ნინო ქათამაძე „ბლექ სი არენაზე“ სადაბადებისდღეო კონცერტისთვის ემზადება: „მე და წლები აბსოლუტურ ჰარმონიაში ვართ...“

ნინო ქათამაძე „ბლექ სი არენაზე“ სადაბადებისდღეო კონცერტისთვის ემზადება: „მე და წლები აბსოლუტურ ჰარმონიაში ვართ...“

„ერთხელ მამამ მითხრა, რომ გიყურებ, ცოტა მეშინია, იმდენად ბევრი მუსიკაა შენს ცხოვრებაშიო... ჩემ გარშემო ყველგან მუსიკაა, მღერი, ფიქრობ, ქმნი... არც ბავშვობა და არც შემდეგი წლები არ ყოფილა, როცა მუსიკა არ იყო... მუდამ იყო სხვადასხვა ფორმით“, აღნიშნავს ნინო ქათამაძე იმ კონცერტზე საუბრისას, რომელიც ბლექ სი არენაზე“ 21 აგვისტოსაა დაგეგმილი. ღონისძიება სახელწოდებით „Happy Birthday“ შემსრულებლის დაბადების დღეს ეძღვნება. ნინოს ძალიან უყვარს დღე, როდესაც დაიბადა. ამბობს, რომ წლები არ ემატება და მისთვის ყველა ახალი დღე დღესასწაულია, ისევე, როგორც მისი კონცერტები - მისი თაყვანისმცმელებისთვის.

„ბლექ სი არენაზე“, 21 აგვისტოს, თქვენი შემოქმედების თაყვანისმცემლებს ისევ შეხვდებით...

ნინო ქათამაძე:

ვემზადებით იმ თვალსაზრისით, რომ ვეცნობით სივრცეს, სცენას, შესაბამისად ვარჩევთ რეპერტუარსაც. მოვიწვიეთ საოცარი მუსიკოსები, სამების საკათედრო ტაძრის გუნდი, გვყავს ნიკოლოზ რაჭველის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, „ჯგუფი „ინსაითი“, ჩამოგვყავს დიჯეი, რომლის ჟღერადობა ძალიან მოუხდება ამ დარბაზს. ჩემთვის აღმოჩენაა „Quintessence“ - მათ ბავშვებსაც ვერ ვეძახი, რომლებიც კარგად მღერიან, ისინი თავშივე იყვნენ მუსიკოსები, გენიალური ჯგუფია, გააზრებულად ჰარმონიულები არიან. ისინი ასევე მონაწილეობენ ჩემს კონცერტში.

ყოველდღიურად რაღაცას ვწერთ, ვამატებთ, რეპერტუარს სიახლეებით ვავსებთ. ჩვენ ყველანაირ სივრცეში გვაქვს ჩატარებული კონცერტები, ღიაა თუ დახურული, მაგრამ ჩვენთვის ეს დიდი დარბაზი უდიდესი გამოწვევაა. დარბაზიდან გამომდინარე მოვიფიქრეთ ასეთი გადაწყვეტა, რომ ფანზონაში დადგმულიყო სადღესასწაულოდ გაფორმებული მაგიდები. იმდენად დეტალურად შევისწავლეთ დარბაზი, რომ იმაზეც ვიფიქრეთ, ვინც გვესტუმრება, თავისუფლად შეძლებს, სადაც იჯდება, იქვე იცეკვოს, ამიტომ თამამად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფანზონა სადღესასწაულოდ გადაგვეკეთებინა.

სიუპრიზები იქნება?

არ ვიცი, რას ჩავიდენთ. თუ გავითვალისწინებთ „არტ გენის“ სამ საათს თავისი გორაობით (იცინის)...

როდისმე შეგშინებიათ ქართველი მსმენელის? ხომ იცით, რა კრიტიკულები ვართ?

არა, არა... მე უფრო იმის მეშინია ხოლმე, რამდენად ვარ სუფთა იმ დროს, როცა ჩემს მსმენელს ვხვდები, შევძლებ თუ არა იმ ბგერის აჟღერებას, რომელიც იმ წუთას სჭირდება კომპოზიციას. ზვიად ბოლქვაძის ერთ-ერთ ნაწარმოებში, მართლა ვამბობ, რამდენიმე მუსიკალური ფრაზაა, თუკი ცრემლიან ბგერას არ იმღერებ, არ ჟღერს.

ჩემს მსმენელს ძალიან ვყავარ განებივრებული. არც ფა დიეზებს დავსდევთ. აქ საუბარია სიყვარულზე და განწყობაზე, რითაც კონცერტი იკვრება და რისთვისაც ერთმანეთს ვხვდებით. მე არ ველოდები, პირიქით, მინდა, ისინი ელოდნენ ჩემგან საუკეთესოს. ძალიან ორგანულია ერთმანეთთან შეხვედრა...

ნინო, „ბლექ სი არენას“ შემდეგ საზღვარგარეთაცაა ჩანიშნული კონცერტები.

ევროპაში იქნება კონცერტები, სწორედ ახლაა დაკავებული მათი დაგეგმვით ბუკა კარტოზია. აბა, მეტი რა საქმე გვაქვს (იცინის).

თავისუფალი დრო გაქვთ?

არა... არც მინდა, მქონდეს. უბრალოდ, ერთი სურვილი მაქვს - სამი-ოთხი დღე მინდა, საღამომდე გამოვიძინო (იღიმის).

დაბადების დღეზე რატომ გიყვართ კონცერტების გამართვა?

მომწონს კონცერტის გამართვა ახალ წელს და ჩემს დაბადების დღეზე. მიყვარს ეს დღე. მიხარია, რომ დავიბადე...

წლების მატება არ გაშინებთ?

გააჩნია ადამიანს, ზოგს ემატება, ზოგს აკლდება. მე და წლები აბსოლუტურ ჰარმონიაში ვართ (იღიმის).

შეგახსენებთ, რომ კონცერტის ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია საიტზე tkt.ge. ბილეთების ფასები 10-დან 100 ლარამდეა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება