ნიკოლოზ რაჭველს საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ელჩის წოდება მიენიჭა

ნიკოლოზ რაჭველს საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ელჩის წოდება მიენიჭა

კომპოზიტორს, დირიჟორსა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელს ნიკოლოზ რაჭველს საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ელჩის წოდება მიენიჭა.

ნიკოლოზ რაჭველის საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ადვოკატირებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიზნით.

"მოხარულები ვართ, რომ ნიკოლოზ რაჭველი შემოუერთდა unicef-ის გუნდს, მის მხარდამჭერებსა და ელჩებს. ნიკოლოზ რაჭველი აქტიურად თანამშრომლობს გაერო-ს ბავშვთა ფონდთან ბოლო წლების განმავლობაში ბავშვთა უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვეხმარება კიდევ უფრო ფართო ფენებს მიწვდეს ჩვენი გზავნილი, რომ ყველა ბავშვი უნდა სარგებლობდეს თანაბარი უფლებებით და იყენებდეს საკუთარ პოტენციალს სტიგმისა და ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში. იმედი გვაქვს, ნიკოლოზ რაჭველის ძალისხმევა კვლავ დაგვეხმარება ადვოკატირებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში, რომ საქართველოში დაცული იყოს ბავშვების უფლებები”, - განაცხადა გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ლაილა ომარ გადიმ.

როგორც ნიკოლოზ რაჭველმა განაცხადა, მისთვის გაერო-ს ბავშვთა ფონდის ელჩობა დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა. მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს საქართველოში ყველაზე დაუცველი ბავშვების უფლებების ადვოკატირებისთვის.

ნიკოლოზ რაჭველი 2014 წლიდან ხელოვანთა კავშირთან „კონცეპტ-არტ“ -თან და პროდუსერ თეონა ჯორბენაძესთან ერთად ეხმარება გაერო-ს ბავშვთა ფონდს, კონცერტებისა და საჯარო გამოსვლების საშუალებით ცდილობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდაჭერას და საზოგადოების ინფორმირებას ბავშვთა უფლებების შესახებ. წელს მან „კონცეპტარტთან“ ერთობლივად, საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და სხვა ცნობილ ხელოვანებთან ერთად, როგორებიც არიან ნინო მაჩაიძე, ლიზა ბათიაშვილი და დავით ალდაშვილი, აქტიური მონაწილეობა მიიღო unicef-ის საკომუნიკაციო კამპანიაში „დაინახე ყველა ფერი“, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მიმართ არსებული სტიგმის აღმოფხვრა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება