ავტორი:

კომპოზიტორი, რომელმაც ქართულ ესტრადაზე ეპოქა შექმნა - საინტერესო ეპიზოდები ალექსანდრე ბასილაიას ცხოვრებიდან

კომპოზიტორი, რომელმაც ქართულ ესტრადაზე ეპოქა შექმნა - საინტერესო ეპიზოდები ალექსანდრე ბასილაიას ცხოვრებიდან

2018 წლის 11 მარტს 76 წელი შეუსრულდებოდა კომპოზიტორს, რომელმაც ქართულ ესტრადაზე ეპოქა შექმნა. ალექსანდრე (ბუთხუზ) ბასილაიას მუსიკაზე (მიუზიკლები, კინომუსიკა, მუსიკა მულტფილმებისთვის) თაობები აღიზარდა.

"ზღაპარი სიყვარულისა", "ყველაფერი დალაგდება", "გუდა გუდა", "ცისარტყელები", "სოფლის მაშენებელნი", "არგონავტები" - ეს ის მცირე ჩამონათვალია მისი დიდი შემოქმედებიდან, რომელიც მსმენელს დღემდე უყვარს და სიამოვნებით ისმენს. ათწლეულები ხელმძღვანელობდა ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ "ივერიას"...

"კარგია, რომ ასეთ ადამიანებს იხსენებთ, თან, სანამ გამხსენებლები ჰყავს, თორემ იცით, რამდენი ღვაწლმოსილი და კარგი პიროვნება მიეცა მივიწყებას? მით უფრო, რომ დღესდღეობით საესტრადო ხელოვნება თითქმის აღარ არსებობს და რაც არის, ისიც, დაუფასებელი," - ამბობს მუსიკოსი ნუგზარ კვაშალი, რომელიც ალექსანდრე ბასილაიამ წლების წინ თავად აარჩია მისი გუნდის წევრად...

AMBEBI.GE ბატონ ნუგზართან ერთად ახლა ამ საინტერესო შემოქმედს გაიხსენებს...

"შეეძლო სულ თავისი სიმღერებით შეეკრა საკონცერტო პროგრამები, მაგრამ კოლეგა კომპოზიტორებსაც არ ივიწყებდა, აქტიურად ვთანამშრომლობდით - ვაჟა აზარაშვილთან, გია ყანჩელთან, გიორგი ცაბაძესთან, მათი არაერთი სიმღერა აგვიჟღერებია. ბასილაია ხალხური მუსიკის დიდი მოყვარულიც იყო, ისევე როგორ ჯაზის და კლასიკის. ბევრი ცნობილი კომპოზიცია დაუმუშავებია. თუნდაც მეგრული თბილი, ლამაზი და სათნო მუსიკა მის ხელოვნებაში ხშირად შეიმჩნევა... არის 4 მიუზიკლის ავტორი, უამრავი საკონცერტო პროგრამის, ცნობილია მისი კინომუსიკა, სერიოზული წვლილი აქვს ქართულ მულტიპლიკაციაში.

ის მულტფილმები დღესაც ისეთივე პოპულარულია, როგორც მაშინ, წლების წინ, როცა შეიქმნა და მგონია, რომ ეს ყოველთვის ასე იქნება, როგორც მის ერთ სიმღერაშია - "ჩვენ წავალთ და ამ ქვეყნად, სიმღერები დარჩება". დიახ, სიმღერები დარჩა. დიდი მელოდისტი იყო. სხვა ქვეყნებშიც დიდ პატივს სცემდნენ. განსაკუთრებით რუსეთში, პოპულარობით სარგებლობდა, მასთან ერთად მოსკოვში მიმუშავია და ვიცი, როგორ უყვარდათ", - გვიყვება ბატონი ნუგზარი.

- ბატონი ალექსანდრე "ივერიის" ხელმძღვანელი და დამაარსებელი იყო და როგორც ამბობენ, მისი დამსახურებაა, რომ ანსამბლი წლების განმავლობაში არსებობდა და პრაქტიკულად, დღესაც არსებობთ...

- ეს ბატონი ალექსანდრეს და ჯემალ ბაღაშვილის დამსახურებაა, რომლებიც ქმნიდნენ ამ ყველაფერს, ანუ იმას, რაც ჩვენ შემდეგ უნდა შეგვესრულებინა, თუმცა ისინი პირიქით ამბობდნენ ყოველთვის, - თქვენ რომ არა, ეს ყველაფერი არ იქნებოდაო... ერთმანეთს ვაბრალებდით ამ სიყვარულს, მეგობრობას, კოლეგიალობას და იმას, რაც ჩვენს კონცერტებზე, სცენაზე ხდებოდა. ვინც კი "ივერიის" "სკოლა" გაიარა, ანუ ბასილაია-ბაღაშვილის "აკადემია", ყველა, დღეს სადაც უნდა იყოს, მაინც "ივერიელად" მიიჩნევს თავს, ზოგი ორი თვე იყო, ზოგი ორი-სამი წელი, ზოგი - 45 წელიწადი.

დღესაც "ივერიის" სახელით გამოვდივართ და სანამ ბოლო "ივერიელი" იქნება, ეს სახელი მანამ იარსებებს. მოკლედ, მიუხედავად ჩვენი ასაკისა, ანსამბლმა ყველანი კარგად "შეგვინახა". გარდა იმისა, რომ სურვილი გვქონდა, ჩვენს გუნდს ეარსება, მისი წევრები ნათესავებიც ვიყავით. ნათლიები, ნათლულები, ძმები, მეუღლეები, სიძე-ცოლის ძმა, მამა-შვილი, დედა-შვილი და ა.შ. მოკლედ, ჩვენს ურთიერთობას უკვე სხვა რაღაც ერქვა და ჰქვია...

- როგორი იყო მაესტრო, როდესაც გაიცანით?

- ანსამბლში რომ მივედი, "ივერია" უკვე 4 წლის დაარსებული გახლდათ. კონცერტზეც ნამყოფი ვიყავი და ბასილაიას შესახებ ვიცოდი. პირველად რომ ვნახე, გადავირიე, - ეს ვინ არის, როიალი ლამის დაშალა-მეთქი. ქართველი ოსკარ პიტერსონი იყო... მაგ დროს "ციცინათელაში" ვიყავი, გიტარაზე ვუკრავდი, დასარტყამ ინსტრუმენტზე მანამდე ცხოვრებაში არ დამიკრავს და ერთხელაც, ბასილაიასგან მიწვევა მივიღე, დასარტყამ ინსტრუმენტზე მინდა, რომ დაუკრასო. რადგან ასეთ ჯგუფში მეპატიჟებოდნენ, პასუხისმგებლობა დიდი იყო და 2 კვირაში მთელი პროგრამა ვისწავლე. პირველივე გასტროლი ბუდაპეშტში გვქონდა. ეს იყო 1972 წელი. თანდათან ანსამბლი ისე შეიკრა, რომ ერთმანეთის სუნთქვაც კი გვესმოდა...

ბასილაიას საკუთარი ახალი სიმღერა რომ მოჰქონდა, ზუსტად იცოდა, ვის რა უნდა გვემღერა და ნამუშევარიც 2 საათში მზად გვქონდა. უძლიერესი მუსიკოსი იყო. ყველას ხმის ნიუანსი იცოდა და როდესაც სიმღერა შედგებოდა ზუსტად ისე, როგორც წარმოედგინა, ხედავდა, ცრემლები მოერეოდა, ემოციური და საოცრად გულჩვილი კაცი გახლდათ. ამასთან, იუმორით სავსეც, თუნდაც უმნიშვნელო ანეგდოტს ისე მოყვებოდა, რომ სიცილისგან იტირებდი...

ის პერიოდიც კარგად მახსენდება, სულ თავიდან, მის ერთოთახიან ბინაში, ვაჟა-ფშაველაზე, პიანინოზე როგორ ვსწავლობდით სიმღერებს. ინსტრუმენტს ნახევრად ჩავარდნილი კლავიშები ჰქონდა...

მაესტრო ბასილაიას ოჯახი

"მისი შვილი, ანრი ბასილაიაც ანსამბლის წევრი იყო, ჩვენს ხელში გაიზარდა. "ივერიაში" გიტარაზე უკრავდა. ბუთხუზი უმაგრესი მამა იყო, როგორც სხვებისთვის (სოსო პავლიაშვილი, ბესო კალანდაძე...) ანრისთვისაც წერდა სიმღერებს. ფილმში "ჩიორა" სწორედ ანრი მღერის შესანიშნავ სიმღერას, "ყველაფერი დალაგდება", რომელიც მამამ დაუწერა. მერე უკვე როგორც ემიგრანტს, სიმღერა ისე შეუქმნა, რადგანაც ანრი წლებია, საფრანგეთში ცხოვრობს (შესანიშნავი მხატვარია) და ისიც უმაგრესად მღეროდა ამ სიმღერას...

ბუთხუზს შვილიშვილები სიგიჟემდე უყვარდა ისინი, მართლა გიჟი ბაბუა იყო. საერთოდ, ყველაფერში მაქსიმალისტი გახლდათ... რაც შეეხება მეუღლეს, ქალბატონ ლუიზა კობალაძეს, უსაყვარლესი ადამიანია, ამდენი წელი მან და მისმა მეუღლემ ერთად გაატარეს...

გემოვნებიანი ხელოვანი

"გემოვნებიანი იყო და ეს ყველაფერში ეტყობოდა. მუსიკაში, ჩაცმის სტილში - გამორჩეულად იცვამდა, თანხას არ იშურებდა ხარისხიანი ტანსაცმელისთვის და, რა თქმა უნდა, ყოველთვის ლამაზ და მშვენიერ მანდილოსნებს მოსწონდათ. ლამაზ ქალბატონებსა და კარგ სამოსზე უარს არასდროს ამბობდა..."

საზღვრებს მიღმა

2012 წელს როდესაც მისი კონცერტი მოსკოვში გავაკეთეთ, ისეთი დიდი მუსიკოსი, როგორიც სპივაკოვი იყო, მოვიდა და გულთბილი სიტყვები მიუძღვნა. ასევე კობზონმა, მეგობრობა აკავშირებდა მოსკოველ კინოვარსკვლავებთან, რეჟისორ ევგენი გინსბურგთან, სწორედ მან გადაიღო ჩვენი ფილმებიც... მაგალითად, "ჩხიკვთა ქორწილი" 60-ზე მეტმა ქვეყანამ იყიდა. ბასილაიას სიმღერა "არგო" მიუზიკლიდან "არგონავტები" უცნობილესია. თუ რუსეთში ადრე "თბილისო" და "სულიკო" იცოდნენ, დღეს "არგოსაც" მღერიან. ამ სიმღერას რომ დავიწყებდით, ხალხი დარბაზში ფეხზე დგებოდა. ძალიან მოსწონდათ.

...როდესაც ბუთხუზ ბასილაიამ და ჯემალ ბაღაშვილმა მორიგი საახალწლო კონცერტისთვის "თოვლის ბებოს ზრაპარი" შექმნეს, საოცარი მოწონება და გამოხმაურება მოჰყვა. 163 კონცერტი ჩავატარეთ, არ გავჩერებულვართ. ის კი არა, ივლისშიც ვთამაშობდით იმ საზამთრო კოსტიუმებში გამოწყობილები და ოფლში ვცურავდით...

მიმაჩნია, რომ მისი "ფიროსმანის" ყველა არია შედევრია, ისევე როგორც "არგონავტების"...

იმედგაცრუება

"ბოლომდე საყვედური არ შეეძლო, დიდი საკონცერტო დარბაზის დირექტორად რომ დანიშნეს, იყო მოთხოვნა, რომ ადამიანების გარკვეული რაოდენობა სამსახურიდან გაეშვა, შეემცირებინა, მაგრამ ეს არ გააკეთა, ამბობდა, - სცენის მუშა, სართულის მორიგე, რაშიც 18 ლარს იღებს, სამსახურიდან როგორ გავუშვაო?!

მოკლედ, ისე აღმოჩნდა, რომ ბასილაიამ მთელი შეგნებული ცხოვრება დიდ საკონცერტო დარბაზში, დაარსების დღიდან იმსახურა, 1000-ზე მეტი კონცერტი აქვს იქ ჩატარებული, თუმცა იქაურობას სხვა ადამიანის სახელი მიანიჭეს. ის კი არა, ბოლოს ისე მოექცნენ, როგორ მოქცევასაც ნამდვილად არ იმსახურებდა. ასეთი მოპყრობის ღირსი არ იყო, გამოუშვეს. უბრალოდ, სხვა დრო იყო და ეს არის... არადა, ეგონა, რომ ის ადამიანები, ვინც ეს გააკეთა, გვერდში ედგნენ და სწორედ ეს ეწყინა, ცუდად მოექცნენ. იმის მერე ძველებური ხალისით ვეღარ, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე ქმნიდა მუსიკას... დიდი ადამიანი იყო და მადლობა ღმერთს, რომ მის გვერდით მომიწია ცხოვრებამ, მოვხვდი "ივერიაში" და დღემდე ვარ "ივერიელი"...

სიცოცხლის ბოლო პერიოდი

"მძიმე დიაგნოზი რომ დაუსვეს, მაშინ მის გვერდით ვიყავი. არაფერიაო, - თქვა, მხნედ იყო, თუმცა ბოლო ორი თვე არავისთან კონტაქტობდა, ონკოდაავადება ადამიანებს ასე კეტავს ხოლმე, მაგრამ მე მაინც ვაკითხავდი, ვნახულობდი... (ალექსანდრე ბასილაია 2009 წლის 3 ოქტომბერს, გერმანიაში გარდაიცვალა).

მისი წასვლა ჩვენი ყველას ტკივილია, ფაქტობრივად, ჩაგვხოცა, მის გარეშე ძალიან გვიჭირს. მიმაჩნია, რომ ამ ადამიანს, ჩემს ცხოვრებაში, მშობლების შემდეგ უდიდესი ადგილი უჭირავს, ერთ-ერთი მთავარი პერსონაა... როგორც შევპირდით, ისეთ სახელს ვატარებთ და ისეთი პასუხისმგებლობა გვაქვს, რომელიც, თავის დროზე, პირველმა თავად აიღო, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ!

ამიტომ ახლა, დარჩენილებს, მის მეგობრებს, გვინდა, რომ ბუთხუზის 75 წლის იუბილე აღვნიშნოთ, ამისთვის წერილი გამზადებული გვაქვს და იმედია, ეს საქმე გამოგვივა, რომ დიდ საკონცერტო დარბაზში მისი გენიალური მუსიკა აჟღერდეს..."

"მეტი აღარ ქნა ნიკოლოზ, ჯანმრთელობისთვის საშიშია" - ცნობილ ბალერონთან გადაღებული ვიდეოს გამო თეონა კონტრიძე გააკრიტიკეს

71 წლის ალა პუგაჩოვა შორტებითა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით - "წლები კი არ ემატება, აკლდება. მგონი, ჯადოქარია"

"ბიპოლარული აშლილობა აქვს" - კიმ კარდაშიანის სკანდალური განცხადება ქმარზე, რომელმაც ჯერ აშშ-ის პრეზიდენტობა მოინდომა, ხოლო შემდეგ კანდიდატურა მოხსნა