"ვუთხარი, რომ მიყვარს და ჩავეხუტე" - როგორ იხსენებს მონიკა ბელუჩისთან შეხვედრას ედმონდ მინაშვილი და რას ჰყვება კანის კინოფესტივალზე

"ვუთხარი, რომ მიყვარს და ჩავეხუტე" - როგორ იხსენებს მონიკა ბელუჩისთან შეხვედრას ედმონდ მინაშვილი და რას ჰყვება კანის კინოფესტივალზე

რუსთაველის თეატრის მსახიობი, კინოპროდიუსერი და პროექტის "შინდისი" ავტორი და ხელმძღვანელი ედმონდ მინაშვილი რამდენიმე დღეა კანის კინოფესტივალიდან დაბრუნდა. ბევრი კინომოყვარულისთვის საოცნებო ზეიმზე მოხვედრა პრაქტიკულად შეუძლებელია, ედმონდმა ეს მოახერხა და AMBEBI.GE-ს ახლა სწორედ იქაურ შთაბეჭდილებებს უზიარებს.

"ეს არ იყო ჩემთვის პირველი ფესტივალი, ევროპის კინოაკადემიის ოფიციალური წევრი ვარ, ეს წოდება შარშან მომენიჭა და იქ საქართველოს წარმომადგენელი გახლავართ, ამისთვის გარკვეული საფეხურების გავლა მომიხდა, რაც პირნათლად შევასრულე. ჩვენ სფეროში საპასუხისმგებლო სტატუსია, წონიანი... კანის ფესტივალი ყველასთვის მიუწვდომელია და ფესტივალებს შორის ყველაზე სერიოზული და მაგარი. იქ ჩემი დიდი პროექტით გახლდით, რომელსაც "შინდისი" ეწოდება და სწორედ მისი განვითარების სტატუსით ვიყავი კანში, საიდანაც ოფიციალური მოწვევა გვქონდა", - გვეუბნება რესპონდენტი.

"შინდისი" აგვისტოს ომის თემაზე შექმნილი პროექტია, რომელზეც 2 სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ედმონდ აბაშიძეს უკვე გადაღებული აქვს. ამ პროექტის ნაწილია ასევე 17 ქართველი გმირის და თავდადებული მეომრის სახელზე შექმნილი მემორიალი, ეკლესია, წიგნი, რომელსაც ახლა მხატვრული ფილმიც დაემატება.

"ვინაიდან პროექტის ყველა ნაწილი უკვე შესრულდა, ახლა ფილმის გადასაღებად ვემზადებით და კანშიც სწორედ ამ ფილმის განვითარების მიმართულებით ვიყავით წარმოდგენილები. იდეის ავტორი, პროექტის ხელმძღვანელი და მთავარი პროდიუსერი ვარ... ფილმი ოფიციალურად ჩაშვებულია და გადაღებას აგვისტოს პირველი რიცხვებიდან ვიწყებთ.

როგორც გითხარით, სწორედ ამ პროექტის განვითარების ფარგლებში ვიყავით ოფიციალურად კანში მიწვეულები", - ამბობს ედმონდი.

- ფესტივალზე მსახიობი მერაბ ნინიძეც იყო, რომელიც თქვენს ფილმში მთავარ როლს ითამაშებს...

- კი, ოღონდ, მერაბი უნგრული ფილმით იყო იქ წარდგენლი. ჩვენ მეგობრები ვართ და ფესტივალზეც ერთად ვიყავით. დავესწარი მის ნამუშევარს და ვგულშემატკივრობდი... მერაბი უნიჭიერესი მსახიობია და ჩვენს ფილმში მთავარ როლზეა დამტკიცებული.

"შინდისი" საფესტივალო იქნება და მომავალ წელს მის პრემიერას კანში ვგეგმავთ.

- რა ემოცია და შთაბეჭდილება დაგიტოვათ ფესტივალმა?

- ალბათ ის, რომ ვერასდროს მოვეშვები მას, ყოველთვის რაღაც ისეთს შევქმნი, რომ იქ აღმოვჩნდე. მით უფრო, რომ დიდი შანსი გვაქვს, მომავალ წელს კანზე ვიყოთ, ამისთვის ნიადაგი უკვე მოვსინჯეთ, თან, პროექტს დაინტერესება აქვს.

- ფესტივალის მსვლელობისას "ფეისბუქის" გვერდზე მონიკა ბელუჩისთან გადაღებული სელფი განათავსეთ. მოგვიყევით მასთან შეხვედრის შესახებ...

- მონიკა ჩემი ოცნების ქალია... მადლობა ღმერთს, იმ მოწვევის კატეგორიაში ვიყავი, სადაც ამ ტიპის საზოგადოებასთან მქონდა ყოველდღიური შეხება. ერთ დღეს ის იმ პავილიონში შემოვიდა, სადაც მეც ვიყავი... დაცვა (15 კაცი) დაჰყვებოდა, მის გვერდით არავის აჭაჭანებდნენ და ასეთ სურათსაც შევესწარი, - მის სანახავად დასტინ ჰოფმანმა გაიწია, რომ მისალმებოდა, მაგრამ დაცვამ არ მიუშვა, ხელი ჰკრა, ვერ იცნო ჰოფმანი... მონიკამ ეს რომ დაინახა, უთხრა, - გამოუშვით, მეგობარია და მას თბილად ჩაეხუტა.

მოკლედ, ამ ქალბატონთან პავილიონში რატომღაც ახლოს აღმოვჩნდი. "მონიკა, ექსქიუზმი! (უკაცრავად)" - შევძახე, ისეთი დაძახება გამომივიდა, როგორც ჩანს, ყური მოსჭრა, რითაც მისი ყურადღება დავიმსახურე. ახლა შენელებულ კადრებად ვიხსენებ, თვალებში როგორ შემომხედა... მისი ღიმილნარევი თვალები რომ დავინახე, ცუდად გავხდი. "მოდი!" - დამიძახა. მივედი და ვუთხარი, რომ მიყვარს და ჩავეხუტე. მან ულვაშებზე მომკიდა ხელი და გამისწორა. მითხრა: "საოცარი წვერ-ულვაში გაქვს". ედმონდი მქვია-მეთქი და ხელზე ვაკოცე. ვუღიმოდით ერთმანეთს, ირგვლივ უამრავი ჟურნალისტი და ფოტოგრაფი იყო... ვთხოვე, ერთ ფოტოს გადავიღებ თქვენთან-მეთქი და სელფიც გადავიღე. ბოლოს ვუთხარი, - მე ვარ ქართველი და საქართველოში, ჩემს სამშობლოში გეპატიჟებით-მეთქი. არ იცოდა, სად იყო საქართველო... ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ქალბატონი საქართველოში ჩამოვიყვანო...

- ალბათ კიდევ ბევრ სხვა ვარსკვლავსაც შეხვდით.

- საოცარ გარემოცვაში ვიყავი - აქეთ უილ სმიტი, იქით - მედს მიკელსენი... ადელის საღამოზეც აღმოვჩნდი... ეს ნამდვილი ზღაპარი იყო...

- ე.ი. თავს ვარსკვლავად გრძნობდი...

- კი, დიდ ვარკვლავად... სურვილი გამიჩნდა, ერთ დღეს წავიყვანო შესაბამისი პირები იქ, ვისაც სახელი, ძალა და უნარი აქვს. ის ყველაფერი უნდა ნახონ, თუ რამხელა ინდუსტრიაა კანის კინოფესტივალი და ასეთი ღონისძიება ზოგადად, ქვეყანას რამხელა წარმატებას მოუტანს ეკონომიკურად, პოპულარიზაციის მიმართულებით. ამისთვის კინოში ინვესტიციის ჩადება ნამდვილად ღირს. კინოს განვითარება სახელმწიფომ პრიორიტეტად უნდა გაიხადოს. ამაზე დიდ პოპულარიზაციას ქვეყანას ვერაფერი მოუტანს, რა საშუალებაც კინოს აქვს.

მე და ჩემს მეგობრებს იქ ყოფნისას სურვილი გაგვიჩნდა, რომ საქართველოში ფესტივალი დავაარსოთ. ქუთაისზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული, რადგანაც ფესტივალი თბილისსა და ბათუმში უკვე არსებობს... ქუთაისს დიდი პოტენციალი აქვს, თავის სილამაზით, არქიტექტურით, ისტორიით, რომ მაღალი ღონის დონის კინოფესტივალს უმასპინძლოს.

- საერთაშორისო კონტაქტები უფრო გააღრმავეთ, ალბათ მის გამოყენებას ამ საქმეშიც აპირებთ.

- რა თქმა უნდა. ფესტივალი უნდა იყოს საერთო ზეიმის ობიექტი... უნდა იცოდეთ კანში რა ხდება. ნამდვილი საოცრება. როგორი ბედნიერია მთელი ქალაქი, ერი, საფრანგეთი... ერთ პატარა კუნძულზე, 10 დღის განმავლობაში, დილიდან დაღამებამდე, სრული ზეიმია. იმ ყველაფრიდან იმხელა შემოსავლები აქვს კანს, რომ წლიდან წლამდე სხვა საქმის კეთება ალბათ არც სჭირდებათ. ამასთან, ისტორიული ფესტივალია, უკვე 70 წელია, მიმდინარეობს. დამერწმუნეთ, რომ კინოფესტივალის მოწყობა ჩვენთან მარტივადაა შესაძლებელი თუ ამის სურვილი და კეთილი ნება იქნება. კანის ფესტივალს ვერასდროს დაეწევი, მაგრამ საფეხურებად, დასაწყისად ღირს, უნდა გააკეთო და სწორი ნაბიჯები გადადგა, თან, რაღაც ისეთი უნდა შექმნა, რაც სხვას არ აქვს. მე და ჩემს მეგობრებს ამისთვის გვაქვს კარგი იდეები და რესურსიც.

- კი მაგრამ, კინო ხომ უნდა გქონდეს, ეს ნაბიჯი რომ გადადგა?

- არ არსებობს ფესტივალი, სადაც ქართული კინო არ ფიგურირებს. ახალგაზრდა რეჟისორები საინტერესო ფილმებს იღებენ. საქართველოში ბევრი ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა კინომწარმოებელი მოდის...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

19 წელი ერთად - ჯულია რობერთსისა და დენი მოდერის სიყვარულის ამბავი, რომელმაც დროს გაუძლო

რევოლუციონერი, პოეტი, მექალთანე, "შესანიშნავი ქართველი" - რუსეთში დადგმული სკანდალური სპექტაკლი სტალინზე, რომლის პრემიერის შემდეგ, პუტინსაც კი მიმართეს

გაერთე Festival Haerze და მოიგე საგზური კვიპროსში - უპრეცედენტო შემოთავაზება ფესტივალის ორგანიზატორებისგან