"ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი ისრაელში სცენის მუშად მუშაობს

"ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი ისრაელში სცენის მუშად მუშაობს

იმ მსახიობების რიცხვს, რომლებიც საქართველოდან ემიგრაციაში წავიდნენ, მოზარდმაყურებელთა თეატრის დასის წევრი, "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი გიორგი გოგიშვილიც დაემატა. მილიონერად ქცეული "ბაქარის" მამის ბონდო ორჯონიკიძის როლის შემსრულებელი მსახიობი, რომელსაც გიალიას სახელით იცნობენ, სამუშაოდ ისრაელში წავიდა, სადაც საკმაოდ მძიმე პირობებში უწევს მუშაობა.

- ბატონო გია, რატომ წახვედით ემიგრაციაში, საქართველოში კარიერა გქონდათ...

- გეთანხმებით, წარმატებული მსახიობი ვიყავი, მაგრამ ჩვენი ქვეყნის პირობებიდან გამომდინარე მსახიობებს არ აქვთ კარგი ფინანსური ანაზღაურება, ამიტომ დავტოვე ჩემი თეატრის დასიც, "ჩემი ცოლის დაქალებიც" და სამუშაოდ წავედი ისრაელში. ძალიან გამიჭირდა საყვარელი საქმის დატოვება, მაგრამ რა მექნა? სხვა გზა არ იყო. როცა ეს გადაწყვეტილება მივიღე, მხოლოდ სამმა ადამიანმა იცოდა, მეგობრების უმეტესობას ვერ ვეუბნებოდი, რადგან გადამაფიქრებინებდნენ, არადა ფინანსური პრობლემები მქონდა და სხვა გამოსავალი ვერ ვნახე. თეატრში შვებულება მქონდა აღებული, მაგრამ შვებულებას ვადა გაუვიდა და უკვე დასის წევრიც აღარ ვარ. როცა ჩამოვალ თავიდან მომიწევს თეატრში სამსახურის მოძებნა. რეჟისორ დიმა ხვთისიაშვილს ვუთხარი, თუ მსახიობად ვეღარ აღმადგენთ, უცხოეთში მაქვს გამოცდილება მიღებული და სცენაზე მაინც მამუშავეთ-მეთქი.

- რას აკეთებთ ისრაელში?

- ორი სამსახური მაქვს. გამიმართლა, კამერებთან და სცენასთან აქაც მაქვს შეხება. ვმუშაობ თეატრში, სადაც სცენაზე ვაწყობ დეკორაციებს, ასევე ტელევიზიაში, დაწუნებული სცენარების და ინვენტარის გატანა მევალება. მუშა ვარ, მაგრამ კულისების და სცენის ნოსტალგია არ მაქვს. არანაირი შრომა არ მეთაკილება. როცა სარდაფი ახალი გახსნილი იყო, მე და დუტა სხირტლაძე მაშინაც ვმუშაობდით ფიზიკურად, დღეში 100-100 კილო კარტოფილს ვთლიდით. დღეში დაახლოებით 14 საათი ვმუშაობ. არ შემიძლია არ აღვნიშნო ქართველი ქალების სიძლიერე, ისინი რასაც შრომობენ აქ, მაგას ვერცერთი მამაკაცი ვერ შეძლებს. ქალი უფრო ძლიერი აღმოჩნდა.

- რისთვის აიღეთ ვალები?

- სახლი მაქვს ჩადებული ბანკში, კარგი გადამხდელი ვიყავი, ვფარავდი სესხს, შემდეგ ისევ გამომქონდა. ერთხელაც როცა დავითვალეთ, აღმოჩნდა, რომ ბანკში უფრო მეტი თანხა შემქონდა, ვიდრე ჩემი ოჯახის შემოსავალი იყო. ვალი ჩემთვის ძალით არავის მოუცია, ავიღეთ ოჯახის კეთილდღეობისთვის, შემდეგ ვეღარ შევძელით გადახდა და ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთო მისი დაფარვისთვის. დავფარავ ვალებს და ერთ წელიწადში დავბრუნდები საქართველოში.

- ლეგალურად ხართ ისრაელში?

- ჯერ ყველა საბუთი არ მაქვს. ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია აქ ცხოვრება. სულ ცოტა ხნის წინ ბინა შევიცვალეთ მე და ჩემმა მეგობარმა, კარგი ურთიერთობა მაქვს იმ ბიჭებთან აქამდე ვისთანაც ვცხოვრობდი, მაგრამ საემიგრაციო პოლიცია იმ ადგილებს უფრო ეტანება, სადაც ბევრი უცხოელი ცხოვრობს, ამიტომ ცალკე გადმოვედით. ხალხი აქ ვალებით არის ჩამოსული და ყველა იმიტომ მიდის ემიგრაციაში, ვალები გადაიხადოს. როცა ვალზე ვალს ამატებ, მაშინ რომ გაგაჩერონ და საქართველოში გაგიშვან დეპორტით, უდიდესი შოკი იქნება. სულ დაძაბულები ვართ, კითხვა არ ვიცით, როცა "მიგალკიანი" მანქანა მოდის, გვგონია საემიგრაციო მოდის და ეს ჩვენთვის დიდი ფსიქოლოგიური სტრესია. გავუძლებ ეს ერთი წელი და დავუბრუნდები ჩემს საყვარელ საქმეს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება