ზურა ნიჟარაძის ცხოვრებაში სერიალი რეალობად იქცა - სად აპირებენ თაფლობის თვის გატარებას მსახიობი და მისი მეუღლე

ზურა ნიჟარაძის ცხოვრებაში სერიალი რეალობად იქცა - სად აპირებენ თაფლობის თვის გატარებას მსახიობი და მისი მეუღლე

დასრულდა პოპულარული სერიალის მორიგი სეზონი და "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთი მსახიობი - ზურა ნიჟარაძე დაქორწინდა. მისი ქორწილის ფოტოებმა სოციალური ქსელები მოიცვა...

ზურას ოჯახის შექმნას უამრავი ადამიანი, მათ შორის, ერთგული მაყურებელი გულწრფელად ეხმიანებოდა და ულოცავდა. მისი გმირი (მერაბ დარჩია) ბევრს უყვარს და თავადაც უყვარს მერაბი, კეთილი კაციაო, - ამბობს. საერთოდ კი, ამ სერიალმა ზურას დიდი პოპულარობა მოუტანა, რამაც მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა... თან, ისე დაემთხვა, რომ მომავალი მეუღლე ძმაკაცის ცოლის დაქალი აღმოჩნდა...

"ხალხმა იმდენად კარგად მიიღო სერიალი, რომ ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა მასში მონაწილეობა. პროექტზე პროფესიონალების გუნდი მუშაობს - დაწყებული სცენარისტით, პროდუსერებით, მთელი სტაფით. ყველა მოტივირებულია და პროდუქტიც იმიტომაა კარგი. მსახიობებიც არაჩვეულებრივად არიან შერჩეული... თუ რეიტინგულობაზე ვლაპარაკობთ, გაცილებით რეიტინგულიც გავხდი, ვიდრე ვიყავი, მეტად შემიყვარა ხალხმა. მგონი, სერიალს ყველა უყურებს," - გვეუბნება ზურა, რომელსაც 16 ივლისს ბათუმში გრანდიოზული ქორწილი ჰქონდა...  

იხილეთ: ზურა ნიჟარაძემ ცოლი მოიყვანა - ფოტოები ქორწილიდან

- შენი დაოჯახების შესახებ შენი მეგობრებისგან შევიტყვეთ, - სოციალურ ქსელში ქორწილის ამსახველი უამრავი ფოტო გაავრცელეს... ისიც გაირკვა, რომ ბევრ ადამიანს უყვარხარ. ყველანი გილოცავდნენ. ფაქტია, რომ პოპულარული ხარ. ალბათ ამ სიყვარულს ყველა ნაბიჯზე გრძნობ...

- უბედნიერესი ადამიანი ხარ, როცა ამხელა სიყვარულს ხალხისგან გრძნობ, რაც დიდი პასუხისმგებლობაა. ამის გარეშე ზოგადად ცხოვრება არ შეიძლება. ხალხი, რომელსაც ასე უყვარხარ და მუდმივად რაღაც კარგს ელის შენგან, არ უნდა გააწბილო. ჩემი გმირი რაღაც კეთილი კაცია, მოწოდების სიმაღლეზეა, ამიტომ მეც სულ უფრო მოტივირებული ვარ, რაც შეიძლება მეტი სიკეთე გავაკეთო. არასდროს არც რეპეტიციაზე, არც გადაღებაზე დამიგვიანია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გმირი სერიალში სვამს, გადასაღებ მოედანზე ნასვამიც არასდროს მივსულვარ.

- არადა, მგონი, ცხოვრებაში სმა გიყვარს...

- 2 წელია, ნაკლებად ვეტანები, უფრო ქეიფი მსიამოვნებს, სმა და ქეიფი - ერთმანეთისგან განსხვავდება. ძმაკაცები როცა ვიკრიბებით, ბიჭები მღერიან, ლექსს ვამბობთ, გვაქვს დიკუსია, მიდის ბჭობა, - ეს სულ სხვა რამ არის. შეიძლება 5-6 ჭიქა ღვინო დალიო და კარგად იქეიფო, მაგრამ რასაც დალევას ეძახიან, ეგ ჩემგან შორს არის. სადაც აუდიტორია არ არის, იუმორი არ არსებობს, იქ დალევას სიკვდილი მირჩევნია...

- სერიალში შენი გმირი დაოჯახებულია, ცოლიც ჰყავს, შვილებიც და ცხარე სიდედრიც... მაგრამ ბევრმა ალბათ არ იცოდა, რომ რეალურ ცხოვრებაში დასაოჯახებელი იყავი...

- ხშირად ვამბობ, ცხოვრებაში როცა რაღაც ეტაპი უნდა მოვიდეს, მაშინ მარტო ტვინით არ ფიქრობ, ალბათ გულიც გეხმარება. კი, სიყვარულისთვის მზად უნდა იყო და თუ ის ადამიანი, ვინც შენ გიყვარს და მოგწონს, ამისთვის ისიც მზად არის, მაშინ ქმნი ოჯახს. ეს არის და ეს... 35 წლის ვარ და პირველად ახლა დავოჯახდი.

- მეუღლე მსახიობია?

- არა, ჩვენი პროფესიის ადამიანი არ არის.

- სად გაიცანი?

- ძმაკაცის ცოლის დაქალია. გავიცანი ოჯახში, სადაც რაღაც სუფრა იყო. მერე ჩვენ შორის გარკვეული ურთიერთობა დაიწყო და ბოლოს ერთად ყოფნა გადავწყვიტეთ... პრინციპში, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ხდება ხოლმე...

- ქორწილის სურათების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქორწილი გრანდიოზული ყოფილა, სადაც სტუმრებს შორის ბევრი ცნობილი ადამიანი იყო...

- გრანდიოზული ალბათ არა, მაგრამ პატარა ქორწილიც არ იყო. რაც შეეხება ცნობილ ადამინებს, ისინი ჩემი სამეგობროა და მათ გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. კიდევ სხვებიც უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ სხვადსხვა მიზეზით მოსვლა ვერ მოახერხეს, ბევრი საერთოდ ვერ დავპატიჟე, თუმცა, გეთანხმები, ქორწილში ვარსკვალვების ცვენა ნამდვილად იყო.

- ფოტოებზე "ჩემი ცოლის დაქალებიდან" მსახიობებიც ჩანდნენ...

- კი, ლაურა რეხვიაშვილი, ნატა ბერეჟიანი, დათო კვირცხალია, შოთიკო ნოზაძე, სალომე შარვაძე...

თამადა ოთარ ტატიშვილი გახლდათ და იყო ნამდვილი მოლხენა, გართობა და არავითარი "განსხვავებულები"...

- ქორწილში ბევრი ცნობილი მომღერალი კი იყო, მაგრამ ვიცი, რომ თავადაც კარგად მღერი...

- კი, ვმღერი, მაგრამ ისე კარგად მღერის მთელი საქართველო და ისეთი მომღერლები გვყავს და გვყავდა, ჩემს კარგად სიმღერაზე ლაპარაკი უხერხულია. მით უფრო, ზაურ ბოლქვაძის, გოგი დოლიძის და ჰამლეტ გონაშვილის ქვეყანაში...

- როგორია შენი უახლოესი გეგმები?

- მე და ჩემი მეუღლე დასასვენებლად კუნძულ კრეტაზე მივფრინავთ. მეგობრებმა საგზური მაჩუქეს, რომ ჩამოვალთ, იტალიაში წავალთ, სადაც ასევე მეგობრები გვეპატიჟებიან. მერე სექტემბრიდან უკვე ველოდები "დაქალების" ახალი სეზონის დაიწყებას და გავაგრძელებ ცხოვრებას ისე, როგორც აქამდე მიცხოვრია. ვაპირებ ბევრი შვილის ყოლას, კეთილად და კარგად ცხოვრებას, როგორც აქამდე.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება