რამ გააოცა ჰოლივუდელი პროდიუსერები საქართველოში: "ყოველი ახალი ადგილის დათვალიერებისას თავში ახალი ფილმის იდეები მოსდიოდათ"

რამ გააოცა ჰოლივუდელი პროდიუსერები საქართველოში: "ყოველი ახალი ადგილის დათვალიერებისას თავში ახალი ფილმის იდეები მოსდიოდათ"

საქართველოს ერთი კვირის განმავლობაში კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალის შესასწავლად ჰოლივუდის ცნობილი ლოკაციის მენეჯერები და პროდიუსერები სტუმრობდნენ. ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერები და პროდიუსერები, რომლებსაც ისეთ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი, როგორებიცაა: "Transformers", "Captain America", "The Hangover", "Sicario", "Mission Impossible" საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთი კვირის განმავლობაში მოგზაურობდნენ და ვიზიტი ბათუმში სტუმრობით დაასრულეს.

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, სახელმწიფო პროგრამას "აწარმოე საქართველოში" კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტი ცოტა ხნის წინ დაემატა, პროგრამის განხორციელებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს. პროგრამის მიზანია უცხოელი კინომწარმოებლების მოზიდვა, საქართველოში კინოინდუსტრიის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბაზრის ზრდა.

ჰოლივუდელი პროდიუსერების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებულ დეტალებზე AMBEBI.GE მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს ესაუბრა:

- რა ადგილები მოინახულეს ვიზიტის ფარგლებში ჰოლივუდელმა პროდიუსერებმა?

- ცნობილმა ჰოლივუდელმა ლოკაციის მენეჯერებმა კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონები შეისწავლეს და ერთი კვირის განმავლობაში თბილისი, რუსთავი, კახეთი, მცხეთა, ყაზბეგი, უფლისციხე, წყალტუბო, ზუგდიდი, მესტია, ანაკლია, ასევე, ბათუმი მოინახულეს და გაოცებულები დარჩნენ, რომ ასეთ მოკლე პერიოდში შეძლეს ენახათ მთები, უდაბნო, ზღვის სანაპირო, ეროვნული ნაკრძალები და არქიტექტურის მრავალფეროვნება სხვადასხვა ქალაქში.

- საქართველოს რომელიმე კუთხეში, ან ქალაქში გადაღებები ხომ არ დაგეგმილა?

- იმის გათვალისწინებით, რომ პროდიუსერები პირველად სტუმრობდნენ საქართველოს, რთულია და საკმაოდ ადრეა ვილაპარაკოთ გადაღებების ზუსტ თარიღებზე. მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის უმთავრესი მიზანი იყო, სრულად წარმოეჩინა ქვეყნის შესაძლებლობები და მათთვის გაეცნო ადგილობრივი საპროდიუსერო კომპანიები. ასევე, მათ საშუალება ჰქონდათ ქართული კომპანიებისგან გაეგოთ ყველა ის დეტალი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანაში კინოწარმოებასთან.

მეწარმეობის განვითარების სააგენტომ ხელი შეუწყო ადგილობრივ კომპანიებსა და საერთაშორისო სტუმრებს გასცნობოდნენ ერთმანეთს, სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ესაუბრათ და ყველა საჭირო ინფორმაცია მიეღოთ ორივე მხრიდან, ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორი უცხოელი კინომწარმოებლების მოსაზიდად სწორედ სათანადო დონის ადგილობრივი საპროდიუსერო კომპანიები და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობაა.

- მათი პირველი ვიზიტი იყო საქართველოში და როგორი შთაბეჭდილებებით დატოვეს ქვეყანა? რა აღმოჩნდა მათთვის ყველაზე შთამბეჭდავი?

- სტუმრები ნამდვილად შთაბეჭდილებების ქვეშ იყვნენ. მათთვის მოულოდნელი იყო საქართველოს მსგავსება მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებთან, თბილისს, ბათუმსა და სიღნაღს ადარებდნენ სხვა ევროპული და აზიური სტილის ქალაქებს. ასევე, ყაზბეგმა და სვანეთმა, უზარმაზარმა მთებმა განსაკუთრებით მოხიბლა ისინი. ყოველი ახალი ლოკაციის დათვალიერებისას კი მოსდიოდათ თავში ახალი ფილმის გადაღების იდეები. ბუნებასთან ერთად ინდუსტრიულმა ობიექტებმა, როგორიცაა რუსთავის მეტალურგიული ქარხანა და თბილისის ელმავალმშენებლი ქარხანა, დიდი ინტერესი გამოიწვია.

ჰოლივუდის წამყვანმა ლოკაციის მენეჯერებმა, რომლებიც უნიკალურ ადგილებს ეძებდნენ, საქართველოში აღმოაჩინეს იმაზე მეტი, რასაც ელოდნენ და ქვეყნის უზარმაზარი პოტენციალი დაინახეს სხვადასხვა ტიპის პროდუქციის მოზიდვის კუთხით.

- რა დადებითი შედეგი შეიძლება გამოიღოს მათმა საქართველოში ვიზიტმა?

- მოგეხსენებათ, ისინი წარმოადგენენ ყველა იმ ცნობილი ჰოლივუდური ფილმების ლოკაციის მენეჯერებს, რომლებიც დიდი წარმატებით სარგებლობს კინობაზრებზე. სწორედ მათი მოზიდვა და საქართველოში კინოწარმოებაა პროგრამის მიზანი, რასაც ეკონომიკაში გადადინების ეფექტი აქვს, საქმდება ადგილობრივი მუშახელი, ვითარდება სხვა დარგებიც და იქმნება ახალი სერვისები.

ამასთანავე, ლოკაციის მენეჯერების შთაბეჭდილებებზე დაყრდნობით გვჯერა, რომ ჰოლივუდის მასშტაბით თავიან კოლეგებს გაუზიარებენ გამოცდილებასა და ემოციებს.

- როგორია პროგრამის "გადაიღე საქართველოში" სამომავლო გეგმები?

- აქტიურად გაგრძელდება საქართველოს, როგორც კინოგადაღებების კუთხით მიმზიდველი ლოკაციის პოპულარიზაცია ამერიკის და ინდოეთის ბაზრებზე, რაც თავის მხრივ პროექტების რიცხვის გაზრდას ემსახურება. პროგრამის ამოქმედებიდან ხუთ თვეში სააგენტომ 4 საერთაშორისო პროექტის განხორციელება შეძლო და სამომავლოდაც საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, რამდენიმე საერთაშორისო საპროდიუსერო კომპანიები საქართველოსადმი ინტერესს ავლენენ. ჩვენ უკვე გვქონდა პრეზენტაცია ლოს-ანჯელესსა და მუმბაიში, შესაბამისად ვაპირებთ გავაგრძელოთ პროგრამის პოპულარიზაცია და საერთაშორისო რუკაზე მოვნიშნოთ ჩვენი ქვეყანა.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

(R)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება