"ერისიონი" Black Sea Arena-ზე განახლებულ პროგრამას წარადგენს

"ერისიონი" Black Sea Arena-ზე განახლებულ პროგრამას წარადგენს

შეუდარებელი ქართველი მომღერლის ქეთი მელუას შემდეგ, Black Sea Arena-ს სცენა "ერისიონს" უმასპინძლებს. ქართველი და უცხოელი მაყურებლის წინაშე ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელწიფო აკადემიური ანსამბლი განახლებულ შოუ პროგრამას - "ქართულ საგანძურს" 1-ელ აგვისტოს წარმოადგენს.

მაყურებელი ხალხური სიმღერისა და ცეკვის სინთეზით შექმნილ ახალ ქორეოგრაფიულ ნამუშევარს "ნანას" იხილავს, ეს ნომერი ერისიონის სახელმწიფო პროგრამაში პირველად მოხვდა. ახალი პროგრამის პრემიერა სწორედ "ბლექ სი არენაზე" გაიმართება. მაყურებელის წინაშე ანსამბლი 20-ზე მეტი ნომრით წარსდგება. ძველი თაობის სოლისტებთან ერთად მაყურებელი, ახალი თაობის მოცეკვავეებსაც იხილავს სცენაზე. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს შეკვეთილში ანსამბლის გამოსვლამ დიდი მოწონება და მაყურებლის აღფრთოვანება დაიმსახურა.

ანსამბლი "ერისიონი" პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველოს მასშტაბით კონცერტებსაც მართავს. 29 ივლისს ანსამბლი მესტიაში წარმოადგენს შოუ-პროგრამას, სწორედ ამის შემდეგ ეწვევა განახლებული პროგრამით ანსამბლი შეკვეთილის "ბლექ სი არენას".

AMBEBI.GE ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელსა და ლოტბარს ჯემალ ჭკუასელს ესაუბრა:

"შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მაყურებელს განახლებული პროგრამით შევხვდებით. 4 ნომერი სრულიად ახალია, გვაქვს სხვადასხვა სიმღერები და სხვადასხვა ვარიაციები. ჩვენ ყოველთვის მივყვებით ქართულ ტრადიციულ ხაზს, როგორც მუსიკაში ასევე ცეკვაში და ხაზს არც ამ კონცერტზე გადავუხვევთ. მსოფლიომ აღიარა ქართული ხალხური სიმღერა მსოფლიო მუსიკალური აზროვნების შედევრად, ჩვენ ვალდებულები ვართ მსოფლიოს წინაშე, რადგან ჩვენი მუსიკა საქართველოს საზღვრებს გასცდა. ჩემი აზრით, უნდა მივყვეთ იმას, რაც გვაქვს საუკეთესო და ამიტომ, ჩვენ ერთგულად ვემსახურებით ქართულ ხალხურ მუსიკასა და ცეკვას. "ბლექ სი არენაზეც" ჩვენს სტუმრებს საუკეთესო წარმოდგენასა და საღამოს ვპირდებით" - ამბობს ჯემალ ჭკუასელი.

ეკა გადახაბაძე

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება