"მე რომ წავიქცე, ჯულიანაც წაიქცევა" - გიორგი ბახუტაშვილი კულისებს მიღმა და მოულოდნელი ნომრის სამზადისში

"მე რომ წავიქცე, ჯულიანაც წაიქცევა" - გიორგი ბახუტაშვილი კულისებს მიღმა და მოულოდნელი ნომრის სამზადისში

ყველასთვის საყვარელი "ცოტნე ცოტაშვილი" ანუ მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი, იგივე ბახუტა დღესდღეობით სრულიად სხვა რეჟიმზეა გადართული, - ცეკვავს, რითაც უდიდეს სიამოვნებას იღებს, შედეგებიც მეტყველებს და მაყურებელიც ხედავს, რომ ეს საქმეც კარგად გამოსდის. ურიგო ნომრები არ წარმოუდგენია, რაშიც მისი პარტნიორი პროფესიონალი და წარმატებული მოცეკვავე ჯულიანა ბარგნარი ეხმარება. ცეკვების სწორად შერჩევა, თავდადებული მუშაობა, ბევრი ვარჯიში, პროფესიონალების რჩევის გათვლისწინება და რაც მთავარია, პლასტიკურობა, ბახუტას ძალიან ეხმარება. ის დღეს მეოთხე ცეკვის წარმოსადგენად ემზადება.

AMBEBI.GE მას რეპეტიციის დროს დაუკავშირდა.

- "მხრები ქვემოთ რომ დაგეწიოს, წყლით სავსე ვედროებით იარე ", - ეს რჩევა ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა - ლიზი მორიმ მოგცა. ითვალისწინებ ამ რჩევას?

- კი, დავიწყე ვედროებით სიარული, - ბოლომდე ვავსებ და ასე დავდივარ...

- მერე გაიმართე წელში?

- კი, მაგრამ ახლა "ჰიპ-ჰოპს" ვცეკვავ და ისევ მოვიხარე. დღეს რომ მნახავს ქალბატონი ლიზი, არ ვიცი, რას მეტყვის, მაგრამ ეს ცეკვა ამას მოითხოვს...

- პროექტის მანძილზე რა ისწავლე?

- პირველ რიგში, ჩემი სხეული კარგად გავიცანი, ნებისყოფას ვცდი, გარდა ამისა, ცეკვებს ვსწავლობ, მაგრამ ყველაფერი წინ არის, ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სასწავლი. მხოლოდ მეოთხე ცეკვაზე ვმუშაობ.

- ნასწავლი ცეკვებიდან რომელი უფრო მოგეწონა?

- ყველა თავის "პონტში" კარგია, ყველა საინტერესოა. სხვადასხვა ქვეყნის ცეკვებია და შესაბამისად, ამდენი ქვეყნის კულტურასთან გვაქვს შეხება... რთულია, ამაზე ადრეც ვილაპარაკე, - სამეჯლისო ცეკვებს ასე თუ ისე გავუგე, მაგრამ ახლა "ჰიპ-ჰოპი" ავიტეხე, მასზე მუშაობისას კიდევ ერთი საინტერესო კვირა გავატარე.

- ჯულიანასთან ცეკვის შერჩევისას, რეპეტიციაზე ხომ არ კამათობ?

- სართოდ არ ვკამათობთ, პირიქით, კარგად გვესმის ერთმანეთის, სულ მგონია, რომ წავიქცე, ჯულიანაც სინქრონში წაიქცევა, ჩემი ეს მარცხი რომ გაამართლოს, ძალიან კარგი პარტნიორია. "თავის თავის" მოცეკვავე არ არის, გვერდით მდგომზე სულ ფიქრობს.

- ერთ-ერთ ცეკვაში, ეპიზოდი იყო, როიალს დაეჯახე, ვარდი და როიალიც წააქციე. ეს ზოგმა ისე გაიგო, რომ ცეკვისას წაიქეცი...

- იმ ცეკვაში როიალამდე მილიონ რაღაცას დავეჯახეთ და წავაქციეთ - ასეთი ქორეოგრაფია იყო...

- როგორ გგონია, ფინალამდე მიხვალ და გაიმარჯვებ?

- რაც ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს ვაკეთებ და თუ ეგ ამბავი სარეპეტიციოში გადაწყდება, ამისთვის თავს არ ვზოგავ. რეალურად კი ყველაფერი მაყურებელმა უნდა გადაწყვიტოს.

- მაყურებელი ერთგულად მოგდევს, მხარს გიჭერს. გიმესიჯებს, მაგრამ მგონი, ამას იმსახურებ. გეტყობა, რომ სერიოზულად მუშაობ, მაგრამ იმასაც ვერ გაექცევი, რომ "ცოტნე" ხარ, მაყურებელს ამიტომაც უყვარხარ...

- კი და ეს ყველაფრი გარდა იმისა, რომ სასიამოვნოა და კარგია, ამდენი ხალხი მგულშემატკივრობს და ასეა ჩართული, დიდი პასუხისმგებლობაცაა. ყოველდღიურად უამრავი წერილი მომდის, მირეკავენ. რომ ვფიქრობდი, მიმეღო, თუ არა პროექტში მონაწილეობა, დღევანდელი გადასახედიდან ამაზე მეცინება, რომ თავში როგორ გავივლე, რომ შეიძლება ამ პროექტში არ ჩავრთულიყავი. იმხელა და ისეთ სიყვარულს ვგრძნობ, ვერც კი წარმოიდგენთ.

- ანუ იმაზე მეტს, ვიდრე სერიალის პროცესში?

- მეტია თუ ნაკლები, - ეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ახალი ნაბიჯი მაყურებელმა ჩემგან კარგად მიიღო.

- როდესაც ცეკვის პროცესში გიყურებ, მგონია, რომ ისეთივე პასუხისმგებლობით გამოდიხარ პარკეტზე, როგორც სცენაზე, სპექტაკლის თამაშისას...

- ბევრი რაღაცით ჰგავს ეს სცენა, თეატრის სცენას, იქაც ამბავია, პერსონაჟია, როლია, მაგრამ საკონკურსო ღელვა წინასაპრემიეროს არ ჰგავს, გარდა ამისა, როცა სპექტაკლს თამაშობ, შეგიძლია, თეატრში რა ხასიათზეც მიხვალ, მთელი წარმოდგენა იმ ხასიათზე ითამაშო. რაღაც იმპროვიზაციაც გაურიო, ცეკვაში ეს მინიმუმამდეა დაყვანილი, რადგანაც ზუსტად ის უნდა წარმოადგინო, რაც დადგმულია, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი აირევა. უნდა თვალო ნაბიჯები, სვლები, ეს ჩემთვის ცოტა დისკომფორტია და სულ მინდა, რაღაც ახალი მოხდეს ლაივზე და სიმართლე რომ ვთქვა, ამას მაინც ვახერხებ, რომ რაღაც ახალი იყოს და არადაგეგმილი.

- მგონი, წონაშიც დაიკელი...

- კი, 7 კილო "საკაიფოდ" დავიკელი, მაგრამ ისეთი რეჟიმია, შეუძლებელია აქ წონა შეინარჩუნო, მაგრამ მთავარი მაინც სწორი კვებაა, რომ ენერგია გქონდეს...

- კონკურენტებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- წარმატებებს ვუსურვებ ყველას, მაგრები არიან. ჩვენ შორის დაძაბულობა არ ყოფილა. ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ და თუ ვიღაცას რაღაც ვერ აქვს ისე, ვამხნევებთ და გვერდში ვუდგავართ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება