”გახდი ბესტსელერის ავტორის” გამარჯვებულებს მენტორობას ცნობილი მწერლები გაუწევენ

”გახდი ბესტსელერის ავტორის” გამარჯვებულებს მენტორობას ცნობილი მწერლები გაუწევენ

კონკურსის ”გახდი ბესტსელერის ავტორი” გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. მათი ნამუშევრები ოქტომბრისთვის გამოიცემა.

 

სიახლე კი ის არის, რომ მანამდე გამარჯვებულ ნაწარმოებებს  ქართველი მწერლები წაიკითხავენ, შეაფასებენ და სამწერლო კარიერაში მათ პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარებიან. იდეა თავად გამარჯვებულ ავტორებს ეკუთვნოდათ. თითოეულ გამარჯვებულს ეყოლება მენტორი, რომელიც წაიკითხავს ნაწარმოებს და მისცემს რჩევებს, რეკომენდაციებს როგორც ამ კონკრეტულ რომანთან, ისე ზოგადად სამწერლო საქმიანობასთან დაკავშირებით.

ცნობილია მენტორების ვინაობაც: დათო ტურაშვილი ელის დოდჯსონის მენტორი იქნება,  თამრი ფხაკაძე - თათული ღვინიანიძის, ტორესა მოსი - თორნიკე ზვიადაურის, თეონა დოლენჯაშვილი - შორენა ხუხუას და გიორგი კეკელიძე - ია კარგარეთელის.

მენტორებს ნაწარმოებების კითხვა უკვე დაწყებული აქვთ. საკმაოდ დადებითია მათი პირველადი შთაბეჭდილება და შეფასება.

გიორგი კეკელიძე, მწერალი: კონკურსი არის ერთმნიშვნელოვნად კარგი და საინტერესო. სამომავლოდ, ეს პლატფორმა შეიძლება დიდ გამოწვევად იქცეს ახალი თაობის ავტორებისთვის, მათთვის ვისაც აქამდე არ ჰქონდათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ კონკურსებში და ასე ფართო საზოგადოებისთვის შეეთავაზებინათ თავიანთი ნამუშევრები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გამიმართლა რადგან ია კარგარეთელის ნაწარმოები შემხვდა, რამდენადაც მე ძალიან დაინტერესებული ვარ აღმოსავლური კულტურით, რაც იას რომანის მთავარი თემაა. საინტერესოა კავშირები საქართველოსა და აღმოსავლეთს შორისაც. საქართველოში დაწყებული მოქმედება ეგვიპტეში გრძელდება. ეს ყველაფერი კი ძალიან საინტერესო შინაარსს გვთავაზობს საბოლოო ჯამში. მცირეოდენი შენიშვნები მექნება. ცოტა ეპიზოდები გაწელილია და ჭარბი დიალოგებია.“

ტორესა მოსი, მწერალი და სცენარისტი: ”ძალიან საინტერსო კონკურსია. ქვეყანაში ლიტერატურული პროცესის განვითარებას უწყობს ხელს. კონკურსმა განსაკუთრებით დამაინტერესა, რადგან დამწყები და ახალი მწერლების აღმოჩენასა და განვითარებას უწყობს ხელს. საქართველოში ამ მიმართულებით ასეთი მასშტაბური პროექტი პირველია. განსაკუთრებული ამ კონკურსში ისაა, რომ ხალხი ავლენს თავის რჩეულს და მხოლოდ პროფეისული წრე არაა ჩართული. თორნიკეს ნაწარმოების კითხვა უკვე დავიწყე. მგონია, რომ მას მკითხველი დადებითად შეხვდება. შენიშვნები მინიმალისტურია. ვურჩევ, რომ თემების გაშლა არ იჩქაროს ხოლმე."

თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი: ”მსგავსი კონკურსები ყოველთვის საინტერესოა, რადგან ხდება ახალი სახელების აღმოჩენა. უარყოფითი მხარეც ის აქვს, რომ როდესაც შეფასება ხდება ინტერნეტის საშუალებით ქართველებმა ვიცით ნაცნობ-მეგობრების მობილიზება. დროთა განმავლობაში ეს უნდა დაიხვეწოს. უნდობლობის საკითხი უნდა აღმოიფხვრას. სხვა მხრივ ძალიან კმაყოფილი ვარ. კონკურსის დაწყებისთანავე დავინტერესდი და ვკითხულობდი რამდენიმე ნაწარმოებს. რაც წაკითხული მაქვს მათ შორის ცალსახად გამორჩეულია შორენას რომანი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ის უკვე ჩამოყალიბებული ავტორია. სტილისტურად ძალიან გამართულად წერს, საკმაოდ დამაჯერებლად და პროფესიონალურად ყვება ამბავს. თან მისი რომანი ნახევრად ავტობიოგრაფიულია და საკმაოდ აქტუალურ თემას ეხება. შშმ პირების ცხოვრებით სპეკულირება ხშირად ხდება ხელოვნებაში, როდესაც ამ თემით მაყურებლის და მკითხველის გულის აჩუყებას ცდილობენ. შორენამ ფაქტობრივად ბეწვის ხიდზე გაიარა, თუმცა ნამდვილად გადალახა ეს სირთულე, საკმაოდ კუტურულად და ემოციურად მოგვაწოდა თავისი სათქმელი.“

შეგახსენებთ რომ კონკურსი ”გახდი ბესტსელერის ავტორი” წელს საქართველოში პირველად გაიმართა. ის 20 მარტს დაიწყო და თითქმის 4 თვე გაგრძელდა. ამ ხნის მანძილზე უცნობი ავტორების ნაწარმოებებს საზოგადოებასთან ერთად პროფესიონალი ჟიური: ლევან ბერძენიშვილი, ივანე ამირხანაშვილი, რამაზ ჭილაია, ზაალ ჩხეიძე და მარიკა დარჩია აფასებდა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება