"ჰოლივუდში შესვენებები რომ მექნება, თბილისში ჩცდ-ს გადაღებებზე გამოვვარდები ხოლმე" - ბახვა ბრეგვაძის ახალი კინოროლი და სამომავლო გეგმები

"ჰოლივუდში შესვენებები რომ მექნება, თბილისში ჩცდ-ს გადაღებებზე გამოვვარდები ხოლმე" - ბახვა ბრეგვაძის ახალი კინოროლი და სამომავლო გეგმები

ამერიკაში მოღვაწე რეჟისორმა - არსენ აგადჯანიანმა ორი დღის წინ თბილისში ფილმის გადაღება დაასრულა. საკუთარ სურათში არაერთი ქართველი მსახიობი თუ უბრალოდ, ცნობილი ადამიანი მიიწვია. მათ შორის არის ბახვა ბრეგვაძეც. როგორც ის ამბობს, ფილმის შინაარსის გამხელის უფლება არ აქვს. პროექტს ასე ჰქვია - "მან თქვა: დედა". ბახვას ინფორმაციით, ფილმს ემირ კუსტურიცას მემონტაჟე დაამონტაჟებს, ხოლო თავად მას კი უშუალო პარტნიორობას მსახიობი ვიკა კალანდია უწევს, ასევე ბავშვები. თუმცა გადაკვეთა ფილმში მონაწილე ყველა მსახიობთან აქვს, რადგანაც ამბავი მათი ოჯახის გარშემო ვითარდება...

ბახვა გადაღებებზე კასტინგით მოხვდა: "საქართველოში თბილისის კინოფესტივალის ფარგლებში მოიწვიეს პროდუსერი და კასტინგ-მენეჯერი თამარ გოგიჩაიშვილი, რომელმაც მასტერკლასები ჩაატარა. მერე რამდენიმე მსახიობს, მათ შორის მეც, პატარ-პატარა ვიდეოები გადაგვიღო და თან წაიღო. ერთ თვეში მომწერა, რომ ამა და ამ როლზე ვიყავი დამტკიცებული. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა... ცოტა ხანში გავიგე, რომ ჩემი უშუალო პარტნიორი ვიკა კალანდია იქნებოდა, რამაც კიდევ უფრო გამახარა", - ამბობს ბახვა და ჩვენთან საუბარს განაგრძობს, - ''პროექტზე ძალიან კარგი შემოქმედებითი ჯგუფი მუშაობდა, დიდი გამოცდილება მივიღე. გული იმაზე მწყდება, რომ თავის დროზე, თეატრალურ უნივერსიტეტში არ ვსწავლობდი. ბევრი საინტერესო პედაგოგი მეყოლებოდა. თუ გიზო ჟორდანიას ან თემურ ჩხეიძის ჯგუფებში მოვხვდებოდი, დიდად გამიმართლებდა, მათგან რამდენ რამეს ვისწავლიდი. მაგრამ, არა უშავს, პარიზის კინოსკოლის საბუთი ხომ მაქვს, - დანარჩენს გამოცდილება მომიტანს. თან, ცნობილი რეჟისორების მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებზე ხშირად არიან ხოლმე ჩემი პარტნიორები და მეც ვცდილობ, მათგან ის ყველაფერი ვისწავლო, რაც მჭირდება"...

ჩვენი რესპონდენტის ინფორმაციით, ფილმში მსახიობები - მზია არაბული და მამუკა ლორია ცოლ-ქმარი არიან. მათ შვილებს ანა ჯავახიშვილი და ვიკა კალანდია თამაშობენ. სიძის როლში თავად ბახვაა, ანუ ვიკას ქმარი, რომელთაც ერთი უფროსი გოგონა ჰყავთ, ტყუპი (გოგო), წლინახევრის ბიჭი და მეხუთეს ელოდებიან.

ფილმში ასევე თამაშობენ: მიშა გომიაშვილი, ლუკა თარხან მოურავი, სოსო ლაღიძე, თამარა მაყაშვილი, ანი გიუნტერი, გია კორკოტაშვილი და სხვები. მთავარი პროდუსერია თამარ გოგიჩაიშვილი.

- პროფესიით ეკონომისტი, უამრავ სხვადასხვ საქმეს აკეთებ, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველგან ხარ. როგორ ასწრებ და ახერხებ?

- ორი დღის წინ ვიზელიბერალიზაციის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დიდი გათამაშება მიმყავდა. ამ ამპლუაში პირველად ვიყავი და ესეც მომეწონა. მალე ამ საქმესაც "დავამუღამებ". ისე, წამყვანობის გამოცდილება ცოტ-ცოტა მაქვს (რადიოში, ტელევიზიაში, ამა თუ იმ ღონისძიებაზე), მაგრამ ამდენი ხალხის წინაშე პირველად გამოვედი, ყველაფერი მერიის კულტურის სამინისტრომ და "არტარეამ" მოაწყო. "კულინარტი" და "კულინარიის აკადემია" კულინარიულ მხარეს უზრუნველყოფდა. მართლა კარგი ღონისძიება გამოვიდა... გათამაშება 5 საათზე დაიწყო, მთავარ სცენასთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა. გათამაშებაში ხალხი მასობრივად ჩაერთო. ორკაციანი საგზური ახალგაზრდა გოგონამ მოიგო, რომელიც საფრანგეთში არ არის ნამყოფი, მისთვის ორმაგად სასიხარულო აღმოჩნდება ევროპასთან საზღვრების გახსნა. რაც შეეხება ჩემს წამყვანობას, იმედი მაქვს, ცუდი არ იყო, ყოველ შემხვევაში, სცენაზე კომფორტულად და კარგად ვგრძნობდი თავს.

- ჩცდ-ს ახალ სეზონზე შენ და გიორგი ბახუტაშვილს ერთი გაელვება გქონდათ - მას სასულიერო პირისა და შენ მნათეს როლში, თუმცა მეტი აღარ გამოჩენილხართ. რატომ?

- ჩცდ-ში ჩვენი ხმაურიანი გამოჩენა მხოლოდ ერთჯერადი გაელვება იყო. თუ კიდევ იქნება ჩვენი ამბის გაგრძელება, ამას მხოლოდ ეკრანიდან შეიტყობთ. ვნახოთ, რა იქნება. ჩცდ ჩემი ყველაზე საყვარელი პროექტია. დარწმუნებული ვარ, ბევრი წელი იქნება ეს სერიალი და ჰოლივუდში შესვენებები რომ მექნება, თბილისში ჩცდ-ს გადაღებებზე გამოვვარდები ხოლმე...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება