გაერო-ს ტრიბუნიდან "ცეკვავენ ვარსკვლავებში" - ვინ გაუწევს პარტნიორობას შოუში უმშვენიერეს თათია დოლიძეს

გაერო-ს ტრიბუნიდან "ცეკვავენ ვარსკვლავებში" - ვინ გაუწევს პარტნიორობას შოუში უმშვენიერეს თათია დოლიძეს

ის გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელია. პროფესიით ევროპათმცოდნე, ამბობს, რომ დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს, დღეისათვის ლამის 24-საათიანი რეჟიმში მუშაობს. მიზანმიმართული და საქმეზე ორიენტირებული თათია დოლიძე რასაც უნდა აკეთებდეს, სურვილი აქვს, რომ მაქსიმალურად დაიხარჯოს.

1 წლის წინ, როცა თათია დოლიძე სიტყვით გამოვიდა გაეროს 71-ე გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის სხდომაზე და საქართველოში კონფლიქტის ზონებში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების პრობლემებზე ისაუბრა, მის შესახებ მთელმა საქართველომ გაიგო.

საქართველოს ახალგაზრდა წარმომადგენელს გაეროში მრავალმხრივი ცოდნა და გამოცდილება აქვს. ჰოლანდიაში, მაასტრიხტის უნივერსიტეტში წარჩინებით დაეუფლა მაგისტრის ხარისხს. ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ და ესპანურ ენებს. არის რამდენიმე პუბლიკაციისა და კვლევითი ნაშრომის ავტორი.

ცოტა ხნის წინ კი ახალი, სრულიად განსხვავებული გამოწვევის წინაშე დადგა: მეგაშოუში "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობა შესთავაზეს და ფიქრის შემდეგ დათანხმდა. სულ მალე საცეკვაო შოუს მეშვიდე სეზონი დაიწყება და ამ ლამაზსა და ჭკვიან გოგონას მაყურებელი პროფესიონალ მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილთან ერთად სცენაზე იხილავს.

- ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, ბევრი ვიფიქრე ამაზე. საერთოდ ხელოვნება და მისი ნებისმიერი დარგი მიყვარს, მაგრამ ცალკე ცეკვა-სიმღერასთან დიდი შეხება არასდროს მქონია, მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს და ბავშვობაში გამომდიოდა კიდეც ეს ყველაფერი... დედაჩემს სამხატვრო სტუდია აქვს და ვხატავ. მაგრამ ხომ ვამბობ, ხელოვნებისთვის დრო არასდროს მქონია იმის გამო, რომ საკმაოდ მცირე ასაკიდან მეტ დროს სწავლა-განათლებას ვუთმობდი. გონებას ვავარჯიშებდი, ვიდრე სხეულს... თუმცა ბალერინობა ნამდვილად მინდოდა, მაგრამ არც ბალეტზე მივლია. 21 წლის რომ გავხდი, დედამ ბალერინის ფორმაში დამხატა... ახლა ამ პროექტში ჩართვით, ვიფიქრე, ერთიანად ავინაზრაურებ ჩემი ბავშვობის დანაკლისს-მეთქი.

- პროექტის პროდიუსერი ნოე სულაბერიძე პირადად დაგიკავშირდათ?

- კი და შემომთავაზა მონაწილეობა მიმეღო, მაგრამ ძირითადი პრობლემა დროსთან დაკავშირებით მქონდა. საერთოდ, უდროობას ვუჩივი, ქვეყნიდან გასვლა ხშირად მიწევს. ამიტომ ბევრი ვიფიქრე და ისეთი კონტრაქტი შევადგინეთ, რომლზეც პროექტის ორგანიზატორები გარკვეულ დათმობებზე წამოვიდნენ, რაც საბოლოოდ ჩემთვის მისაღები აღმოჩნდა, თუმცა მაინც ვნერვიულობ, რამდენად მექნება საამისოდ დრო.

როდესაც რაღაცას ვაკეთებ და საზოგადოების წინაშე ვაპირებ გამოსვლას, პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალი მაქვს და ამ დროს ყველაზე მეტად იმას განვიცდი, რამდენად მექნება და მეყოფა დრო. თუმცა, საბოლოოდ მაინც ვიფიქრე, რომ ბევრი გოგონასთვის სტიმულისმომცემი შეიძლება აღმოჩნდეს ჩემი პროექტში ჩართვა. მერე სტერეოტიპების მსხვრევის მომენტიც იყო, რადგანაც როცა სტატუსი გზღუდავს, რაღაცებისგან ვერ თავისუფლდები. იმის გამო, რომ ვარ ლექტორიც, იმაზეც ვიფიქრე, სტუდენტებს რა რეაქცია ექნებათ ჩემს ამ ნაბიჯზე-მეთქი და საბოლოოდ დავასკვენი, რომ რადგანაც შენი ცხოვრების ძირითად ნაწილში პერანგი და პიჯაკი გაცვია, ეს სხვა რაღაცაში არ უნდა გზღუდავდეს!..

თანაც 25 წლის გოგონა ვარ და სანამ ამის შესაძლებლობა მაქვს, ვიშრომებ, სიამოვნებას მივიღებ ამით, ჩემი სხეულისთვისაც კარგია და გამოცდილებასაც მივიღებ. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ვეწევი და ესეც ამისთვის ერთ-ერთი მაგალითი იქნება. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ საზოგადოებაში ამ ჩემი ნაბიჯის გამო სხვადასხვა აზრი გაჩნდეს, თუმცა ვფიქრობ, მაინც მისაღები იქნება.

- გაეროში ახალგაზრდობის წარმომადგენელი ხართ საქართველოდან. თქვენს დღევანდელ საქმიანობაზეც ვისაუბროთ.

- 2 თვეში მანდატი მეწურება, ჩემს შემცვლელს ავირჩევ და ამ ყველაფერს დიდი კამპანიით დავასრულებ... ზოგადად ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობ: ნიუ-იორკში ბოლო გამოსვლა თებერვალში მქონდა, საინტერესოდ და კარგად ჩაიარა. ახლა გამოვაცხადე გამარჯვებული ახალგაზრდა და გაერო-ს დაფინანსებით ოსებთან მოლაპარაკებაზე გავაგზავნი. შემორიგების პროცესებში ვართ ჩართულები და ოს და აფხაზ ახალგაზრდებთან ერთად, აქტიურად ვმუშაობ. ცოტა ხნის წინ პარლამენტში მქონდა გამოსვლა, სადაც კონფლიქტებთან დაკავშირებით ჩემი ხედვები წარვადგინე. შემომთავაზეს ერთ-ერთი კვლევა და კონსულტანტიც ვარ, შეთავაზებული იქნება განსაკუთრებული სტატუსი აფხაზეთისთვის.

ასე რომ, ამ კუთხით ბევრ აქტივობაში ვარ ჩართული. ამასთან, ევროპული პოლიტიკის მიმართულებით, საქართველოს უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობ (ბრიუსელში სამი წელი ვმუშაობდი), ჩეხეთში ლექციებს კი ვკითხულობდი, მაგრამ საქართველოში აქამდე ლექტორობის გამოცდილება არ მქონდა, ასევე განათლების ლაბორატორიაში ორატორულ ხელოვნებაში საავტორო კურსს ვკითხულობ, სადაც 14-დან 35 წლამდე ახალგაზრდები არიან, ვთანამშრომლობ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტთან და მათთვის კვლევებს ვწერ ევროკავშირის ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები რა გავლენას ახდენს საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე და ცოტა ხნის წინ ამასთან დაკავშირებით ჩემი ახალი ნაშრომი გამოქვეყნდა.

- როგორც ცნობილია, სამოდელო გამოცდილებაც გაქვთ...

- ეს ჰობის სახით იყო ყოველთვის, იმის გამო, რომ ამისთვისაც დრო არ მყოფნიდა. უნივერსიტეტში 16 წლის მოვეწყვე და მაშინვე შევედი სამოდელო სააგენტო "ნატალიში", მოდის კვირეულებზე და ჩვენებებზე გამოვდიოდი, რადგან საზღვარგარეთ მიწევდა ხოლმე ყოფნა, ფეშენვიკებს ვერ ვემთხვეოდი, თუმცა ამ სფეროში ყველას ვიცნობ. ვინაიდან მაგისტრატურის კურსს ჰოლანდიის უნივერსიტეტში გავდიოდი, იქაც ჰოლანდიურ სამოდელო სააგენტოსთან დავიწყე თანამშრომლობა, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ იმ საქმიანობას ინტენსიურ სასწავლო კურსს ვერ შევუთავსებდი და სააგენტოს გამოვეთიშე. სულ ბოლოს რა ჩვენებაშიც მივიღე მონაწილეობა, ეს "მერსედეს ბენცის მოდის კვირეული" იყო, სადაც სამჯერ გამოვედი.

სამოდელო საქმიანობისთვის პროფესიული თვალსაზრისით არასდროს შემიხედავს იმიტომ, რომ რასაც ვაკეთებ, ბოლომდე უნდა დავიხარჯო. სამოდელო კარიერა რომ ამერჩია, მთელ დროს იმას დავუთმობდი და შეიძლება იქაც მქონოდა მიღწევები. მართლა დიდ შრომას დებენ გოგოები ამ საქმეში.

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" რა შედეგებზე აკეთებთ ფსონს?

- ჯერ არაფერი ვიცი, გავიცანი მხოლოდ მეწყვილე, ოთო ფოლადაშვილი, პროფესიონალი მოცეკვავე. არაჩვეულებრივი ბიჭია, სასიამოვნო საურთიერთო ადამიანი, რაშიც გამიმართლა. მსუბუქად წავივარჯიშეთ, რითაც თვითონ კმაყოფილი დარჩა, ყოველ შემთხვევაში, ასე თქვა, ვნახოთ, რა როგორ იქნება...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

მთავარი ფოტო: Levan Leko Chkonia

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება