როგორია სინამდვილეში "ჩემი ცოლის დაქალების" ლამარა და სერიალის რა დეტალებს ამხელს მსახიობი

როგორია სინამდვილეში "ჩემი ცოლის დაქალების" ლამარა და სერიალის რა დეტალებს ამხელს მსახიობი

მოზარდმაყურებელთა თეტარმა ნილ საიმონის კომედია "მგზნებარე შეყვარებული" დადგა. სპექტაკლი რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილის მიერ შექმნილი კოპროდუქცია გახლავთ, რომელშიც ზუგდიდის თეატრისა და მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობები თამაშობენ. ზუგდიდელებიდან ერთ-ერთი მარინა დარასელიაა. ეს ქალბატონი ცნობილ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ერთ-ერთ სახასიათო როლს ასრულებს. ის გრიშა კაკაჩიას შინამომსახურე - ლამარა გახლავთ, რომლის ხილვაც სერიალში მაყურებელს დიდად მოსწონს და ახალისებს.

მარინა დარასელია მაყურებელმა ახალ სპექტაკლში სრულიად განსხვაებულ როლში იხილა. ის პარტნიორობას მგზნებარე შეყვარებულ მამაკაცს უწევს და არც თუ ურიგოდ...

ჩვენ მას პრემიერის შემდეგ გავესაუბრეთ:

- პრემიერის წინ ძალიან დავიძაბეთ, მთელი დღის განმავლობაში თეტარში შუქი არ იყო, - ასეთი რამ მოქმედებს მსხიობებზე, ძალიან ვინერვიულეთ. ისიც კი ვიფიქრეთ, პრემიერა ხომ არ გადაიდებაო, მაგრამ 8-ის 15 წუთზე შუქი მოვიდა და გადარბენა გვქონდა, რომ გრიმის გაკეთება მოგვესწრო...

რაც შეეხება თავად პროექტს, მადლობელი ვარ, რომ მასში ვმონაწილეობ. ის კოპროდუქციაა და ამის გამო დიდი ბედნიერება გვაქვს, ზუგდიდელმა და თბილისელმა მსახიობებმა სცენაზე ერთად ვითამაშოთ. მიხარია ისიც, რომ ჩემს როლზე ორი დუბლია (თბილისელები თამაშობენ). ასევე დუბლიორი ჰყავს ჩემს ზუგდიდელ მზეკოსაც (ჩარგაზია). თბილისელები აბსოლუტურად განსხვავებულ ტიპაჟებს ქმნიან. მოკლედ, განსხვავებულები ვართ ყველანი, არ ვგავართ ერთმანეთს, თუნდაც ერთსა და იმავე როლს ვასრულებდეთ.

იმითაც ბედნიერი ვარ, რომ მოზარდმაყრებელთა თეატრში მომიწია პრემიერის თამაში, - ეს ისე მიხარია, რომ ამ გრძნობას ზუსტად ვერც გადმოვცემ. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს აქ დიდი ხანია ვმუშაობ, ჩემი კოლეგებისგან იმხელა დადებითი მუხტი მოდის; არაჩვეუებრივი დასია, შესანიშნავი მსახიობები, რეჟისორი, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი.

მამაკაცი მსახიობებიდან ორი პარტნიორი მყვს, - ვახო ნოზაძე და ბესო მეგრელიშვილი. თითოეულს სხვადსხვანაირად მიჰყავთ წარმოდგენა და ორივესთან კომფორტულად ვგრძნობ თავს. თითოეულთან საინტერესოა ურთიერთობა. თითქოს ჯადო გამიკეთეს, წასვლა აღარ მინდა ზუგდიდში. ეს ორი თვე ისეთი სასიამოვნო იყო მათთან ყოფნა და მუშაობა, რომ ვერ წარმოიდგენთ. შევეჩვიე აქაურობას, მაგრამ ბედნიერებაა ისიც, ამ შემადგენლობით ზუგდიდშიც გვექნება პრემიერა და მერე ისევ ჩამოვალთ. მოკლედ, არ დავკარგავთ ერთმანეთს. ბედნიერი ვიქნები სხვა ახალი კოპროდუქციაც თუ გვექნება. ისე, ჩვენი ზუგდიდს თეატრის მდგომარეობა კი იცით, რომ მძიმეა, შესაძლოა სხვადსხვა თეატრში მოგვიწიოს თამაში.

- ზუგდიდის თეატრში თეატრალური ინსტიტუტის დამტავრების შემდეგ მუშაობთ?

- მე იმ თაობას მივეკუთნები, ვინც თეატრალურ ინსტიტუტში 1978 წლეს მოეწყო. მაშინ ლიმიტები იყო და ზუგდიდადან სამსახიობო ფაკულტეტზე იმ პირობით გაგვიშვეს, რომ ზუგდიდში უნდა დაბრუნებულიყავი. არ შეიძლებოდა სხვა თეატრში სამუშაოდ წასვლა.

ჰოდა, როგორც ზუგდიდელი, დავუბრუნდი ჩემი საყვარელი ქალაქის თეტარს. თუმცა ბევრმა გვიღალატა, დაამთავრეს ლიმიტით და სამწუხაროდ, არ ჩამოვიდნენ.

- მოკლედ, თქვენს ქალაქს არ უღალატეთ...

- არა, იქაური ვარ დ მიყვარს ჩემი ზუგდიდი. მალე ჩვენი შალვა დადიანის სახელობის თეატრი 150 წლის ხდება. ისტორიული თეატრია, აქ თავის დროზე არაერთ დიდ ხელოვანს უთამაშია. მაგალითად, თემურ ჩხეიძემ სადიპლომო სპექტაკლი ჩვენთან დადგა, სადაც ჯერ კიდევ სტუდენტებმა - ჟანრი ლოლაშვილმა და ავთო მახარაძე ითამაშეს... ზუგდიდი ყოველთვს იყო თავის ხელოვნებით ცნობილი... ინსტიტუტი 1982 წელს დავამთავრე და იმ დღიდან მოყოლებული, ამ თეატრის მსახიობი ვარ. თუმცა დღეს, როგორც უკვე ვთქვით, ჩვენი შენობა უმძიმეს მდგომარეობაშია. ხომ გახსოვთ, მეორე სართულიდან, თავის სამუშაო ოთახიდან, ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი წერედიანი სკამიანად რომ ჩამოვარდა პირველზე? მადლობა უფალს, რომ გადარჩა. ახლა სწორედ მან, რომელიც თბილი, უშუალო და ყურადღებიანი ადამიანია, გამახარა, - იანვრიდან თეატრში სარესტავრაციო სამუშაოები იწყებაო.

- ქალბატონო მარინა, არ შემიძლია, რომ თქვენს როლზე არ ვისაუბროთ, რომელსაც ცნობილ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" (ლამარა) თამაშობთ. როგორ აღმოჩნდით ამ პროექტში?

- ეკა მჟავანაძე, კასტინგის რეჟისორი დამიკავშირდა, მართალია არ მიცნობდა, მაგრამ ჩემი სპექტაკლები ვიდეოზე ჰქონია ნანახი. კასტინგი არ გამივლია, უბრალოდ, მითხრა, - თუ ამ როლს კარგად ითამაშებ და გაამართლებ, პირობას გაძლევ, რომ როლი გაგრძელდებაო. 11 თვის წინ, იანვარში, პირველად გავმოვჩნდი ცნობილ სერიალში. ვორონცოველ ბიჭებთან, - ჩაქუჩაჩასთან და მიშკასთან მქონდა პირველი სცენა, დიალოგი და ასევე ჩემს კარგ გოგოებთან, რომლებიც სამზარეულოში ჩემთან ერთად მსახურობენ გრიშა კაკაჩიას სახლში.

- რას გვეტყვით გრიშა კაკაჩიასთან (დათო კვირცხალია) პარტნიორობაზე?

- დათო კვირცხალია არაჩვეულებრივი მსახიობია, ამასთან, უგემრიელესი კაცი. მითხრა, ლამარას როლს თბილისელი მეგრელი ასე ვერ ითამაშებდაო. ეკა მჟავანაძემაც რომ ნახა ჩემი ნამუშევარი, მასაც მოეწონადა. მერე "ფესიბუქზე" რომ აიტვირთა ვიდეო, დიდი რეიტინგი ჰქონდა, - კომენტარებში წერდნენ, - ვინაა, ეს მეგრელი ქალი, იმ გრიშას არაფრით ჩამოუვარდებდაო.

ქალბატონი ქეთი დევდარიანიც (სცენარისტი) ზუსტად ისეთი ხასიათით წერს, როგორც ვთამაშობთ, თუმცა იმპროვიზაციებს ჩემითაც ვაკეთებ. რეჟისორს, გიორგი ლიფონავას ვუთხარი, - ხომ არ ვაჭარბებ, ზედმეტი ხომ არ მომდის-მეთქი? არა, "მიაწექი", მშვენივრად და ბუნებრივად არის ყველაფერიო...

მოკლედ, იმდენად მიყვარს ეს სერიალი, ისეთი დადებითი აურა აქვს, რომ ასე მგონია, რომ მართლა გრიშა კაკაჩიაა, დათო კვირცხალია, მე კიდევ, ლამარა... დამიჯერეთ, დიდი სიყვარულია იქ.… ის გოგოებიც (სამზარეულოში) იმდენად საყვარელები არიან და საერთოდ, ყველანი მთელი შემადგენლობა. ამ 11 თვეში ყველა შემიყვარდა...

- თქვენ შესახებ კიდევ რას გვეტყვით?

- პირად ცხოვრებაში არაფერია საინეტერსო. თქვენი "ლამარა" ცხოვრებაში შინაბერა გახლავთ... გავზარდე დისშვილი და დისშვლიშვილი. უკვე არც დედა მყავს და არც - მამა და გამოდის, რომ ოჯახის ბურჯი მე გახლავთ. დათო კვირცხალიამ ხუმრობით მითხრა, - არ გრცხვენია ქალო, მსახიობი ხარ, ხუთჯერ უნდა იყო გათხოვილი და ერთხელაც არ გათხოვილხარო?.. კი, სამწუხაროა, მაგრამ ასე და რა ვქნა?

ახალი წელი მოდის და მინდა, ყველას მივულოცო, განსაკუთრებით ჩვენს მაყურებელს, ადამიანებს, ვინც ჩვენს შრომას აფასებს... ბედნიერი წელი გქონოდეთ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება