ია ფარულავა დიეტებზე, ძილსა და სილამაზის პროცედურებზე თანამედროვე ქართველი ქალის ცხოვრებაში

ია ფარულავა დიეტებზე, ძილსა და სილამაზის პროცედურებზე თანამედროვე ქართველი ქალის ცხოვრებაში

ჯანმრთელი ცხოვრების წესს ბევრი ვერ იცავს, თუმცა ამის დიდი სურვილი აქვს. არადა, ნამდვილად შესაძლებელია და ამას ჩვენი რესპონდენტიც გვიდასტურებს, რომელიც ყოველთვის ფორმაშია, წონას მუდმივად ინარჩუნებს. უკვე ბევრი წელია ჯანმრთელი ცხოვრების სტილი აირჩია და შეძლებისდაგვარად მიჰყვება მას. ამიტომ გარკვეული რჩევის მიცემაც შეუძლია ადამიანებისთვის, რომლებსაც ამ მიმართულებით დახმარება სჭირდებათ.

"ამბები.გე" მსახიობ ია ფარულავას სწორედ ჯანსაღი ცხოვრების სტილზე ესაუბრა.

- რა არის საჭირო იმისთვის, რომ თანამედროვე ქალბატონს ჯანმრთელი ცხოვრების წესი ჰქონდეს?

- კარგია, რომ თანამედროვე ქალი ახსენე. ყველა ხომ არ ცხოვრობს ჯანსაღი ცხოვრებით, თუმცაღა ვიღაცისთვის შეიძლება სოფელში ცხოვრება, იქაური სუფთა ჰაერის სუნთქვა, მიწასთან ახლოს ყოფნა, ჯანმრთელი ცხოვრების ერთ-ერთი ნაწილი იყოს და ბევრი ადამიანი ვიცი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ქალაქიდან სოფელში რომ გადავიდა საცხოვრებლად. სვამს წყაროს წყალს და იღებს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტს.

თანამედროვე ადამიანმა ქალაქში ჯანმრთელი ცხოვრების სტილის შესაქმნელად, 4 რამ უნდა გაითვალისწინოს: 1. ყოველდღიური (30-წუთიანი) ვარჯიში, რომ ორგანიზმი ტონუსში იყოს; 2. სწორად იკვებოს; 3. სტრესი მოიხსნას (ეს ვარჯიშითაც ხდება); 4. მიიღოს ბევრი წყალი; ეს ჩემი ფორმულა არა არის, დიდი ხანია, ცნობილი ფაქტია.

- მუდმივი დიეტა არის თუ არა ჯანსაღი ცხოვრებისთვის და კილოგრამებთან ბრძოლის აუცილებელი პირობა?

- მუდმივი დიეტის დაცვის მოწინააღმდეგე ვარ. არადა, ზოგიერთი ქალბატონი ვიცი, სულ დიეტაზე რომ არიან, წონაში სწრაფად იკლებენ და მალე კილოგრამებს ისევ ინაზღაურებენ. ამიტომ მიმაჩნია, რომ დიეტა არ არის კარგი. თუმცა ცოტა ხნის წინ რაღაც დიეტა მეც დავიცავი, რითაც ძალიან დავსტრესე ჩემი ორგანიზმი.

ადამინმა სასურველია, ყველაფერი მიიღოს, ოღონდ, ეს ულუფების შემცირების ხარჯზე უნდა მოხდეს (ვთქვათ, ჩაის ფინჯანი რომ იყოს საზომი) ოღონდ, ხშირ-ხშირად და დღეში სამი-ოთხჯერ უნდა იკვებოს. ვიღაცეებს ვიცნობ, რომლებიც ამბობენ, ძალიან ცოტას ვჭამ, მაგრამ ერთხელაც ისეთ კალორიულ კერძს მიიღებენ, რომ წონას მაშინვე იკრებენ...

ქალს ასაკი რომ ემატება, რაც უფრო ხშირ-ხშირად და ცოტ-ცოტას ჭამს, მეტაბოლური სისტემა უფრო ტონუსში მოჰყავს. ზოგადად კი, ქართული სამზარეულო ისეთი მდიდარი და კალორიულია პროდუქტებით, რომ ნაღვლის ბუშტსა და ბევრ ორგანოს აღიზიანებს. გვაქვს ხაჭაპური, რომელიც მართალია, ჩვენი ეროვნული კერძია და ძალიან მიყვარს, მაგრამ ყოველდღე მისი ჭამა არ არის გამართლებული. ამის საპირისპიროდ, არსებობს საშუალება, ვიკვებოთ ხარისხიანი ბოსტნეულით. მაგალითად, ხორცი ადამიანმა თვეში ერთხელ უნდა მიიღოს (ამას მეცნიერები ამბობენ), თუმცა ბევრს მიაჩნია, რომ თუ ხორცი არ არის მის რაციონში, იმას კვებას არ უწოდებს. არადა, გვაქვს ლობიო, ბოსტნეული, მწვანილი და ამ ყველაფრის იოლად ჩანაცვლება შეიძლება.

- რაციონიდან რა პროდუქტის გამორიცხვაა აუცილებელი, რომ ზედმეტი წონა მოვიცილოთ?

- ყველა იმ პროდუქტის გამორიცხვაა საჭირო, რომელიც დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. დამტკიცებულია, რომ ის ჯანმრთელობას ვნებს. არ ვიცი, ვინ ამბობს, - შაქარი ტვინისთვის კარგია, გლუკოზააო, - ფაქტია, რომ გლუკოზა შხამია! მგონი, უკვე ბევრი ხვდება, რომ შაქარი და მარილი მენიუდან უნდა ამოიღოს ან შეამციროს. აბსოლუტურად არ არის საჭირო შაქრის მიღება მაშინ, როცა გვაქვს მაგალითად, თაფლი, ფინიკი, ჩირი, ხილი, რომლებიც ამ პროდუქტს მშვენივრად ანაცვლებენ. თუმცა მე ხილი მასუქებს, ამიტომ ის დოზირებულად უნდა მივიღო. ვისაც ხილი ჩემსავით წონას ჰმატებს, უნდა მოერიდოს, - პირობითად, ნახევარ საზამთროს ნუ შეჭამ და 2 კილოგრამ ლეღვს ნუ მიიღებ.

- როგორ ფიქრობ, რომელი სპორტული პროცედურებია ფორმის შენარჩუნებისთვის კარგი?

- ვერავის დააძალებთ, გინდა თუ არა ტრენაჟორებზე ჩეწერე და იარეო, თუმცა რჩევა შეიძლება. არის იაფი სპორტდარბაზებიც, ამასთან, შესაძლებელია, ფეხით სიარული (დღეში 30 წუთი). მე მაგალითად, სახლში პატარა ველოსიპედი მაქვს და მასზე ვვარჯიშობ, რომ კალორიები დავხარჯო.

ვიღაც იტყვის, ფეხით სიარული ამ ქალაქში როგორ შეიძლება, ჰაერი დაბინძურებულიაო. კი, დაბინძურებულია, მაგრამ იაპონიაზე და ინდოეთზე მეტად? იმ ქვეყნებთან შედარებით, ჩვენთან გადასარევი ჰაერია. ახლა მთლად ისეთ ადგილებშიც ნუ ივლიან, სადაც ესტაკადებია. ჩემი პრობლემა ის არის, რომ ფეხით ბევრს ვერ დავდივარ.

- ბევრ ქალბატონს, სხვადსხვა მიზეზით, ძილის სერიოზული პრობლემა აქვს, - დღე-ღამეში 5-6 საათი სძინავს. შენ ეს საკითხი, ვიცი, რომ კარგად გაქვს მოწესრიგებული...

- უძილობა სტრესს იწვევს, რაც შემდეგში უამრავ პრობლემას ქმნის. ასეთი ადამიანებისთვის ინდივიდუალური რჩევა ძნელია, - რა დალიონ, როგორი ავტოტრენინგები ჩაიტარონ, ან რა სარელაქსაციო ვარჯიშებს მიმართონ. მიზეზი ის არის, რომ ამის კულტურა ჯერ არ გვაქვს. ზოგადად კი ასეა, 8 საათი ძილი დღე-ღამის განმავლობაში ორგანიზმისთვის აუცილებელია.

ისეთ ქუჩაზე ვცხოვრობ, სადაც სულ ხმაურია, მაგრამ თავს ვაიძულებ, ყოველთვის კარგად გამოვიძინო, რადგანაც ჩემთვის ძილი მნიშვნელოვანია. ღამის 12 საათზე უკვე ლოგინში ვარ და მძინავს. დიახ, რაც უნდა კარგ "ტუსოვკაზე", წვეულებაზე ვიყო, ვწყვეტ ყველაფერს და სახლში დასაძინებლად მოვდივარ... სხვანაირად არ შემიძლია, ორგანიზმი ფიზიკურად სხვა საშუალებას არ მაძლევს.

- უცხოელი სპეციალისტების კვლევები იმაზე მეტყველებს, რომ ჰაერის დაბინძურება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სერიოზულად აისახება. რომ დაბინძურებულ გარემოში ცხოვრება ერთგვრი რისკფაქტორია...

- თბილისის ზოგიერთ უბანში (ქალაქ რუსთავში რომ დაბინძურებულია ჰაერი, ყველამ იცის) სუნთქვა ჭირს, მაგრამ ვიმეორებ, დელიზე და ლოს-ანჯელესზე მძიმე მდგომარება აქ არ არის. თუ ადამიანს სხვა გზა არ აქვს და ბინას ვერ გამოიცვლის (ყველას არ შეუძლია ბეთანიის ტყეში სახლი აიშენოს, მეც ძალიან მინდა, მაგრამ ამის საშუალება არ მაქვს), ამიტომ საკუთარ აივანზე, ისე როგორც მე, პატარა ოაზისი გააშენოს. ისეთი მცენარეები მაქვს, რომელიც დამატებითი ჟანგბადის საშუალებას იძლევა. ძალიან მნიშვნელოვანია მწვანე გარემოს შექმნა სახლში, თუნდაც აივანზე. ამიტომ გავუფრთხილდეთ ხეებს...

- ექიმთან ვიზიტსა და პროფილაქტიკურ კვლევასაც ქალბატონების უმეტესობა უდროობის გამო ვერ ახერხებ. რა უნდა ქნას ადამიანმა, რომ ეს პრობლემა დაძლიოს?

- ესეც მთავარი საფიქრალია. ვისაც დაზღვევა აქვს, ექიმთან ვიზიტს ისინიც ვერ ახერხებენ. მაგრამ 4 რამ ადამიანმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს: ქოლესტერინის დონე სისხლში, გამოიკვლიოს ფარისებრი ჯირკვლის სტატუსი, წნევის მდგომარეობა და კარგად უნდა იცოდეს საკუთარი წინაპრის გენეტიკური დაავადებები. ეს უკანასკნელი იმისთვის, რომ იცოდეს, მისი ორგანიზმი რა დაავადებების რისკის ქვეშაა და რომელიმეს დაფიქსირების შემთხვევაში, თავიდანვე დაიძლიოს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ 6 თვეში ერთხელ მკერდის მამოგრაფია და ექო მაინც უნდა ჩაიტაროს და ასევე გინეკოლოგიური კვლევა. ხომ ვამბობ, ბევრი დაავადების პრევენცია შეიძლება, თუ ის ადრეულად იქნა აღმოჩენილი.

- გარეგნობაზე ზრუნვა, სილამაზის სალონში ვიზიტი, სპა პრცედურები და ა.შ. კვირაში რა ინტენსივობით მიგაჩნია დასაშვებად?

- საქართველოში უკვე ყველანაირი დონის სალონია და იქ მისვლა ნებისმიერ ქალს უხარია. იქ ვიზიტი ბევრისთვის რიტუალია და საჭირო რამ. ქალბატონმა თავისი სილამაზე შეიგრძნოს, - ეს იქნება ფრჩხილის ჰიგიენა, თმის შეღებვა, წარბის კორექცია. მოკლედ, შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა მოუაროს თავს. ჩემს ქუჩაზე ერთი ქალბატონია, კუთხეში ყველს ჰყიდის, მუდმივად მოწესრიგებულია, - მას აქვს თავის მოვლის კულტურა... ყველა ქალს უნდა ჰქონდეს დევიზი: "ქუჩაში ისე არ გავალ, თუ საკუთარი თავი არ მომწონს". თუმცა მეც ხშირად გამოვსულვარ გარეთ გაბურძგნილი, საშინაო ფორმით და არ ვარ სწორი, განა იმიტომ, რომ ია ფარულავა ვარ და ასე სიარული არ მეკადრება. როდესაც ფორმაში ვარ, მაგ დროს კარგ განწყობაზე ვდგები და ამ ენერგიას სხვასაც გადავცემ. ბევრი მეგობარი მყავს, როდესაც ძალიან ცუდად არიან, სწორედ მაშინ გაიკეთებენ მაკიაჟს, გალამაზდებიან, ასე ებრძვიან დეპრესიას და მათ მივესალმები.

- აქვე რა როლი ეკისრება ემოციურ განწყობას, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას?

- არაერთი ექსპერიმენტი ჩატარდა იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვეუბნებით საკუთარ თავს შინაგანად. ერთმა ფსიქოლოგმა დილიდან თავი აძაგა და გარეთ ისე გავიდა. იმ დღეს ყველაფერი ცუდი შეემთხვა (ასე დაემთხვა, თუ ეს განწყობის ამბავი იყო, არ ვიცი), ამიტომ ყველა ქალმა საკუთარ თავს უნდა ავტოტრენინგი ჩაუტაროს: რომ ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი, ჯანმრთელი, წარმატებულია... დამერწმუნეთ, ეს კარგად მუშაობს. ასევე მნიშვნელოვანია ღიმილი, არ აქვს მნიშვნელობა, გეღიმება თუ არა, უნდა გაიღიმო. დიახ, არ გვაქვს უფლება, საკუთარი თავი დავჩაგროთ, ისედაც საკმარისად დაჩაგრულ გარემოში ვცხოვრობთ...

ასევე ფსიქოლოგიური განწყობისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია წიგნის კითხვაც, ესეც აუმჯობესებს ადამიანის განწყობას, როგორც იტყვიან, "წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები"... თუმცა ზოგი ამბობს, ვერ ვკითხულობ, დრო არ მაქვს და ა.შ. ესეც დააძალეთ თავს, წიგნი სულიერ სამყაროს გვიმდიდრებს და წარმოსახვას აძლიერებს. ლიტერატურა საუკეთესო მეგობარია და ამიტომაც ყველა მწიგნობარს ვაფასებ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება