დავით ლორთქიფანიძე გერმანიაში გოეთეს მედლით დაჯილდოვდა

დავით ლორთქიფანიძე გერმანიაში გოეთეს მედლით დაჯილდოვდა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო ორდენით, გოეთეს მედლით დაჯილდოვდა.

დაჯილდოების ცერემონია 28 აგვისტოს ვაიმარის სასახლეში გაიმართა. დავით ლორთქიფანიძეს ჯილდო გოეთეს ინსტიტუტის პრეზიდენტმა, ჰანს-დიტერ ლემანმა გადასცა.

გოეთეს მედალი ყოველწლიურად, გოეთეს ინსტიტუტის ცენტრალური ოფისის ჟიურის მიერ არჩეულ სამ უცხოელ კანდიდატს გადაეცემა.

გოეთეს მედლით დაჯილდოებულთა შორის არიან მწერალი გივი მარგველაშვილი; ბრიტანული მუზეუმის დირექტორი ნიკ მაკგრეგორი; ამერიკელი რეჟისორი და სცენარისტი რობერტ უილსონი; ინგლისელი მწერალი ჯონ ლე კარე; ისრაელელი მუსიკოსი და დირიჟორი დანიელ ბარემბოიმი; უნგრელი რეჟისორი იშტვან საბო და ავსტრიელი ფილოსოფოსი სერ კარლ რაიმუნდ პოპერი.

წელს დავით ლორთქიფანიძესთან ერთად გოეთეს მედლით დაჯილდოვდნენ ნიგერიელი ფოტოგრაფი და კურატორი აკინბოდე აკინბიჯი, უკრაინელი მწერალი, ესეისტი და მთარგმნელი იური ანდრუხოვიჩი.

დავით ლორთქიფანიძე გამოჩენილი პალეოანთროპოლოგია. მისი კვლევის შედეგებმა, რომელიც დმანისში გათხრების შედეგად აღმოჩენილი, 1,8 მილიონი წლის წინანდელი, ადრეული ჰომინიდების ნაშთებს ეფუძნება, სრულიად შეცვალა ჩვენი ცოდნა უძველესი ადამიანების განვითარებისა და მათი განსახლების შესახებ. მისი ხელმძღვანელობით ეროვნული მუზეუმი თანამედროვე და წამყვან კულტურულ დაწესებულებად იქცა საქართველოში.

მეცნიერი და მუზეუმის დირექტორი, აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებთან და სამეცნიერო-საგანმანათლებლო ინსტიტუციებთან, მათ შორისაა გოეთეს ინსტიტუტი და ისეთი მნიშვნელოვანი გერმანელი პარტნიორები, როგორებიცაა პრუსიის კულტურული მემეკვიდრობის ფონდი და ფრანკფურტის ზენკენბერგის მუზეუმი. დავით ლორთქიფანიძე, ასევე, ჰუმბოლდტის პრემიის ლაურეატია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება