ვინ არის "გრიშა კაკაჩიას" უცნობი შვილი და რა სიცარიელე შეუვსო დავით კვირცხალიას პერსონაჟს "თემური ძიგუამ"

ვინ არის "გრიშა კაკაჩიას" უცნობი შვილი და რა სიცარიელე შეუვსო დავით კვირცხალიას პერსონაჟს "თემური ძიგუამ"

"თემურ ძიგუა გრიშაევიჩი რომ არ აღმოჩნდეს, გავგიჟდები", "გრიშა რა კარგი ტიპი ყოფილა, ამ ბიჭს სახლიდან რომ არ აგდებს," "ვაა, კაკაჩიას შვილი გამოუჩნდა?" - პოპულარული სერიალის აქტიური მაყურებელი ინტერნეტსივრცეში ასეთ კომენტარებს წერს...

"ჩემი ცოლის დაქალების" მდიდარ ბიზნესმენს, რომელსაც შვილი არ ჰყავს, ერთ მშვენიერ დღეს ახალგაზრდა კაცი გამოეცხადება და მის შვილობას იჩემებს, თუმცა გრიშა დნმ-ს ანალიზის გაკეთების წინააღმდეგია და მისთვის უცნობ ადამიანს, ჯერ მხოლოდ აკვირდება. სანამ გაირკვევა, არის თუ არა თემურ ძიგუა გრიშა კაკაჩიას ვაჟი, მანამდე გავიცნოთ მსახიობი ბექა ლემონჯავა, რომელსაც სერიალში ეს როლი ერგო.

ბექა თეატრის "რუთაველის 19"-ის მსახიობია, რომელიც რეჟისორ სანდრო მრევლიშვილის ხელმძღვანელობით დაარსდა (ახალი თეატრი ახალგაზრდული დასით რუსთაველის გამზირზე, 19 ნომერში მდებარეობს, ''ანდერგრაუნდში'' და აქვს კამერული სივრცე. ის 1974 წელს დაარსებული "მეტეხის თეატრია", რომელიც 2007 წლიდან "გლობუსი" იყო).

ბექა თეატრალურ უნვერსიტეტშიც სანდრო მრევლიშვილის სტუდენტი გახლდათ, სასწავლებელი 2013 წელს დაამთავრა, მაგრამ პროფესიული საქმიანობა მაშინვე არ დაუწყია, რადგანაც უცხოეთში იყო. როგორც არაერთი მსახიობი, პოპულარულ სერიალში მისი თქმით, სტანდარტულად, კასტინგის გავლით მოხვდა, თუმცა სერიალში მუშაობის გამოცდილება აქვს - რამდენიმე წლის წინ, "შუა ქალაქში" პანკი ბიჭის როლი ჰქონდა, ითამაშა ''ტიფლისშიც''...

- მოგწონთ თქვენი პერსონაჟი, - გრიშა კაკაჩიას ვაჟი, თუ ადამიანი, რომელიც მის შვილობას იჩემებს?

- არ ვიცი, ჯერ კარგად არ გამიცვნია... სერიალი და სცენარი პარლელურად იწერება, მეტს ვერაფერს გეტყვით... თან, მე ხომ ვერ შევაფასებ, არც ეს შემიძლია, ეს მაყურებელმა უნდა გააკეთოს.

- მაყურებელთა დიდმა ნაწილმა, რომლისთვისაც ამ პერსონაჟის გამოჩენა მოულოდნელი იყო, თქვენი ნამუშევარი მიიღო ისე, როგორც შესთავაზეთ...

- დიდი მადლობა... საკუთარ თავს ეკრანზე ვერ ვუყურებ, არ შემიძლია. ძალიან იშვიათად ვაკეთებ ამას.

- ახლობლები რას გეუბნებიან, ან ქუჩაში რა რეაქციები აქვთ თქვენს დანახვაზე?

- არ ვიცი, მგონი, მოეწონათ, მაგრამ მათთან არ მისაუბრია. ახლობლებს კი ზოგჯერ არ ვუჯერებ. თუმცა, მადლობას ვეტყვი მაყურებელს, რომ მიყურებენ...

- უშუალო პარტნიორობა დავით კვირცხალიასთან გიწევთ და იმ მსახიობებთან, რომლებიც გრიშა კაკაჩიას გარემოცვას წარმოადგენენ. როგორი პარტნიორია ბატონი დავითი?

- საინტერესო პარტნიორია, რაც მთავარია, პროფესიონალია, ხოლო სერიალში როგორ განვითარდება მოვლენები და ამბავი, ამაზე საუბრის უფლება არ მაქვს და ეს რეალურადაც არ ვიცი. ამ ჯგუფთან ერთად საკმაოდ საინტერესოა მუშაობა, კარგი ჯგუფია. აქტიურად ვსაქმიანობთ და მეტს ვერაფერს გეტყვით, - შიდა სამზარეულოს გარეთ ვერ გამოვიტან.

- ზოგადად თუ იყავით ამ სერიალის მაყურებელი?

- რაღაც პერიოდი კი, სისტემატურად - არა... ახლა მასში მონაწილეობა და სამუშაო ჩემთვის საპასუხისმგებლოა...

- სერიალში მეგრელების გარემოცვაში აღმოჩნდით და მეგრული ერთი ფრაზაც გქონდათ. როგორც გაირკვა, რეალურად მეგრელი ყოფილხართ.

- კი, მეგრული ძირი მაქვს, ჩხოროწყუდანაა ჩემი გვარი, მაგრამ თბილისში ვარ დაბადებული და გაზრდილი. ენა ვიცი, სოფელი მაქვს სამეგრელოში და იქ ვისწავლე...

- აბა, მეგრელებში პატივსაცემი ადამიანი იქნებით... და აქვე მოსალოდნელია, რომ სერიალში მეგრულად მეტად ალაპარაკდეთ.

- კი, მეგრელებში ძალიან პატივსაცემი ვარ (იღიმის)... რაც შეეხება ჩემს მეგრულად ალაპარაკებას, ვნახოთ, ჯერ არ ვიცი...

- კადრს მიღმა და სცენის მიღმა რითი ხართ დაკავებული?

- ვუკრავ გიტარაზე, მეტს არც არაფერს ვაკეთებ. თავისუფალ დროს ხან ვკითხულობ, ხან ფილმებს ვუყურებ, ვმღერი...

ახლა მის ეკრანულ "მამას" გრიშა კაკაჩიას მოვუსმინოთ.

დავით კვირცხალია: "გამოჩნდა ეს კაცი, მაგრამ ჯერ არაფერი ვიცით, რა იქნება"

- არც ის იცით, როგორ შეიძლება განვითარდეს ამბავი, როგორ შეიცვლება გრიშა კაკაჩიას ცხოვრება?

- ჯერ იმას გეტყვით, რომ ბედნიერებაა, როდესაც მსახიობს ახალ სიუჟეტს გაძლევენ და მიხარია, რომ სულ მოულოდნელი ბარიერების გადალახვა მიწევს. მოკლედ, გრიშა კაკაჩიასთან ასეთი სიახლეა. ვიმეორებ, რა მოხდება ამის შემდეგ, არ ვიცი, მაგრამ ის, რომ მაყურებლის თვალში გრიშა დადებითი პიროვნება ხდება, - ეს ფაქტია. ეს არის ის სიცარიელე, რომელიც მას მთელი ცხოვრება მოჰყვება, - სულ იმეორებს, - "ხომ იცი, როგორ მინდოდა შვილი", "ბიჭი მინდოდა, მყოლოდა"... ამიტომ, არ აქვს მნიშვნელობა, ის კაცი ბოლოს ვინ აღმოჩნდება... 

მთავარია, რომ ის სიცარიელე, რომელიც ამ კაცს მთელი ცხოვრება დასდევდა, ის დადებითად თუ უარყოფითად ივსება. გრძნობა, რომელიც არ განუცდია, რაც შვილის მიმართ შეიძლება ადამიანს ჰქონოდა, იმ გრძნობას თითქოს ეუფლება და ამ უცნაური შეგრძნების შევსების პროცესშია. თან, ამ ყველაფერს თითქოს უცებ განიცდის...

- თუმცა ნათესავები, რომლებსაც მის ქონებაზე უჭირავთ თვალი, გრიშას ამის საშუალებას არ აძლევენ. სცენარისტი ამით ცხოვრების ამ მანკიერ მხარესაც აჩვენებს და იმასაც - რთ შეხედვით, არც ისე დადებითი პერსონაჟი ამ სიტუაციაში როგორ იქცევა...

- გრიშა ამბობს კიდეც, "შვილი რომ მყოლოდა, უნდა გაგხარებოდათ, გვერდში დამდგომოდით და პირიქით იქცევით? არ გინდათ, რომ გავიხარო? არ მითქვამს, რომ ჩემი შვილია, მას ჯერ მხოლოდ ვაკვირდები. რატომ ღელავთ ამაზე"? სხვათა შორის, ეს განზოგადებაა, რადგანაც მსგავსი რამ მხოლოდ სამეგრელოში არ შეიძლება მოხდეს, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასა და კუთხეში... საყოველთაო პრობლემაა. ისიც უნდა ვთქვა, რომ სიუჟეტის ასე განვითარება სცენარის ავტორის დამსახურებაა, რაც, ხომ ვამბობ, ჩემთვის მოულოდნელი იყო.

- როგორც ჩანს, თქვენი პერსონაჟის უფრო პოზიტიური კუნჭულის წარმოჩენა გადაწყვიტა.

- რასაც მანამდე ვაკეთებდი, ყოველთვის ვცდილობდი, რომ გრიშა ცოტა სიკეთით შემემოსა, კუთხურობა კი ახასიათებს, მაგრამ ხომ არავის აწუხებს? პირიქით, მასთან მოდიან და ყველას უნდა, რომ რაღაც გამოსტყუოს. კი, მისი შინაურები ამას ცდილობენ და მაინც უკმაყოფილოები არინ.

ალბათ რაღაცნაირად ჩემს მიმიკაში, საქციელში, გამოხედვაში ჩანდა, რომ პერსონაჟს ვუთანაგრძნობდი და ასეთი სიურპრიზი დამახვედრა. საერთოდ მაოცებს ქეთი დევდარიანი, ხანდახან მგონია, საიდან იცის ამდენი, არადა, საკმაოდ ახალგაზრდაა. ბევრს შრომობს, არადამიანურად და ეს თავდადება უფასდება. საერთოდ, მთელი ჯგუფი ასეთია, რაც ძალიან მომწონს...

- მართლა უყვარს თქვენი პერსონაჟი მაყურებელს...

- ასაკში ვარ და ადამიანურად მიხარია. ძალიან ცნობილი ადამიანებიც მაქებენ... ის, რაც ახალგაზრდობაში მაკლდა, ახლა ვივსებ, დიდი მადლობა ყველას ამისთვის.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება