დაბრუნდებიან თუ არა ცოტნე და ბახვა "ჩემი ცოლის დაქალებში": "პირობას გაძლევთ, მაყურებელს თავს არ მოვანატრებთ..."

დაბრუნდებიან თუ არა ცოტნე და ბახვა "ჩემი ცოლის დაქალებში": "პირობას გაძლევთ, მაყურებელს თავს არ მოვანატრებთ..."

ბახვა ბრეგვაძე პროფესიით არ არის მსახიობი, პოპულარულ ქართულ სერიალში კასტინგის გავლის შემდეგ მოხვდა და დაკისრებულ ამოცანას თავი მშვენივრად გაართვა. მსახიობ გიორგი ბახუტაშვილს, რომელიც "ჩემი ცოლის დაქალებში" ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო პერსონაჟს ცოტნე ცოტაშვილის ასახიერებს, ურიგო პარტნიორობას არ უწევს. სხვათა შორის ბახვა სერიალში ერთადერთია, რომელიც საკუთარი სახელით თამაშობს. ცოტნესა და ბახვას ერთად ხილვა მაყურებელს ძალიან მოსწონს, თუმცა სერიალის მიმდინარე სეზონზე ორივე პერსონაჟი გაქრა.

ბახვა ბრეგვაძე:

"ამ სეზონზე ასე გამოვიდა, რომ ჩვენი ხაზი ისვენებს. თუ რატომ, ეს ალბათ სცენარისტს და პროდიუსერებს უნდა ჰკითხოთ. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ასე ჩათვალეს საჭიროდ, ყოველთვის ზუსტად იციან, რა, როდის და რატომ უნდა მოხდეს. პაუზა მგონი, კარგიც არის, მაყურებელს მოვენატრებით და ჩვენს გამოჩენას მეტი ინტერესით დაელოდება... ნამდვილად ვიცი, რომ დიდხანს არ დავავიწყდებით... ყოველდღიურად ათეულობით ადამიანი კითხულობს - როდის გამოვჩნდებით? - რაც ძალიან მახარებს, მაგრამ მომდევნო სეზონში რა იქნება, ამას ერთად ვნახავთ.... "ჩემი ცოლის დაქალების" კიდევ არაერთ ახალ სეზონს ვიხილავთ ტელეეკრანებზე.

- ორივე პერსონაჟს მაყურებელი ყოველთვის ინტერესით ელოდება...

- ძალიან მიხარია. სასიამოვნოა, როცა მაყურებელს შენი ეკრანზე გამოჩენა სიამოვნებს... გიორგი ბახუტაშვილი ქართული კინოსთვის უდიდესი შენაძენია, არანორმალურად ნიჭიერია და დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთხელ გააოცებს მაყურებლებს...

- გადამღებ ჯგუფს არაფერი უთქვამს თქვენს სერიალში დაბრუნებაზე? იქნებ აღარ სჭირდებით?

- არაფერიც, ვუყვარვართ და ვჭირდებით...

- როგორც მახსოვს, ამბობდი, სერიალის გადაღებას, გადასაღებ მოედანს ძალიან შევეჩვიე, მომწონს ჩემი ახლი ამპლუაო. არ გენატრება ეს სიტუაცია?

- კი, იმ ყველაფერს მართლა შევეჩვიე და მალევე ვთქვი, რომ გადაღებებით ''მოვიწამლე''-მეთქი, მეგონა, მალე გამივლიდა, თუმცა არ მომბეზრდა... ახლა გადაღებების დანაკლისს სხვა რამით ვავსებ. სულ რაღაც გადაღებებში ვარ და ჯერ არ მომნატრებია. უბრალოდ, "ჩემი ცოლის დაქალებიდან" ადამიანები მენატრებიან, ძალიან მიყვარს ყველა, მათთან ერთად სამუშაო პროცესი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო...

- რითი ხარ ამ ეტაპზე დაკავებული?

- საბედნიეროდ, საქმე ყოველთვის ბევრი მაქვს. ისევ ერთ-ერთი კომპანიის მარკეტინგის სამსახურის უფროსი ვარ, სამი ჟურნალის დამფუძნებელი, მხატვრულ ფილმშიც მაქვს ამ ეტაპზე გადაღებები, საახალწლო გადაცემების ჩაწერა და ა.შ.

- მსახიობ გიორგი ბახუტაშვილს, რომელიც პრაქტიკულად, გადაღებაზე დაიმეგობრე, თუ ნახულობ?

- კი, რა თქმა უნდა, ვნახულობ, ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს. მისი სახით ჩცდ-დან ძალიან მაგარი მეგობარი შევიძინე... დანარჩენ მსახიობებთან სერიალში მისვლამდეც ვმეგობრობდი და იქაც არაერთი შევიძინე. ყველა მათგანთან ვაგრძელებ ურთიერთობას.

- თემას რომ დავუბრუნდეთ: გაქვს იმის მოლოდინი, რომ ბახვა და ცოტნე სერიალში ისევ გამოჩნდებიან?

- წარმოდგენა არ მაქვს, რა იქნება. შეიძლება გამოჩნდეს ჩვენი დუეტი, შეიძლება არა. ჩემს ცხოვრებაში, კერძოდ, კარიერაში ყველაფერი ისე ხდება და იმ თანმიმდევრობით, როგორც საჭიროა. თუ გამოჩნდება ჩვენი დუეტი, გპირდებით, რომ აუცილებლად კარგი და საინტერესო იქნება, თუ არ გამოჩნდება, ე.ი. ასე იყო საჭირო. მაშინ სხვაგან გამოვჩნდებით, ერთად თუ ცალ-ცალკე, ეს არ ვიცი, მოკლედ, პირობას გაძლევთ, მაყურებელს თავს არ მოვანატრებთ. ისე, ბოლოს უკვე დუეტი არ ვიყავით, ტრიო გავხდით, - უნიჭიერესი აჩიკო სოლოღაშვილი გვიმაგრებდა გვერდს.

- მიმდინარე სეზონს ალბათ თვალ-ყურს ადევნებ. მოგწონს ახალი პერსონაჟები და ამბები, რომლებიც იქ ვითარდება?

- არ ვიყავი თბილისში და ბოლო სერიები ჯერ არ მინახავს, თუმცა სულ ვადევნებ თვალყურს და ძალიან ვგულშემატკივრობ ყველას! ამ სეზონის აღმოჩენა, რა თქმა უნდა, ქეთი ხუციშვილია, იგივე მთვარისა-ლუნა... ჩემი აზრით, სცენარისტთან და რეჟისორებთან ერთად, შესანიშნავი პერსონაჟი შექმნა. ჩემ ირგვლივ ყველა აღფრთოვანებულია ლუნათი. მაგარი გოგოა!

- არ გაქვს სერიალში მისი პარტნიორობის სურვილი, თუნდაც მთვარისასთან, ან მის ძმასთან, თენგოსთან?

- კარგი პარტნიორებით სულ განებივრებული ვიყავი. სიამოვნებით ვითამაშებდი მათთან ერთად, მაგრამ ბახვა ცოტნესა და ბექას გარეშე "ბათე ჯენერალსში" არ წარმომიდგენია.... ამ წესიერ, ერთგულ და კეთილ ბახვას თენგო, ლუნა და სხვები გააგიჟებდნენ. მაგრამ თან, ძალიან გაერთობოდა, ბევრს აცინებდა ცოტნეს და ბექას იქაური ამბების მოყოლით...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

მთავარი ფოტო: მარი ნაკანი-მამასახლისი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება