რატომ ვერ შედგა ცერებზე მარკუს მეტრეველი - "ნამდვილად არ ვარ ასეთი, როგორიც ბევრს ვგონივარ..."

რატომ ვერ შედგა ცერებზე მარკუს მეტრეველი - "ნამდვილად არ ვარ ასეთი, როგორიც ბევრს ვგონივარ..."

მარკუს მეტრეველი "ცეკვავენ ვარსკვლავების" VII სეზონში იმისთვის ჩაერთო, რომ საკუთარი თავი, შესაძლებლობები გამოეცადა და ორ ტურზე ცეკვაზეც თანახმა იყო. თუმცა, არაერთ წინააღმდეგობას გაუძლო, ისევ პროექტშია და ახლა მეშვიდე ეპიზოდისთვის ემზადება. ამბობს, რომ შოუში ორი ოცნება უკვე აიხდინა...

AMBEBI.GE მარკუსს რეპეტიციისას დაუკავშირდა.

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" გვერდზე ვკითხულობდი შენი მისამართით გამოქვეყნებულ კომენარებს. ძირითადად წერენ, "როგორი სხვანაირი ყოფილა, ასეთი არ გვეგონაო"...

- მართლა? სხვათა შორის, მსგავსი რამ ჩემზე ბევრისგან მსმენია... უცხო ადამიანები შეხვედრისას თითქმის ერთსა და იმავეს აღნიშნავენ, რომ სრულიად სხვანაირი ვეგონე, - უხეში, ხისტი... არადა, ნამდვილად არ ვარ ასეთი, როგორიც ბევრს ვგონივარ...

შესაძლოა, ასეთი აზრი ჩემი იმიჯის გამო უჩნდებათ და ან ალბათ იმიტომ, რომ ტელევიზიით არც ისე ხშირად ვჩანვარ. არადა, შინაგანად ჩემი ემოციური მდგომარეობა, ხომ ვამბობ, რადიკალურად განსხვავდება გარეგნულისგან. ვარ პოზიტიური ადამიანი და არცერთი ნეგატივი არ არის ჩემში. ეს არის მთავარი...

- თავად როგორ აფასებ საკუთარ იმიჯს?

- ძალიან განსხვავებული, დახვეწილი და მორგებული იმ სტანდარტებზე, რასაც მსოფლიო ითხოვს, ძალიან თანამედროვეა.

- ამას მუდმივად ცდილობ?

- არ ვცდილობ, ბავშვობიდან ასე ვიმოსები. არ მინდა, რომ ყველას ვგავდე, რაც ყოველთვის გამომდის.

- რა ადგილი უჭირავს ცეკვას შენს ცხოვრებაში? ბავშვობაში ცეკვავდი?

- არასდროს მიცეკვია, თუ იმას არ ჩავთვლით, როგორც ხდება ხოლმე, როცა ბავშვობაში მშობლებს ცეკვაზე დაჰყავთ შვილები. მხოლოდ ორი წელი ვიარე. ამ საქმეს სერიოზულად არ ვეკიდებოდი. ცეკვაზე უფრო იმისთვის მიმიყვანეს, ტანის დაჭერა, ჯდომა, სწორი დგომა მესწავლა. ძირითადად სიმღერით ვიყავი დაინტერესებული. მთელი ცხოვრება ასე იყო და ამიტომ პროფესიულად ცეკვას არასდროს დავუფლებივარ, ამ პროექტში ჩართვა კი ამ მიმართულებით პირველი სერიოზული მცდელობა და გამოცდილებაა. პირველად შევეჭიდე ასეთ რთულ საქმეს.

- სცენაზე სიმღერისას ცეკვა არ დაგჭირვებია?..

- როდესაც ევროპაში შოუებს ვაწყობდით, ჩემს სიმღერასთან ერთად, პატარა მოძრაობებს, მცირე ილეთებს ვაკეთებდი, მაგრამ ეს პროფესიონალურ დონეზე ნამდვილად არ ყოფილა, რაც ახლა მიწევს, - მოცეკვავის ჰაერში აზიდვა, კისერსა და წელზე ჩამოკიდება... რთულ აკრობატულ ილეთებს ვაკეთებ და საოცარ გამოცდილებას ვიღებ.

სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან გამიჭირდა, ნებისმიერ არაპროფესიონალს გაუჭირდება, როდესაც რაღაცას პირველად აკეთებს - კუნთი არ არის შეჩვეული, ასეთ დატვირთვას გაუძლოს.

- თუმცა, როგორც ვიცი, მთელი ცხოვრება ვარჯიშობ...

- ზუსტად ამაშია საქმე, რომ ასეთ დროს სხეული იკვრება. პლასტიკა ნაკლები გაქვს. ამიტომ ბევრი მუშაობა გჭირდება, რომ პლასტიკა შეიძინო, ესთეტურად და კარგად წარმოაჩინო შენი ნომერი.

- როდესაც გითხრეს, პროექტში უნდა გეცეკვა, რა რეაქცია გქონდა?

- როცა ამ პროექტს წლების განმავლობაში ვუყურებდი, სულ ვფიქრობდი, შევძლებდი თუ არა, ამ ცეკვებისთვის თავის გართმევას. როდესაც პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ დამირეკა, გამიკვირდა, თითქოს შოკი დამემართა, მაგრამ ფსიქოლოგიურად მაშინვე ჩავერთე და 2-დღიანი ფიქრის შემდეგ, ამ გამოწვევას დავთანხმდი. დავინტერესდი, მართლაც რამდენად შევძლებდი 1-2 ტურში მონაწილეობას. მოკლედ, თავი გავართვი და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მიზანი და ოცნებაც ავისრულე. ორი დიდი ოცნება მქონდა: მეცეკვა ქართული ტური და მეცეკვა ან ჯულიანა ბარგნართან, ან სალომე ჭაჭუასთან.

- ოივე აიხდინე?

- კი, "ქართულ ტურში" ვიცეკვე და ახლა ერთ-ერთთან (არ ვიტყვი ვისთან), ვემზადები, რომ მეშვიდე ეპიზოდში ვიცეკვო. აქვე ვიტყვი, რომ საუკეთესო პარტნიორი მყავს, ირა კვიტინსკაია, პროფესიონალი მოცეკვავე, არაჩვეულებრივი გოგო.

- რატომ ვერ შეძელი "ოსურის" წარმოდგენისას ცერებზე შედგომა?

- ცერებზე შედგომა ერთი-ორი დღით კატასტროფულად რთულია, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, ცერებზე შევდექი. ქორეოგრაფებმა ეს ნახეს, რომ შევძელი, პრომოშიც კარგად ჩანს, მაგრამ რეპეტიციაზე ფეხის თითები დამიწყლულდა, კანი ამძვრა, მერე კი ფიზიკურად შეუძლებელი იყო, "ლაივი" ცერებზე მეცეკვა. ასე რომ, მიზეზიც ეს იყო... ეს ცეკვა თითქოს ჩემი აღმოჩნდა, თავი კარგად ვიგრძენი და ცეკვისას დიდად ვისიამოვნე...

- ფსონს რაზე აკეთებ? პროექტის მოგება გინდა?

- რადგან აქამდე მოვედი, ჩემს თავს უკვე გამარჯვებულად ვთვლი, მაგრამ რაც შეეხება ფინალს და გამარჯვებას, აქ სხვა ადამიანებს მოვიაზრებ და მათ ვგულშემატკივრობ, რადგან არ მიფიქრია იმაზე, გამემარჯვა. პროექტში სხვა კონკურსანტები გაცილებთ უკეთესად ცეკვავენ და არ ვარ ისეთი ამბიციური, რომ ვინც ჩემზე კარგად ცეკვავს, ვთქვა, რომ მათზე კარგი ვარ, არ შემიძლია, ეს ბოროტებაა! ამიტომაც ვარ ადეკვატური და ჯანსაღად ვაფასებ სიტუაციას და იმას, რა შემიძლია და რა არა.

დარწმუნებული ვარ, ფინალში საუკეთესოები დარჩებიან. ზოგადად კი ყველას ვგულშემატკივრობ. ძალიან ძნელია ტურიდან ტურამდე მოხვიდე, დიდი, ჯოჯოხეთური შრომის ფასად ჯდება.

პროექტი ნებისმიერ შემთხვევაში იმას დამიტოვებს, რომ ბევრი საყვარელი ადამიანი გავიჩინე და ვმეგობრობ მათთან: მათ შორისაა მთელი "ცეკვავენ ვარსკვლავების" სტაფი, მენეჯმენტი, მოცეკვავეები, ვარსკვლავები, ვინც ამ პროექტს აკეთებენ. თითოეული მათგანი ძალიან მიყვარს და ჩემთვის ეს არის მთავარი, რაც შეიძლება ბევრი კარგი მეგობარი მყავდეს. კარგი ადამიანებით იყოს ჩემი ცხოვრება დაკომპლექტებული, დანარჩენი ყველაფერი შოუს ნაწილია. ბოლოს უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გულშემატკივარს, ვინც ერთი ესემესიც კი გამომიგზავნა!

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება