშვილს.

სკოლის დამთავრებამდე "არტ-ჰოლში" ვიყავი... იქ ყოფნის პერიოდში რამდენიმე სპექტაკლი ვითამაშე და სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან მაგარი ადამიანების ხელში აღმოვჩნდი... ჩემი პედაგოგები არიან: გიზო ჟორდანია და ნანუკა ხუსკივაძე და ამით მგონი, ყველაფერია ნათქვამი. ძალიან დიდი ადამიანები არიან... მე და გიორგი რომ ამერიკის აკადემიაში მოვხვდით, ეს მათი დამსახურებაა...

- როგორ აღმოჩნდით აღნიშნულ აკადემიაში?

- საზღვარგარეთ სწავლაზე 1-ელი კურსიდან ვფიქრობდი, მსოფლიოს მასშტაბით მუდმივად ვეძებდი და ვარჩევდი სხვადასხვა უნივერსიტეტს... ყველაზე ძალიან სწავლა ლონდონში მინდოდა და ახლაც ასე ვფიქრობ იმიტომ, რომ ჩვენ სფეროში ყველაზე ძლიერი სკოლა ინგლისშია. ჩემი აზრით, თეატრალური ხელოვნების სამოთხეა.

აქ სწავლის პერიოდში სულ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც არ მყოფნიდა, ანუ კიდევ მეტი ცოდნის მიღება მინდოდა. თან, არის რაღაცები, რასაც აქ ვერ და არ გვასწავლიან.... იმის გამო, რომ ლონდონში ძალიან ძვირია სწავლა, ბოლოს ამერიკაზე შევჩერდი და მერე, რა თქმა უნდა, ინტერნეტში ამერიკის სასწავლებლებს ვეცნობოდი და ასე ვიპოვე ეს აკადემია. მასზე ინფორმაციას ახლოს რომ გავეცანი, ძალიან მომეწონა. მერე ძმაკაცსა და ჯგუფელს ღარიბას (გიორგი ღარიბაშვილს) ვაჩვენე, - ნახე, რა მაგარია, მოდი, წავიდეთ-მეთქი და დავიწყეთ იმაზე ფიქრი, რომ სასწავლებლად ერთად წავსულიყავით. ონლაინ რეჟიმში გარკვეული პროცედურები გავიარეთ.

- როგორ?

- საერთოდ ასეა, პირველ ეტაპზე აპლიკაცია უნდა შეავსო და სამოტივაციო წერილი დაწერო, - ეს ეტაპი წარმატებით გავიარეთ. მეორე ეტაპზე ვიდეო უნდა გაგვეგზავნა, სადაც 2 ერთმანეთისგან გასხვავებული მონოლოგი შედის (დრამატულიც და კომიკურიც). ჩავწერეთ, გავაგზავნეთ და მიგვიღეს. ძალიან დამეხმარნენ და დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს და თეატრალურ უნივერსიტეტს. განაცხადი რომ გავაკეთე, ეს თეატრალური უნივერსიტეტის დამსახურებაა, კულტურის სამინისტრომ სწავლის საფასური დამიფინანსა (გიორგიმ თავისი ხარჯებით გადაიხადა სწავლის საფასური).

- სწავლა რა პერიოდს მოიცავს?

- აკადემიას აქვს როგორც ზაფხულის კურსი, ასევე ზაფხულის 7-კვირიანი გაუმჯობესებული კურსიც. ჩვენ გაუმჯობესებულზე ვართ, რაც საშუალებას გაძლევს, შემდეგ 2-წლიანი კურსი გაიარო, რომელიც ხარისხს მოგვანიჭებს... ამასთან, ამ კურსის გავლის მერე, უფლება გაქვს, მონაწილეობა მიიღო ამერიკულ დაფინანსებაში. საინტერესო ფაქტი ჩვენ შემთხვევაში ის იყო, რომ აკადემიამ თავისი ინიციატივით 2-წლიანი სწავლა შემოგვთავაზა. მოგვწერეს, რომ დაინტერესებული არიან ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდებით. ამ აპლიკაციის უფასოდ შევსება-გავლა შემოგვთავაზეს. ამასთან, ჩაბარების შემთხვევაში, 2000 $-იანი სტიპენდია და დახმარება-რეკომენდაცია გაგვეწევა ამერიკულ ფონდებში დაფინანსების მოსაპოვებლად.

- მგონი, სულ თორმეტი ადამიანია ჯგუფში და მათგან 2 ქართველი ხართ...

- დიახ, თვითონ მოგვწერეს 12 კაცი აგვყავს ყოველ ზაფხულსო. სწავლა 20 ივნისს იწყება, ჩვენ 16-ში მივემგზავრებით.

- რა მოლოდინი გაქვთ?

- მოლოდინი დიდია, მგონი, ძალიან კარგ გამოცდილებას მივიღებთ და კიდევ, რაღაც დოზით გავიზრდებით ჩვენ პროფესიაში...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება