"შეყვარებულები მართლა ვართ, ოღონდ..." - რას ამბობს გიორგი ვარდოსანიძე სოფო ნიჟარაძესთან "რომანზე"

"შეყვარებულები მართლა ვართ, ოღონდ..." - რას ამბობს გიორგი ვარდოსანიძე სოფო ნიჟარაძესთან "რომანზე"

ბოლო დროს ჭორი გავრცელდა, რომ მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე და მომღერალი სოფო ნიჟარაძე შეყვარებულები არიან. ეს ამბავი იმ ვიდეოს მოყვა, რომელიც სოფომ სოციალურ ქსელში განათავსა და სადაც ისინი ერთად მღერიან. რა რეაქცია აქვს ჭორებზე და არის თუ არა რეალურად მის ცხოვრებში საყვარელი ადამიანი - გიორგი ვარდოსანიძე ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდებს ვრცელი ინტერვიუდან:

"...როცა ჩემს საცოლეს, თამთა შალამბერიძეს დავშორდი, მაშინაც დიდი ამბავი ატყდა; სალომე ჭაჭუა რომ მოვიყვანე ცოლად და დავშორდი, იმაზეც ბევრი იჭორავეს. თავიდან მომწონდა ჩემზე ჭორები და ვიპრანჭებოდი; მერე ვღიზიანდებოდი, ვიბრძოდი, მერე კი მივეჩვიე. ახლა ჩემთვის ჭორები მეასეხარისხოვანია. მიმაჩნია, როგორც კაცს გაუსწორდება, ისე უნდა იცხოვროს. ვერავის ლაპარაკს ვერ ავყვები, ვერავის ცხოვრებით ვერ ვიცხოვრებ და ვერც იმას გავუწევ ანგარიშს, ვის რა მოსწონს. მე ჩემი ცხოვრება მაქვს და, როგორც მომინდება და ვისთანაც მომინდება, ისე ვიცხოვრებ. იმდენი ჭორი გავიგე ჩემს თავზე, იმდენთან დამაწვინეს და მომკლეს, უკვე ვეღარ ვითვლი. ნახევარ თბილისთან ვიწექი, ნახევარი თბილისი ცოლად მოვიყვანე და, ხანაც, გეი ვარ, არადა, არც ბაბნიკობის სურვილი მქონია და არც გეობის. როგორც ყველა თავისუფალი მამაკაცი ცხოვრობს, ისე ვცხოვრობ მეც.

- სოციალურ ქსელში დადებულმა ვიდეომ ბევრს გაუჩინა ეჭვი, რომ შენ და სოფო ნიჟარაძე შეყვარებული წყვილი ხართ და ამას არ მალავთ...

- ერთ-ერთ მიუზიკლში მე და სოფო შეყვარებულების როლს ვთამაშობთ. სოფომ ბუფეტში გადაიღო ვიდეო, სადაც სასიყვარულო სიმღერას ორ ხმაში ვშლით და დადო სოციალურ ქსელში. ამაზე ატყდა ამბავი და "მოგვნათლეს" შეყვარებულებად. არადა, შეყვარებულები მართლა ვართ, ოღონდ, მიუზიკლში, რეალურად კი კარგი მეგობრები ვართ და წლებია, ერთმანეთს ვიცნობთ. სოფო ჩემი უახლოესი მეგობარია, ჩემი ოქრო გოგო, კოლეგა და სიმღერის პედაგოგი. ამ ჭორზე ორივემ ვიცინეთ. თუ მეგობარ გოგოსთან გადაღებული ფოტო დავდე სოციალურ ქსელში, ეგრევე მაწყვილებენ და რა გავაკეთო?"

ნონა დათეშიძე

ჟურნალი "თბილისელები"