საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადების“ 36 წლიანი ისტორია გრძელდება…

საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადების“ 36 წლიანი ისტორია გრძელდება…

მისი დამაარსებელი და უცვლელი სამხარტვრო ხელმძღვანელი, ლეგენდარული მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძეა.

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს, საქართველოს უმშვენიერეს მხარეში, აფხაზეთში დაარსდა და 8 წლის განმავლობაში, ბიჭვინთაში დიდი წარმატებით ტარდებოდა. სამწუხაროდ, 1991 წელს ფესტივალმა თავისი არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, ისევ შავიზღვისპირეთში, ბათუმში გახდა შესაძლებელი ამ ფესტივალის აღდგენა.

წლების განმავლობაში ფესტივალისადმი დიდმა ინტერესმა განაპირობა მისი გეოგრაფიის გაფართოვება, რის გამოც, 2014 წლიდან, პარალელურად თბილისშიც ტარდება, ხოლო 2015 წლიდან მას უკვე ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ეწოდა.

ფესტივალის ლოგოტიპის იდეის ავტორი თავად ლიანა ისაკაძეა.

2016 წელს, გაიმართა ლიანა ისაკაძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფესტივალი, რომელიც ტრიუმფალურად ჩატარდა ბათუმში, ანაკლიასა და თბილისში. დასკვნითი გალა-კონცერტი გაიმართა თბილისის ოპერის თეატრში.

2011 წლიდან ფესტივალის საბაზო ორკესტრია, ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი მსოფლიო კამერული ანსამბლი-ორკესტრი „ვირტუოზები“. ამ ორკესტრმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. აღსანიშნავია 2014 წელს მათი წარმატებული კონცერტი ლონდონში, ხოლო 2015 წლის ივნისში „ვირტუოზებმა“ საქველმოქმედო კონცერტი ნიუ იორკში გამართეს.

ანსამბლ-ორკესტრი „ვირტუოზები“ დაკომპლექტებულია მუსიკოსებით საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

2017 წლის მეცხრე საერთაშორისო ფესტივალი ,,ღამის სერენადები“ ტრადიციულად ბათუმში დაიწყება და კონცერტები 26, 28 და 29 აგვისტოს სასტუმრო ,,შერატონის“ დარბაზში გაიმართება, ხოლო 31 აგვისტოს თბილისში, რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში საზეიმოდ დაიხურება.

ფესტივალის სტუმრები იქნებიან მსოფლიო ვარსკვლავები, ცნობილი გერმანელი პიანისტი და დირიჟორი იუსტუს ფრანცი, საერთაშორისო ასპარაზზე აღიარებული გურფინკელების ოჯახი: კლარნეტისტები დანიელი და ალექსი, ასევე მათი მამა მიხაელ გურფინკელი; უცხოელ სტუმრებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობს ქართველი დირიჟორი დავით მუქერია.

წლევანდელ ფესტივალზე, ლიანა ისაკაძე მსმენელის წინაშე სოლისტისა და დირიჟორის რანგში წარსდგება. მისი არაჩვეულებრივი მუსიცირებით კიდევ ერთხელ ვიხილავთ ნამდვილ დღესასწაულს.

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია ,,Global Art”.

ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია და ქ. თბილისის მერია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება