რა მოსწონს პარტნიორებში ეკა ამირეჯიბს და როგორ მოიწამლა "ცეკვავენ ვარსკვლავებით"

რა მოსწონს პარტნიორებში ეკა ამირეჯიბს და როგორ მოიწამლა "ცეკვავენ ვარსკვლავებით"

ტელეკომპანია "იმედის" მშვენიერი წამყვანი ეკა ამირეჯიბი "ცეკვავენ ვარსკვლავებით" "მოიწამლა" გასულ სეზონზე, როცა შოუს კონკურსანტი იყო. წელს კი მეგაშოუს წამყვანის ამპლუაში მოევლინა მაყურებელს და  შესანიშნავ პარტნიორობას უწევს ისეთ შოუმენებს, როგორებიც დუტა სხირტლაძე და კახა კინწურაშვილი არიან.

"შარშან ამ პროექტში თვითონ ვმონაწილეობდი. ამიტომ ამ შოუს წაყვანას ჩემთვის დამატებითი ღირებულება აქვს, გარდა იმისა, რომ წამყვანი ყოველთვის გრძნობს ასეთი შოუს წაყვანისას დიდ პასუხისმგებლობას. მოკლედ, ჩემთვის ბევრს ნიშნავს ამ შოუში საქმიანობა იმიტომ, რომ ვიცი, ეს ყველაფერი რა სირთულეებთან არის დაკავშირებული. ვიცი, რა ელფერი აქვს კონკურსის დღეს, როდესაც "ლაივია", - მონაწილეები ამას სხვანაირად განიცდიან. დიახ, ამ ყველაფრის მაჯისცემას კარგად ვგრძნობ.

ხუთშაბათი რომ მოდის, უკვე ვიცი, რა მდგომარეობაში არიან, რადგანაც ბოლო დღეა, ქორეოგრაფია აქვთ დასამთავრებელი და ცეკვა დასახვეწი. ამიტომ ჩემი, როგორც წამყვანის ამ შოუში დაბრუნება მნიშვნელოვანია, კონკურსანტები გულთან ახლოს მყავს. მგონი, საერთოდ, რაღაცა დამემართა, მოვიწამლე, ამ პროექტის მიმართ გულგრილი ვერ ვარ. ალბათ დიდხანს ასე იქნება და სულ მექნება ეს შეგრძნება. ამ შოუს, რა თქმა უნდა, სირთულეები ახლავს, ასევე ბედნიერებაც მოაქვს," - ამბობს ეკა.

ის გასულ სეზონზე ნახევარფინალამდე მივიდა. გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა, მაგრამ იქ მიღებული გამოცდილებით უკმაყოფილო არ არის. ხანგრძლივი გზა გაიარა, რაც მძაფრად ახსენდება.

- ამ პროექტამდე თუ გიცეკვიათ?

- ბავშვობაში, ქართულ ცეკვაზე, ერთი-ორი წელი მაინც დადიან ხოლმე. არასოდეს, არსად მიცეკვია. შოუში ისე ჩავერთე, ამ მიმართულებით არანაირი გამოცდილება არ მქონდა. "ლათინზე" ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. ამიტომ ბევრი ვიფიქრე, სანამ მონაწილეობაზე დავთანხმდებოდი.

გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა, რაღაც ეტაპზე უარზეც კი ვიყავი. მერე პროდიუსერები დამცინოდნენ, - ჯერ ძლივს დაგვთანხმდი და ახლა თავს არ გვანებებო.

- კიდევ რომ შემოგთავაზონ შოუში ცეკვა?

- ამაზე მეც მიფიქრია, მაგრამ პასუხი არ მაქვს. თუმცა, არ მინდა, საკმარისი იყო, რაც იყო, მეორედ ალბათ გამიჭირდებოდა, თუმცა ცეკვა იმდენად მენატრება არასაკონკურსო გარემოში, რომ არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მივიღებდი...

- მრავალმხრივი ხართ: მუსიკოსობა, მსახიობობა, ტელეწამყვანობა, შოუს წამყვანობა - ამ ბოლო საქმიანობას კიდევ სხვა რესურსი სჭირდება. ერთიდან მეორე რეჟიმზე გადართვა არ გიჭირთ?

- რთულია... პირველი სერიოზული ტელეგამოცდილება "რუსთავი 2-"ში მივიღე, ეს იყო კორესპონდენტობა, წამყვანობა, ლაივში მუშაობის რეჟიმი, სირთულეები, ბევრი რამ გამოვცადე... რადიომაც მნიშვნელოვნად შემიწყო ხელი, ჩემი პირველი სამსახური სპორტული რადიო "ჯაკო" იყო, რომელშიც ცოტა ხანს ვიმუშავე, შემდეგი რადიო "ფორტუნა". რადიოგამოცდილება მნიშვნელოვანი შეღავათია და კარგი ტრამპლინია შემდეგი ნაბიჯებისთვის. სიმართლე რომ ვთქვა, არ მინერვიულია იმაზე, როგორ ვისაუბრებდი, ამბავს როგორ მოვყვებოდი, მოკლედ, კარგი მოსამზადებელი პერიოდი გავიარე.

"ცეკვავენ ვარსკვალავები" ჩემი მესამე შოუა, იყო - "დღის შოუ", "შენ შეგიძლია ცეკვა", თუმცა ახალი პროექტი - "იმედის დილა" ჩემთვის სიახლეა.

- შოუში პარტნიორობას გიწევს შოუს გამოცდილი წამყვანი - დუტა სხირტლაძე და არანაკლებად საინტერესო შოუმენი - კახა კინწურაშვილი. როგორია მათთან თანამშრომლობა?

- ფანტასტიკური პარტნიორები არიან. კარგი წამყვანი მეგაშოუების თვალსაზრისით ბევრი არ გვყავს, რადგანაც იყო კარგი მსახიობი, არ ნიშნავს, რომ კარგი წამყვანი ხარ. იშვიათად იყრის თავს ერთ ადამიანში ყველა საჭირო თვისება, რაც ასეთი შოუს წამყვანს სჭირდება. კახასთან პირველად ვმუშაობ და ჩემი დიდი კომპლიმენტები მას. არაჩვეულებრივად მოგყვება, სხვა აუცილებელ თვისებასთან ერთად, აქვს პარტნიორის შეგრძნების უნარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მიუხედავად იმისა, რომ დუტა უკონკურენტო შოუმენია, სტაჟზე არ მაქვს ლაპარაკი და გამოცდილებაზე, მიუხედავად ამისა, დუტას აქვს კარგი თვისება, პარტნიორის შეგრძნების. ალბათ კარგ მსახიობს ეს განარჩევს სხვებისგან, გრძნობდე პარტნიორს და გქონდეს იმპროვიზაციის უნარი, მიუხედავად შენი უკონკურენტობისა და ლიდერობისა. ამიტომ, არასდროს გამჭირვებია მათთან დუეტში მუშაობა მას მერე, რაც პირველივე დღიდან სცენაზე დავდექი. მოკლედ, ორივესთან მომწონს თანამშრომლობა.

- ყოველთვის მშვენიერ ფორმაში ხართ. ამას დიდი დრო მიაქვს?

- დიდი მადლობა, კი, მაგასაც დიდი შრომა სჭირდება... ჩემს სამოსზე დიზაინერი ლაშა ჯოხაძე ზრუნავს, რაც ძალიან კარგად გამოსდის, ჩემს იდეას ზუსტად იგებს, რა მინდა. მეც ყოველთვის ვცდილობ, მასთან ჩემი ჩანაფიქრით მივიდე. ლაშა კოლოსალურ საქმეს არის შეჭიდებული და იმხელა საქმე აბარია ჩვენს არხზე, რომ აბსოლუტურად მესმის. ისეთ ნიუანსებსა და დეტალებს ითვალისწინებს გარეგნობაში, მაოცებს. ცდილობს, ყოველ ჯერზე კოსტიუმი წინა ტურის კოსტიუმს არ ჰგავდეს, იყოს სხვა და მრავალფეროვანი, რაშიც, როგორც ვთქვი, თავად ვარ ჩართული, ლაშა ამის საშუალებას და უფლებას თავად მაძლევს. ამ მხრივ, მასთან მუშაობა ძალიან კომფორტულია.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება