"ბევრად მარტივია ჩვეულებრივი გოგოსთვის მეორე ნახევრის პოვნა, ვიდრე ჩემთვის..." - ნინი ბადურაშვილი კარიერასა და პირადზე

"ბევრად მარტივია ჩვეულებრივი გოგოსთვის მეორე ნახევრის პოვნა, ვიდრე ჩემთვის..." - ნინი ბადურაშვილი კარიერასა და პირადზე

მას შემდეგ, რაც მომღერალი ნინი ბადურაშვილი "პრაიმ შოუს" ერთ-ერთი წამყვანი გახდა, ბავშვობის ოცნება აისრულა და ამ დიდ გამოწვევას სიამოვნებით დათანხმდა. კარიერისა და პირადი ცხოვრების შესახებ მომღერალი ჟურნალ "თბილისელებს" ესაუბრა.

ნინი ბადურაშვილი:

"თოქ-შოუს წამყვანობა იყო ჩემი ბავშვობის ოცნება, რომელიც ახლა, 31 წლის ასაკში ავიხდინე. სულ მინდოდა თოქ-შოუს წამყვანობა და ბავშვობაში, გარდა იმისა, რომ ვმღეროდი, წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ მიმყავდა გადაცემა.

...როცა ჩემმა მეგობარმა, პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ შემომთავაზა გადაცემის წამყვანობა, სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან ნოე ყოველთვის ხარისხიანად აკეთებს ყველაფერს. რომ მითხრა: ვიწყებ ასეთ თოქ-შოუს 6 წამყვანით და ერთ-ერთი შენ იქნებიო - ცოტა შემეშინდა. პრინციპში, რისკზე წავედით ყველანი. დიდი გამოწვევა იყო და ვფიქრობ, გავამართლეთ.

...მე არ შემიძლია პასიური ცხოვრება. ჩემი დასვენება არის მაქსიმუმ, სამი დღე - ეს საკმარისია იმისთვის, რომ განვიტვირთო. რომ ამბობენ: წავიდოდი სოფელში, გამოვიკეტებოდიო, მე არ შემიძლია. სოფელზე ვგიჟდები, მაგრამ ორი დღე - მერე მეწყება შფოთი. მეც ვერ ვხვდები, ეს ენერგია საიდან მოდის. ალბათ, ჩვენს სფეროში უკვე ყველას აქვს ეს გამომუშავებული - რობოტებად ვართ: სულ უნდა იმუშაო. არიან დიასახლისები, რომლებიც სახლში სხედან, ბავშვებს უვლიან - ეს კიდევ სხვა პასუხისმგებლობაა. მაგრამ მე, ჩემი თავი წარმომიდგენია აქ, ჩემს სფეროში, ვიდრე დიასახლისად. თუ ოდესმე მეორე ოჯახს შევქმნი, ამ ნაბიჯს გადავდგამ, ზუსტად ვიცი, ჩემს თავში დიდ ბრძოლებს გამოიწვევს. ვხუმრობ კიდეც: როგორც პირველად გავთხოვდი უცბად, ასე უნდა გავთხოვდე, თორემ არაფერი გამათხოვებს-მეთქი. ძალიან მიჭირს ამ გადაწყვეტილების მიღება.

- რატომ გიჭირს, რა არის ამის მიზეზი?

- ცუდია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ შეიძლება, ამის მიზეზია ის, რომ თავისუფლების დათმობა არ მინდა. გარკვეულწილად, რაღაცაში ხომ იზღუდები. თუმცა, ვინც ამას წაიკითხავს, არ უნდა დამიჯეროს, რადგან ეს არ არის კარგი: უნდა გათხოვდე კიდეც და შვილებიც უნდა გააჩინო. ამ მხრივ სულ ბრძოლებში ვარ, მაგრამ, ალბათ, ამას ოდესმე გავაკეთებ, რადგან მინდა, ერთი-ორი შვილი კიდევ გავაჩინო.

საქართველოს სჭირდება გამრავლება, მეც მინდა და ელენესაც სჭირდება. მოვალე ვარ, გავაჩინო შვილები და ამას აუცილებლად გავაკეთებ.

- რა შემთხვევაში გადადგამ ამ ნაბიჯს?

- სიყვარული უნდა იყოს. სიყვარული თუ არ არის, ერთ ჭერქვეშ ცხოვრება საშინელებაა. უპირველეს ყოვლისა, უნდა გიყვარდეს და მერე კიდევ, ბევრ რამეზე უნდა იფიქრო. როცა ზრდასრული ადამიანი ხარ, მეორედ თხოვდები, ბავშვი გყავს, რა თქმა უნდა, შემდგარ ადამიანს უნდა დაუკავშირო ცხოვრება და არა იმას, ვინც ახლა იწყებს. ეს მისთვისაც რთული იქნება და შენთვისაც. იმ დღეს გოგოები ვლაპარაკობდით და მაშინ ვთქვი: ახლა მივხვდი, როგორი მეორე ნახევარი მინდა გვერდით-მეთქი. ჯერ ერთი, მინდა, რომ იყოს დამჯდარი ადამიანი, თავის პროფესიაში შემდგარი, არ ჰქონდეს პროტესტი და კომპლექსები იმის მიმართ, რომ მე წარმატებული ვარ. მინდა, ჩემზე წინ იყოს, ჩემზე წარმატებული და მერე, მგონი, აღარ ექნება კომპლექსები.

ადამიანური თვალსაზრისით, მესმის მისი, იმიტომ კი არა, რომ მშურს, უბრალოდ, შენ გვერდით რომ არის და ამ დროს ყველა გესალმება, გიღიმის, შენც ესალმები, ზოგს ეს აკომპლექსებს: ვინ არის, რატომ მოგესალმა? ბევრად მარტივია ჩვეულებრივი გოგოსთვის მეორე ნახევრის პოვნა, ვიდრე ჩემთვის, რადგან მე კიდევ ამდენი პრობლემა მომსდევს. მერე ჭორები, მითები: ამასთან დადიოდა. ამასთან ყოფილა, რომ არ ვიცნობ იმასთანაც კი დავდიოდი თურმე და ამ ყველაფრის გადახარშვა ქართული მენტალობის მამაკაცისთვის რთულია.

- დღეს ელენეს მამასთან რომ ხშირი ურთიერთობა აქვს, ამაში შენი დამსახურება დიდია...

- ყველას ახსოვს, ალბათ, თავიდან ის გარჩევა-გამორჩევები. თუმცა, მე არასდროს მიფიქრია, რომ ელენეს მამას არ ვანახვებ, არ სჭირდება... ამ შემთხვევაში, ბავშვი ყველაზე მნიშვნელოვანია. მას ისე უყვარს მამა, რომ არაადამიანი უნდა ვიყო, ეს რომ მას ავუკრძალო. ან როგორ უნდა ავუკრძალო, თან ახლა, როცა ჩვენც კარგი ურთიერთობა გვაქვს. არც მაშინ მიფიქრია ეს, რადგან მიმაჩნდა, რომ ეს იყო გამოცდა, რომელიც ორივეს უნდა ჩაგვებარებინა და ჩავაბარეთ კიდეც. წლინახევრის იყო, პირველად რომ გავუშვი მამასთან დუბაიში ერთი თვით, ძიძასთან ერთად. ახლა წელიწადში რამდენჯერმე აქვს ხოლმე გასვლა.

ნათია უტიაშვილი

ჟურნალი "თბილისელები"

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს