კონსტანტინე ვარდელს გერმანიიდან ხვალ ჩამოასვენებენ

კონსტანტინე ვარდელს გერმანიიდან ხვალ ჩამოასვენებენ

დაკრძალვა 25 ივნისს 14:00

სამოქალაქო პანაშვიდი 25 ივნისს 12:00 საათიდან

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია

19 ივნისს გერმანიის კლინიკაში გარდაიცვალა სულხან ცინცაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის პირველი ვიოლინო, ზაქარია ფალიაშვილისა და ეროვნული პრემიების ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ პედაგოგი, პროფესორი - კონსტანტინე ვარდელი.

საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი - კონსტანტინე ვარდელის, თამაზ ბათიაშვილის, ნოდარ ჟვანიასა და ოთარ ჩუბინიშვილის შემადგენლობით, 1966 წელს შეიქმნა. თითოეული სოლისტის ბრწყინვალე საშემსრულებლო ოსტატობამ, ეროვნულ მუსიკალურ ფესვებთან დაკავშირებულმა მკაფიო ინდივიდუალურობამ იმთავითვე განაპირობა კოლექტივის უდიდესი წარმატება და ვირტუოზთა ანსამბლად აღიარება სამშობლოში და მის ფარგლებს გარეთ. 1973 წლიდან, როდესაც კვარტეტი გახდა ბუდაპეშტის ლეო ვაინერის სახელობის კვარტეტების საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, კვარტეტის შემოქმედებითი ცხოვრება კონცერტების, რადიო და ტელე გადაცემების, გასტროლებისა და ჩაწერების უწყვეტ დინებას დაუკავშირდა. ქართველ მუსიკოსებს სისტემატიურად იწვევდნენ პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალებზე. მათ შემოქმედებას მაღალ შეფასებას აძლევდნენ ფინეთში, შვედეთში, დანიაში, იტალიაში... და, რა თქმა უნდა გერმანიაში, სადაც კვარტეტი წლების მანძილზე მოღვაწეობდა.

სპეციალურად მათთვის იწერებოდა სულხან ცინცაძის, სულხან ნასიძის, ნოდარ გაბუნიას, იოსებ ბარდანაშვილის თხზულებები. 2006 წელს, თბილისში ახლად დაარსებული საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის ინიციატივით, სიმებიანი კვარტეტი საბოლოოდ დაბრუნდა გერმანიიდან და თბილისში განაგრძო აქტიური შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობა.

სულხან ცინცაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი 50 წლის მანძილზე უცვლელი შემადგენლობით მოღვაწეობდა, რისი პრეცენდენტი მთელს მსოფლიოში ერთადერთია.

https://www.youtube.com/watch?v=06sAcNsF2ic

https://www.youtube.com/watch?v=huKVqcfea00

https://www.youtube.com/watch?v=ldGKT6mPCCw

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება