"არ მესმის რაზე ვლაპარაკობთ?!" - რას პასუხობს "თბილისობის" კონცერტის მთავარი რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი კრიტიკოსებს

"არ მესმის რაზე ვლაპარაკობთ?!" - რას პასუხობს "თბილისობის" კონცერტის მთავარი რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი კრიტიკოსებს

თბილისობის ორდღიანი დღესასწაული 16 ოქტომბერს მეიდანზე გამართული გალა-კონცერტით დასრულდა. კონცერტზე, სახელწოდებით - "ჩემო თბილის ქალაქო" ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორების სიმღერები ახლებური ინტერპრეტაციით შესრულდა. რამდენიმე სიმღერამ მსმენელთა ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ცნობილი მელოდიების ახლებურ ვერსიებს სოციალურ ქსელში უგემოვნო უწოდეს.

თემას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში, მათ შორის ცნობილი ადამიანებისა და მუსიკოსების:

"ეს იყო სრული მარაზმი, ვინ იყო მუსიკალური პროდიუსერი საინტერესოა, იქნებ გაგვცეს პასუხი. ეს ხომ ხალხის დაცინვაა და ქართველი კლასკოსების შეურაცხყოფა".

"ეს არის სიმღერის გაუპატიურება"

"ეს სიმღერის ის ვერსიაა, სული ჯოჯოხეთში რომ მოხვდება... იქ ასე მღერიან ალბათ უსმენოდ, უგემოვნოდ და ტანჯვით. სხვა დანარჩენს, ინტელექტუალური სამართალი აწესრიგებს!..."

"ამ კონცერტზე შესრულებული ყველა სიმღერა საშინელი მოსასმენი იყო. ვინ დაგვწყევლა ასე?"

წაიკითხეთ: "ცხონებული ბიძინა წამოაყენა, რას გაგინებდათ?!" - "თბილისობაზე" შესრულებული "ვარდები არ არიან" ფეისბუქზე კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს

კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი ბიძინა კვერნაძის "შემოდგომის ყვავილების" ახლებურ ვერსიაზე, რომელიც ჯგუფმა "ნიუტონმა" შეასრულა, წერს: "ავტორის ჩანაფიქრის ასეთი ფორმით მიწოდება ჩემთვის მიუღებელია და კარიკატურის ტოლფასია, რასაც ბატონი ბიძინა კვერნაძე არ იმსახურებს ნამდვილად. შესაძლოა, ახლებურად საინტერესოდ გააჟღერო, ეს უნდა გაკეთდეს ძალიან ფრთხილად და მოწიწებით ისე, რომ ავტორის ჩანაფიქრი და სიმღერის დრამატურგია არ შეილახოს. არ ვიცი, აბა თქვენ განსაჯეთ, იქნებ მე სულ გამოვშტერდი? დროს ჩამოვრჩი და აღარაფერი მესმის ქვეყანაზე. რაც მთავარია წამყვანებს ძალიან მოსწონთ დაწერილი სცენარის მიხედვით".

კომპოზიტორი ნატო გელაშვილი: "გრცხვენოდეთ... გრცხვენოდეთ!!! მე ამ კონცერტს დავარქმევდი "უნიჭო პანაშვიდი თბილისს". ხელშეუხებელს არ უნდა შეეხო... ან თუ შეეხები, დიდი სიფრთხილით!!! ასე შეგიძლიათ საკუთარ შემოქმედებას მოექცეთ მხოლოდ და მხოლოდ.... პ.ს. ფეიერვერკებს არაუშავდა"...

დავინტერესდით, ვინ იყო კონცერტის უშუალო ორგანიზატორი და რატომ აირჩიეს მსგავსი თემატიკა თბილისობის დღესასწაულის დასკვნითი ღონისძიებისთვის. AMBEBI.GE-მ კომენტარისთვის კონცერტის მთავარ რეჟისორს ბასა ფოცხიშვილს მიმართა:

- ღონისძიების შემკვეთი არის მერია. კონცეფცია იყო ასეთი: კონცერტი უნდა მიგვეძღვნა 50-60-იანი წლების ქართველი კომპოზიტორებისთვის. იდეა იყო ჩვენი. ამ შემოქმედების მუსიკა ისეთი მაღალი რანგისაა, რომ წლების შემდეგ, კლასიკად იქცა და მათ სიმღერებს ჩვენი ახალგაზრდები დღემდე ასრულებენ, რითაც მათ მიმართ პატივისცემას, აღფრთოვანებას და სიყვარულს გამოხატავენ. კონცერტში შესრულდა ბევრი კლასიკური ვერსია...

- არაერთი ქართველი მუსიკოსი საყვედურს გამოთქვამს იმის გამო, რომ ბიძინა კვერნაძის მუსიკის ისე აჟღერება არ შეიძლებოდა...

- ბატონ ბიძინას ბავშვობიდან ვიცნობდი. ის ერთ-ერთი უდიდესი ადამიანია, ვინც ცხოვრებაში შემხვედრია, რა თქმა უნდა, უდიდესი კომპოზიტორი. დიახ, როგორი დიდი კომპოზიტორიც იყო, ისეთივე დიდი ადამიანი გახლდათ. ბედნიერი ვარ, რომ მასთან მქონდა შეხება... კონცერტზე აჟღერდა მისი "ელეგია" (კლასიკური ვარიანტი), რომელსაც გოგი ჭიჭინაძემ შესანიშნავად უდირიჟორა, დათო ნოზაძის მიერ შესრულდა ასევე "თბილისის ღამე" ისე, როგორც ეს ავტორმა შექმნა. ჩემთვის აღმოჩენა იყო არაჩვეულებრივი ახალგაზრდები, ჯგუფი "ნიუტონი", მათთან მუშაობა დიდი სიამოვნება იყო. შესანიშნავი მუსიკოსები არიან. მაღალი რანგის მუსიკას უკრავენ. მათი მიძღვნა ბატონი ბიძინასადმი სიმღერა - "შემოდგომის ყვავილებს" გახლდათ, რისთვისაც მათ მე სრული თავისუფლება მივეცი...

მთელს მსოფლიოში ასეა, როდესაც კეთდება კონცერტები, რომლებიც ამა თუ იმ პიროვნებას ეძღვნება, იქ გამომსვლელები (მომღერლები, შემსრულებლები) თავის სტილში მღერიან. ასეთ დროს მეც არ მიმაჩნია სწორად სიმღერა ზუსტად ისე შესრულდეს და ჟღერდეს როგორც ორიგინალში. ჯერ ერთი იცვლება დრო და საერთოდ, ბევრი რამ... ბატონი ბიძინას "შემოდგომის ყვავილებს" თავისი საოცარი ლექსით, გენიალურია, კლასიკაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდა შემსრულებლებმა არასოდეს იმღერონ. ჯოკონდაც კი, რომელიც შედევრია, მსოფლიოს არაერთ ცნობილ მხატვარს - ფერნან ლეჟეს, სალვადორ დალის, ჟან-მიშელ ბასკიას, ენდი უორჰოლს საკუთარი ინტერპრეტაციით აქვს გადაკეთებული. მთავარია, ორიგინალზე არ მიახატო რაიმე და ვთქვათ, კოლიზეუმი არ გადახურო და დანარჩენი, ჩვეულებრივი მოვლენაა, - რატომ არ შეიძლება კლასიკისთვის ხელის შეხება?!

ვიმეორებ, ბატონ ბიძინას ძალიან კარგად ვიცნობდი. დიდი ადამიანი იყო და სულაც არ იყო ჩარჩოებში მოქცეული პიროვნება. პირიქით, მისი მუსიკის ახლებური ჟღერადობა ვფიქრობ, მოეწონებოდა და გაუხარდებოდა. თან, ის, რომ ამდენი წლის შემდეგ, აბსოლუტურად ახალგაზრდა მუსიკოსები საკუთარი ინტერპრეტაციით კომპოზიციას ასრულებენ და მას უძღვნიდნენ.

- არანჟირების ავტორი ვინ არის?

- სხვადასხვა ავტორი ჰყავს. რაც შეეხება "ნიუტონის" არანჟირებას, ის თავად ჯგუფმა გააკეთა, გითხარით, რომ მე მივეცი სრული თავისუფლება, რადგანაც ჩარჩოებში ჩასმის წინააღმდეგი ვარ...  

- პროექტის მუსიკალურად ვინ ხელმძღვანელობდა?

- მუსიკალური პროდიუსერი დათო ევგენიძე გახლდათ და მუსიკალური ხელმძღვანელი - რუსიკო ბახტაძე.

- ერთ-ერთ კომენტარში ასეთი რამ ამოვიკითხე: "ნეტავ, ოდესმე თუ გვეყოლება ნორმალური ხმის რეჟისორი, რომ მსგავსი ტიპის კონცერტები მაღალ ხარისხში წარიმართოს?!"

- მაპატიეთ, მაგრამ პასუხი ყველაფერზე არ არის სერიოზული. XXI საუკუნეა და ასეთი კონსერვატორული მიდგომა აღარ შეიძლება. თუმცა 50-60-იანი წლების კომპოზიტორები როდესაც თავს იმკვიდრებდნენ, ალბათ მაშინაც ამბობდნენ, რომ ესენი რაღაცას არღვევდნენ... მოკლედ, ტემპი აჩქარდა, ვითადება მედიცინა, მეცნიერება, ადამიანი სწრაფად მოძრაობს და საერთოდ, არ მესმის რაზე ვლაპარაკობთ?!

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ: "ამ ვერსიაში ბიძინა კვერნაძის შეურაცხმყოფელი არაფერია" - რას ამბობენ ჯგუფის წევრები, რომლებიც "თბილისობაზე" შესრულებული სიმღერისთვის გააკრიტიკეს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება