"ცოტა ისტერიკული სახე უნდა შემექმნა..." - რატომ მოსწონს მარინა კახიანს "ნატრული" და როგორ მიიღეს მეგრელებმა მისი პერსონაჟი

"ცოტა ისტერიკული სახე უნდა შემექმნა..." - რატომ მოსწონს მარინა კახიანს "ნატრული" და როგორ მიიღეს მეგრელებმა მისი პერსონაჟი

"თავი არ წეიქციო ნატრული" - ეს ფრაზა, ბოლო დღეებია, სერიალების მაყურებლებისთვის უკვე კარგად არის ცნობილი. "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი პერსონაჟი - ნატრული ყველასთვის საყვარელი მსახიობი მარინა კახიანია. მეგრელი ქალის კომიკური და სახასიათო როლი მაყურებელმა მაშინვე აიტაცა და სერიალში მისი ყოველი გამოჩენა დიდად ახალისებს.

ეს როლი ისეთი მსახიობისთვის, როგორიც მარინა კახიანია, რომელიც უმთავრესად ტრაგიკული როლების (კორდელია, ბერნარდა ალბა, მარიამ სტიუარტი, ოლივია...) შესრულებით არის ცნობილი, ოდნავ უჩვეულო და ახალია. AMBEBI.GE მსახიობს სახლში ესტუმრა და ახალ როლთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩაწერა.

- მოგწონთ თქვენი ახალი პერსონაჟი?

- თავიდანვე მოვიხიბლე, რადგანაც ჩემთვის აბსოლუტურად განსხვავებული სახეა. პირველად მომიწია სახასიათო როლის თამაში, რადგანაც მთელი ცხოვრება სცენაზე ტრაგიკულ გმირებს ვასახიერებდი კლასიკურ რეპერტუარში (შექსპირი, ბრეხტი, ევრიპიდე და ა.შ.) ამიტომ, ძალიან მინდოდა, კომედიური, განსხვავებული როლი და ისე მოხდა, რომ მართლაც ვითამაშე. თუმცა, მკვეთრი სახასიათო სახე არც კინოში შემიქმნია და არც ტელეეკრანზე (სერიალში), ამიტომ, ჩემთვის ახალი როლი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და როდესაც შემომთავაზეს, ვუთხარი, რომ მკვეთრად მეგრელი ქალი მინდა, ვითამაშო-მეთქი...

ფაქტია, რომ ძალიან საინტერესო სერიალია, ამდენი წელი გაძლო, გემოვნებითაა გადაღებული. ნაჩვენებია ყველა წრისა და სოციალური ფენის ადამიანის ცხოვრება, საქართველოს სხვადასხვა კუთხის არაერთი პერსონაჟი. ვიმეორებ, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან საინტერესოა.

რაც შეეხება მეგრელი ქალბატონის თამაშს, გეტყვით, რომ ჩემი წინაპრები, - ბაბუები, ბებიები მეგრელები იყვნენ, მართალია, მეგრულად ვერ ვსაუბრობ, მაგრამ რაღაცები მესმის. მამას ბებია თოფურია ჰყავდა, - სისხლში მეგრული გენეტიკა მაქვს, ამიტომ ჩემი წინაპრებისთვის რაღაცნაირად პატივის მიგება მინდოდა და ეს როლი ჩემთვის ამითაც საინტერესოა.

- პერსონაჟის სახელზე - ნატრული - რას იტყვით?

- ძალიან მომეწონა და თავიდანვე ისე განვეწყე, რომ მინდოდა, კოლორიტული სახე ყოფილიყო, ნამდვილი მეგრელი ქალია, თუმცა მეგრელები მრავალნაირნი არიან, - მაგალითად, ჩემი მეგრელი ბებია ისეთი თავშეკავებული, დარბაისელი იყო, იშვიათად მინახავს მსგავსი დარბაისელი და მშვიდი ქალი. თუმცა, ვიცით, რომ ამ კუთხის ხალხი უმეტესად ემოციურები არიან, - სამეგრელოში, სოფელში ყოფნისას ახლოს მინახავს ისინი, დავკვირვებივარ და მაგალითად, კივილიდან სიცილზე ისე ადვილად გადასულან, ან პირიქით, მშვიდი საუბრიდან კივილი დაუწყიათ, - რომ ჩემი გაოცება გამოუწვევია. ამ ქალბატონებში ასეთი გრადაცია რომ ხდებოდა, ჩემთვის ეს ძალიან საინტერესოა...

- მაგრამ ნატრულის შვილი დედისგან აბსოლუტურად განსხვავებულია. ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭია...

- კი, შვილის როლი დედისგან განსხვავდება, თბილისელი ბიჭია და მსგავსი ფაქტებიც ხშირია, - როდესაც ასეთ დედებს ასეთი შვილები ჰყავთ. ამიტომ, ნატრულის შვილს რომ შევხედე, მომდევნო სერიებში ჩემი როლის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ცოტათი ჩავაქრე, რომ ოჯახის წევრებს შორის მკვეთრი განსხვავებულობა არ ყოფილიყო... სხვა რა გითხრათ, ძალიან ვხალისობ გადაღების პროცეში. მომწონს გადამღები ჯგუფი - ოპერატორები, მხატვრები, განსაკუთრებით, რეჟისორი გიორგი ლიფონავა, გაწონასწორებული, გემოვნებიანი, ჭკვიანი ყმაწვილია, მესიამოვნა მასთან მუშაობა.

- რა ემოცია გამოიწვია ნატრულის გამოჩენამ თქვენ გარშემო მყოფ ადამიანებში?

- პირველი კადრები რომ გავიდა, ისეთი გასაოცარი გამოხმაურება იყო, მერიდება კიდეც ამის თქმა, მაგრამ ასე აღმატებულად ჩემი პიროვნების ხსენებამ ცოტათი შემაშინა. ჯერ ერთი, არ ვიცი, შემდეგში რას მთავაზობს სცენარისტი, როგორ განვითარდება ამბავი... საერთოდ, როდესაც ასეთი მოლოდინია, ზოგჯერ შესაძლოა, ამას იმედგაცრუებაც მოჰყვეს. თუმცა, ახლობლების, ნაცნობების, წლობით უნახავი ადამიანების ზარებმა ცხადია, გამახარა. ისინი გაკვირვებულები იყვნენ, არ მოელოდნენ მარინა კახიანისგან ამ ტიპის როლს, შეიძლება, ვიღაცას გაუცრუვდა იმედი, - ხშირად შექმნილი სტერეოტიპის დამსხვრევა არ უნდათ, შენგან სხვანაირ როლს არ იღებენ, მაგრამ მერე ეჩვევიან, თუმცა ზოგი მაინც კატეგორიულად არ იცვლის შეხედულებას. გარკვეულ ნაწილსაც უკვირს, და ამბობს, - ესეც შეგიძლია? მოკლედ, ერთფეროვანი შეფასება არ არსებობს, - ყველამ ერთნაირად რომ მიიღოს შენი ნამუშევარი.

- რა თქვეს მეგრელებმა?

- ამ როლით მეგონა, მეგრელები გაღიზიანდებოდნენ და პირიქით აღმოჩნდა. ამას იმ გამოხმაურებების მიხედვით ვამბობ, რამაც ჩემამდე მოაღწია, თუმცა სადღაც ვიღაც შესაძლოა უკმაყოფილოც დარჩა და სწორედ ამიტომაც არ შემეხმიანა, არ ვიცი. მოკლედ, ნატრული მინდოდა, რომ სასაცილო პერსონაჟი ყოფილიყო, - გადაჭარბებული ემოციებით. ერთ მეგრელ ქალბატონზე ისტორიასაც მომიყვნენ, - გაჭირვეული იყო, მერე გამდიდრდა და ეკრანზე ნატრულის რომ ვუყურებდი, მეგონა, ის იყოო... გარეგნულად სხვანაირიც მინდოდა, რომ ყოფილიყო, უმაკიაჟო, სასაცილო ქუდით...

- მოკლედ, გადაწყვიტეთ, რომ მარინა კახიანი დაგენგრიათ...

- დიახ, ნაწილმა მიიღო ეს და მგონია, რომ ნაწილმა - ვერა... ისე, 12 წლის წინ "რუსთაველის სარდაფში" ერთ იტალიურ კომედიაში მკვეთრად სახასიათო როლი ვითამაშე, - მსუქანი, უშნო, გაუთავებლად და ჩქარა მოლაპარაკე (იტალიურ ხასიათის და ინტონაციის) სასაცილო, საწყალი ქალის, მართალია, ბოლოში წონაშიც იკლებს, იხვეწება, მაგრამ ჩემთვის ახლობელმა ადამიანმა, კომპოზიტორმა ის როლი ვერაფრით მიიღო... არადა, მიყვარს, როცა მსახიობი ბევრნაირ ხასიათს თამაშობს...

- თქვენი უშუალო პარტნიორია ლაურა რეხვიაშვილის პერსონაჟი - ეგონა. სხვა დროს თუ გითამაშიათ ერთად?

- არასდროს, - მე რუსთაველის თეატრში ვმოღვაწეობ, ქალბატონი ლაურა - კინომსახიობთა თეატრში. ინსტიტუტში რომ ჩავაბარე, ის უკვე მსახიობი იყო, შორიდან მომწონდა, მის სპექტაკლებზე დავდიოდი. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ბოლოს თეატრში მისი მონაწილეობით "კაცია-ადამიანის?!" მიხედვით დარეჯანზე შექმნილი მონოსპექტაკლი ვნახე და ძალიან მოვიხიბლე. ქალბატონი ლაურა კინოშიც ყველას გვინახავს. საინტერესო და კარგი მსახიობია და მგონი, ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ. თან, ის ამ სერიალში დარბაისელ, მაგრამ თავისებური ხასიათის მეგრელ ქალს ცოტა სხვა ხერხებით თამაშობს, ვფიქრობ, საინტერესო აღარ იქნებოდა, ჩემი პერსონაჟიც ისეთივე ყოფილიყო, ამიტომაც, ცოტა ისტერიკული, სხვანაირი სახე უნდა შემექმნა.

- თქვენი პარტნიორი ასევე მსახიობი დავით კვირცხალიაა - გრიშა კაკაჩიას როლის შემსრულებელი, - მასზე რა გვეტყვით?

- დათო ჩემი უსაყვარლესი და უძვირფასესი პარტნიორია. არაერთხელ გვითამაშია ერთად, ახლაც, ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით სპექტაკლში "სულიერი არსებები" (რეჟისორი დათო საყვარელიძე) ერთად ვთამაშობთ. უშუალო პარტნიორები ვართ. ასე რომ, დათოსთან პარტნიორობა ჩემთვის ახალი არ ყოფილა. ვმეგობრობ ასევე მის ოჯახთანაც, მის ქალიშვილთან. დათო თბილი და კარგი ადამიანია, ძალიან თავმდაბალი. ჯერ კიდევ სკოლის მოწაფე ვიყავი, როცა უკვე პოპულარული თეატრალური მსახიობი იყო, "რომეო და ჯულიეტაში" რომეოს თამაშობდა და კიდევ არაერთ ყმაწვილ პერსონაჟს, - ყველა გოგო მაშინ დათოზე შეყვარებული იყო. მნიშვნელოვანია, რომ მასში ამბიციების გაღრმავება არასდროს მომხდარა.

- რას გვპირდება ნატრული?

- ეს მხოლოდ სცენარისტმა, ქეთი დევდარიანმა იცის. აღფრთოვანებული ვარ მისი ფანტაზიის უნარით. ხუთი წლის განმავლობაში ამდენი ისტორია შეთხზა, ყველანაირი სოციალური ფენისა თუ ხასიათის ადამიანი გამოძერწა, - ეს მართლა დიდი ნიჭის, ცოდნისა და დაკვირვების მქონე ქალბატონია.

და კიდევ, ჩემი ამ სერიალში მიწვევა, ვფიქრობ, კარგ დროს დაემთხვა, რადგანაც ბოლო სამი სეზონი ისეთი გადატვირთული გრაფიკი მქონდა, არ არსებობდა, რაც უნდა შემოეთავაზებინათ, უდროობის გამო ვერ ვითამაშებდი, თუმცა წინა სეზონის ბოლოს ერთი-ორ ფილმში კი ვითამაშე, მაგრამ ხანგრძლივად, სერიალში გასულ წლებში ვერ მოვახერხებდი ჩართვას, რადგანაც რამდენიმე სპექტაკლში ერთდროულად ვიყავი დაკავებული.

- სერიალში თამაში რითი განსხვავდება სცენაზე თამაშისგან?

- სერიალი ჩემთვის კინოსა და თეატრის ნაზავია და ამიტომაც არის, რომ მსოფლიოში უკვე ხელოვნების საოცრად პოპულარული სახეობაა... მაყურებელი სახლიდან გაუსვლელად, ტელეეკრანთან მოკალათებული მას თვალყურს ადევნებს. ზოგადად, სერიალმა გარკვეული ეტაპები განვლო, ადაპტაცია გაიარა და დღესდღეობით, უკვე სერიოზულ დრამატურგიაზეა აგებული. მსოფლიო მასშტაბით, მასში საკმაოდ კარგი მსახიობები თამაშობენ. ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ისინი მრავალსერიანი ფილმებია, რეალობას ასახავს, რაც მაყურებელს იზიდავს. ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, მასზე მუშაობა სასიამოვნოა, რა თქმა უნდა, კარგი ჯგუფი და ნიჭიერი ხალხი უნდა იყვნენ ისინი, ვინც როლს შემოგთავაზებს...

- როგორ ემზადებით იმისთვის, რომ როლი შეიქმნას?

- სხვადასხვა რეჟისორთან სხვადასხვანაირად ხდება. ბატონ რობიკოსთან პირველი პერიოდი ხანდახან შეიძლება სპექტაკლზე ერთი თვე, ან ცოტა მეტ ხანს ვიმუშაოთ, ხანდახან ეს პროცესი ნახევარი წელიც გაგრძელდეს, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, მაინც ბოლო პერიოდია ხოლმე დაძაბული. მაგალითად, შარშან, ახალი წლისთვის ზღაპარს ("კონკია") ვაკეთებდით, დედინაცვალს ვთამაშობდი. ერთი თვე რეპეტიციები კი გვქონდა, მაგრამ ბოლო სამი კვირა ახალ წლამდე დილას რომ ვიწყებდით, შუადღეს ვისვენებდით და ღამის 2-3 საათამდე რეპეტიციები გვქონდა. 30 დეკემბერს ღამის სამ საათამდე გაგრძელდა და სახლში საცივს დილის 6 საათამდე ვაკეთებდი... რადგან ახალი წელი ვახსენე, შარშანწინ, ამ დროსაც, ბატონმა რობიკომ ზღაპარი დადგა, ისეთივე რეჟიმით ვმუშაობდით, მაგრამ 1-ელ იანვარს დავისვენეთ და სარეპეტიციოდ 2-ში გავედით. რამდენიმე მსახიობი 1-ელ იანვარსაც დაგვიბარა. შემდეგ ორი კვირის განმავლობაში სპექტაკლები გვქონდა, დღეში ხან სამჯერ, ხან - ორჯერ.

- მგონი, რობერტ სტურუა სერიალებს დიდად არ სწყალობს, თუმცა შეიძლება ბოლო დროს რაღაცები გადააფასა...

- სწორია, დიდად არ სწყალობდა, თუმცა ერთი ამერიკული სერიალი - "ბანქოს სახლი" ვიცი, რომელსაც ინტერესით უყურა, მოსწონდა და შთაბეჭდილებას გვიზიარებდა. ბოლო დროს მართლაც საინტერესო სერიალების გადაღება დაიწყეს...

- როგორია თქვენი წინასაახალწლო განწყობა?

- სამუშაო... ჩვენ, მსახიობებს მუშაობა სულ გვინდა, რაც ალბათ, ნორმალურია. თუ მსახიობს ეს არ აინტერესებს, ე.ი. მას უბრალოდ უნდა, რომ მსახიობის სახელი ერქვას...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება