ავტორი:

ნიუ-იორკის პრესტიჟულ სასწავლებელში ნოტების გარეშე - ქართველი ვირტუოზის წარმატების ამბავი

ნიუ-იორკის პრესტიჟულ სასწავლებელში ნოტების გარეშე - ქართველი ვირტუოზის წარმატების ამბავი

ნიკოლოზ ბიჭიაშვილი თვითნასწავლი, ვირტუოზი გიტარისტია, ჯაზს უკრავს და მეოთხე ქართველია, ვინც ნიუ-იორკის პრესტიჟულ სასწავლებელში New School-ში ჩააბარა, თუმცა ამერიკაში გამგზავრებას უსახსრობის გამო ვერ ახერხებს. იქ სწავლისთვის კი სერიოზული თანხა სჭირდება... ნიკუშა იმედს არ კარგავს და არც ფარხმალს ჰყრის, სჯერა, რომ "ნიუ სქულში" აუცილებლად ისწავლის. სწავლისათვის საჭირო თანხის ნაწილი "თიბისი ბანკმა" დაუფინანსა, თუმცა სრული დაფინანსება ჯერ კიდევ მოსაპოვებელი აქვს.

New School მსოფლიოს ტოპ 5-ეულში შემავალი მუსიკისა და ხელოვნების ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია. ნიკოლოზ ბიჭიაშვილი ამ უნივერსიტეტის ჯაზის სკოლაში ჩაირიცხა, რომელიც თავის დროზე, ისეთმა ლეგენდარულმა ჯაზმენებმა დაასრულეს, როგორებიც არიან: საქსოფონისტი ჯოშუა რედმანი, ჯაზ-პიანისტი ბრედ მელდაუ, რობერტ გლასპერსი და სხვები.

ნიკუშა საქართველოდან პირველი ჯაზ-გიტარისტია, რომელიც "ნიუ სქულის" კომისიამ მსოფლიოს 3000-ზე მეტი კონკურსანტიდან საუკეთესო თხუთმეტეულში მიიღო! მასთან საუბარი ზოგადად მუსიკაზე და მუსიკის სიყვარულზე დავიწყეთ:

ნიკოლოზ ბიჭიაშვილი:

- ის, რომ მუსიკალური მონაცემები გაქვს, ან არა, ამ აზრს ბოლომდე არ ვეთანხმები, რადგანაც მუსიკალური მონაცემები არასოდეს ყოფილა გადამწვეტი თუნდაც დიდი მუსიკოსების შემთხვევაში. ის, ვინც მუსიკალური არ არის, მუსიკა იმ დონეზე არც ენდომება, რომ მას დიდი დრო დაუთმოს... ვფიქრობ, ყველაფერი მაინც სურვილიდან მომდინარეობს. ნებისმიერ ადამიანში ალბათ რაღაც ნიჭი არსებობს და მან ცხოვრების განმავლობაში უნდა გაიგოს, რისკენ არის მიდრეკილი. ხშირად ამა თუ იმ პიროვნების ნიჭიერებას საზოგადოება განსაზღვრავს და უმეტესად სცდება ხოლმე, ამის ნათელი მაგალითია ჯუზეპე ვერდი, როცა კონსერვატორიაში არ მიიღეს და უსმენობა დააბრალეს...

- შენს შემთხვევაში რა მოხდა, რამ გადაგაწყვეტინა მუსიკას გაჰყოლოდი?

- მიუხედავად იმისა, რომ მოუსვენარი ბავშვი ვიყავი და მუდმივად შინაც არ ვიჯექი ხოლმე, ფორტეპიანოს მხოლოდ იმის გამო ვეკარებოდი, რომ ბგერები მაინტერესებდა და მათ სერიოზულად ვაკვირდებოდი. 6 წლისა ფორტეპიანოზე მიმიყვანეს, ცოტა ხანში კლასი გამომატოვებინეს იმიტომ, რომ კარგი სმენა და მუსიკისადმი ემოციური კავშირი აღმომაჩნდა, ეტყობა, ცოტა მეტად განვითარებული ვიყავი, ვიდრე ჩემი ასაკის ბავშვები. ცხადია, მონაცემებიც მქონდა, ასე რომ არ ყოფილიყო, ამ საქმისადმი იმხელა სიყვარულიც არ მექნებოდა, რომ ბოლო პერიოდში მთელი დღეების განმავლობაში მუსიკას ჩავჯდომოდი. თუმცა ყველაფერი მაინც იმის ფონზე ხდებოდა, რომ თან სპორტსმენიც ვიყავი, რამდენიმე სახეობაში დაკავებული, ნაკრების წევრიც (ცხენოსნობა, წყალბურთის ახალგაზრდული ნაკრები, ბოლო სამი წელია, სნოუბორდის ნაკრებში ვარ)... მოკლედ, სამუსიკო სასწავლებელიდან 2-წლიანი სწავლის შემდეგ გამოვედი...

- რატომ?

- პროფესორ-აკადემიკოსების ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. ჩემებს ისეთი აღზრდის მეთოდები ჰქონდათ, რომ ბავშვს ყველაფერი უნდა შეძლებოდა და ამის დამსახურება იყო, რომ დავდიოდი საერთოდ ყველაფერზე... მამაჩემს ვიოლინოს კლასი ჰქონდა დამთავრებული და ერთ მშვენიერ დღესაც, სამუსიკო სასწავლებელში მომაკითხა, სადაც უთხრეს, რომ ნოტები არ ვიცოდი იმიტომ, რომ სოლფეჯიოზე არ დავდიოდი, მეზარებოდა. არადა, ბავშვობიდან ასე ვიყავი, რაც არ მინდოდა, გული არ მიმდიოდა, არ ვაკეთებდი...

- აბა, წარმატებულად როგორ ითვლებოდი?

- მასწავლებელი რომ უკრავდა, იმას ვიმახსოვრებდი და მერე ვუკრავდი. სხვათა შორის, დღემდე არ ვიცი ნოტები... მოკლედ, ეს რომ მამამ გაიგო, გაბრაზდა და სასწავლებლიდან გამომიყვანა. იმის მერე სწავლა-განათლებას ისე მივხედე, როგორც მშობლებს უნდოდათ...

- რას გულისხმობ?

- რამდენიმე სპორტის სახეობაზე ერთდროულად დავდიოდი. ასევე ინგლისურზე, სკოლაში. რა მექნა - მაღალი მოთხოვნები ჰქონდათ ჩემ მიმართ პროფესორ მშობლებს და აკადემიკოს ბებია-ბაბუებს. სამწუხაროდ, არ ვიყავი დამჯერი, ცუდი ყოფაქცევის გამო ხუთი სკოლა მოვიარე. მას მერე, რაც სამუსიკო სასწავლებლიდან გამომიყვანეს, მეცხრე კლასამდე მუსიკასთან შეხება აღარ მქონია...

იმ პერიოდში სპორტი და ინგლისური ჩემი მშობლებისთვის პრიორიტეტული იყო. თუ შეჯიბებას მოვიგებდი, უხაროდათ, ეამაყებოდათ. 7 წლიდან მოყოლებული, ინგლისურში აღებული მაქვს ყველა სერტიფიკატი, რაც კი არსებობდა. ჩემებს უნდოდათ, სასწავლებლად კემბრიჯში წავსულიყავი და ამისთვის მამზადებდნენ. რეალურად კი "ჯავახიშვილში" ფილოსოფიური ფაკულტეტი დავამთავრე, რაც ჩემი არჩევანი იყო.

თავიდან გიტარაზე დაკვრა თვითონ ვისწავლე იმისთვის, რომ კლასელებისთვის თავი მომეწონებინა. ერთ მშვენიერ დღეს, მე-10 კლასში თავში რაღაც გადატრიალდა. გვერდით მუსიკალური ბავშვები მყავდა, ტაძარშიც ვგალობდით, ჩვენი სკოლელი იყო მერაბ სანოძის შვილი - ოთო, რომელმაც მამის სტუდიიდან დასარტყამი ინსტრუმენტები მოიტანა, რაზეც დაკვრა დავიწყეთ. იმ დღეების განმავლობაში საოცარი თავისუფლება ვიგრძენი. შემდეგ უკვე ბენდის შეკვრა გადავწყვიტეთ. იმის გამო, რომ ბლუზი ძალიან გვიყვარდა, ვუკრავდით საყვარელ კომპოზიციებს, ბიბი კინგით დავიწყეთ. საერთოდ, გიტარას თავიდან რომ შევეხე, ბიბი კინგის დამსახურება იყო. სულ ჩემით ვისწავლე ყველაფერი, ზოგი სპეციალური წიგნიდან და ზოგი - ინტერნეტით. მოკლედ, ჩემით ჩავწვდი და დავეუფლე ყველაფერს...

- გამოდის, შენ ხარ შენი თავის მასწავლებელი.

- ასე გამოვიდა. საერთოდ, გარემოს ადამიანი ქმნის და თუ ძლიერია, გარემოს მიმართულებასაც კი უცვლის... ასე რომ, მუსიკა არის ჩვეულებრივი ენა, ზოგი თავის სათქმელს წერით გამოხატავს, ზოგი სპორტით და ა.შ. უამრავი გზა არსებობს, რომ სათქმელი თქვა...

- მუსიკა შენთვის ამბის თხრობაა?

- დიახ და არავითარ შემთხვევაში სხაპასხუპით სხვისი ლექსის მოყოლა. მას დიდი ძალა აქვს, ბევრი რამ შეუძლია. მაგრამ ხარისხიანი და უხარისხოს შორის დიდი სხვაობაა. ხარისხიანი რჩება, მდარე ქრება. წარმოიდგინეთ, რომ ფოლკლორიც ასე იფილტრება. ამ პრინციპით ქართულ ფოლკლორში ბევრი რამ დავკარგეთ და დაგვრჩა "ჩაკრულო", "მრავალჟამიერი", "სვანური ნანა", "კრიმანჭული" და ა.შ. ანუ რაც ღირებულია, არ იკარგება...

- როგორია შენნაირი მუსიკოსის ბედი დღევანდელ საქართველოში?

- მთავრი ალბათ ეპოქაა, დღეს საქართველოში ისეთი დროა, რომ უხარისხოსა და ხარისხიანის ნაზავს ვხედავთ და მოვიხმართ. ხარისხიანსაც აკლია პროფესიონალიზმი, რადგანაც აქ არ არის ის დონე, რაც უნდა გვქონდეს. თუ გვინდა, მართლა მაღალი დონის მუსიკოსები - ინსტრუმენტალისტები ვიყოთ, ამერიკასთან შედარებით აქ ძალიან დაბალი დონეა. თუმცა მგონია, რომ 20 წელიწადში ბევრი მაგარი ხელოვანი გვეყოლება, რადგანაც ჩემი თაობის ადამიანები, ძიების პროცესში არიან. ჩვენ, სხვა თაობის შვილები ვართ, სხვა თაობას წარმოვადგენთ. თითქოს ახლა გამოვდივარ კლიშირებული ღირებულებებიდან და შევდივართ ახალში, თუმცა ადამიანების ტვინებში ჯერ დომხალია. ეს კარგიც არის, მთავარია, ამ ყველაფერს მიმართულება მიეცეს. უმჯობესია, თუ განათლებას უცხოეთში მიიღებენ, ანუ აქედან წავლენ.

- ყველა რომ წავიდეს, საქართველო ხომ დაცარიელდება?

- უცოეთში სამუდამო დარჩენას არ ვგულისხმობ. ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ, ადამიანი თუ ფუძეს მოწყდა, უფუძო კაცი ხდება, ასეთი ადამიანი უსახოა... ასეთივე უსახოა თუნდაც თბილისში მცხოვრები ადამიანი, რომელსაც საკუთარ ფუძესთან არანაირი კავშირი არ აქვს და არც უნდა, რომ ჰქონდეს. ჩემთვის ის სუსტი არსებაა!

თუმცა უცხოეთში წარმატებისთვის მიდიან იმიტომ, რომ საქართველოში წარმატება რთულია. აქ თუ იმპოროვიზებული მუსიკით წარმატებული ვერ გახდები, მაგრამ უცხოეთში გაღიარებენ, მხოლოდ ამის შემდეგ ხდება საქართველოში შენი დაფასება!

- სპორტის არაერთ სახეობაში მიღწეული შენი წარმატება ახლა ჰაერში დარჩება?

- კი, სპორტი ჩემთვის ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მუსიკოსობა გადავწყვიტე. უბრალოდ, ასე ხდებოდა ხოლმე, რომ შეჯიბრებაზე გავიდოდი და მოულოდნელად ვიგებდი.

მაგრამ რაც მეტად გინდა, რაშიც უფრო შრომობ, შენი საქმე ის არის. მაგალითად, ცხენოსნობა სხვა რაღაც იყო, მაგრამ იპოდრომი გაიყიდა და გარეთ დავრჩით... ვთამაშობდი კალათბურთს, რაგბისაც, არ ვამბობ, რომ ტალანტი ვიყავი, დიდად არც ვშრომობდი, მაგრამ წარმატება თავისით მოდიოდა, სნოუბორდში დღემდე წარმატებული ვარ, მაგრამ ამ ყველაფერს მაინც ისე ვერ ვუყურებ, როგორც მუსიკას, - უკვე 4 წლის განმავლობაში დღეში 5 საათზე ნაკლებს არ ვუკრავ. ამისთვის დრო მემეტება, ასევე დაგლეჯილი თითები, ნერვებიც...

- მაგრამ უსახსრობის გამო ნიუ-იორკში ჯერ ვერ მიემგზავრები, რადგანაც იმ სასწავლებელში სწავლას და ამერიკაში ცხოვრებას შესაბამისი თანხები სჭირდება. გჯერა, რომ ამ თანხებს მოიპოვებ და წახვალ?

- რა თქმა უნდა. მჯერა, რომ წავალ, ეს რწმენის ამბავია, ადამიანს, რომელსაც სჯერა, ძალიან ძლიერია, ოღონდ, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. ამისთვის უნდა იშრომო. სანამ იქ ჩავაბარებდი, ესეც ისეთივე წარმოუდგენელი ჩანდა, როგორც დღეს რომ დაფინანსებას ვეძებ. მჯეროდა, ასეც მოხდა, ჩავაბარე და ყველას ვუთხარი: ხომ გითხარი-მეთქი?! ახლაც ვიტყვი, - ხომ გეუბნებოდით-მეთქი...

ხასიათის სიმტკიცე ბევრს ნიშნავს, ჩემს თავს დავუმტკიცე, რომ შემიძლია, არადა, ბოლო სამი წლის განმავლობაში 2014 წელს რომ ვაბარებდი, მთაში წავიქეცი და ორივე ხელი მოვიტეხე, 2015 წელსაც ვაბარებდი და იმ დროს, როცა ჩემი მოთხოვნა უნდა გამეგზავნა, საჩვენებელი თითი მანქანის კარში მოვიყოლე, საშინლად დავიზიანე. ფრჩხილი სანამ ამომივიდოდა, თითზე პატარა მუყაოს ვიდებდი და ისე ვუკრავდი. მოკლედ, ამ ყველაფერს თავი არ დავანებე და ნიუს სქულში მეოთხე ქართველი ვარ, ვინც მოხვდა. ამჯერად იქ არ წასვლას ხომ ვამბობ, არც განვიხილავ, მიუხედავად სერიოზული სირთულისა. მადლობა მინდა გადავუხადო, "თიბისი ბანკს", რომელიც გვერდში დამიდგა და გარკვეული თანხა გადმომირიცხა, თუმცა სპონსორის ძებნას მე ისევ გავნაგრძობ!

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება