გაიცანით, დიზაინერი, რომელიც ულამაზეს კოსტუმებს 3 დღეში ქმნის - ვინ ზრუნავს "ცეკვავენ ვარსკვლავების" კონკურსანტთა ჩაცმულობაზე

გაიცანით, დიზაინერი, რომელიც ულამაზეს კოსტუმებს 3 დღეში ქმნის - ვინ ზრუნავს "ცეკვავენ ვარსკვლავების" კონკურსანტთა ჩაცმულობაზე

"ცეკვავენ ვარსკვლავების" მიმდინარე სეზონი მისთვის რიგით მერვე მეგაპროექტია, მანამდე იყო - "ვოისი", "ერთი ერთში", "ორი ვარსკვლავი", "შენ შეგიძლია ცეკვა" და უკვე მესამედ - "ცეკვავენ ვარსკვლავები". საუბარია დიზაინერ ლაშა ჯოხაძეზე, რომელიც ამჯერადაც კონკურსანტების, მოცეკვავეებისა და წამყვანების ჩაცმულობაზე ზრუნავს...

ამბობს, რომ ეს ყველაფერი მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა და საკუთარ გუნდთან ერთად, საოცარ რეჟიმში უწევს ამ საქმის კეთება. სირთულეები ბევრია, მაგრამ ცდილობს, რომ ყველაფერს თავი უპრობლემოდ გაართვას. "ცეკვის სრულიად განსხვავებული ჟანრებია, - რუმბა, პასადობლი, ვალსი, ტანგო, - ყველას თავისი სპეციფიკა აქვს და ეს ყველაფერი კოსტიუმებში უნდა გამოიხატოს", - გვეუბნება ლაშა.

- ცეკვების ჟანრების გაცნობა ყოველ ჯერზე გიწევთ?

- ყველაფერს დასაწყისშივე გავეცანი, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ მეოთხე სეზონიდან ეს საქმე მე უნდა მეკეთებინა. თან, პრომო იყო გადასაღები და თითოეული ცეკვის სპეციფიკასა და ხასიათს ახლოს გავეცანი. ხომ ვამბობ, ეს სრულიად განსხვავებული საქმიანობაა, თითოეული მათგანი ერთმანეთისგან და ზოგადად ფეშენვიკებისგან, მოდის ჩვენებებისგან აბსოლუტურად განსხვავდება.

- რაშია ეს განსხვავება?

- სამოსი ყველას ინდივიდუალურად უნდა მოერგოს, უნდა იყოს კომფორტული, რადგანაც ეს არის მოძრაობა, პლასტიკა, ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. თან, ამ თუ იმ ჟანრს, მიმართულებას ზუსტად უნდა წარმოადგენდეს, ასახავდეს, ამართლებდეს. საერთოდ კი, ამ ყველაფრის მიმზიდველი მხარე ის არის, რომ ფერადი, ბრჭყვიალა პროექტია.

- როგორც ვატყობ, თქვენს შინაგან სამყაროსთან ახლოს არის.

- კი, საქმე, რაზეც ვმუშაობ, ჩემთან ახლოსაა, მხოლოდ ვალდებულების მოხდის გამო არ მიყვარს მუშაობა. სიამოვნება უნდა მივიღო საქმიანობისგან. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოდ ურთულესი პროექტია, ამ ყველაფრისგან ვიღებ დადებით ემოციას, ასე რომ არ იყოს, თავიდანვე უარს ვიტყოდი.

- კვირიდან კვირამდე ამდენი კოსტიუმია მოსასწრები: ჯერ უნდა მოიფიქროთ, ესკიზი გააკეთოთ და შექმნათ... არადა, ვადები შემჭიდროებულია...

- ამისთვის სრული კვირა არ გვაქვს, მხოლოდ, 3-4 დღეა, რომ მოვასწროთ და ეს არის მთელი სირთულე. თან, წინასწარ ხომ არ ვიცი, ვინ გავარდება, შემდეგში ვის რა ცეკვა შეხვდება, რა ტური იქნება და ა.შ.

- კონკურსანტების ხასიათს ეცნობით და ამას მუშაობისას ითვალისწინებთ?

- რა თქმა უნდა, - ყოველთვის ჩემი მიდგომა მაქვს. რომ ვმუშაობ, აუცილებელია, ვიცოდე კონკურსანტის აზრი და ეს ქმნის ორივე მხრივ დიდ კომფორტს. სხვანაირად რთულია. თითოეულთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ზოგადად, კონფლიქტურ, დაძაბულ დამოკიდებულებას და გარემოს შექმნას ვერიდები. ჯერ არ მახსოვს, ვინმესთან რაიმე გაუგებრობა მქონოდა. არ ვიცი, ეს ჩემი ბრალია თუ კონკურსანტების, რომ ასე არიან ჩემ მიმართ განწყობილები. ფაქტი ის არის, რომ ამით ბედნიერი ვარ.

- მათ აზრს ვითვალისწინებო. რა მოთხოვნები აქვთ ხოლმე?

- თავიდან ნებისმიერი მათგანისთვის ცოტა რთულია პროექტთან, კოსტუმებთან შეჩვევა, რადგანაც ყველაფერი ეუცხოვებათ, ამიტომ ქალბატონებს თხოვნა აქვთ ხოლმე, ძალიან მოკლე არ შემიკეროთ, ან არ ჰქონდეს ზედმეტად ამოღებული გული, - რაც აბსოლუტურად მესმის. ადამიანი სცენაზე ამხელა აუდიტორიის წინაშე სრულიად სხვა ამპლუაში გამოდის და ეუხერხულება ნახევრად გაშიშვლება. არადა, ამ დროს ნებისმიერ ცეკვას თავისი ჩარჩო აქვს. არის ვალსის კაბა, სამბა-რუმბის, ჩა-ჩა-ჩასი, თავის წესებში უნდა მოაქციო... პირველი ორი ეპიზოდის შემდეგ უკვე ამასთან შეჩვევა უწევთ და ბოლოს ყველაფერი მწყობრში დგება. კომპლექსი თანდათან ეხსნებათ და უკვე თვითონ ხვდებიან, ჯობია მოგვენდონ და უკვე მათ კომფორტულობაზე მაქსიმალურად ვზრუნავთ.

- ამ რეჟიმში ამდენი სხვადასხვა ფერის, სტილის კოსტიუმის კეთებისას ლაფსუსები არ ხდება?

- ლაფსუსები ყველგანაა, მაგრამ იმ დონეზე არა, რომ ეკრანზე გამოჩდეს, ან რომელიმეს სამოსიდან რამე მოძვრეს, გაირღვეს, დაიხეს, დაიკარგოს. იმედია, ასეთი რამ არც მოგვივა, მთლიანობაში ვფიქრობ, რომ ხარისხიანად ვქმნით.

- ყოველ შოუს ესწრებით?

- აუცილებლად იქ ვარ, მერე ყველა კოსტიუმს ვიბარებ...

- და მათი ხელახლა გამოყენება ხდება?

- ის "იმედის" საკუთრებაა და მათ რჩებათ. ვეწინააღმდეგები ამ სამოსის მეორედ გამოყენებას, რადგანაც ეს არც ლამაზი და არც სწორი გადაწყვეტილება იქნება. ხანდახან პრომოს გადაღებაზე შეიძლება რომელიმე დაგვჭირდეს, თუ რამეს ვერ ვასწრებთ, რაღაცას გადავაკეთებთ ხოლმე და ისე ვიყენებთ, მაგრამ ის, რომ წინა სეზონის კოსტიუმი შემდეგ სეზონზე გავიმეორო, გამორიცხულია. ეს არ მოხდება!

- შოუს რომ უყურებთ, პირველი რას აკვირდებით - კოსტიუმს თუ კონკურსანტის ცეკვას?

- ცეკვას ვერ ვუყურებ, ასეთი ჩვევა მაქვს, კოსტიუმს ჯერ "ლაივში" დეტალურად ვაკვირდები და მერე აუცილებლად ეკრანზე ვუყურებ. ყველაფერი ხომ ეკრანისთვისაა ზოგადად შექმნილი და ასეთი შოუები ამაზეა გათვლილი. ჰოდა, ეკრანზე ვამოწმებ. სულ ფორმაში და ტონუსში ვარ.

- ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ შემდეგ სეზონზე თავად იცეკვოთ, ანუ კონკურსანტი გახდეთ?

- ამაზე არ მიფიქრია, თუმცა არავინ იცის, ვნახოთ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება