ვინ არიან გორელი ქალები, რომელთაც ევროპა ოვაციებით ხვდება - ტურნე ქეთი მელუასთან ერთად და გორის ქალთა გუნდის ისტორია

ვინ არიან გორელი ქალები, რომელთაც ევროპა ოვაციებით ხვდება - ტურნე ქეთი მელუასთან ერთად და გორის ქალთა გუნდის ისტორია

დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა, ქეთი მელუამ გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად ალბომი ჩაწერა. აი, რას წერდა ამის შესახებ მომღერალი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ოქტომბერში: "ვერ ვიჯერებ, რომ ეს დღე როგორც იქნა, დადგა. ალბომი, სახელწოდებით "In Winter" უკვე გაყიდვაშია! ის ჩემ სამშობლოში, საქართველოში ჩავწერე შესანიშნავ გორის ქალთა ანსამბლთან ერთად. ერთი სული მაქვს, როდის მოისმენთ ჩემს ახალ კომპოზიციებს".

დიახ, ალბომი მოისმინეს, მოიწონეს და ტანდემს წარმატება უწინასწარმეტყველეს, რაც ქეთისა და გორის ქალთა გუნდის მართლაც წარმატებული ევროპული ტურნეთი დაგვირგვინდა. მუსიკოსებმა ლამის მთელი ევროპა მხურვალე ოვაციებისა და აპლოდისმენტების ფონზე მოიარეს!

ნახეთ ვიდეო: ქეთი მელუა ახალ სიმღერას გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად ასრულებს

გორის ქალთა გუნდის არნახულ ევროპულ წარმატებაზე და ქეთი მელუასთან თანამშრომლობაზე სასაუბროდ, AMBEBI.GE გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელს, თეონა ცირამუას დაუკავშირდა.

- ჩვენს გუნდს დიდი ისტორია აქვს: 1970 წელს შალვა მოსიძისა (დირიჟორი) და სანდრო კაჭარავას (მაშინდელი სამუსიკო სასწავლებლის ხელმძღვანელი) მიერ შეიქმნა... მე გუნდში, როგორც დამხმარე დირიჟორი, 2003 წელს მივედი და ასევე გუნდშიც ვმღეროდი. 2013 წლიდან კი სამხატვრო ხელმძღვანელი მე ვარ. ჯგუფი 23 წევრისგან შედგება და ჩვენი მთავარი ხაზი კლასიკური მუსიკაა, მაგრამ სხვა მიმართულებებზეც არ ვამბობ უარს, ოღონდ, ბოლომდე უნდა მომეწონოს...

- ანსამბლის ცხოვრება ბოლო დროს რადიკალურად შეიცვალა, მისით ისეთი ცნობილი და პოპულარული მუსიკოსი დაინტერესდა, როგორიც ქეთი მელუაა, რომელმაც ინტერნეტის საშუალებით აღმოგაჩინათ. როგორი იყო თქვენი რეაქცია და რა წინადადებით მოგმართათ მან?

- რა თქმა უნდა, ძალიან დადებითი რეაქცია მქონდა და დავინტერესდი, თუ რამ გადააწყვეტინა ჩვენთან დაკავშირება. შემდეგ ჩვენთან შესახვედრად ჩამოვიდა, გაცნობითი ხასიათის მინი-კონცერტი მოვუწყვეთ, 10 ნაწარმოები ვუმღერეთ. ერთია, როცა ინტერნეტით ჩანაწერს მოისმენ და მეორე, ბევრად მნიშვნელოვანი - ცოცხლად რომ ნახავ და მოისმენ.

მოისმინეთ გორის ქალთა გუნდისა და ქეთი მელუას შესრულება BBC-ის ეთერში

თავიდან სხვა პროექტზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ორივე მივხვდით, რომ არ გამოვიდოდა, თუმცა ქეთი ჩვენთან შეხვედრით აღფრთოვანებული დარჩა. წასვლისას მითხრა, რომ აუცილებლად მოიფიქრებდა ისეთ რამეს, რომ ჩვენთან ეთანამშრომლა. მართლაც, მოიფიქრა ეს გრანდიოზული პროექტი, რომლითაც ვფიქრობ, საქართველო და მთელი ევროპა მოხიბლულია.

- ე.ი. სხვადასხვა ჟანრებში მოღვაწე მუსიკოსების ტანდემი შედგა.

- ერთმანეთს მშვენივრად შევეწყეთ. ჩვენთვისაც და მისთვისაც ეს ყველაფერი ახალი იყო, მაგრამ იმდენად კარგად გავართვით თავი ყველანაირ სირთულეს, რომ შეიძლება ითქვას, ძალიანაც ვისიამოვნეთ ამ ურთულესი პროცესით... ყველაფერი მშვენივრად მახსენდება...

- ერთობლივ რეპერტუარზე მუშაობა როდის დაიწყეთ?

- დაახლოებით 2 წლის წინ დავიწყეთ. რაც შეეხება შეთანხმებას, როგორც აღვნიშნე, შევთანხმდით იმაზე, რაც ქეთიმ მოიფიქრა და რასაც ალბომი "In Winter" ეწოდება. დიდი და ხანგრძლივი ეტაპი გავიარეთ. ჯერ საცდელი რეპეტიციები გვქონდა, რომელმაც გაამართლა და უფრო გაგვიხსნა გზა იმისკენ, თუ როგორ უნდა წასულიყო შემდგომი ეტაპი. მოგვიანებით გამოგზავნილი ნაწარმოებების შესწავლა-დამუშავება დაიწყო, ხოლო ორ ეტაპად კი ჩაწერა, რომლისთვისაც ქეთი თავისი გუნდითა და თავისივე აპარატურით აქ ჩამოვიდა, - გორში ორკვირიან ერთობლივ რეპეტიციებს ვატარებდით და უკვე 8 ოქტომბერს გუნდი ლონდონში სარეპეტიციოდ 20 დღით ადრე, ტურნეს დაწყებამდე ჩავიდა.

ევროტურნე 28 ოქტომბერს ფრანკფურტით დაიწყო. მოვიარეთ 9 ქვეყანა (გერმანია, საფრანგეთი, შვეიცარია, ბელგია, ჰოლანდია, დანია, პოლონეთი, ინგლისი და შოტლანდია), სხვადასხვა ქალაქის საუკეთესო დარბაზებში 28 კონცერტი ჩავატარეთ. რაც შეეხება მიზანს, - ის იყო, რომ გამოგვეშვა ალბომი და ის გამოსულიყო ძალიან კარგი. ვფიქრობ, ამდენმა შრომამ ტყუილად არ ჩაიარა, ალბომი და თითოეული კონცერტიც, იმაზე კარგი გამოვიდა, ვიდრე წარმოგვედგინა, - ამიტომ ძალიან ბედნიერები ვართ!

- აქვე გვესაუბრეთ ქეთიზე, - როგორი ადამიანია? რა პიროვნული შტრიხები გამოიკვეთა მასთან ურთიერთობისას?

- ქეთი მელუა ძალიან კარგი და საინტერესო ადამიანია, ამასთან, ძალიან გემოვნებიანი მუსიკოსი. მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები გავხდით მუსიკაშიც და ცხოვრებაშიც და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას ყველაფრისათვის!

- სამშობლოში როდის ბრუნდებით და როგორია ქეთი მელუასა და თქვენი ურთიერთობის შემდგომი პერსპექტივა?

- სამშობლოში 16 დეკემბერს ჩამოფრინდებით. შემდგომ პერსპექტივებზე ახლა ცოტა გამიჭირდება საუბარი, მაგრამ ერთი რამ თამამად შემიძლია გითხრათ, რომ გორის ქალთა კამერულ გუნდს ისედაც ძალიან ბევრი საქმე და საინტერესო გეგმები აქვს და მოწყენას არ ვაპირებთ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება