გია როინიშვილის ბეწვის ხიდი - დაუსრულებელი სასამართლო დავა და პირადი ცხოვრება

გია როინიშვილის ბეწვის ხიდი - დაუსრულებელი სასამართლო დავა და პირადი ცხოვრება

"სულ ბეწვის ხიდზე გავლა მიხდებოდა. ჩემმა პედაგოგებმა - ლილი იოსელიანმა და მიშა თუმანიშვილმა კარგად მასწავლეს აბობოქრებულ ზღვაში ცურვა!" - ამბობს მსახიობი გია როინიშვილი, რომელმაც თავის პირად ცხოვრებასა და შემოქმედებით მოღვაწეობაზე გულახდილად ისაუბრა.

- ბატონო გია, მსახიობობა ბავშვობიდანვე გსურდათ?

- დიახ! ყველა ბავშვს სურს მსა­ხიობი გახდეს. ბავშვების თამაში ძა­ლიან ახლოს არის ჩვენს პროფესიასთან. ძალიან მიყვარდა ეზოში თამაში: ფეხბურთი, ველოსიპედით სეირნობა, მონოსპექტაკლების გამართვა და ა.შ. ბავშვები ფულს ვაგროვებდით, ვდგამდით სპექტაკლებს, უფროსები კი მოდიოდნენ და ჩვენს სისულელეებს უყურებდნენ. თუმცა, ეს კარგი სისულელეები იყო. შემდეგ მსახიობობით სერიოზულად დავინტერესდი. ჩემს სახლთან ახლოს მოზარდ მაყურებელთა თეატრი იყო, სადაც მარტო დავდიოდი და სპექტაკლებს ვუყურებდი... ცოტა რომ წამოვიზარდე, უკვე რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებსაც ვსტუმრობდი. ასევე, ხშირად დავდიოდი კინოში ფილმების სანახავად. ჩემი მშობლები არ იყვნენ ხელოვანები: მამა მშენებელ-ინჟინერი გახლდათ, დედა - ექიმი. გულახდილად გეტყვით, არც ერთს არ სურდა, რომ მსახიობი გავმხდარიყავი. თუმცა, ჩემი გავიტანე... ჩემს ბავშვობაში ლეგენდარული მსახიობები იყვნენ და ალბათ ამანაც იმოქმედა.

- სტუდენტობა როგორ გახსენდებათ?

- სკოლა დავამთავრე თუ არა, პირველივე წელს მაღალი ნიშნებით მოვეწყვე თეატრალურ ინსტიტუტში. ბედმა გამიღიმა და საუკეთესო პედაგოგთან - ლილი იოსელიანთან მოვხვდი. მან გამზარდა როგორც ოსტატობის, ასევე მოქალაქეობრივი თვალსაზრისით! ვფიქრობ, ყველაფერი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული და ადამიანი ქმნის პროფესიას! ვიღაცებს ხელოვანის პროფესია რაღაც ზედაპირული ჰგონიათ. ამ დროს ხელოვნებაში საოცარი სიღრმეებია და ეს თუ ვერ აღმოაჩინე, შენი ხელოვნებაც არავის დააინტერესებს! უნივერსიტეტში სწავლის დროს ე.წ. "პატრონი" არასოდეს მყოლია. ყოველთვის დამოუკიდებლად ვიკვლევდი გზას და ეს ჩემს ბიოგრაფიასაც ეტყობა. სულ თვითგადარჩენაზე ვზრუნავდი - ინსტიტუტშიც და თეატრშიც... უნდა მემუშავა და სხვაზე მეტი გამეკეთებინა, რომ საჭირო ვყოფილიყავი! სულ ბეწვის ხიდზე გავლა მიხდებოდა. ჩემმა პედაგოგებმა - ლილი იოსელიანმა და მიშა თუმანიშვილმა კარგად მასწავლეს აბობოქრებულ ზღვაში ცურვა! ისე, ჩემს პროფესიაში დახრჩობის საშიშროება ყოველთვის არის. მწვერვალზე ასვლაც არ გახლავთ იმდენად რთული, როგორც მისი შენარჩუნებაა...

- თქვენი შვილებიც სცენაზე დგანან. ოჯახზე რას გვეტყვით?

- მე როგორც წარმომედგინა, დღეს ისე ვერ არის ჩემი ოჯახი... შვილების და შვილიშვილების გამო კი ძალიან ბედნიერი ვარ! მოგეხსენებათ, კოკომ მსახიობის პროფესია აირჩია, შემდეგ სარეჟისოროც დაამთავრა... ამჟამად კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, წამყვან როლებს თამაშობს. ძალიან აქტიურ ფაზაშია და მახარებს მისი წარმატებები! როცა ვუყურებ, ყოველთვის საკუთარი თავი მახსენდება - არაფერზე ვამბობდი უარს... მარიამი საოპერო მომღერალია. ურთულესი პროფესიაა და პირადად მე, კოკოსა და მარიამის გადაწყვეტილებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდი. წინასწარ ვიცოდი, რა ტიტანური შრომა მოუწევდათ და რა გარემოში მოუხდებოდათ ყოფნა! ძალზე საინტერესოა მათი სფერო, მაგრამ ურთულესი! Mმიხარია, როცა მათ თავდადებულ შრომას ვხედავ და ამისთვის მათი მადლობელიც ვარ. განსაკუთრებულად სასიამოვნოა, სხვებიც რომ ამჩნევენ ჩემი შვილების საქმიანობას! რაც შეეხება შვილიშვილებს - ეს სულ სხვა ფენომენია... ერთხელ მარიამმა მითხრა: შენ ჩემი შვილი, ელენე უფრო გიყვარს, ვიდრე მეო... ვუპასუხე, - შენი შვილი რომ არის, იმიტომ მიყვარს ასე ძალიან-მეთქი! ყველას თავისი ადგილი აქვს ცხოვრებაში! ვერავინ ვერავის ადგილს, ვერასოდეს ვერ დაიკავებს!

- წარმატებული ხელოვანი პოლიტიკაში ჩაებით. ამ ნაბიჯს ხომ არ ნანობთ?

- არ ვნანობ! დღესაც შეიძლება, რაღაცნაირად პოლიტიკაში ვმონაწილეობდე და მომავალშიც მოხდეს! არ ვიცი, ცხოვრება რას მოიტანს. კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, თითქოს მსახიობი, მუსიკოსი, ექიმი, დამლაგებელი და ა.შ. პოლიტიკაში არ უნდა იყოს ჩართული... ეს არის სივრცე, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს (თუ შესაბამისი უნარ-ჩვევები აქვს) შეუძლია იყოს! უმეცრების აპოთეოზია, როდესაც ამბობენ, - პოლიტიკაში მხოლოდ ეკონომისტები და იურისტები უნდა იყვნენო! პოლიტიკოსია ის, ვისაც აქვს მყარი პოზიცია ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით და შემდეგ, ამ პოზიციას ამყარებს ისე, რომ ადამიანებამდე მივიდეს! არც ის არის საჭირო, რომ ყველა ხელოვანი პოლიტიკით დაინტერესდეს! მაგალითად, ძალიან კარგი პოლიტიკოსი იყო პროფესიით მსახიობი რეიგანი!

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება