ნინო ქათამაძის "სიგიჟე და თავისუფლება" - ექსკლუზიური ინტერვიუ მომღერალთან მუსიკაზე, ოჯახსა და სიბერეზე

ნინო ქათამაძის "სიგიჟე და თავისუფლება" - ექსკლუზიური ინტერვიუ მომღერალთან მუსიკაზე, ოჯახსა და სიბერეზე

21 აგვისტოს ნინო ქათამაძის გულშემატკივრები ბათუმის კორტებზე რამდენიმე მიზეზის გამო შეიკრიბებიან: "სიგიჟისა და თავისუფლების" მუსიკალური ალბომის - "ყვითელის" მოსასმენად, ჰოსპისის მშენებლობაში საკუთარი წვლილის შესატანად და მომღერლისთვის იუბილის მისალოცად.

რატომ დაიგეგმა საქველმოქმედო კონცერტი მის დაბადების დღეზე, რატომ არქმევს ალბომებს სახელებს ფერების მიხედვით, რა ძალა აქვს "მუსიკის დიპლომატიას", როცა საქმე რუსეთს ეხება - ამ და სხვა თემებზე "ამბები.გე"-ს ექსკლუზიური ინტერვიუ ნინო ქათამაძესთან:

"21 აგვისტო არის საბაბი იმის, რომ იყო მასპინძელი სტუმრების. მე ვარჩიე სუფრასთან ყოფნას სცენაზე დგომა. მიყვარს, როდესაც ჩემს დაბადების დღეს ემთხვევა ხოლმე კონცერტი და რადგანაც მიყვარს, ხშირად ემთხვევა ხოლმე. ვინაიდან სოლო კონცერტი არ შემდგარა საქართველოში ოთხი წლის მანძილზე, წელს ახალი ალბომიც "ყვითელი" ჩავწერეთ და გვინდა მსმენელს წარვუდგინოთ. კორტების სცენა, ზაფხული, ჩემი ქალაქი, ზღვა, ადამიანები, ვინც მენატრება... მონატრების შეგრძნება სხვა რამეა, აუცილებლად პასუხს ითხოვს და ეს შეხვედრა იქნება ჩემი გულის წამალი.

ჩემმა მეგობარმა ირაკლი გაფრინდაშვილმა თავის დაბადების დღეზე მეგობრებს გვთხოვა, რომ არ მიგვეტანა არაფერი, - "თუკი ვინმეს საჩუქრის მოტანა გინდათ, მაქვს ყულაბა, ვაგროვებ თანხას ჰოსპისის ბავშვებისთვის და მოდით ერთად გავაკეთოთ კეთილი საქმეო". როდესაც ჩემს შვილთან ერთად ვიყავი მთაში, ვფიქრობდი იმაზე, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო. მე და ჯგუფ "ინსაითს" მოლაპარაკება გვაქვს, რომ საქართველოში ყველა ჩვენი სოლო კონცერტი იქნება საქველმოქმედო. ჰოსპისის თემა ძალიან რთული საკითხია, იმდენად რთული, რომ არ ვიცი რა სიტყვებით ვილაპარაკო. არიან ბავშვები, რომლებსაც სჭირდებათ გადარჩენა და არიან ბავშვები, რომლებსაც სამწუხაროდ, ვერაფრით ვერ შველი. მინდა რამე წვლილი შევიტანო თუნდაც იმაში, რომ იმ რეალობას, რასაც ზოგჯერ ვხვდებით, რაღაცნაირად, გვერდში დგომით, ცოტათი შევამსუბუქოთ ცრემლები, რომლებიც გარდაუვალია."

- ალბომებს სახელებს არქმევთ ფერების მიხედვით. "შავი", თეთრი", "ცისფერი", "წითელი", "მწვანე" და ახლა უკვე მეექვსე ალბომი "ყვითელი". რატომ ფერები და ახლა რატომ "ყვითელი"?

- "ყვითელი" იმიტომ, რომ... ჩემთვის ყვითელი არ არის განშორების ფერი, ჩემთვის არის ყვითელი მზის ფერი, სიგიჟის ფერი, იმყოფები იმ ზღვართან, საიდანაც შენ შეგიძლია უსასრულო ცურვაში გადაეშვა და დაინახო ის, რაც გულის სიღრმეში გინდა გააკეთო და გაბედო, ამიტომ ყვითელი ფერი გაძლევს ამის საშუალებას.

"შავი" იმიტომ იყო, რომ დასაწყისი იყო და არ იცოდი რისთვის რა სახელი დაგერქვა. "თეთრი" იმიტომ იყო, რომ გამოჩნდა გაგრძელება ამ საწყისის, "ცისფერი" იყო იმიტომ, რომ ძალიან უხდება ორკესტრს, სიმებს უხდება ცისა ფერი. შემდეგი იყო "წითელი" იმიტომ, რომ იყო აგვისტოს ომი. შემდეგ მოვიდა "მწვანე", იმიტომ, რომ გაუსაძლისი არის ომი, ყვითელი მოვიდა იმიტომ, რომ დროა ქმედების...

- კონცერტებზე მარტო არასდროს ხართ, ჯგუფი "ინსაითი" და ნიკოლოზ რაჭველი სულ თქვენთან არიან. როგორია თქვენი მუშაობის შიდასამზარეულო?

- ნიკოლოზ რაჭველი საოცარი ადამიანია, ჩემი ცხოვრების საჩუქარია, უსიტყვოდ ესმის, საკმარისია ბგერის ფინალი, რაღაც ბგერით დააბოლოვო ფრაზა და ზუსტად იქეთ მიდის, ზუსტად იცის შემდეგს რას დაიწყებ. ის ჩემი უსაყვარლესი მეგობარია, რომელიც მაბედნიერებს თავისი მუსიკალურობით და მახარებს ის, რომ ჩემთან ერთადაა. ჩემთვის ასევე, ძალიან ძვირფასია ჩემი "ინსაითი". ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ჩემს მუსიკალურ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებენ, მათ ვიცნობ უკვე 25 წელზე მეტი ხანია. ეს არის ჯგუფი, რომელთან ერთადაც დავწერე "ოლეი", "ქუჩაში ერთხელ". ეს არის ის ენერგია, რომელიც ბათუმში შეიქმნა. გოჩა ყაჭეიშვილი ბათუმელია, რომელიც არის მხატვარი, "ინსაითის" დამფუძნებელი, წევრი. უჩა გუგუნავა გავიცანი, როცა ის იყო 13 წლის, გიორგი ჭელიძე, ჩვენი ხმის რეჟისორია, დათუჩა აბულაძე 2002 წლიდან ჩვენთან ერთად არის. საგასტროლო მოღვაწეობა ჩვენ ერთად დავიწყეთ. წარმოიდგინეთ სახლივითაა, რაც არ უნდა ხდებოდეს შიგნით, ერთი მიზანი გაქვს, ერთ ფანჯარაში იხედები და ერთ სუფრასთან ჯდები, როცა გემრიელი სურნელოვანი მუსიკალური სადილია.

- ბათუმი ძალიან გიყვართ, წარმატებული მუსიკალური კარიერა კი დროის სიმცირეს უკავშირდება... რამდენად ახერხებთ თქვენს მშობლიურ კუთხეში ხშირად ჩამოსვლას?

- ქობულეთელი ვარ, უფრო ბობოყვათელი და უფრო დაგველი, უფრო ხინოელი ვარ... საწყისამდე გინდა რომ წახვიდე, მაგრამ მე ვარ დედამიწელი, ზღვისეული, მზისეული. ჩემს მშობლიურ მხარეს აჭარას, ქობულეთს, ბათუმს, ყოველთვის ვუბრუნდები იმ გრძნობით, რაც ნამდვილია და საწყისია. იმდენად ნამდვილია ყველაფერი, რომ არანაირი სურვილი არ მაქვს რაღაცეები მოვიგონო და ფერები შევუცვალო. დღემდე არ შეცვლია ტემპერატურა, სითბო, მნიშვნელობა და შინაარსი, პირიქით, გაღრმავდა და უფრო ფესვები გაიდგა ისე, რომ თავისი გაგრძელება ჰქონდეს. არაფერი არ დამიტოვებია, შინაგანად არსად არ წავსულვარ. თუ საშუალება მაქვს ყოველთვის ვუბრუნდები, სოფელსაც, ქალაქსაც, მეგობრებსაც. ამ ეტაპზე ჩემი მუსიკალური ცხოვრების გრაფიკი არის აჩქარებულ რეჟიმში და ხშირად არ ხდება მათთან ურთიერთობა, თუმცა სოციალური ქსელებით მიწევს რაღაცეების გახსენება. ჩემი ემოციური სამუშაო რაც არის, სრულიად სხვა განზომილებაში იმყოფება, ვიდრე დავუშვათ ჩემი სოციალური საქართველო. აქ ოჯახი, მეგობრები და ნათესავები მყავს, ამიტომ რაღაცეების გახსენებაც და უკან დაბრუნებაც მიწევს. ხშირად ვერ ჩამოვდივარ, მთელი დღეა მინდა დედაჩემს ჩავეხუტო და ჯერ ვერ მივედი. ვერც ჩემი შვილი ვნახე.

8 წლის არის ჩემი შვილი, დიდი ბიჭია. თავისთავად თავის ზღაპრულ სამყაროსა და ფერებში ცხოვრობს, მაგრამ ის არის ადამიანი, რომელიც არის ჩემი მასწავლებელი, რომელიც ყოველთვის მაფიქრებს იმაზე, თუ რამდენად ღირს ისეთი ნაბიჯები გადავდგა, რომელიც ან მალე დამთავრდება ან უნდა იყოს რაღაც ისეთი... ჩვენი ცხოვრების გზა არის ისეთი, რომ სადაც გაივლი, განათებული გზა დატოვო იმიტომ, რომ მერე რომ გაივლის შენი შვილი, სიბნელე არ დახვდეს. ამიტომ, ის ჩემი მასწავლებელია ამ მხრივ და ყოველთვის ვცდილობ სინათლესთან ახლოს მივიდე.

ჩემს მეუღლესთან არ მრჩება ურთიერთობის დრო. მასაც თავისი პროფესია აქვს ისეთი, რომელიც ასევე დიდ დროს, ზრუნვას, ფიქრს, ემოციასა და ფიზიკურ შრომას მოითხოვს. დათუნაც ძალიან, ძალიან დატვირთულია და ასეთ რეჟიმში ვცხოვრობთ. სიყვარული ხომ ერთმანეთისგან გათავისუფლებაა და ამიტომ ეს საჩუქარია - როცა ერთმანეთს მოიპოვებ და მერე ერთმანეთს მისცემ ფრენის საშუალებას.

- როგორია თქვენი "ფანებთან" ურთიერთობა. ყველგან, სადაც არ უნდა წახვიდეთ, გხვდებიან გულშემატკივრები, თუ გრჩებათ დრო მათთვის?

- ფანებთან ურთიერთობა სასწაულია, ვგიჟდები მათზე და ძალიან მიყვარს ყველა. ცოტათი დამღლელიცაა... დამღლელი კი არა... ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის მიმართ ყურადღება და უბრალოდ ხანდახან არ მყოფნის რესურსი ამისთვის. გულშემატკივარი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ჩემი მუსიკალური ცხოვრების. ეს არის ჩემი მიმართულების მომცემი, გზის გამკვალავი, ყველაზე გასახარებელი ისტორიებიც მხვდება. ერთი კვირის წინ გავიგე, რომ ჩემს მუსიკაზე ადამიანმა იმშობიარა. ყურსასმენებით უსმენდა და ბავშვი გააჩინა, ბიჭი. გავიცანი ქალი და ეს იყო საოცრება ჩემთვის. მთავარი იცით რა არის? მე ვცხოვრობ იმაში რაც მომწონს, რაშიც ჩართული ვარ მთელი სულითა და გულით, არაფრის მოგონება არ მჭირდება, მე უბრალოდ სიახლეებს გზადაგზა ვპოულობ. ამისთვის ცხადია, ძალიან დიდი შრომაცაა საჭირო, იმიტომ, რომ მხოლოდ შენ არ ხარ, ძალიან დიდი გუნდია ამის ირგვლიც. წარმოიდგინეთ, რომ რასაც სულითა და გულით ქმნი, ის ხდება ადამიანების ცხოვრების ნაწილი. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია რომ ჩემი გულშემატკივრები ჩემს შრომას ძალიან სათუთად ეპყრობიან.

- ცოტა ხნის წინ მოსკოვში გქონდათ კონცერტი. ქართველ მომღერლებს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ოკუპანტს უმღერიან. თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ და თუ ასხვავებთ მსმენელს ერთმანეთისგან?

- მე ოკუპანტს არ ვუმღერი, მე ვუმღერი ადამიანებს, რომლებიც ჩემი თანამოაზრეები არიან, ვუმღერი ადამიანებს, რომლებსაც ჭირდება მუსიკა. მუსიკა, ხელოვნება ემსახურება მხოლოდ სიკეთეს. მაშინ მთელი დედამიწა იქნება ომის რეჟიმში, თუ ჩვენ არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ იფიქრონ იმაზე სიღრმისეულად ვიდრე, არის ძალადობა. ამიტომ, პირდაპირი ფუნქცია ხელოვნების და სახალხო დიპლომატიის არის ის, რომ უნდა ემსახურო შენს პროფესიას იმის გამო, რომ მან თავისი პირდაპირი ფუნქცია შეასრულოს. მე მათთან იმის საშუალება არ მაქვს, რომ დიდი დრო დავყო, ჩემი მოსაზრებები წარმოვთქვა ამა თუ იმ პოლიტიკურ ან სოციალურ შეხედულებებზე, ამ ყველაფერს უსიტყვოდ აკეთებს მუსიკა, თან ქართულ ენაზე. როდესაც იყო 2008 წლის ომი, აქცია მოეწყო "არ ისროლო", რომელიც მივუძღვენით საქართველოს ომს, საკმაო რაოდენობის თანხაც შევკრიბეთ და ჩამოვიტანეთ, მაგრამ ეს არ გაგვიტელევიზორებია, უბრალოდ, რაღაც წვლილი შევიტანეთ. შევჩუკმა დაწერა ძალიან ლამაზი სიმღერა "სიყვარულისკენ გადადგმული ნაბიჯი უფრო ძნელია, ვიდრე მოიგო ომი". ამიტომ, ძალიან ვფრთხილობ იმისთვის, რომ ჩემი ურთიერთობა იყოს ხალხს შორის. სხვა სიბრტყეებსა და სივრცეებში არ გადავდივარ. რამდენადაც შევძლებ გავაკონტროლებ, თუ შემეშლება, ჩემი გულშემატკივრები და მეგობრები აუცილებლად მიმანიშნებენ და დამიცავენ იმისგან, რომ დამიფარონ შეცდომისგან.

- როგორი იქნება თქვენი სიბერე, რას გააკეთებთ როცა უკვე ასაკოვანი იქნებით?

- მომავალს შენ თვითონ ქმნი, "აწმყო თუ არა გწყალობს მომავალი შენიაო", ამ ამბავს ვერ ვხვდები. ჩემთვის მთავარია, რომ ამ წუთას ვმღერი. ჩემთვის მთავარია, ყოველ ეტაპზე ასაკი ჩემთვის იყოს სილამაზის მომტანი და უფრო დავუახლოვდე ადამიანებს, ღმერთს, ფასეულობებს, ყოველთვის მქონდეს სწავლის, სიახლის გაგების წყურვილი და ჩემთვის ცხოვრება არ მიედინებოდეს სადღაც, რომ დამთავრდეს იმიტომ. არასდროს არაფერი არ მთავრდება, დედამიწა ამიტომ არის მრგვალი, რომ არ მთავრდება. სიბერემდე ძალიან დიდი გზა მაქვს, თუ მომეცა იმის ბედნიერება, რომ სიბრძნე იყოს ჩემი თანამგზავრი ამ ცხოვრების გზაზე, სიბერე ძალიან დიდი ბედნიერების მომტანი იქნება.

ესაუბრა ნინო ხოზრევანიძე, AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება