"როცა მზია სახლში იყო, კედლებიც კი იცინოდა"..." - "სიცილის დედოფლის" ღიმილიანი და ტრაგიკული ცხოვრება

"როცა მზია სახლში იყო, კედლებიც კი იცინოდა"..." - "სიცილის დედოფლის" ღიმილიანი და ტრაგიკული ცხოვრება

8 წელი გადის, რაც იუმორისტი მზია კვირიკაშვილი აღარ არის... ის საქართველოში ერთადერთია, ვისაც ქართველებმა "სიცილის დედოფლის" წოდება მიანიჭეს...

სიცოცხლით სავსე, ნიჭიერი, მხიარული და ენაკვიმატი ქალბატონი, მართალია ქართველი იუმორისტების რიგს უდროოდ გამოაკლდა, თუმცა მისი დავიწყება შეუძლებელია...

AMBEBI.GE-სთან ქალბატონ მზიას მისი და, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, ვიოლა კვირიკაშვილი იხსენებს:

- ბავშვობიდან ძალიან განსხვავებულები ვიყავით. მზია თავიდანვე სცენისკენ იყო მიდრეკილი, სცენური გახლდათ. მე სცენისკენ არანაირი ლტოლვა არ მქონდა, ვიჯექი და ვხატავდი. მგონი, ჩვენზეა ნათქვამი - "ერთი ხიდან ბარიც გამოვა და ნიჩაბიცო". დედა ამბობდა: თქვენი შერწყმა და მერე გაყოფა რომ შეიძლებოდეს, ორი ნორმალური შვილის დედა ვიქნებოდიო... მზია თავიდანვე ძალიან მხიარული იყო, სულ მღეროდა, იცინოდა, ანცობდა და ჩვენგანაც იმავეს მითხოვდა... რადგანაც მამა საოცრად ნიჭიერი იყო, მშვენიერი პლასტიკა და იმიტაციის უნარი ჰქონდა, ეს უნარები მზიას მამისგან გადმოეცა, თუმცა იუმორის გრძნობით და მუსიკალურობით დედის მხარეც გამოირჩეოდა...

ცელქი და ცოცხალი მზია როდესაც სახლში იყო (როგორც პატარაობაში, ისე დიდობისას) კედლებიც კი "იცინოდა"... ტაბურეტის გადმობრუნება უყვარდა, დედის ტანსაცმელს ჩაიცვამდა, მძივების აისხამდა, გამოიპრანჭებოდა და თითქოს სცენაზე იყო... ხანდახან პირდაპირ ტაბურეტზე შეხტებოდა, ან თოკს გააბამდა, მასზე რაღაცას ჩამოაფარებდა და ვიღაცას აცხადებინებდა, - თქვენ წინაშე გამოვა მზია კვირიკაშვილი, მოკლედ, გააჩნია, რას წარმოადგენდა. მღეროდა, საბავშვო ბაღში ნასწავლ ლექსებს ამბობდა... მისი ბავშვობის ოცნება იყო, "მანიკურის დეიდა" გამოსულიყო, მოგვიანებით შეცვალა ოცნება და "ლიფტის დეიდობა" უნდოდა...

- განათლებით ვინ იყო?

- მუსიკალური ტექნიკუმი ჰქონდა დამთავრებული, ქუთაისშიც სწავლობდა და თბილისშიც. დედა კონსერვატორიისთვის ამზადებდა, რადგან კარგი მონაცემები ჰქონდა. რამდენჯერმე კონსერვატორიის პროფესორებმაც მოუსმინეს და დიდი მომავალი უწინასწარმეტყველეს, მაგრამ დედაჩემისგან მალულად, საესტრადო სასწავლებელში ჩააბარა. იმის გამო, რომ მუსიკალური განათლება მიღებული ჰქონდა, მეორე კურსზე დასვეს. დედამ რომ გაიგო, ცხადია, არ ესიამოვნა... მერე ერთ-ერთმა ლექტორმა, გაიოზ ქართველიშვილმა მას იუმორის გრძნობა შენიშნა. ამ ბავშვს ყურადღება მიაქციეთო, - უთქვამს... მზიამ იმ პერიოდში სახალისო სკეტჩი - "წაღვერი და თბილისი" შექმნა და ეს იყო მისი პირველი ნომერი, რითაც უამრავი ადამიანი მოიხიბლა. მიხვდნენ, რომ მართლაც აღმოჩენა იყო. მერე ის ნომერი ყველგან დაჰქონდა (მასში გაერთიანებული იყო ცეკვა, სიმღერა, პლასტიკა, იუმორი), რამაც სახელი გაუთქვა...  

- როგორი და იყო?

- გითხარით, რომ განსხვავებულები ვიყავით. მე მთელი ჩემი შეგნებით, როგორც პედაგოგი, საბოლოოდ ისე ჩამოვყალიბდი, ამიტომ ზაბლონა მასწავლებელს მეძახდა. სულ რაღაცას ვარიგებდი, ვეუბნებოდი, სულ ვკინკლაობდით, ორი სხვადასხვა პოლუსი ვიყავით, თუმცა კარგი დობა გვქონდა. მისი დიტო ნახევრად ჩემი გაზრდილია. მზია თითქმის მუდმივად გასტროლებსა და გადაღებებზე იყო. ამიტომ ბავშვი ჩემთან და დედაჩემთან იზრდებოდა. დიტო მისი ერთადერთი შვილია.

ამასთან, დაკავშირებით ერთი სასაცილო ეპიზოდიც მაქვს. ერთხელ მზიამ, ნათესავის ხელით, წერილი მოგვწერა: "ცუდად ვარ და ვერ გამოვდივარ. აგერ თქვენი შვილობილი (ბავშვს გვიგზავნიდა), რაც გინდათ, ის უყავით. გინდა, ცირკში წაიყვანეთ, გინდა - ფანტომასთან, მე ვერ ვარ კარგად. თუ ჩემმა ქმარმა უკვდავების წყალი შემასვა და გამოვმჯობინდი, მეც გამოვალ, ხოლო თუ სულის გაცხომისკენ წავიდა საქმე, გიტოვებთ ანდერძს: ჩემი შვილი დიმიტრი კაციაშვილი, გაზარდოს ჩემმა დედამ და დამ, ვინც ამ ანდერძის წინააღმდეგ გაილაშქრებს, მომწევია უკან!" - ასეთ უბრალო წაჯღაბნილშიც კი საოცარი იუმორი იყო...

- მის მიერ გაცემული დადებითი ენერგიის გამო, ხალხმა ძალიან შეიყვარა... ამიტომაც უწოდეს "სიცილის დედოფალი". ასეთი წოდება არავის რგებია...

- ეს დიდი სიამაყეა და სასიხარულო ფაქტი იყო, მაგრამ ამის მოპოვება დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რაც ჩვენც (ოჯახს - მე, დედას) შეგვეხო... მისი გაქანების ადამიანს კიდევ არ ჰქონდა შესაბამისი ხელშეწყობა, როგორიც სჭირდებოდა. ამას ახლა, წლების შემდეგ უფრო ვაცნობიერებ... მოკლედ, კბილებით გაიტანა ყველაფერი, ხომ გითხარით, ოჯახს არ უნდოდა მისი ესტრადის მსახიობობა, კონსერვატორიისთვის ამზადებდნენ, მაგრამ ნიჭმა თავისი გაიტანა, ალბათ, ასეც ჯობდა. თავის ამპლუა და ადგილი ცხოვრებაში თავად მონახა...

- როგოც ვიცი, მისი ცხოვრება არ ყოფილა იოლი, წინააღმდეგობებით იყო სავსე, რასაც მაყურებელი ვერასდროს გრძნობდა...

- ყველა დიდ ხელოვანს ცხოვრებაში წინააღმდეგობები ხვდება, არავის აქვს ია-ვარდით მოფენილი გზა, მაგრამ მზიას მეტი შეხვდა, რასაც ოჯახური პრობლემებიც დაემატა... თუმცა სანამ ბატონ ჯემალ ბაღაშვილთან, "ლომისში" არ მოხვდა (როცა "იუმორინა" ჩამოყალიბდა) მანამდე მისი პროფესიული სრულყოფა არ მოხდა. ბატონი ჯემალი მზიას სწორ გზაზე დამყენებლად იქცა, მისი ხარვეზები გააშალაშინა, დახვეწა. თვითონ მზია ამბობდა: "ამ ადამიანთან სიახლოვე ჩემთვის დიდი ფუფუნებაა, მასთან ურთიერთობისას მივხვდი, კიდევ რამდენი რამის სწავლა მჭირდება". მანამდე, ხომ ვამბობ, სულ ჯახირით მოდიოდა: თვითონ იყო სცენარისტი, რეჟისორი, არტისტი, შემსრულებელი.

ბევრი რამ აკლდა, მაგრამ თავი ნიჭით გაჰქონდა... საერთოდ, ბატონ ჯემალს დიდი უნარი აქვს, ნიჭიერები დააფასოს და გზა დაულოცოს. "ლომისი" მზიას დღესაც ხშირად დიდი სითბოთი და სიყვარულით იხსენებს. ყველას თავისი მზია ჰყავს. დიდი მადლობა მათ ამისთვის და განსაკუთრებით, ბატონ ჯემალს...

თუმცა, უნდა ვთქვა, რომ თავიდან, სცენაზე მისი დამლოცველი დიდი მსახიობი ვასო გოძიაშვილი გახლდათ. სცენაზე ახალი ფეხადგმული იყო, ახალი გათხოვილიც, პატარა ბავშვი ჰყავდა და გორკში საკავშირო იუმორისტთა კონკურსზე სულ ძალით გააგდეს და უზარმაზარი რუსული აუდიტორიის წინაშე თავისი ქართული ნომრებით წარდგა. 170 მონაწილიდან სამეულში გავიდა. ქართულად კითხულობდა და დარბაზი სიცილისგან იწვა, - ყველაფერი გააგებინა... იქიდან რომ დაბრუნდა, აქ მთავრობაში აქეს, ადიდეს და ხელფასი ერთი მანეთით გაუზარდეს...

- ...სიცოცხლის ბოლო წლებში მძიმე დაავადება აღმოაჩნდა... როგორი იყო ამ ურთულესი პრობლემასთან პირისპირ?

- მზია, ისევე როგორც ბევრი ქართველი, ამერიკაში მატერიალურმა სიდუხჭირემ წაიყვანა. იძულებული გახადა. თან, იქიდან შემოთავაზება მიიღო და იმედი ჰქონდა, მატერიალურ პრობლემებს ასე მოუვლიდა. ბევრი კონცერტი იგეგმებოდა, მაგრამ ადგილზე რომ ჩავიდა, გეგმები ჩაეშალა...

როგორც ჩანს, ამის გამო დიდი სტრესი მიიღო, რადგანაც აქედან ვალებით წავიდა. ცუდად რომ იყო, ოჯახს გვიფრთხილდებოდა, არ გვაგებინებდა, არადა, მის მეგობრებს და ახლობლებს ყველას სცოდნია ყველაფერი. მათ თურმე ურეკავდა და სთხოვდა, ჩემს დას და შვილს არაფერი უთხრათო - ხალხს ანდერძს უტოვებდა...

როდესაც ამერიკიდან დაბრუნდა და აეროპორტში ეტლში მჯდომი მზია დავინახე, მაშინ აღვიქვი, რა პრობლემის წინაშეც იყო და ზოგადად რაში იყო საქმე... უამრავი თვალცრემლიანი ადამიანი დიდი სიყვარულით დახვდა...

- ამერიკაში გამგზავრებამდე აწუხებდა რამე?

- აქედან გულის ავადმყოფობით წავიდა. სტენტი ჰქონდა ჩადგმული. მისი წასვლის წინააღმდეგი ვიყავი, მეშინოდა, ამხელა გზას როგორ გადაიტანს-მეთქი. სიმსივნე არ ჰქონია. ადამიანი დეკემბრის ბოლოს წავიდა და ივლისში უკვე აღარ იყო... მძიმე დიაგნოზი ამერიკაში დაუსვეს და მაშინვე უთხრეს, რაც სჭირდა... მიუხედავად იმისა, რომ დიაგნოზი იცოდა, აქ მაინც დიდი იმედებით ჩამოვიდა. ხომ იცით, "წყალწარებული ხავსს ეჭიდებოდაო". გვეგონა, თურქეთში წავიყვანდით, მაგრამ აქაურმა ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს, ოღონდ, მზიას არ ეუბნებოდნენ... თავად სიკვდილზე არ ლაპარაკობდა, მხოლოდ ამბობდა, რომ სიკვდილი სიცილით უნდა დავჯაბნოო...

- როგორ გადის ცხოვრება მის გარეშე?

- "ლომისელების" ინიციატივით, მზიას მემორიალი გახსნეს, მის სახლზე აბრაც გაკეთდა... ძალიან გვაკლია, უმისობას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობთ... რა გითხრათ მეტი, - მისი დავიწყება შეუძლებელია...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება