გაიცანით 10 წლის მარიამი, რომელმაც საქართველოს საბავშვო "ევროვიზია" მოაგებინა!

გაიცანით 10 წლის მარიამი, რომელმაც საქართველოს საბავშვო "ევროვიზია" მოაგებინა!

2016 წლის საბავშვო "ევროვიზიის" კონკურსის გამარჯვებული ქართველი შემსრულებელი, 10 წლის მარიამ მამადაშვილი გახდა! უნიჭიერესმა გოგონამ კონკურსზე სიმღერა "მზეო" შეასრულა და 17 ქვეყნის წარმომადგენელს აჯობა.

ჩვენ შევეცდებით ახლოს გაგაცნოთ მარიამი, რომელმაც საქართველოს მესამედ მოაგებინა "ევროვიზია". შეგახსენებთ, რომ საქართველომ საბავშვო ევროვიზიის კონკურსი აქამდე ორჯერ მოიგო - 2008 წელს პირველი ადგილი ჯგუფ "ბზიკებს" ერგო, ხოლო 2011 წელს ფინალისტი ჯგუფი "ქენდი" გახდა.

10 წლის მარიამ მამადაშვილი თბილისის წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში სწავლობს. თანაკლასელები და პედაგოგები მარიამს განსაკუთრებულად გულშემატკივრობდნენ და ხელს უწყობდნენ, კონკურსისთვის მზადების პროცესში. მალტაში გამგზავრებამდე, პატარა მომღერალს სკოლაში სიურპრიზი მოუწყვეს და დადებითი ემოციებით გააცილეს...

"5 წლის ვიყავი, როცა ჩემს ოთახში შევდიოდი და მუსიკას ვუსმენდი ხოლმე. შემდეგ ერთ-ერთი სიმღერა ვისწავლე. დედამ გაიგონა, რომ ვმღეროდი, ოთახში შემოვიდა და ვიდეო გადამიღო. მერე, "ბასტი-ბუბუს" სტუდიის წარმომადგენელმა ვიდეო ნახა და გვითხრა: ბავშვი ჩვენთან მოიყვანეთ და აქ ისწავლოსო... "ბასტი-ბუბუში" 1 წელი ვსწავლობდი. შემდეგ "ბზიკების" სტუდიაში გადავედი. იქ 4 წელი ვისწავლე. მერე ამერიკაში გავემგზავრე.

- ამერიკაში რატომ გაემგზავრე?

- ამერიკაში Broadway Method Academy-ში დავდივარ, სადაც ცეკვას, ვოკალს, სამსახიობო ოსტატობას ვეუფლები, მუსიკალურად ვვითარდები... ჯგუფთან ერთად კონცერტებში ვმონაწილეობ...

- საქართველოში სპეციალურად საბავშვო "ევროვიზიისთვის" დაბრუნდი?

- დიახ, "ბზიკების" სტუდიიდან დამირეკეს - "ევროვიზიის" კონ­კურსში მონაწილეობა თუ გინდა, შიდა შესარჩევი კონკურსისთვის უნდა ჩამოხვიდეო. ჩამოვედი. სიმღერა - "მზეო" პროდიუსერმა - გიგა კუხიანიძემ დამიწერა. 10 ბავშვს შორის გავიმარჯვე - "საბავშვო ევროვიზიის" საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის შემარჩიეს.

- პროფესია უკვე არჩეული გაქვს?

- ჯერ არ ვიცი, რომელ პროფესიას ავირჩევ. ალბათ, უფრო მომ­ღერალი გავხდები... "ბროდვეის აკა­­დემიაში" გვასწავლიან, როგორ ვიმღეროთ, ვიცეკვოთ. ამასთან, ვეუფლებით სამსახიობო ოსტატობასაც. როცა მასწავლებლები მოსწავლის შესაძლებლობებში დარწმუნდებიან, ჰოლივუდშიც გზა გვეხსნება. ასე რომ, თუ ნიჭი გაქვს, წარმატებას მიაღწევ.

- ამერიკაში, სკოლაშიც ხომ დადიხარ?

- დიახ. Tomlinson Middle School-ში, მეექვსე კლასში ვარ. საქართველოში, წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში დავდივარ. თუმცა, როცა კონკურსიდან დავბრუნდები, შეიძლება, აქ სწავლა ისევ განვაგრძო ან მაშინვე ამერიკაში გავემგზავრო.

- წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში სწავლა რატომ გადაწყვიტე?

- იმიტომ, რომ ჩემი პროდიუსერის - გიგა კუხიანიძის შვილი აქ სწავლობს და გიგაც აქვე ახლოს ცხოვრობს. გაკვეთილების მერე, მასთან მივდივარ და ვმეცადინეობ. ამ სკოლაში ბევრი მეგობარი შევიძინე. ისინი ძალიან მიყვარს. მასწავლებლებიც ძალიან მომწონს - სასწავლო პროცესში სირთულეების დაძლევაში გვეხმარებიან. ამ სკოლაში ძალიან მეგობრული გარემოა. ჩემს თანაკლასელებს ძალიან გაუხარდათ, როცა შეიტყვეს, რომ საბავშვო "ევროვიზიაზე" საქართველოს წარვადგენ. ჩემი წარმატება გაიზიარეს, მგულშემატკივრობენ...

წაიკითხეთ ვრცლად ინტერვიუ, რომელიც ჟურნალმა "გზამ" მარიამთან კონკურსზე გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაწერა

Georgia wins Junior Eurovision 2016 for third time: Meet Mariam Mamadashvili

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება