"ხანდახან სასტუმროს ნომერში ვიკეტებოდი და ჯიჰადის კლიპებს ვუყურებდი" - 24 წლის ქართველის ჰოლივუდური წარმატება

"ხანდახან სასტუმროს ნომერში ვიკეტებოდი და ჯიჰადის კლიპებს ვუყურებდი" - 24 წლის ქართველის ჰოლივუდური წარმატება

13 იანვარს რეჟისორ პიტერ ბერგის ახალი ჰოლივუდური ფილმის, "პატრიოტის დღე" პრემიერა გაიმართა, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს 24 წლის თემო მელიქიძე ასრულებს. ეს როლი სადებიუტოა და შეიძლება ითქვას, მის ბიოგრაფიაში უმნიშვნელოვანესი, რადგან მასთან ერთად ფილმში მონაწილეობენ ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა ჯონათან კიმბლ­ სიმონსი, მარკ უოლბერგი და სხვები. "პატრიოტის დღე" 2016 წელს გამოსული საუკეთესო ფილმების ათეულში მოხვდა. ფილმი რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული. მასში 11 სექტემბრის შემდეგ, ამერიკაში ყველაზე დიდი ტერორისტული აქტის ქრონიკაა ასახული, რომელსაც 2013 წელს ბოსტონში ყოველწლიური მარათონის დროს მოხდა. თემო ერთ-ერთ ტერორისტს, ტამერლან ცარნაევს ასახიერებს.

- 9 წლის ვიყავი, როცა ოჯახთან ერთად ბელგიაში გადავედით საცხოვრებლად. მაშინ მეგონა, მთელი მსოფლიო ქართულად ლაპარაკობდა და უცხო ენა რომ გავიგე, ძალიან გამიკვირდა.

მსახიობობაზე ბავშვობიდანვე ვოცნებობდი. მახსოვს, პირველად რომ დამაწერინეს, ვინ მინდოდა გამოვსულიყავი, დავწერე: "მინდა ამერიკაში წასვლა, რათა კინოვარსკვლავი გავხდე, ისეთი როგორიც ბრიუს ლია". მიზანი დავისახე და მის მიღწევაზე ფიქრი არ შემიწყვეტია. 2011 წელს ჩემი კლიპი გავგზავნე ნიუ-იორკის ფილმების აკადემიაში, რის შემდეგაც მიმიწვიეს განათლების მისაღებად. 2012 წელს ჩამოვედი ნიუ-იორკში. აქ დეიდაჩემი დამხვდა, რომელიც უცხო ქვეყანაში ჩემი მეორე დედა გახდა. 1 წლის შემდეგ ნიუ-იორკის ბროდვეის თეატრის დირექტორმა ერთწლიანი კონტრაქტი შემომთავაზა. კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ Live In Theatre-ში გადავინაცვლე, მერე არტისტის წოდებაც მოვიპოვე და 2016 წელს უკვე ლოს-ანჯელესში ჩავედი.

პირველ თვეებში ძალიან გამიჭირდა, მარტო ვიყავი, არავის ვიცნობდი. ავტომანქანაც არ მყავდა და სასურველი შემოთავაზების ძიებაში ველოსიპედით დღეში 4 საათი მიწევდა მოძრაობა, რომ აუდიენციიდან აუდიენციაზე გამოვცხადებულიყავი. ასე გადიოდა დღეები. ერთხელაც დამიკავშირდნენ, Park Noack Agent-ს უნდა თქვენი გაცნობაო. შეხვედრის შემდეგ კონტრაქტი გამიფორმეს. 1 კვირის თავზე ჩემმა აგენტმა მაცნობა, მარკ უოლბერგის პროდიუსერობით ახალ ფილმს იღებენ და შენი მონაცემები და კლიპი ქასთინგის დირექტორს გადავეციო. თურმე თავდაპირველად ნახვა არ უნდოდათ, რადგან იმ როლზე, რომლისთვისაც მე ვიბრძოდი, ცნობილი მსახიობის აყვანა სურდათ, მაგრამ მერე, ბედად, ნახეს და გასაუბრებაზეც დამიბარეს. რამდენიმე ეტაპის გადალახვის შემდეგ მარკ უოლბერგსა და პიტერ ბერგს შევხვდი. ეს დღე ძალიან მძიმე იყო, ვიცოდი, ბეწვის ხიდზე მომიწევდა გავლა. საბედნიეროდ, აგენტმა მაცნობა, არჩევანი შენზე შეჩერდაო. აი, ასე შეიცვალა ჩემი ცხოვრება ერთ დღეში.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება