ელტონ ჯონმა საქართველოში კონცერტები ჩაშალა, თუმცა მსოფლიო ტურნეს აგრძელებს

ელტონ ჯონმა საქართველოში კონცერტები ჩაშალა, თუმცა მსოფლიო ტურნეს აგრძელებს

16 და 17 სექტემბერს შეკვეთილის Black Sea Arena-ზე ბრიტანელი მომღერლის ელტონ ჯონის კონცერტი უნდა გამართულიყო. ვარსკვლავის ქართველი ფანები ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მოემზადნენ ამ თარიღისთვის - თვეებით ადრე შეიძინეს საკმაოდ ძვირადღირებული ბილეთები (მინიმალური ფასი 90 და 150 ლარიდან იწყებოდა), დაჯავშნეს სასტუმროები, სამგზავრო ბილეთები და ა.შ. თუმცა, ვარსკვლავის დაანონსებულ ჩამოსვლამდე 10 დღით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ელტონ ჯონი საქართველოში აღარ მოემგზავრებოდა. ორდღიანი მითქმა-მოთქმის შემდეგ, კომენტარი გააკეთა "ისთენ ფრომოუშენმა", რომელიც კონცერტის ორგანიზებას SOLO-სთან ერთად აკეთებდა:

"ბრიტანელი პოპ და როკ-მუსიკოსის, მომღერლისა და კომპოზიტორის, ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტები საქართველოში 2018 წლის 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს ჩატარდება" - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე "ისთერნ პრომოუშენის" დირექტორმა გიორგი კერესელიძემ განაცხადა.

როგორც "სოლოში" განმარტეს, საქართველოში დაგეგმილი კონცერტების თარიღების ცვლილების მიზეზი ელტონ ჯონის ბენდის გიტარისტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გახდა. დევი ჯოუნსთოუნი ელტონ ჯონის ბენდში 1972 წლიდან უკრავს - ჯგუფის შეუცვლელი წევრი, მუსიკალური დირექტორია და მის გარეშე კონცერტი ვერ გაიმართებოდა.

საინტერესოა, რომ პოპ-ვარსკვლავმა საქართველოში კონცერტები გადადო, თუმცა არ შეუცვლია მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში დაგეგმილი კონცერტი და ტურნეს გრაფიკი.

8 სექტემბერს ელტონ ჯონი იტალიაში საქველმოქმედო საღამოზე Celebrity Fight Night-ზე წარსდგა მსმენელის წინაშე (იხილეთ ფოტო)

ამასთან, მის ოფიციალურ ვებგვერდზე, მსოფლიო ტურნეს თარიღები უცვლელია: მომღერალი 22 სექტემბრიდან ავსტრალიაში იწყებს კონცერტებს, ერთი კვირის შემდეგ კი აშშ-ში მიემგზავრება. მოასწრებს თუ არა გამოჯანმრთელებას 10 დღეში ვარსკვლავის შეუცვლელი გიტარისტი უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ტურნეში ცვლილებები არ არის. იმის შესახებ, რომ 22 სექტემბრიდან ტურნე ავსტრალიაში აიღებს სტარტს, მუსიკოსის ფანებს მისი ოფიციალური ფეისბუქის-გვერდიდანაც ატყობინებენ (ოფიციალურ გვერდს 7 მილიონამდე "ლაიქერი" ჰყავს).

შეტყობინებაში მსმენელებისთვის გაფრთხილებაა, ადრე მივიდნენ საკონცერტო ტერიტორიაზე გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების გამო, ამასთან ატყობინებენ, რომ კონცერტის ტერიტორიაზე დიდი ჩანთების შეტანა არ იქნება დაშვებული. მათივე ინფორმაციით, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მიღებულია იმის გამო, რომ უზრუნველყოფილ იქნეს დაცული და მეტად მხიარული გარემოს შექმნა მსმენელისთვის (იხილეთ პოსტების ამსახველი ფოტოები ფეისბუქის ოფიციალური გვერდიდან და ვებ-გვერდიდან)

აღსანიშნავია, რომ საქართველოში კონცერტის გადადების შემდეგ მომღერლის მიმართვაც გავრცელდა, სადაც ის წუხილს გამოთქვამს:

"ძალიან ვწუხვარ საქართველოში დაგეგმილი კონცერტების გადადების გამო. დეივის არ შეუძლია სცენაზე გამოსვლა, მაგრამ მალე დაგვიბრუნდება. კონცერტები შემდეგი წლისთვის გადავდეთ და ძალიან ველოდებით საქართველოში ჩასვლას. ასე რომ, ყველას ძალიან მალე შეგხვდებით", - წერს ელტონ ჯონი.

ცნობისათვის, ის ქართველი მსმენელები, რომლებსაც 16 და 17 სექტემბრის კონცერტების ბილეთები ჰქონდათ, მომავალი წლის 30 ივნისისა და 1-ელი ივლისის კონცერტებზე დასწრებას ამავე ბილეთებით შეძლებენ - 16 სექტემბრის ბილეთები გადადის 30 ივნისს, ხოლო 17 სექტემბრის ბილეთები - 1-ელი ივლისის კონცერტზე.

სურვილის შემთხვევაში, 2017 წლის 20 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე მომხმარებლებს შეუძლიათ დააბრუნონ ბილეთები და მიიღონ ბილეთების ღირებულების თანხა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება