"ჩემი ფოტოები ბოღმა ადამიანებს არ მოსწონთ..." - სანდრა პაიჭაძის ცხოვრების სტილი და ძლიერი მამაკაცი, რომელიც მის გვერდით დგას

"ჩემი ფოტოები ბოღმა ადამიანებს არ მოსწონთ..." - სანდრა პაიჭაძის ცხოვრების სტილი და ძლიერი მამაკაცი, რომელიც მის გვერდით დგას

მოდელმა სანდრა პაიჭაძემ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" შვიდ ტურს გაუძლო და შემდეგ პროექტის დატოვება მოუხდა. ახლა საფინალო შოუსთვის ემზადება, რადგანაც, ფორმატის მიხედვით, სცენაზე ყველა კონკურსანტი უნდა გამოვიდეს. "დიდი სამზადისი გვაქვს, ყველანი ერთად უნდა გამოვიდეთ შოუში," - გვეუბნება ალექსანდრა. საფინალო შოუს წინ AMBEBI.GE მოდელს გაესაუბრა.

- პროექტი რომ დატოვე, განიცადე?

- რეალურად ჩემთვის ეს პროექტი იყო ერთ-ერთი გამოცდილება, ანუ რა შემეძლო და რა არა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმდენი კარგი და პროფესიონალი ადამიანი გავიცანი, წლების მანძილზე აუცილებლად გამოვადგებით ერთმანეთს - ვითანამშრომლებთ. რადგანაც ცხოვრებაში ჩემთვის პრიორიტეტი მუდმივი სიახლეებია და შოუში მონაწილეობას ამიტომ დავთანხმდი...

- გამარჯვებაზე არ ფიქრობდი?

- სურვილი მქონდა, მაგრამ მალევე ატყობ თავს, რა შეგიძლია... თან, იმდენად დიდი კონკურენცია იყო და იმდენად დიდ ლიდერებს ვეჭიდავებოდი, გული არ უნდა დამწყვეტოდა იმაზე, ფინალში ვიქნებოდი თუ არა. პროექტში ამ განწყობით შევედი და წამოვედი კიდეც იქიდან...

- გული რაზე დაგწყდა?

- ტრავმები მივიღე, - ნეკნზე, კოჭი ორჯერ ამოვიბრუნე... იმ პერიოდში ჩემს საქმეებს მოვწყდი, მაგრამ არა უშავს, ამ პროექტმა ბევრი კარგი რამ მომიტანა...

- თავისებური ცხოვრების სტილი გაქვს...

- საერთოდ, მოუსვენარი ადამიანი ვარ. უპირატესობას ჯანსაღი ცხოვრების სტილს ვანიჭებ. მუდმივად ვისმენ ლექციებს, ტრენინგებს ქალის ფსიქოლოგიაზე, მიყვარს გონების ვარჯიში... ეს ყველაფერი პროფესიაშიც დამეხმარება, უფრო სწორად, გამოვიყენებ - მარკეტოლოგი ვარ...

რადგან ყველა საქმეს ჩამოცილებული ვიყავი, მაინტერესებდა, მოხდებოდა თუ არა ჩემში ნერვული გადაძაბვა, მაგრამ არ მოხდა. უბრალოდ, მომენტებში შევატყვე თავს, რომ კონტროლს ვკარგავდი, მაგრამ ეს ყველაფერი იყო სტრესი, გარემოს ბრალი და ა.შ. სულ ვეუბნებოდი ჩემს თავს, - მოგება იქნება თუ წაგება, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ცეკვისას ისიამოვნე და ასიამოვნე ადამიანები, რომლებიც მხარს გიჭერენ.

- ე.ი. დაუბრუნდი ცხოვრების ჩვეულ რიტმს?

- დავუბრუნდი ჩემი ცხოვრების რიტმს, - ვმუშაობ "იმედის დილაში," ჩემი პატარა რუბრიკა მაქვს. გადართული ვარ სწავლაზე, შვილზე - დემეტრეზე და მასთან ერთად, ცოტა ხანს სურამში დასვენებაც მოვასწარი. მოგვიანებით ვაპირებ მასთან ერთად ზღვაზე დავისვენო...

- იღებ თამამ და ლამაზ ფოტოებს, რომელიც ინტერნეტში ვრცელდება და მას ბევრი ადამიანი იწონებს...

- ეს ჩემი თავის გამოხატვაა. ადამიანს რაც გინდა, იმას აკეთებ... ჩემი ფოტოები შესაძლოა ბოღმა, ბოროტ ადამიანებს არ მოეწონოთ და მიიჩნიონ, რომ ცუდია, მაგრამ ვთვლი, რომ ისინი არ არიან გახსნილები.

რამდენადაც გულღია და გახსნილი ვარ ფოტოებში, იმდენად გულღია ვარ ყველაფერში, ოღონდ, ამას საზოგადოების გარკვეული წევრები ვერ იღებენ, რაც ჩემი პრობლემა არ არის. ვიმეორებ, ეს შეიძლება აღიზიანებდეს ადამიანებს, ვინც ჩემს თაობას და უფრო ახალგაზრდებს არ ეკუთვნიან, შეზღუდვებით არიან გაზრდილები, მთელი ცხოვრება ასე იცხოვრეს, თუმცა მათი მესმის...

რაც შეეხება ახალ თაობას, ძალიან ამყოლები არიან. ვცდილობ, მათ მიმართ მაქსიმალურად სიკეთით ვიყო გამორჩეული. "ისტაგრამზე" 24 ათასამდე გამომწერი მყავს, სადაც უამრავ საინტერესო თემაზე ვწერ (ფსიქოლოგიაზე, ასტროლოგიაზე, ფიტნესზე, თავდაჯერებულობაზე, სექსზე, მშობლებზე), გულახდილად ვლაპარაკობ, რადგანაც კონტინგენტი მყავს ისეთი, რომელიც ამას კარგად გაიგებს. "ფეისბუქზე" ასეთი აქტივობისგან თავს ვიკავებ, რადგანაც არ მაინტერესებს, ვიღაცის ბიცოლა, დედამთილის ნათესავი რას იტყვის... შემაწუხებელია და მათი ასეთი აღშფოთება უკვე დედაჩემს აწუხებს და შემდეგ ის უარყოფითი ენერგეტიკა ჩემზე გადმოაქვს...

მოკლედ, ჩემი სეგმენტი, ვისაც აქტიურად ვესაუბრები, ახალგაზრდების სახით არჩეული მყავს. ისინი თინეიჯერი გოგოები და ბიჭები არიან, რომლებიც სულ მწერენ და მუდმივად ინტერაქტივში ვარ მათთან.

- როგორ ფიქრობ, რა როლი აქვს დღეს ქალს და მათ შორის შენ, ამ ცხოვრებაში?

- ჩემი თავი ყველანაირი მხრიდან გაშიფრული მყავს. წარსულით, სამომავლო გეგმებით, რეიტინგით, მოკლედ, ისეთი ვარ, როგორიც ვარ. აბსოლუტურად მოუსვენარი და აქტიური. რატომღაც მამაკაცების პასიურობის გამო ბევრი ქალი გახდა ასეთი...

- მიგაჩნია, რომ მამაკაცების პასიურობა იწვევს ქალების გააქტიურებას?

- არა, მე ვარ ასეთი და გვერდით როგორი მამაკაციც უნდა მყავდეს, ასეთი ვიქნები. ზოგადად, ქალი იმდენად გააქტიურებულია, რომ მამაკაცი ამის ფონზე პასიური ჩანს. არ ვიცი, რა სჭირთ, - იმედდაკარგულები არიან თუ არა ქართველი მამაკაცები, მაგრამ სადავეები თითქოს ქალებს გადმოგვაბარეს (ყველამ არა).

უმეტესად ჩემ გარშემო ისეთი ქალები არიან, რომ ბევრი რამის გაკეთება დამოუკიდებლად უწევთ - გინდ გათხოვილები იყვნენ და გინდაც არა. ეს იმიტომ, რომ კაცი ვერ "ქაჩავს," ვერ აკეთებს, მოდუნდნენ მამაკაცები. ერთი მხრივ, მაგარია, რომ ქალის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში გაიზარდა, მაგრამ მეორე მხრივ, ქალს მაინც გვერდით სჭირდება მასზე ძლიერი, წელში გამართული პიროვნება - მამაკაცი...

- შენ გვერდით არის ასეთი პიროვნება?

- კი, არის ძალიან ძლიერი პიროვნება, რომლის კარიერაც ახლა იწყება. მაქსიმალურად გვერდში ვუდგევართ ერთმანეთს.

- რა სფეროს წარმომადგენელია?

- სპორტის, რა თქმა უნდა. თავიდანვე დავპროგრამდი, მგონი, ამ სფეროზე...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება