ტატამიდან "ახალ ხმაში" - ვინ არის სოხუმელი თორნიკე კვიტატიანი, რომელმაც რუსული "ვოისი" დაიპყრო

ტატამიდან "ახალ ხმაში" - ვინ არის სოხუმელი თორნიკე კვიტატიანი, რომელმაც რუსული "ვოისი" დაიპყრო

რუსულ მუსიკალურ შოუში Голос ბოლო წლებში ბევრი ქართველი მომღერალი გამოჩნდა და მსმენელის მოწონებაც დაიმსახურა. 2016 წლის "ახალ ხმაში" კი ქართველებისთვის უცნობი, წარმოშობით სოხუმელი თორნიკე კვიტატიანი გამოჩნდა, რომელმაც სიმღერაში ქართული ელემენტები შეიტანა და ბრმა კასტინგზე დიმა ბილანი და პოლინა გაგარინა შემოაბრუნა. 24 წლის მომღერალმა არჩევანი ბილანზე გააკეთა.

თორნიკე კვიტატიანი პროფესიონალი მომღერალი არ არის, ის მოჭიდავეა. როგორც მან AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, სიმღერით სულ რაღაც 5 წელია დაკავდა, მას შემდეგ რაც ტრავმა მიიღო. ვინ არის თორნიკე კვიტატიანი, როგორ მოხვდა რუსულ "ახალ ხმაში", რა გეგმები აქვს - ამ თემებზე მომღერალი-სპორტსმენი AMBEBI.GE-ს ესაუბრა.

ნახეთ ვიდეო ბრმა კასტინგიდან

- მოგვიყევით თქვენზე, რამდენი ხანია რაც რუსეთში ცხოვრობთ?

- ომის დაწყების დღეს 1992 წლის 15 აგვისტოს სოხუმში დავიბადე. სოხუმის აღების შემდეგ, ჩემი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადმოვიდა. მშობლებს ეგონათ, რომ უკან დავბრუნდებოდით, მაგრამ ჩავრჩით რუსეთში. მოსკოვში მივედი ბაღში, სკოლაც აქ დავამთავრე, უნივერსიტეტიც. ვჭიდაობ რუსეთის ნაკრების სახელით. მოკლედ, დავრჩი რუსეთში.

- ქართულად ძალიან კარგად საუბრობთ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია რუსეთში ცხოვრობთ...

- მშობლების დამსახურებაა. მე და ჩემი და ერთმანეთში თუ რუსულად ვსაუბრობდით, დედაჩემი ორივეს ტუჩებში გვირტყამდა, გვეჩხუბებოდა, ქართულად ისაუბრეთო. ასევე, ყოველ ზაფხულს სკოლის დამთავრების შემდეგ, 3 თვე არდადაგებს თბილისში ბებიასთან და ბაბუასთან ვატარებდით. ამიტომაც, მახსოვს კარგად ქართული ენა, თუმცა რუსული აქცენტი მაქვს.

- თქვენი ოჯახის შესახებ გვიამბეთ, ვინ არიან მშობლები?

- მოსკოვში ჩამოსვლიდან ათი წლის შემდეგ, 2002 წელს მამა გარდამეცვალა და დავრჩით მე, დედაჩემი და ჩემი და. იმ დროს ათი წლის ვიყავი და პატარა ასაკიდან დედა გვზრდიდა, ჩენთვის დედაც იყო და მამაც. მუშაობდა, რომ არაფერი მოგვკლებოდა.

- სპორტსმენი ხართ, თავისუფალ ჭიდაობაში ჭიდაობთ, როდის დაიწყო თქვენი სპორტული კარიერა?

- 7 წლის ვიყავი, როდესაც სკოლაშიც და ჭიდაობაზეც ერთდროულად შევედი. სოხუმში მამაჩემი დადიოდა ჭიდაობაზე შოთა კიკაბიძესთან და ომის შემდეგ, შოთაც რუსეთში წამოვიდა, სადაც "ცსკ"-ს მწვრთნელი გახდა. 7 წლის რომ გავხდი, მამამ მასთან მიმიყვანა და მას შემდეგ ვვარჯიშობ. 19 წლისა რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრი გავხდი. მას შემდეგ პროფესიულ დონეზე ვვარჯიშობ. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა წარმატებით დავამთავრე, აკადემიაშიც ვსწავლობდი, მაინც სპორტისკენ წავედი. თუმცა, როგორცკი პროფესიულ დონეზე დავიწყე ვარჯიში, ტრავმებმაც იმატა. ორი კვირის წინაც შეჯიბრი მქონდა და მკლავი ამომივარდა. ტრავმა მაქვს და ამ ეტაპზე ჯერჯერობით ვმღერი.

- თქვენი სპორტული მიღწევები როგორია?

- რუსეთის პრიზიორი ვარ, რუსეთი მოგებული არ მაქვს, რადგან აქ ძალიან დიდი კონკურენციაა. მოსკოვის ჩემპიონატები მაქვს ბევრჯერ მოგებული. ევროპაზე და მსოფლიოზე ჯერ არ მომიწია ჭიდაობა. მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატზე ერთ წონაში ერთი სპორტსმენი მიდის. ნაკრებში ვინც არის ყველა არ მიდის - მარტო პირველი ნომერი. 97 წონით კატეგორიაში ვჭიდაობ და ჩემს წონაში მეორე და მესამე ნომერიც ვიყავი.

- თორნიკე, არ გქონიათ შემოთავაზება საქართველოდან, რომ ჩამოსულიყავით და საქართველოს სახელით გეჭიდავათ?

- შემოთავაზება არ მქონია, მაგრამ ნებისმიერ დროს შემიძლია საქართველოს სახელით ვიჭიდავო, მაგრამ ჯერ ტრავმები მიშლის ხელს. საქართველოს ნაკრებში ისეთ დროს უნდა გადავიდე, როდესაც ფორმაში ვიქნები. რომ ჩამოვიდე და მეორე და მესამე ნომერი ვიყო, აზრი არ აქვს. კი, უფრო ძნელია რუსეთის პირველობა მოიგო, ვიდრე საქართველო, თუმცა, რუსეთში მივეჩვიე, აქ გავიზარდე, აქ მაქვს სახლ-კარი, აქ ვისწავლე ჭიდაობა და ამიტომ ჯერ აქ მინდა, მომავალში რა იქნება არ ვიცი. ზოგს სწყინს, რატომ არ ვარ საქართველოს ნაკრებში.

- თქვენს სასიმღერო კარიერაზეც რომ მოგვიყვეთ, როდის დაიწყეთ სიმღერა და რამდენი წლიდან დგახართ სცენაზე?

- 5 წელია რაც ვმღერი. ვმღეროდი სახლში, მეგობრების წრეში, პროფესიონალურ დონეზე არსად არ მიმღერია.

- როგორ მოხვდი რუსულ "ახალ ხმაში"?

- იანვარში ტრავმა მივიღე, მხარი ამომივარდა და ოპერაცია გავიკეთე. სანამ ნაოპერაციები ვიყავი, ანკეტა შევავსე და მიმიწვიეს. ძალიან გამიკვირდა, როცა მოწვევა მომივიდა, რადგან პროფესიონალები მღერიან. ალბათ კომისია რაღაცით დავაინტერესე. გავიარე ბრმა კასტინგიც, მეორე ეტაპიც. ძალიან მიკვირს ახლა ჩემს თავს რაც ხდება, მაგრამ ჯერ ისევ "ვოისში" ვარ.

- რატომ აირჩიე დიმა ბილანი, ბილანთან ერთად პოლინა გაგარინაც შემოგიბრუნდა...

- ერთმა ბიჭმა მირჩია, გასულ წელს გაგარინას გუნდში იყო და მითხრა, რომ ჯობდა ბილანთან წავსულიყავი. კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. ლეპსი თუ მოტრიალდებოდა, ალბათ მასთან წავიდოდი.

- რატომ, ქართველი რომ არის ლეპსი?

- არა, არ ვუყურებ იმას, ქართველია თუ არა - ჩემთვის სულ ერთია. ლეპსი მიყვარს, მისი ყველა სიმღერა ზეპირად ვიცი. თუმცა, დრო რომ უკან დაბრუნდეს და ლეპსიც მოტრიალებულიყო, ბილანთან წავიდოდი, რადგან ძალიან კარგი ადამიანია. ამასთან ერთად მუსიკის მხრივ დიმა უფრო კარგად მიხსნის და ყველაფერს მასწავლის.

- ბრმა კასტინგზე როცა სიმღერა დაასრულე, ლეპსმა დაგახასიათა ასე: ასე კარგად იმიტომ იმღერა, რომ ქართველი არისო. ქართველობის ფაქტორმა რამდენად იმოქმედა და ბრმა კასტინგამდე თუ გაიარე კონსულტაციები იმ ქართველ მომღერლებთან, ვინც მონაწილეობდა მანამდე რუსულ "ახალ ხმაში" ?

- ძალიან მეხმარება რუსული "ახალი ხმის" მეორე სეზონის მონაწილე ეთერი ბერიაშვილი. ბრმა კასტინგზე დიდი მოტივაცია მომცა, დამარიგა, რომ არ უნდა მენერვიულა. მეორე სიმღერაზეც ძალიან დამეხმარა, თითო სიტყვას მასწავლიდა, როგორ უნდა მემღერა. ასევე დავდივარ ქართველ პედაგოგთან, მაია ბალანჩივაძესთან.

- ბრმა კასტინგზე სიმღერაში ქართული ელემენტები გქონდა. ამით რისი თქმა გსურდა?

- პროფესიონალი მომღერალი რომ ვიყო, უბრალოდ ვიმღერებდი. ისეთი რაღაც უნდა გამეკეთებინა, რითაც მწვრთნელების ყურადღებას მივიქცევდი. უბრალოდ რომ მემღერა, ისეთი ძლიერი ხმა არ მაქვს, ამიტომ ჩემით არ დაინტერესდებოდნენ. თუმცა, სანამ ბრმა კასტინგზე ვიმღერებდი, კომისია გავიარე, შეიძლებოდა თუ არა, რომ ასე მემღერა. ძალიან მოეწონათ ჩემი იდეა, ქართულად რომ ვიწყებ და შემდეგ ინგლისურად ვაგრძელებ. ბრმა კასტინგზეც გამიმართლა - გაგარინა და ბილანი შემობრუნდნენ.

- მეორე ტურში იმღერე სოსო პავლიაშვილის სიმღერა მშობლებზე, რომელიც ძალიან ემოციური აღმოჩნდა. დადებითი შეფასებები მიიღე. თავად როგორ შეაფასებდი ნამღერს?

- მოწონება ალბათ იმიტომ დავიმსახურე, რომ მთელი ემოციით ვიმღერე. ისეთი სიტყვებია, რომ უემოციოდ ამ სიმღერის შესრულება შეუძლებელია. რეპეტიციების დროს არ წამომსვლია ცრემლი. ერთ-ერთ რეპეტიციაზე ეთერ ბერიაშვილს ვუთხარი, წარმოიდგინე, რომ ავტირდე-თქო. გაეცინა და ასეთი რამ მითხრა, იქ რა აგატირებს, იქ ინერვიულებო. არადა ემოციები ვერ შევიკავე. ალბათ, უფრო იმიტომ, რომ ქართულად ვიწყებ. სულ არ ვფიქრობდი იმაზე, როგორ ვიმღერებდი. სიმღერის ტექსტში შევედი. 98 პროცენტი ველოდი, რომ დიმა აირჩევდა ჩემს კონკურენტს. ჩემი სახელი რომ თქვა, გამიკვირდა და ამავდროულად ძალიან გამიხარდა.

- თქვენი ცხოვრება როგორ შეიცვალა "ახალ ხმაში" მონაწილეობის შემდეგ?

- ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ყველგან მცნობენ - სავაჭრო ცენტრში, რესტორანში, ტრანსპორტში. სურათს იღებენ ჩემთან, მგულშემატკივრობენ, ძალიან მიხარია ეს ყველაფერი. ვიღვიძებ უფრო მომღერალი, ვიდრე სპორტსმენი. სოციალურ ქსელში ბევრი მწერს, მათ შორის საქართველოდანაც. ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო.

- თქვენს თაყვანისმცემლებს ალბათ ის უფრო აინტერესებს, თქვენი გული დაკავებული ხომ არაა?

- ჯერჯერობით არა.

- სამომავლო გეგმებზე რას იტყვით?

- ზაფხულში საქართველოში ჩამოვალ. არ ვიცი საქართველოში ვიმღერებ თუ არა, ისე კი დროებით ჩამოსვლას ვაპირებ.

მარი კობერიძე, სპეციალურად AMBEBI.GE-სთვის

"ეროვნული ბიბლიოთეკა" საზოგადოებას ვირტუალურ მუზეუმში ეპატიჟება - დაათვალიერეთ "დედა ენების" გამოფენა

"ადამიანები მიწას უნდა დაუბრუნდნენ, ვინც თბილისშია და სოფელი მიტოვებული აქვს..." - ეკა ნიჟარაძეს პანდემიის დროს კახეთში მოსავალი მოჰყავს

ანდრეა ბოჩელის ემოციური სააღდგომო სოლო კონცერტი მილანის ცარიელ ტაძარში - "ამ გზით, ჩვენ დედამიწის დაჭრილ გულს გულში ვიკრავთ"