მელანია დონალდ ტრამპამდე - პირველი ლედის გზა სლოვენიის პატარა ქალაქიდან თეთრ სახლამდე

მელანია დონალდ ტრამპამდე - პირველი ლედის გზა სლოვენიის პატარა ქალაქიდან თეთრ სახლამდე

სლოვენიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, რომელიც მაშინ ომით მოცული იუგოსლავიის ნაწილი იყო, კნაუსების ოჯახში 1970 წელს გოგონა დაიბადა. გოგონას მელანია დაარქვეს... ოჯახი ქალაქ სევნიცაში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა. მომავალი პირველი ლედი დებთან ერთად იზრდებოდა.

მამამისი აქტიური კომუნისტი გახლდათ. იმ დროს, სლოვენიელების მხოლოდ 5% იყო კომუნისტური პარტიის წევრი და მიუხედავად იმისა, რომ მამა თავის პოლიტიკურ საქმიანობას არ აფიშირებდა, ეს თვალნათელი იყო მეზობლებისთვის და ნათესავებისთვის. იუგოსლავიის მოქალაქეების საკმაოდ მოკრძალებულ ცხოვრებასთან შედარებით, კნაუსების ოჯახი ფუფუნებაში ცხოვრობდა.

სახლი, სადაც მელანია გაიზარდა

მელანიას მამას საავტომობილო ნაწილების მცირე ბიზნესი ჰქონდა, დედა კი ტექსტილის ფაბრიკაში მკერავად მუშაობდა.

უკვე 5 წლის ასაკში მელანია და მისი და ინესი სახელმწიფო მნიშვნელობის შეხვედრებში იღებდნენ მონაწილეობას.

მელანია და ინესი დედაქალაქში ჩაიყვანეს და ასაფრენ ბილიკზე მარშირება დაავალეს პარტიის მაღალი თანამდებობის პირების წინაშე, ფაბრიკის მუშების სხვა შვილებთან ერთად.

მელანია ტრამპის მშობლები

აშშ-ის მომავალი პირველი ლედის პირველი სამოდელო გამოცდილება ბელგრადში, ქვეყნის ერთ-ერთი დიდებული სასტუმროს Jugoslavija დარბაზში შედგა. პირველი სამოდელო გამოცდილება გოგონას თავში ჩაუჯდა და მას შემდეგ მოდელობაზე ოცნებობდა.

მელანია ბავშვობაში

ბავშვობის მეგობარი იხსენებს: "მელანია და მე მუდამ ერთ მერხთან ვისხედით. ჩუმი ბავშვი იყო. იმ დროს გასართობი დიდად არ იყო - ეზოში ვთამაშობდით და რადიოს ვუსმენდით ხოლმე. მელანია მოდელობაზე ოცნებობდა, ტანსაცმლის დიზაინით იყო დაინტერესებული, სხვადასხვა მოდური ჟურნალებიდან ინფორმაციას აგროვებდა. სხვა ბავშვებისგან ამბიციურობითა და მიზანდასახულობით გამოირჩეოდა. ყოველთვის სურდა, საზღვარგარეთ გამგზავრებულიყო და მოდელი ან დიზაინერი გამხდარიყო".

17 წლის მელანია პოზირებს ცნობილი ფოტოგრაფისთვის Stane Jerko

კნაუსების ოჯახი ცდილობდა ქალიშვილებს კარგი განათლება მიეღოთ. ლუბლიანაში ბინის დასაქირავებლად და გოგონებისთვის სწავლის დროს სრული კომფორტის შესაქმნელად თანხას აგროვებდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ, მელანიამ ლუბლიანას უნივერსიტეტში ჩააბარა არქიტექტურის ფაკულტეტზე. ამავდროულად, მისი სამოდელო კარიერაც წინ მიიწევდა...

ფოტოგრაფმა Stane Jerko-მ მელანია 1987 წელს, სამოდელო კონკურსზე აღმოაჩინა და ფოტოსესია შესთავაზა. სლოვენიაში, ვისაც ახალგაზრდა მელანია ახსოვს, ჰყვებიან, თუ რა საოცრად ლამაზი იყო გოგონა.

"მას განსაკუთრებული სილამაზე აქვს, არაკლასიკური ტიპაჟი, - ამბობს მელანიას ლუბლიანელი მეგობარი - ფსიქოდელიური თვალები ჰქონდა, ცხოველის თვალები".

ფოტოგრაფისა და დამწყები მოდელის შემთხვევითი ნაცნობობა სამოდელო საერთაშორისო კარიერის საწინდარი გახდა. 1992 წელს მელანიამ სამოდელო კონკურსში Slovenian Look of the Year მეორე ადგილი დაიკავა, სწავლას თავი დაანება და მილანში გაემგზავრა.

ევროპაში მოდელის კარიერა საკმაოდ წარმატებული გამოდგა. სუპერმოდელი არასოდეს ყოფილა, თუმცა საერთაშორისო კარიერაზე ოცნებობდა, ამიტომაც გაემგზავრა აშშ-ში. ამაში მას მდიდარი იტალიელი პაოლო ძამპროლი დაეხმარა, რომელსაც ნიუ იორკში ბიზნეს-ინტერესები გააჩნდა. ძამპროლიმ ბიზნეს-ვიზის გაფორმებასა და პირველი კონტრაქტის ორგანიზაციას შეუწყო ხელი.

მელანია აქტიურად სტუმრობდა მაღალი წრის საზოგადოების წვეულებებს, სადაც ცნობილ ფოტოგრაფებს, პროდიუსერებსა და მოდური ჟურნალების გამომცემლებს იწვევდნენ.

სწორედ ერთ-ერთ ასეთ წვეულებაზე გამოჩნდა დონალდ ტრამპი მეგობარ ქალთან ერთად, რომელიც მალევე დაივიწყა, როდესაც მელანია დაინახა. დონალდმა წვეულების დატოვება და საღამოს მასთან ერთად გატარება შესთავაზა, რაზეც მოდელისგან უარი მიიღო. მაშინ, მილიარდერმა ტელეფონის ნომერი სთხოვა.

მელანიამ ნომერი არ მისცა, თუმცა, მისი დაიტოვა.

"ტელეფონის ნომერი რომ მიმეცა, მორიგი ქალი გავხდებოდი, ვისაც ურეკავს ხოლმე - იხსენებს მელანია - მამაკაცზე ბევრი რამის თქმა შეიძლება იმის მიხედვით, თუ რომელ ნომერს გიტოვებთ - სამსახურის თუ პირადს. მან მე ყველა თავისი ნომერი მომცა".

მელანიამ დონალდს მხოლოდ 1 კვირის შემდეგ დაურეკა. " ცნობილი ადამიანები დიდად არ მაინტერესებს, ჩვენს შორის უბრალოდ ქიმია გაჩნდა, მაგრამ მისი სტატუსი არაფერ შუაშია. ალბათ, დონალდმა ეს დააფასა".

"საქმე მის შესაძლებლობებსა და დაცვაშია, - ამბობს მელანიას ლუბლიანელი მეგობარი, - ვფიქრობ, მელანიას ძლიერი მამაკაცი სჭირდებოდა, მამის ერთგვარი მოდელი".

"ჩვენ კარგად გვაქვს გადანაწილებული როლები, - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში მელანიამ, - მე არ მჭირდება, რომ დონალდმა ბარონს პამპერსები გამოუცვალოს, ან ლოგინში ჩააწვინოს. ბარონს ძიძა არ ჰყავს, მე მისი "full-time დედა" ვარ".

სხვათა შორის, დონალდის პირველ მეუღლეს, ივანას სურდა, რომ მისი მეუღლე პრეზიდენტი გამხდარიყო. მელანიას კი ეს იდეა არასოდეს მოსწონდა...

მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

AMBEBI.GE

"ნერვები მომეშალა... ალბათ, რაღაც დავაკელი კერძს" - როგორ მოხვდა 27 წლის სპორტსმენი და ცნობილი მორაგბის მეუღლე "მასტერშეფში"

გიგი დედალამაზიშვილის ქოთნის ყვავილების კოლექცია და მინი "ტყე" ბინაში

ოპერის მომღერალ ნინო სურგულაძეს ტყუპი შეეძინა - "ახალშობილები და დედა კარგად გრძნობენ თავს"