როგორ აღმოჩნდა თეატრის სცენიდან მოსკოვის წითელ მოედანზე სტალინად გარდასახული ქართველი მსახიობი

როგორ აღმოჩნდა თეატრის სცენიდან მოსკოვის წითელ მოედანზე სტალინად გარდასახული ქართველი მსახიობი

მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი გიორგი მაისურაძე სტალინის როლზე რუსულ ფილმში დაამტკიცეს. მსახიობმა როლი უკვე ითამაშა და მოსკოვიდან ორი დღის წინ დაბრუნდა. ფილმის პრემიერა რუსეთში 9 მაისს იგეგმება.

გიორგი მაისურაძეს სტალინი ქართულ სცენაზე რამდენიმე წლის წინ უკვე განსახიერებული აქვს სპექტაკლში "7+1", რომელიც ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით, რეჟისორმა გოგა ქაჩიბაიამ დადგა.

აი, რას ამბობდა მსახიობი პრემიერის შემდეგ ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში: "ეს ლაშა ბუღაძის პიესაა და ავტორს თავისებური ხრიკები ახასიათებს: სტალინი საროსკიპოში არავის უნახავს და ამ თემაზე მგონი, არც არსად დაწერილა; ამიტომ საინტერესოა, მაგალითად, როგორ იხსნის ფოთის საროსკიპოში მყოფი ბელადი სტრესს. როდესაც მუშაობას შევუდექით, ვიფიქრეთ იმაზეც, რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანი იყო და, შესაბამისად, ქალთანაც დადიოდა. მაგრამ სიცილს იწვევს ერთი ფაქტი: როდესაც მეძავი გაიგებს, თუ ვისი მომსახურება მოუწევს, მასთან ურთიერთობაზე უარს ამბობს, მოტივით: "თქვენ ხომ მამა ხართ ჩვენი!" მოკლედ, ეს წარმოდგენა ჩემს კარიერაში "ოქროს ასოებით" ჩაიწერება".

როგორ აღმოჩნდა ქართველი მსახიობი რუსულ ფილმში სტალინის როლზე და რას განიცდის ბელადად გარდასახული მსახიობი - ამაზე AMBEBI.GE-ს გიორგი მაისურაძე თავად ესაუბრება, დიალოგს კი სპექტაკლში განსახიერებული სტალინით ვიწყებთ...

- მახსოვს, სპექტაკლს ცუდი გამოხმაურება არ მოჰყოლია...

- კი. მერე ერთი რუსული არხი იყო ჩამოსული და პატარა რეპორტაჟი გააკეთა, თუ როგორ გაცოცხლდა მოზარდმაყურებელთა თეატრში სტალინი. ცოტა ხნის წინ, სანკტ-პეტერბურგელმა რეჟისორმა კიმ დრუჟინინმა კონსტრუქტორ კოშკინზე კინოს გადაღება გადაწყვიტა. კოშკინი "ტე 34" ტანკის ავტორი გახლდათ, რამაც საბჭოთა კავშირს გერმანიასთან ბრძოლაში წარმატება მოუტანა. სტალინი ამ ფილმის საფინალო სცენაში ჩნდება, როდესაც "წითელ მოედანზე" კრემლთან, ორი ტანკის ფონზე კონსტრუქტორი კოშკინი მოდის და გენერალიტეტთან ერთად, სტალინს ტანკის შესახებ პატაკს აბარებს.

- გამოდის, საფინალო სცენაში მონაწილეობთ.

- დიახ, პატარა სცენაა. რაც შეეხება სინჯებს, სააგენტომ, რომელსაც რაჟდენ კირვალიშვილი და თაკო ცქვიტინიძე ხელმძღვანელობენ, რუსებს, სტალინის როლისთვის მსახიობს რომ ეძებდნენ, სურათები გაუგზავნეს, როგორც ვიცი, დუტა სხირტლაძის, სოსო ლაღიძის ფოტოები გაიგზავნა და მათ შორის, ჩემიც (ვისაც სტალინი კინოსა თუ სცენაზე განსახიერებული ჰყავს). პირველი ეტაპი წარმატებით გავიარე, მეორეც და სანკტ-პეტერბურგში სინჯებზე მიმიწვის, სადაც როლზე დამამტკიცეს. მოსკოვში 2-დღიანი გადაღება მქონდა. საინტერესო იყო გადაღების პროცესი, "წითელ მოედანზე" სტალინის როლში ჩემი შესვლა და გამოსვლა... 

- "წითელ მოედანზე" სტალინის ტყავში რა იგრძენით?

- როდესაც "წითელ მოედანზე," სტალინად გარდასახული დავდიოდი, ვიგრძენი, რამხელა ადამიანი ყოფილა და რომ ადამიანისთვის ძალაუფლებაა ყველაზე მაგარი რამ... რუსი მსახიობები მეუბნებოდნენ, რომ აქ სტალინს აფასებენ, ბოლოს და ბოლოს ამხელა იმპერია შექმნა, გარდაცვალების შემდეგ, ქონება არ დარჩენია, რადგანაც ყველაფერს იმპერიისთვის აკეთებდაო. ასე რომ, მისი ხიბლი ძალაუფლება გახლდათ და გინდ დაიჯერეთ და გინდა - არა, როდესაც იმ მოედანზე გავიარე, სადაც ათასობით ადამიანი იყო, ყველა სტალინს უყურებდა... მოწიწება, შიში, სიყვარული, პატივისცემა - ყველაფერი ერთად ჰქონდათ. სურათებს იღებდნენ. მათ გულებში ბელადი ისევ ცოცხლობს... ორი დღე მოედნის გარკვეული ნაწილი, კრემლთან შეთანხმებით, გადაკეტილი იყო, სადაც გადასაღები მოედანი იყო მოწყობილი.

- მოკლედ, ორი დღე სტალინი იყავით...

- კი და ეს გოგა ქაჩიბაიას დამსახურებაა, როდესაც თეატრში როლების განაწილება დაიწყო, მითხრა, - შენ უნდა იყო იოსებ ბესარიონოვიჩ სტალინიო. ცოტა შემეშინდა. ამხელა სტალინის თამაშს როგორ შევძლებდი. კომედიური ჟანრი რომ იყო, უცებ ესეც ვერ გავიგე...

- თან, სტალინი ფოთის საროსკიპოში, ბოზ მაყვალასთან ერთად უნდა წარმოგედგინათ...

- ლაშა ბუღაძემ სპექტაკლი რომ ნახა, მოიხიბლა, არადა, როგორც ვიცი, სიტყვაძუნწია, მარტივად არ იხიბლება და თან, პირდაპირი მთქმელიც არის. თუ რამე არ მოსწონს, ამბობს... მოკლედ, სცენიდან პირდაპირ "წითელ მოედანზე" აღმოვჩნდი.

- გადასაღები მოედნიდან ფოტოები ვნახე და მგონი, მართლა გავხართ...

- გადამღებმა ჯგუფმაც დაადასტურა და გარშემომყოფებმა, ვინც კი მნახა, მით უფრო, რომ გრიმიც მინიმალური მქონდა.

- გარეგნული მსგავსება გასაგებია, მისი თვისებები: სიმკაცრე, ტირანობა, ასკეტიზმი - ეს თუ არის თქვენში?

- მსგავსი არაფერი, ერთადერთი - მეც ქართველი ვარ. დანარჩენი, ის საერთოდ სხვაგან იყო...

- არც სტალინისტი ხართ?

- არც სტალინისტი, არც ლენინისტი და არც ლეიბორისტი, არანაირი პოლიტიკა! ზოგადად მსოფლიოს მასშტაბით, არა იმიტომ, რომ ქართველი ვარ, დიდ პატივს ვცემ ქართველ ერს. სანამ მოსკოვში გავფრინდებოდი, სამი კვირის წინ, ნიუ-იორკში ვიყავი, მანჰეტენზე ვცხოვრობდი. 2 კვირით ხათუნა იოსელიანთან გახლდით. საკუთარი თვალით ვნახე ამერიკული ყოფა, მალევე ჩავფრინდი მოსკოვში - 2 მეგაპოლისს ერთდროულად დავეჯახე. ამერიკა ძლიერია, სხვა სამყაროა, თავისუფლების ხარისხი მაღალია, რუსეთი და კონკრეტულად, მოსკოვი სხვანაირია, უპირველესად ცივი, ნაღდი იმპერიაა, ამ სიტყვის სრული გაგებით, მაგრამ იქ არიან ადამიანები, ვისთანაც შეიძლება კონტაქტი.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE