როგორ მოირგო მილიონერ კაკაჩიას შემდეგ ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის როლი დავით კვირცხალიამ

როგორ მოირგო მილიონერ კაკაჩიას შემდეგ ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის როლი დავით კვირცხალიამ

რუსთაველის თეატრის მსახიობი დავით კვირცხალია ფართო მაყურებელმა ბოლო დროს პოპულარული სერიალით - "ჩემი ცოლის დაქალები" გაიცნო და შეიყვარა. გრიშა კაკაჩია ამ პროექტის ერთ-ერთი გამოკვეთილი სახეა, მისთვის დამახასიათებელი მანერებითა და მეტყველებით, რომლის ეკრანზე გამოჩენასაც სერიალის მაყურებელი ყოველთვის სიამოვნებით ხვდება. 

მსახიობი დავით კვირცხალია ცოტა ხნის წინ მრავალსერიან ფილმში "ჰეროკრატია" გამოჩნდა, სადაც ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის როლი მოირგო...

AMBEBI.GE-მ მსახიობთან ინტერვიუ სწორედ ამ როლზე საუბრით დაიწყო:

- ექსპრეზიდენტ შევარდნაძის როლზე შემოთავაზება ვისგან მიიღეთ?

- არასდროს, არავის უთქვამს და არც გამხუმრებია, რომ ამ პიროვნებას ვგავდი, ან საერთოდ რამე მსგავსი იყო. რატომღაც ეს გოგა ხაინდრავამ აღმოაჩინა. მე და გოგა დიდი ხნის მეგობრები ვართ, თითქმის ერთდროულად ვსწავლობდით, სარეჟისოროც მაქვს დამთავრებული. ერთ უბანში, ხილიანზე ვცხოვრობდით... მოკლედ, ახალგაზრდობიდან ვიცნობთ ერთმანეთს... თუმცა, სანამ გოგა მეტყოდა, სინჯები შევარდნაძის როლზე უნდა გაიაროო, მანამდე მიშა აფხაზავამ შემომითვალა, - რაღაც კასტინგებია და მობრძანდითო (ვიცოდი, რომ დიდი პროექტი უნდა განხორციელებულიყო, ხოლო თუ რა, ამის შსახებ არაფერი ვიცოდი). რატომღაც არა, ჩემს საქმეზე მიბარებდნენ და შემართებით წავედი. იქ მისულს გოგა დამხვდა და მითხრა, - შევარდნაძის როლზე უნდა გაესინჯო და გრიმიორებს უთხრა, - გრიმი გაუკეთეთო.

- ეს რომ გაიგეთ, რა რეაქცია გქონდათ?

- გამეცინა, - რას ამბობ, გოგა-მეთქი? მე ვიცნობდი კარგად შევარდნაძეს და აი, ნახე, როგორ გამოგივაო (სიტყვა სიტყვით არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით ასეთი ლაპარაკი გვქონდა). თუმცა მეორე მხრივ, მესიამოვნა ისტორიული პიროვნების როლის შემოთავაზება... მოკლედ, გრიმიორებმა ქოჩორი დამაწებეს და მეც მომეჩვენა, რომ ჩვენ შორის რაღაც მსგავსება მართლა იყო. თუმცა გაორება დამემართა: როგორ ვითამაშო ამხელა კაცი, რომელსაც არა მარტო საქართველოში, მსოფლიოში იცნობდნენ...

გოგამ თავიდანვე მითხრა, რომ არ იყო დიდი როლი და 100% მსგავსება საჭირო არ იყო. მას მერე, რაც გადაწყდა, რომ როლი უნდა მეთამაშა, უკვე ჩემს გმირზე დავფიქრდი, - ეს იყო კაცი, რომელიც ლამის მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მართავდა ჩემს ქვეყანას, გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ მსოფლიო დონის პოლიტიკოსი იყო, რაც საქმით დაამტკიცა კიდეც. ეს ძლიერი მუხტიც ვიგრძენი... მერე ავიღე შევარდნაძეზე არსებული ყველა დოკუმენტური ვიდეომასალა, რომელსაც სანახავად ჩავუჯექი...

- გადაღებები ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის რეზიდენციაში გქონდათ?

- კი, ყველაფერი მის რეზიდენციაში, კრწანისში ხდებოდა. მისი კაბინეტი გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ იმ დღეს გააღეს...

- რა იგრძენით, როდესაც იქ შეხვედით?

- საოცარი პრესი... იქ ოჯახის წევრებიც დაგვხვდნენ, მიუხედავად ჩემი პატივისცემისა, პირადად არავის ვიცნობდი. წარმოიდგინეთ როგორია, როცა ამდენი თვალი გიყურებს და გაკვირდება, - აინტერესებთ, ვინ გაბედა, ამ როლის თამაში? რაც მათგან აბსოლუტურად ბუნებრივი რეაქცია იყო... ალბათ მანამდე ქალბატონ მანანას უთხრეს, "კაკაჩიას" რომ თამაშობს, ის მსახიობი შეასრულებს ფილმში მამათქვენის როლსო, არ ვიცი... მოკლედ, გაოცებულები მიყურებდნენ, თან, მიღიმოდნენ, უკვე გრიმით მივედი. იქ იყო შევარდნაძის მძღოლი, პოლკოვნიკი გივი ელიზბარაშვილი, დაცვის ბიჭები, ვინც მის სიცოცხლეში ექს-პრეზიდენტთან მუშაობდნენ, იქვე იყო დაჯავშნული მანქანა, რომლითაც პრეზიდენტი დაჰყავდათ, - ჩემზე ამ ყველაფერმა იმოქმედა... ჰო, გავიცანი ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი, ლაშა შევარდნაძე, პაატა შევარდნაძის ვაჟი და ყველაზე დიდი კომპლიმენტი ჩემთვის ის იყო, როდესაც ლაშამ სოციალურ ქსელში შემაქო და თქვა, - ეს ადამიანი ბაბუაჩემს ასახიერებსო... ალბათ შვილიშვილი რომ იტყვის თბილ სიტყვებს, სულ სხვაა.

- კიდევ რას გაიხსენებთ გადაღებებიდან?

- ქალბატონი მანანას და იქვე ქალბატონ მარინას (გვარი არ მახსოვს, ადამიანი, ვინც პრეზიდენტის არქივს განაგებს) ვუთხარი, რა თქმა უნდა, ხუმრობით, - ვიცი, რომ ჩემზე მაგარი კაცი იყო და ჩემზე მეტ საქმეებს აკეთებდა-მეთქი, მაგრამ ღვთის წყალობით, მე დამეკისრა მისი როლი და მძიმე მდგომარეობაში ვარ. ამიტომ, გთხოვთ, არ დამინდოთ და თუ შენიშვნას მომცემთ, დიდად დამეხმარებით-მეთქი. როგორ გეკადრებათო. მერე გავშინაურდით კიდეც, ვსაუბრობდით. მანანა შევარდნაძე დამეხმარა იმაში, მამის ესა თუ ის მანერა უფრო ზუსტად გამახსენა, მაგალითად, ქალბატონმა მარინამ მითხრა, ამ კონკრეტულ სცენაში ეს ხელი კი არა, მეორე ხელის ასე გამოყენება ჯობია, უფრო სახასიათო იქნებაო... 

საბოლოოდ, დიდი პასუხისმგებლობა იყო, რომელიც მთრგუნავდა... სერია სანამ ეთერში არ გავიდა, ძალიან ვღელავდი. არ ვიცოდი, როგორ მიიღებდა მაყურებელი, ან თუნდაც ჩემი ახლობლები, ნაცნობები რას მეტყოდნენ...

- როგორც რიგითი მაყურებელი, გეტყვით, რომ ეს როლი შედგა...

- როდესაც ამას მეუბნებიან, მიხარია, თუ ამის ჩვენება მაყურებლისთვის შევძელი, ამას რა სჯობია? გადაღება 3-4 დღე გაგრძელდა და ამ ხნის მანძილზე დიდი სითბო ვიგრძენი შევარდნაძეების ოჯახისგან. ქალბატონმა მანანამ მაჩუქა წიგნი, რომელიც პრეზიდენტ შევარდნაძეზე მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა, წიგნში შესულია მსოფლიო პოლიტიკოსების შეფასებები ექს-პრეზიდენტზე. ეს წიგნი ჩემთვის რელიკვიაა.

ბოლოს იმასაც ვიტყვი, რომ ალბათ უკეთესადაც შეიძლებოდა თამაში, თუმცა ფაქტია, რომ ჩემი სამსახიობო კარიერის მანძილზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო - ეპიზოდური ტევადობის, მაგრამ საპასუხისმგებლო როლი.

- ანუ როგორია გზა - კაკაჩიადან შევარდნაძემდე?

- არა, ასე არასდროს მიფიქრია და ასე არც ვაზროვნებ, ერთი როლიდან მეორემდე არაფერი შემიფასებია. ალბათ მთელი ცხოვრების მანძილზე დავაგროვე იმდენი გამოცდილება, ოსტატობის დოზა, რომელმაც მოიცვა ერთიც და მეორეც. ასე რომ, აქედან იქამდე ასეთი ეტაპები ცხოვრებაში არ მქონია. თუ ასეა, მაშინ უნდა დავიწყო სალამურადან რომეომდე, რომეოდან ერეკლემდე და ა.შ. კინოშიც მითამაშია უცხოურ ფილმებშიც და ეტყობა, ეს ყველაფერი ასაკში თავს გახსენებს და გეხმარება. თუმცა არ ვთვლი, რომ ეს რაღაც საოცრებაა.

- "ჩემი ცოლის დაქალების" გადამღები ჯგუფის წევრებს რაიმე საყვედური ხომ არ უთქვამთ, რომ "ჰეროკრატიას" გადაღებაში მიიღეთ მონაწილეობა?

- ჩემთვის არავის არაფერი უგრძნობინებია, გუშინწინ გვქონდა გადაღება და აბსოლუტურად ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა მთელი პროცესი. ყველა ამბობს, რომ აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ამა თუ იმ მოვლენის პოლიტიკური შეფასება შემიძლია... უპირველესად მსახიობი ვარ და როლი უნდა ვითამაშო.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება