ავტორი:

"ისეთ თემებზე ვესაუბრებოდი, რაზეც შვილები მშობლებს არ ელაპარაკებიან..." - რას იხსენებს დედაზე მედეა ძიძიგურის ერთადერთი ვაჟი ბიძინა ბარათაშვილი

"ისეთ თემებზე ვესაუბრებოდი, რაზეც შვილები მშობლებს არ ელაპარაკებიან..." - რას იხსენებს დედაზე მედეა ძიძიგურის ერთადერთი ვაჟი ბიძინა ბარათაშვილი

ქართული სცენის ყველაზე ინტელიგენტი მომღერალი, გამორჩეული ხმისა და ტემბრის პატრონი, რომანსების საოცარი შემსრულებელი მედეა ძიძიგური, თითქმის 20 წელია, რაც აღარ არის, თუმცა მისი სიმღერები დარჩა და ყოველთვის სასიამოვნოდ ჟღერს... მაგალითად, ცნობილი სიმღერა - "ისევ მიდიხარ", როგორც მას, ვფიქრობ, არავის უმღერია...

გარდა იმისა, რომ ქართულ სცენას ამშვენებდა, დიდი ქველმოქმედიც გახლდათ, არაერთ ახალგაზრდას, ცნობილსა თუ უცნობს დაჰხმარებია და ბევრი მადლიერი ადამიანიც ჰყავს... მედეა ძიძიგურის გახსენება მის შვილს ბიძინა ბარათაშვილს ვთხოვეთ:

- დედაჩემი 20 წლის იყო, როცა მე გავჩნდი... ძალიან ხალისიანი ადამიანი იყო, ყოველთვის ახალგაზრდული. უპრობლემო ხასიათი ჰქონდა. ჩემს მეგობრებთან ისევე მეგობრობდა, როგორც მე. ხომ გეუბნებით, ტიპი იყო ასეთი, ეს თვისებები მამამისისგან მოჰყვებოდა. ბაბუაჩემიც, კაკო ძიძიგური ძალიან თანამედროვე ადამიანი გახლდათ. ჩემს მეგობრებთან ისიც მეგობრობდა. სახლშიც რომ არ ვყოფილიყავი, ისინი დედასთან და ბაბუასთან ჩერდებოდნენ, საუბრობდნენ და მშვენიერი დამოკიდებულება ჰქონდათ. ეს ურთიერთობები წლების შემდეგაც გაგრძელდა...

დედაჩემისთვის დეიდა მედიკო, ან ქალბატონო მედიკო არ დაუძახიათ. ის მათთვის იყო მედი, ან მედიკო, ისევე როგორც ჩემთვის. სახელით მივმართავდით. არა იმიტომ, რომ მისი პატივისცემა ვინმეს არ ჰქონდა, ან ამით ზედმეტ ფამილარობას ავლენდა, საკითხს ასე თავად აყენებდა...

ჩვენ, კლასიკური გაგებით, დედაშვილობა არ გვქონია, დედაშვილური ურთიერთობა ბებიაჩემთან მქონდა, რადგანაც ჩემი გამზრდელი ის უფრო იყო. დედას კი ალბათ უფრო უფროსი დედმამიშვილის სტატუსი ჰქონდა. ამიტომაც მასთან მეტად გახსნილი ვიყავი და ისეთ თემებზე ვესაუბრებოდი, რაზეც შვილები მშობლებს არ ელაპარაკებიან ხოლმე.

- მართალია, კლასიკური დედაშვილობა არ გქონდათ, მაგრამ ალბათ, რაღაცას მუდმივად გასწავლიდათ, რაღაცისკენ მოგიწოდებდათ...

- ბაბუაჩემს მისი მომღერლობა არ უნდოდა, რადგანაც სურვილი ჰქონდა, მეცნიერებას გაჰყოლოდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ დედაჩემი ფრანგულის სპეციალისტი გახლდათ. უცხო ენების ინსტიტუტი საკმაოდ კარგად ჰქონდა დამთავრებული. ბაბუა მის სამსახიობო კარიერასაც შეეწინააღმდეგა. ამიტომ, თავისი მაგალითიდან გამომდინარე, დედა მხარს მიჭერდა იმაში, რომ თავისუფალი ვყოფილიყავი, ყველაფერში თვითონ გამეკეთებინა არჩევანი.

- თავად ვინ ხართ პროფესიით?

- ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნე. მიყვარდა ჩემი სპეციალობა, უნივერსიტეტის ლექტორი ვიყავი, მაგრამ როცა საბჭოთა კავშირის ნგრევა დაიწყო, სამწუხაროდ, სამეცნიერო მუშაობა, რომელიც მანამდე თითქოს მშვიდობიანი და უზრუნველი ცხოვრების გარანტიას იძლეოდა, უცებ სარისკო ჯგუფში შევიდა. არა დაფინასება, არა სტაბილურობა, დაბალი ხელფასი და ბუნდოვანი პერსპექტივა. თუმცა, პარალელურად უკვე ჟურნალისტობა მქონდა დაწყებული, 80-იან წლებში "ლელოში" ვწერდი, მართალია, ის მუდმივი საქმე არ იყო, უფრო ჰობი გახლდათ და როცა დილემის წინაშე აღმოვჩნდი, - რა გამეკეთებინა, - მეგობრებთან ერთად, გაზეთი "8 1/2" დავაარსეთ, - იმ პერიოდისთვის პირველი დამოუკიდებელი, აპოლიტიკური კინოგაზეთი... დედა გვერდით დამიდგა, მითხრა, - დაფიქრდი და გააკეთე ის, რაც სწორად მიგაჩნია.

არადა, ბაბუაჩემს ჩემთან დაკავშირებითაც სხვა გეგმები ჰქონდა. მაგალითად, ყოველთვის თავის ძმა, აკადემიკოსი შოთა ძიძიგური მოჰყავდა, არადა, ხასიათით მეტად ბაბუას ვგავდი და ისე აღმოჩნდა, რომ პრაქტიკულად, მისი გზაც გავიარე. კინოსტუდიის დირექტორი იყო, ტელესტუდიის დამაარსებელი და დირექტორიც და მეც გავხდი მომავალში ტელევიზიის დირექტორი, კულტურის მინისტრი იყო და ამ თანამდებობაზე მეც ვიმუშავე, ჟურნალ-გაზეთებს რედაქტორობდა და მეც ვიყავი რედაქტორი.

ერთი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი არ ვყოფილვარ... დედა სულ იმას მეუბნებოდა, რომ თუ მიიჩნევ, რომ ცხოვრებაში ესა თუ ის ნაბიჯი გადასადგემელია - არავის დაუჯერო, გადადგი. შეგეშლება, არა უშავს, ის შეცდომაც შენია. ჯობია, შეცდომა დაუშვა და გული დაგწყდეს საკუთარ შეცდომაზე, ვიდრე რაღაც შანსი გქონდა და არ გამოიყენო.

დედა ამდენი წელია, აღარ არის და ეს სიტყვები დღემდე მომყვება. მან ქმედითი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში რჩევებით და არა ჩარევებით. თავისუფალ ადამიანად ვიზრდებოდი და ამაში არა მარტო დედის, მამაჩემის მადლობელიც ვარ. არანაირი შეზღუდვა არ მქონდა. მეუბნებოდნენ, რომ ადამიანი თვითონ უნდა აკონტროლებდე საკუთარ თავს და ხვდებოდე, როგორი ჩარჩოები დაუწესო თავს...

კიდევ ერთი ისტორია ჩემს მომავალ მეუღლეს უკავშირდება... მაშინ, როდესაც ჩემს მომავალ მეუღლეს, ნანას სტუდენტობისას (შეყვარებულობის პერიოდში) 2 წელი დაშორებული ვიყავი და ერთხელაც, შევხვდი. მანამდე რთულ მდგომარეობაში ვიყავი - არ ვიცოდი, მიმიღებდა, თუ არა და იმ პერიოდში რჩევა დედას ვთხოვე, რომელმაც მითხრა, - შენს თავმოყვარეობას გადააბიჯე, წადი და შეხვდი, როგორც ჩანს, შენი ბედია. დედა დამეხმარა. მოკლედ, მე და ნანამ ოჯახი შევქმენით და უკვე 30 წელია, ერთად ვართ.

- მამა და დედა ერთად რომ არ ცხოვრობდნენ, ამას თქვენზე არ უმოქმედია?

- ჩემი მშობლები რომ დაშორდნენ, 3 წლის ვიყავი და ეს მე არ მიგვრძნია. დედაჩემი და მამაჩემი ბოლო წუთამდე საოცარ ურთიერთობას ინარჩუნებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მამას მეორე ოჯახი ჰყავდა, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა, მყავს ძმა - არჩილი. არჩილთან დედასაც თბილი ურთიერთობა ჰქონდა. ამ ყველაფერმა კი ჩვენს ძმობას ხელი ძალიან შეუწყო. ამიტომაც არის, ჩემი და აჩიკოს ძმობა სამაგალითო. ასევე შესანიშნავი დამოკიდებულება ჰქონდათ დედაჩემსა და ნანას, მის მშობლებს, - ერთ ოჯახად ვცხოვრობდით.

- როდის აღმოაჩინეთ, რომ დედა საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი იყო?

- ამ ყველაფერს გვიან მივხვდი, რადგანაც ისეთ სიტუაციასა და საზოგადოებაში გავიზარდე, რომ უამრავი ცნობილი ადამიანი (კულტურის, სპორტისა თუ მეცნიერების დარგის სპეციალისტი) ჩვენი ოჯახის მეგობარი იყო, რომლებიც მუდმივად გვსტუმრობდნენ: საერთოდაც, მეზობლები იყვნენ მედეა ჯაფარიძე და რეზო თაბუკაშვილი, ბაბუას მეგობარი იყო ირაკლი აბაშიძე, რეჟისორ გურამ პატარაიას განსაკუთრებით უყვარდა ჩვენთან სტუმრობა...

ბაბუას თავის მეგობრებში მუდმივად დავყავდი, სადაც ყველა ცნობილი და დამსახურებული ადამიანი იყო. მაგალითად, ბაბუა და ირაკლი აბაშიძე (სანამ ხმა უღალატებდა), ერთად შესანიშნავად მღეროდნენ. ამის ფონზე ის, რომ დედა მღერის და ცნობილია, ჩვეულებრივი ამბავი იყო. მის კონცერტებზე სიარული არ მიყვარდა. არასდროს ვმჯდარვარ დარბაზში, ყოველთვის კულისებში ვიყავი. თავისუფლება მერჩივნა.

ამიტომ იმ თაობის სცენის კორიფეებთან, თუნდაც ესტრადის წარმომადგენლებთან, მეგობრული ურთიერთობა მაქვს. გარდა იმისა, რომ დედა და ნანი ბრეგვაძე ერთი თაობის მომღერლები იყვნენ, ნანი ჩვენი ნათესავია. დედა ყოველთვის გულშემატკივრობდა თავის კოლეგებს. ამაზე ერთხელ გიგა ლორთქიფანიძემაც საჯაროდ აღნიშნა... დედა მეგობრობდა უმცროსი თაობის კოლეგებთან ისევე, როგორც ჩემს მეგობრებთან, მაგალითად, ნუკრი კაპანაძესთან, თამრიკო ჭოხონელიძესთან, მაია ჯაბუასთან...

ერთხელ ქუჩაში, მიწისქვეშა გადასასველში მომღერლები ნახა, - ორი ბიჭი და ორი გოგო, უკრავდნენ კიდეც. წაიყვანა, ამეცადინა, რეპეტიციები ჩაუტარა და მერე სცენაზე აიყვანა. ტელევიზიაში რომ მუშაობდა, მის მიერ მომზადებული რამდენიმე გადაცემა (ინოლა გურგულიაზე, პეტრე გრუზინსკიზე და სხვ.) ოქროს ფონდში მოხვდა. გადაცემებს ჩვენს სახლში იღებდნენ. მერე როგორც გავიგე, ის გადაცემები ოქროს ფონდიდან გაქრა... არ მესმის, ასეთი რაღაცები როგორ ხდება? როგორ შეიძლება ოქროს ფონდში რამე დაიკარგოს?! კასეტები არ გვქონდა და წავშალეთო. დიდი ხნის ამბავია, მაგრამ უსიამოვნო ფაქტია.

- თავად სიმღერა არ გიცდიათ?

- მხოლოდ მეგობრებთან, დედასთან კი ერთადერთხელ მაქვს ნამღერი, ჩემს დაბადების დღეზე... იმის მერე რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. სიმღერა დიდად არ მიზიდავდა, ამიტომ არც დაკვრა ვიცი და პროფესიული სიმღერა არასდროს მიცდია, თუმცა სმენა, რა თქმა უნდა, მაქვს...

- რა გახდა ქალბატონი მედეას გარდაცვალების მიზეზი?

- მან გაიკეთა ოპერაცია, სიმსივნე კი იყო, მაგრამ ეს არ გამხდარა მისი გარდაცვალების მიზეზი, ოპერაციის დროს იშვიათი სინდრომი განვითარდა, - სისხლის შეუდედებლობა. ოპერაცია, რომელიც მარტივი უნდა ყოფილიყო, ტრაგიკულად დასრულდა. იმ პერიოდში გაზეთში მორიგე ვიყავი, საავადმყოფოში რომ მივედი, საოპერაციოში ჰყავდათ შეყვანილი, ცოტა დამაგვიანდა. თუმცა, ექიმისგან ვიცოდით, რომ არ იყო რთული ოპერაცია. თან, კმაყოფილები ვიყავით იმით, რომ წინა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა და მეორე ოპერაციას ფორმალური ხასიათი ჰქონდა. ასე რომ არ ყოფილიყო, სამსახურში რა გამაჩერებდა?! მოკლედ, ოპერაციის დროს სისხლდენა დაიწყო.

9 საათის განმავლობაში იქ მთელი საქართველო მოვიდა, მადლობელი ვარ იმ ხალხის, რომლებიც უსასყიდლოდ სისხლს აბარებდნენ, რადგანაც ტელევიზიით გამოცხადდა, რომ მედეა ძიძიგურს სისხლი ესაჭიროებოდა. სამწუხაროდ, იმ ყველაფერმა შედეგი ვერ გამოიღო. ეს ამბავი 1998 წლის 5-დან 6 ნოემბრამდე გაგრძელდა და 6 რომ თენდებოდა, დედა გარდაიცვალა... მერე ისე დაემთხვა, რომ 8 წლის შემდეგ, 6 ნოემბერს "იმედის" დირექტორად დავინიშნე...

იმის მერე სულ ის მქონდა ჩარჩენილი გულში, რომ ოპერაციაზე შეყვანის წინ ვერ ვნახე. არადა, წინა საღამოს, პალატაში მხიარულ განწყობაზე დავტოვე. მის სანახავად ჟურნალისტი ზურა ოიკაშვილი იყო მისული და პალატაში მასთან ერთად იცეკვა... მისი გარდაცვალების დღე მუდამ ერთ-ერთ ტრაგიკულ დღედ დარჩება, ისევე როგორც, მამაჩემის გარდაცვალების...

- როგორ გაგრძელდა ცხოვრება დედის დაკარგვის შემდეგ?

- ჩვენს ოჯახში მუდმივად 5 თაობა ცხოვრობდა, მე რომ დავიბადე, ცოცხლები იყვნენ ბებიაჩემის დედა, დეიდა და მამიდა. ჩემი შვილი მოესწრო წინა თაობის წარმომადგენლებს. ბებიაჩემმაც დიდხანს იცოცხლა... თუმცა ბაბუა, ჩემი სიმამრი, დედა ერთმანეთის მიყოლებით წავიდნენ... ახლა ისეა საქმე, რომ მე ვარ ოჯახში უფროსი თაობის წარმომადგენელი. რა თქმა უნდა, რთულია ამ ადამიანების დაკარგვის შემდეგ ცხოვრება, ფსიქოლოგიურად ამასთან შეგუება. გახსენდებიან, გესიზმრებიან, გენატრებიან, გაკლია მათთან ურთიერთობა. მინდოდა, დედას დიდხანს ეცოცხლა, რომ ჩემს შვილს მისგან მეტი სითბო მიეღო, რადგანაც ხასიათით ძალიან ჰგავს მას. მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი სურვილები არ ემთხვევა რეალობას...

"მაყურებელი შოკში ჩავარდება!" - რას გვპირდებიან "მასტერშეფის" ნახევარფინალში კონკურსანტები?

"პიჟამაში დამხვდა და ფეხებზე ხელს მისვამდა“ - შარლიზ ტერონს ცნობილი რეჟისორი სექსუალურად ავიწროებდა

ჯენიფერ ლოპესის 74 წლის დედის თავბრუდამხვევი ცეკვა - "ახალგაზრდობისა და უბერებლობის სიმბოლოა“