სექსუალური ქართველი მოდელი გრანდიოზული გეგმებით: "მინდა, ერი მეტად გალამაზდეს და გაჯანსაღდეს"

სექსუალური ქართველი მოდელი გრანდიოზული გეგმებით: "მინდა, ერი მეტად გალამაზდეს და გაჯანსაღდეს"

ბავშვობაში კარგად ცეკვავდა, ოღონდ, ქართულს და ანსამბლში, მაგრამ ეს იყო მანამ, სანამ სიმაღლეში საგრძნობლად მოიმატებდა. საუბარია მოდელ ალექსანდრა პაიჭაძეზე, რომლის პარამეტრები დღეს ასე გამოიყურება: 179 სმ, ათლეტური აღნაგობა და სხეულის გარშემოწერილობა - 86X61X90.

"ვინაიდან ანსამბლისთვის ძალიან მაღალი აღმოვჩნდი, ამიტომ 2 წელი მხოლოდ სოლოს ვცეკვავდი", - ამბობს ალექსანდრა, რომელსაც დღეს სულ სხვა პრიორიტეტები აქვს, მათგან კი უმთავრესია, - ბედნიერება მიანიჭოს ადამიანებს, რაზეც AMBEBI.GE-სთან თამამად და გულღიად საუბრობს. უმშვენიერეს ალექსანდრას მაყურებელი ცოტა ხანში მეგაშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" იხილავს!

- რატომ გადავწყვიტე, ვიცეკვო? იმიტომ, რომ ამ ცხოვრებაში ბევრი ინტერესი მაქვს. თუმცა, ახლა ვხვდები, რომ ურთულესი რამ ავირჩიე, ჩემთვის ეს პროექტი დიდი გამოწვევაა, არადა, თავიდან რეიტინგისა და ცნობადობის ამაღლებისთვის დავთანხმდი. თუმცა ბევრი ადამიანი ისედაც მიცნობს, მაგრამ მინდოდა, უფრო მეტს გავეცანი, რადგანაც ბევრი კეთილი მიზანი მამოძრავებს. ეს უნდა ნახოს და იცოდეს ფართო საზოგადოებამ.

- რას გულისხმობ?

- საქმე, რაც წამოვიწყე, ანუ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა. "ინსტაგრამზე" ჩემი მიმდევრებიც მყავს - 16 ათასი ადამიანი, მაგრამ, სამომავლოდ, ამ რიცხვის გაზრდას ვაპირებ. ოღონდ, არა სელფებითა და ლამაზი ტუჩების ფოტოებით, ამის მომხრე არ ვარ. უამრავი გამომწერი რომ გყავს, შეიძლება, მათ კეთილი საქმეც გაუკეთო. ასე რომ, რადგან მოდელი ვარ, სიტყვაზე, საქმე მხოლოდ "გუჩის" ფეხსაცმელში არ არის.

ვინც მიცნობს, იცის, რომ ვარ ჯანსაღი ცხოვრების (დაბალანსებული კვება, ვარჯიში, ფიტნესი) პროპაგანდისტი, ასევე დაუზარელი და შრომისმოყვარე ადამიანი. ამიტომ, მინდა, რომ ერი მეტად გალამაზდეს და გაჯანსაღდეს. თითოეულს მეტი მოტივაცია მიეცეს. ბედნიერი ვიქნები თუ ამ მიმართულებით ერთ-ერთი გურუ ვიქნები. ჰოდა, მიმაჩნია, რომ ეს პროექტი დიდად დამეხმარება, რომ საკუთარი შესაძლებლობები, თავი წარმოვაჩინო იმიტომ, რომ დავამტკიცო ის, რასაც ვლაპარაკობ.

- შენი აზრით, როგორი უნდა იყოს თანამედროვე ქალი, გოგონა?

- მინდა, იყოს დამოუკიდებელი, ოპტიმისტი, საკუთარ თავში დაჯერებული, თუ არ არის, უნდა მიხვდეს, რა აკლია იმისთვის, რომ სრულფასოვანი, უკეთესი გახდეს. მით უფრო, რომ ქალის შესაძლებლობას საზღვარი არ აქვს. თუ მოვინდომებთ, ყველაფერს შევძლებთ! ბევრი მწერს, გარკვეული კითხვები აქვთ, ისინი უნდა დავაჯეროთ და დავარწმუნოთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია, ოღონდ, თვითშეფასების, თავდაჯერებულობის მიმართულებით სამუშაო ბევრია.

- როდის გადაწყვიტე ასეთი ცხოვრება?

- ჩემს თავზე ვხუმრობ ხოლმე - ძალიან კეთილი ვიყავი-მეთქი... საერთოდ, გლობალურად მოაზროვნე ადამიანი ვარ და ეს არის. ვიღაცები მეკითხებიან, რატომ გინდა, რომ ყველა გალამაზდეს? ბევრი ვერ ხვდება ჩემს მიზანს, მაგრამ რასაც გულით ვგრძნობ და მინდა, იმას ვცდილობ. ელემენტარულია, როგორც გინდა, რომ მოგეპყრან, ისე მინდა, რომ სხვებს მოვეპყრა...

- აქტიურად მონაწილეობ მოდის კვირეულებში?

- ბოლო დროს იშვიათად, რადგანაც დატვირთული გრაფიკი მაქვს. საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობ.

- პოდიუმზე გამოსვლა შენთვის რას ნიშნავს?

- როდესაც ცუდად ვიყავი და დეპრესია მქონდა, პოდიუმზე გამოსვლა არ მინდოდა, იქაც ცუდად ვგრძნობდი თავს... არადა, როცა სცენაზე დგახარ და ბევრი ადამიანი გიყურებს, საკუთარი თავი ბოლომდე კარგად უნდა წარმოაჩინო. თავდაჯერებული უნდა იყო და გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. არადა, შეიძლება დეპრესია დაგეწყოს, თვითშეფასების უნარი დაეცეს, მოკლედ, ყველაფერი ფუჭდება, ამიტომ მნიშვნელოვანია თავდაჯერებულობა.

- დეპრესია რატომ დაგემართა?

- დეპრესია პირად ცხოვრებაში მიღებული ემოციით იყო გამოწვეული, როდესაც სამი წლის წინ მეუღლეს გავშორდი... საბედნიეროდ, დავძლიე...  

- ე.ი. მარტოხელა დედა ხარ...

- კი, თუმცა ჩემი ოჯახის წევრები გვერდში მიდგანან, მყავს არაჩვეულებრივი შვილი, 5 წლის დემეტრე...

- როგორც ვიცი, რეპეტიციები უკვე დაიწყე. მოგწონს ცეკვა?

- კი, თუმცა არ არის ადვილი. თან, პერფექციონისტი ვარ და ყველა დეტალს ამ შემთხვევაში მნიშვნელობას ვანიჭებ. როცა რაიმე არ გამომდის, ცუდ ხასიათზე ვდგები. თან, ძალიან რომ ცდილობ, უფრო არ გამოდის ხოლმე, მაგრამ ჩემი პარტნიორი, მაქსიმ ლეონოვი მაგარი ბიჭია, უკრაინელია, თავის უკრაინელ გელფრენდთან ერთად ჩამოვიდა. ყველაფერს ფანტასტიკურად მიხსნის, თან, მყვება, რაც მამშვიდებს.

- ამ პროექტით რაზე აკეთებ აქცენტს, გარდა იმისა, რაზეც უკვე ილაპარაკე?

- ბინა მინდა, რა თქმა უნდა, არ მაქვს ჩემი სახლი და ძალიან მინდა! ასევე მაინტერესებს, რამდენად მექნება მაყურებლის მხარდაჭერა. რამდენად შევძლებ იმის გაკეთებას ისე, როგორც ვსწავლობ. ეს ყველაფერი ხომ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ახალი ეტაპია, ლამაზი შოუ, რომელსაც ცხოვრების შემდეგი ეტაპისთვის გამოვიყენებ და კარგად დამამახსოვრდება...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

მთავარი ფოტო: ილუშკა თოიძე