"ქმარს არასდროს დავასწრებ მშობიარობას" - რუსკა მაყაშვილი პირველი შვილის მოლოდინში

 "ქმარს არასდროს დავასწრებ მშობიარობას" - რუსკა მაყაშვილი პირველი შვილის მოლოდინში

რუსკა მაყაშვილის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მომენტი დგას. მსახიობი დღე-დღეზე დედა გახდება. მიუხედავად იმისა, რომ ცხრა თვის ფეხმძიმეა, ჩვეული აქტიურობითა და ენერგიით აგრძელებს ცხოვრებას და არცერთ პროექტს არ აკლდება. ის "ტელეიმედზე" "ნიჭიერის" ახალ სეზონზე ჟიურის წევრია. მსახიობს ჟურნალი "თბილისელები" ესაუბრა.

რუსკა მაყაშვილი: უკვე მესამე წელია, "ნიჭიერის" ჟიურიში ვზივარ. როგორც ყოველთვის, წლევანდელი სეზონიც ყოველგვარ საზღვრებს სცდება თავისი მაშსტაბებით, შარშანდელიც ხომ კარგი იყო, მარამ წელს ორმაგად მაგარია.

- ჟიურიში ახალი წევრები გყავთ.

- კი, სტეფანე და ბახუტა ჩვენი ახალი წევრები არიან. სტეფანე, გარდა იმისა, რომ ჩემი მეგობარია, ძალიან მაღალი დონის მუსიკოსია. მაღალი პროფესიონალიზმის პარალელურად, საოცრად სამართლიანი და გულიანი ადამიანია, იუმორის კარგი გრძნობით, რაც შეეხება ბახუტას, ის უკვე დიდი ხანია ჩემი კოლეგა და მეგობარია. მოკლედ, წლევანდელ ჟიურიში ძალიან გამიმართლა. მაკასთან სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს - პირველი ლედია და ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა გვაქვს. ასე რომ, ყველაზე დიდ კომფორტში ვარ (იცინის). არ ვამბობ, რომ წინა წლებში არ მქონდა კომფორტი, მაგრამ წელს მაინც სხვაა.

- არაერთი ნიუსი შემხვედრია სათაურით "ფეხმძიმე რუსკა მაყაშვილი სცენაზე ჩვეულ სიგიჟეებს სჩადის". მიუხედავად იმისა, რომ დღე-დღეზე ბავშვს ელოდები...

- ფეხმძიმობის პირველივე წუთიდან აქტიური ვიყავი და ჩვეულ რიტმში ვაგრძელებდი ცხოვრებას. პირიქით, უფრო მეტადაც გავაქტიურდი. მთელი ორსულობის განმავლობაში ვთამშაობდი სპექტაკლებს: წავიყვანე "X ფაქტორი" თავის ჩანაწერებიან-ლაივებიანად; ვითამაშე ფილმში და ჩავწერე "ნიჭიერის" ქასთინგები. არცერთი წამი არ გავჩერებულვარ. არანაირი პოზა არ დამიჭერია. ჩემი აზრით, ფეხმძიმობისას კიდევ უფრო აქტიური უნდა იყო. ცუდია ამ მდგომარეობას როგორც ავადმყოფობას, ისე რომ უდგებიან, ძალიან ბევრი მწერს, როგორ ახერხებ ამდენს, მე აუზშიც ვერ ჩავდივარ, მე ეს უფრო მიკვირს.

- ექიმისგან არ გქონდა გარკვეული სახის შეზღუდვები?

- აბსოლუტურად არა. აქ მარტო ჯანმრთელობის საკითხიც არაა, გონებაც უნდა ჩართო. მთავარია, შენ როგორ მიუდგები ამ მდგომარეობას. სამი კატეგრიის ფეხმძიმე არსებობს. ორსული, რომლისთვისაც ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება, ჩემნაირები და "პოზაში მყოფები" - ვითომ, რომ ეშინიათ და ზედმეტ ნაბიჯს არ დგამენ, რაც შემდგომ უფრო ართულებს მდგომარეობას. მე მგონია, რომ თუ ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი რიგზე გაქვს, ყველაფრის კეთება უნდა გააგრძელო, რასაც მანამდე აკეთებდი. შემიძლია და რატომ არ უნდა გავაკეთო?!

- უკვე გამოცდილი დედასავით ლაპარაკობ. არადა, როგორც წესი, პირველზე უფრო ეშინიათ და ყველაფერს ერიდებიან. შენსავით თამამები არ არიან ხოლმე.

- ჩემი პირველი შვილია და რა თქმა უნდა, ძალიან ვნერვიულობ, განვიცდი, მინდა, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იყოს, მაგრამ, მგონი, ჩვეული აქტიურობა ყველაზე სწორი მდგომარეობაა. ეს მშობიარობაშიც დამეხმარება და საერთოდ, ყველაფერში. ჩემი ექიმი ძალიან მაქებს, მეუბნება, რომ კარგად ვიქცევი (იცინის).

- ორი ფეხმძიმე ხართ ჟიურიში, ალბათ, ბიჭები განებივრებენ.

- კი, რაღაც საყვარელი დამთხვევა გამოვიდა. მხოლოდ ჟიურის წევრები კი არა, ყველა თან გვყვება, მთელი პროდაქშენი. "ნიჭიერი" ჩემი მეორე ოჯახია. ეს ადამიანები, გიორგი ხაბურძანიას და დემნა ჯაფარიძის მეთაურობით, ჩემთვის უახლოესები არიან. სულ იმას ვამბობ, რომ ეს გუნდი მტკვარში რომ გადახტეს, იქაც გადავყვები, ნომერ პირველები არიან.

- შენი და პირველი ლედის ურთიერთობის შესახებ მინდა გკითხო. ორივე ფეხმძიმედ ხართ, მაგრამ ის უკვე გამოცდილი დედაა. გაძლევს ხოლმე რჩევებს?

- ორსულობაზე ვსაუბრობთ ხოლმე და რჩევებსაც მაძლევს, რომელსაც აუცილებლად ვითვალისწინებ. თვითონ მესამე შვილს ელოდება, ძალიან მაგარი გოგოა და აბსოლუტურად, ჩემნაირი ფეხმძიმეა, ისიც ასეთივე აქტიურია.

- როდის ელოდები ბავშვს?

- რვა ოქტომბერს. მაგრამ, 38 კვირიდან, შეიძლება ყოველდღე დაიბადოს - ორი კვირით ადრე ან გვიან. კვირას ვხდები ორმოცი კვირის. რაც მთავარია, ქასთინგები უკვე ჩაწერილია და ახლა, მშვიდად, წყნარად ველოდებით პატარა ბიჭს.

- როგორია მოლოდინი?

- საოცარი, მთელი ოჯახი ელოდება. თან 17-20 წლის ასაკში ხომ არ ვხდები დედა, რაც, ვფიქრობ, ძალიან ადრეა. უკვე ზრდასრული, 30 წლის ვარ და ამ დროს მართლა აცნობიერებ, რა სირთულეებთან მოგიწევს გამკლავება. გრძნობ, რამხელა პასუხისმგებლობა გეკისრება, რასაც პატარა ასაკში ძალიან მარტივად უყურებ.

- მერე რას აპირებ, პროექტში როდის დაბრუნდები?

- ძიძის აყვანას ჯერ არ ვაპირებ. მინდა, ცოტა ხანს ბავშვი ჩემს ხელში იყოს. მგონია, რისი გაკეთებაც გინდა, აუცილებლად მოასწრებ, მე ამის გამოცდილება მაქვს. შევხედავ სიტუაციას, პროექტს, რა თქმა უნდა, არ გამოვაკლდები. ბევრი ოჯახის წევრი მყავს და დამეხმარებიან: ზოგადად, მსახიობის პროფესია ისეთია, რომ დეკრეტული შვებულებით ხანგრძლივად ვერ ისარგებლებ. ამ შემთხვევაში, მთავარი ბავშვია, მაგრამ მოვახერხებ, რომ არაფერს მოვაკლდე.

- მშობიარობაზე მეუღლე უნდა დაისწრო?

- არავითარ შემთხვევაში. ჩემი აზრით, ეს უდიდესი შეცდომაა. ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად არასწორია, რომ ქმარმა უყუროს ცოლის არანორმალურ მდგომარეობას. ასე რომ, ქმარს არასდროს დავასწრებ მშობიარობის პროცესს.

- ბუნებრივად აპირებ გაჩენას?

- კი, ჯერჯერობით ყველაფერი აქეთ მიდის (იცინის).

(ინტერვიუ ჩაწერილია ხუთ ოქტომბერს)

შემოკლებული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება