კულუარული ამბები "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" - როგორ ჩამოიყვანა ნოე სულაბერიძემ ნახევარი მსოფლიო საქართველოში საცეკვაოდ

კულუარული ამბები "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" - როგორ ჩამოიყვანა ნოე სულაბერიძემ ნახევარი მსოფლიო საქართველოში საცეკვაოდ

თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ, პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ტელეკომპანია "იმედში" დაბრუნდა და ისევ პოპულარული პროექტის "ცეკვავენ ვარსკვლავების" გენერალური პროდიუსერია. ასევე, სრულიად ახალი პროექტის, "პრაიმშოუს" იდეის ავტორი და ერთ-ერთი წამყვანი, რომელიც ეთერში გასულ კვირას უკვე გავიდა.

"მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც აქ არ ვიყავი, მონატრებას ვგრძნობდი, ეს საქმე მენატებოდა, რასაც ახლა ვაკეთებ... თუმცა ერთი პერიოდი ძალიან "გადავიწვი," ბოლოს, როგორც უკვე ვთქვი, მივხვდი, რომ ამის გარეშე ჩემთვის რთული იყო ყოფნა", - ამბობს ნოე.

ორ მასშტაბურ პროექტში ერთდროულად ჩაერთო, მაგრამ ორი პროექტის გაძღოლა მაინც რთულია და უხარია, რომ "პრაიმშოუს" პროდიუსინგზე პროდიუსერი მაია სტეფნაძე დასთანხმდა, ადამიანი, ვისაც პატივს სცემს და ერთ-ერთ ძლიერ პროდიუსერად მიაჩნია.

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" VII სეზონს საერთაშორსო მაინცდამაინც წელს რატომ უწოდეთ, უცხოელები ხომ ყოველთვის მონაწილეობდნენ?

- ამ დოზით არ ყოფილან, როგორც წელს. მონაწილეობს ჰოლანდიელი, ბრაზილიელი, უკრაინელი...

- ბრაზილიელი მოდელი - ანი ბაროში როგორ იპოვე?

- ჩემი მეგობრის, ნუკა ყარალაშვილის მეშვეობით შევეხმიანე, რომელიც იმ მომენტში ბრაზილიაში იმყოფებოდა, ვთხოვე, - ჩემთვის კარგი გარეგნობის, წარმატებული მოდელი მოეძებნა და ანის დამაკავშირა, რომელიც მართლაც წარმატებულია, პარიზსა და მილანში "ა კლასის" დიზაინერების ჩვენებებში მონაწილეობს...

- კარგი გოგოა, მაგრამ პლასტიკაში ცოტა უჭირს...

- მოდელია, მოცეკვავე არ ჩამომიყვანია, მინდა, ეს ყველამ კარგად გაიგოს... მოცეკვავე რომ ყოფილიყო, მაშინ ამ პრეტენზიას მივიღებდი. თავიდან ყველას უჭირს. დარწმუნებული ვარ, რომ თანდათან გაიხსნება და უკეთესად იცეკვებს. მიმაჩნია, რომ წელს ყველა კონკურსანტი კარგია...

- VII სეზონი მარტო იმით არის გამორჩეული, რომ საერთაშორისოა?

- ჯერ ერთი, გამოსახულებაა სხვანაირი, სრულიად გამორჩეული, რაც კი შეიძლება ამ ქვეყანაში გაკეთდეს და არსებობდეს, ასევე იმით, რომ კონკურსანტები, მეტ-ნაკლებად კარგად ცეკვავენ და თითოეულს მშვენიერი მონაცემი და რესურსი აქვს. მართალია, საპრეზენტაციო ტურში ქულები თავისებურად გადანაწილდა, მაგრამ ეს ის სეზონია, სადაც აუტსაიდერს ვერ ვხედავ.

- საქართველოს მეექვსემილიონე ტურისტი ჯასპერ ბლექიც შენ დაითანხმე, რომ პროექტში ეცეკვა?

- ყველა მე მოვიწვიე და ფანქველამ (ზურა ფანქველაშვილი, რეჟისორი). ჯასპერი სრულ შოკშია, მისი ცხოვრება ყოველ დღე ისე კარდინალურად იცვლება, რომ ხანდახან უჭირს დაჯერება, სად არის, რას აკეთებს იმდენად დიდი ბედნიერების განცდა

აქვს. ეს ყველაფერი მისთვის სერიოზული პოზიტივია. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიელია, ბარსელონაში ცხოვრობს, სადაც შესანიშნავად გრძნობდა თავს, მაგრამ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ასე მოულოდნელად საქართველოში ამდენი სასიხარულო ამბავი შეემთხვა...

- გიორგი ბახუტაშვილმა მოლოდინს გადააჭარბა. კარგი პლასტიკა გამოავლინა. ადვილად დაითანხმე გიორგი, იგივე ბახუტა პროექტში მიეღო მონაწილეობა?

- ეს ის პროექტია, სადაც დათანხმება-არდათანხმებაზე არ არის ლაპარაკი. ყველაზე რეიტინგული შოუა და ზოგადად კარგი ტონია, ცეკვებში მონაწილეობა. ბახუტა პროექტის მიმართ თავიდანვე ძალიან დადებითად განეწყო, რაც ჩვენ ძალიან გვიხარია.

- ერთ-ერთმა ათლეტური გარეგნობის კონკურსანტმა ირაკლი მაქაცარიამ ქართველი ქალების გული უკვე დაიპყრო. მისი ცეკვაც მოეწონათ.

- მაქაცარიასაც მოსწონს, რომ ქალბატონებს მოსწონთ (იცინის). ის პოპულარულია ასევე უკრაინაშიც.

- გამოდის, ირაკლი ორ ახალ პროექტში ერთდროულად ჩაერთო, რადგანაც "ცეკვავენ ვარსკვლავების" პარლელურად, "პრაიმშოუში" ერთ-ერთი წამყვანია. რატომ?

- კი, ის "იმედის" სახეც გახდა. ვინაიდან პროექტის ისტორიის მანძილზე, ტელეკომპანიის სახეები ყოველთვის მონაწილეობდნენ, ესეც ამ პრინციპიდან გამომდინარეა. რატომაც არა...

- ...მაგრამ ქართული საზოგადოებისთვის მაინც ახალი სახეა.

- ამაში საგანგაშო არაფერია... აქვე მინდა ვთქვა ის, რომ საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ჩავრთეთ უკრაინაში პოპულარული მსახიობი ვიქტორია ვარლევი. მას ქართული წარმომავლობა აქვს. ბერიძეა, უბრალოდ, საცხოვრებლად უკრაინაში რომ გადავიდა, იქ ამ სახელით და გვარით გააცნო საზოგადოებას თავი. ძალიან ცნობილ სერიალებსა და ფილმებში თამაშობს და ისიც სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე. მოკლედ, იქაურ გადაღებებს მოვწყვიტეთ და აქ ჩამოვიყვანეთ. როდესაც "ცეკვავენ ვარსკვლავების" ქართული ვერსია ნახა, თუ რა მასშტაბის პროექტია, მაშინვე დაგვთანხმდა. 

- ჟიურის შემადგენლობაში ქართველებისთვის უცნობი წევრი - ლიზი მორია წარმოდგენილი. რას გვეტყვი მასზე?

- ის სამეჯლისო ცეკვებში საერთაშორისო არბიტრია. სერიოზული სპეციალისტია. 27 წელია, ისრაელში ცხოვრობს. ჟიურიში ასევე არის დარენ ბენეტი, ადამიანი, რომელიც ამ პროექტის არსებობის დღიდან მისი ნაწილია, ანუ "ბიბისიმ" პირველად რომ გააკეთა ეს შოუ, მონაწილეობდა, შემდეგ იყო მსაჯი არაერთ ქვეყანაში, მთავარი მსაჯი, საინტერესო პიროვნებაა, სხვადასხვა ქვეყანაში იწვევენ და ჩვენც მოვიწვიეთ მთავარი მსაჯის სტატუსით.

- ამ სეზონზე გოჩა ჩერტკოევი რატომ არ არის. ის ხომ უკვე ამ პროექტის ნაწილია. არადა, მოლოდინი იყო, რომ იქნებოდა...

- არაფერია გამორცხული, - ის ისევ ითანამშრომლებს ჩვენთან, იმედია, შემდეგში მასთან გრაფიკის დალაგებას მოვახერხებთ. ასევე სოფო შევარდნაძესთან...

- როგორც გენარალურ პროდიუსერს, რა სურვილები და მოლოდინი გაქვს სეზონის დასაწყისში?

- მინდა, რომ ამ სეზონმა კარგად ჩაიაროს და ორივე გადაცემა იყოს წარმატებული.

- "პრაიმშოუს" ამდენი წამყვანი რის მიხედვით შეარჩიე?

- პოპულარობით, დამაჯერებლობითა და კონტრასტით. თუ დააკვირდებით, არცერთი ერთმანეთს არ ჰგავს, ხასიათითაც კი.

- პროექტს და კონკურსანტებს რომ დავუბრუნდეთ. სოციალურ ქსელში ხშირად გაისმის კითხვა, - რომელია მანდ ვარსკვლავი?..

- ვარსკვლავი - ძალიან პირობითი ცნებაა, ვიღაცისთვის ესა თუ ის ადამიანი შეიძლება ვარსკვლავი იყოს, ვიღაცისთვის - არა. ეს ტიტული, ან სიგელი ხომ არ არის, რომ ადამიანს მინიჭებული ჰქონდეს. ჩემთვის ყველა ვარსკვლავია, ვინც მაგ პროექტში მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, ისიც მესმის, რომ ყოველთვის იქნებიან განაწყენებულებიც, რაც ჩვენთვის არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენს. პირიქით, მოგვწონს კიდეც კრიტიკა, უბრალოდ, ამ კრიტიკის ფონზე კიდევ უფრო ვძლიერდებით და მეტი სტიმული გვეძლევა უკეთესი შედეგისთვის.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება